გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2019
საქმის ნომერი
010210117002236696
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210117002236696

# 2-5230/2017წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე - ვლ-------------–-----ი

წარმომადგენელი - მა--------------ე

მოპასუხე - შპს „ბი-----------“

წარმომადგენელი - ზვ---------------ე

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალდებულება (საფინანსო დოკუმენტაციის გადაცემა)

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

დაევალოს შპს „ბი-----------ს“ ვლ-------------–-----ს გადასცეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ამონაწერები საწარმოს მომსახურე საბანკო ორგანიზაციებიდან დაარსების დღიდან - 2016 წლის 6 მაისიდან 2019 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით;

ბ) სალარო ორდერები;

გ) ინვენტარის დასახელება, რა ქონება ირიცხება საწარმოს ბალანსსა და საწესდებო კაპიტალში;

დ) კალკულაციები-შეკვეთების ოდენობა, დამკვეთთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები სრული მოცულობით;

ე) შპს „ ბი----------ში“ დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოები, ხელფასის უწყისები;

ვ) ორგანიზაციის მართვის კომპიუტერული სისტემის „ორისის“ ბაზისა და შემოსავლების სამსახურის - საგადასახადოს (www.rs.ge) წვდომის პაროლის წარდგენა;

ზ) 2019 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით, საწარმოში არსებული მასალების ბაზის წარდგენა;

თ) კრედიტორებისა და დებიტორების სია;

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

- შპს „ ბი----------“-ი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის 50% წილის მესაკუთრე არის თე-------------–--ე, ხოლო 50% წილის მესაკუთრე თავად, ვლ-------------–-----ი, რომელმაც 2017 წლის 5 მაისს მიმართა შპს-ს დირექტორს და ითხოვა შემდეგი ტიპის ინფორმაციის გაცნობა:

- ამონაწერები საწარმოს მომსახურე საბანკო ორგანიზაციებიდან 2017 წლის 10 აპრილის მდგომარეობით;

- სალარო ორდერები;

- ინვენტარის დასახელება, რა ქონება ირიცხება საწარმოს ბალანსსა და საწესდებო კაპიტალში;

-კალკულაციები-შეკვეთების ოდენობა, დამკვეთთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები სრული მოცულობით;

- თანამდებობრივი სარგოები, ხელფასის უწყისები;

- ორგანიზაციის მართვის კომპიუტერული სისტემის „ორისის“ ბაზისა და შემოსავლების სამსახურის-საგადასახადოს (www.rs.ge) წვდომის პაროლის წარდგენა;

- 2017 წლის 12 აპრილის მდგომარეობით საწარმოში არსებული მასალების ბაზის წარდგენა;

-კრედიტორებისა და დებიტორების სია;

 

- მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნულ განცხადებაზე რეაგირება არ მომხდარა, რის გამოც, 05.06.2017 წელს დამატებით იგივე შინაარსის განცხადებით მიმართა მოპასუხეს, მაგრამ ისევ უშედეგოდ.

- 08.06.2017 წელს, მოსარჩელემ იმ მიზნით, რომ საწარმოს ფუნქციონირება არ შეფერხებულიყო, ასევე არ შელახულიყო კომპანიის საქმიანი რეპუტაცია, წინასწარ აცნობა მოპასუხეს, რომ იგი როგორც შპს „ბი----------ის“ 50% წილის მფლობელი, იყენებდა კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას და გეგმავდა კომპანიაში განეხორციელებინა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება, მაგრამ მოსარჩელემ ვერ შეძლო მიეღო ინფორმაცია და გაცნობოდა იმ დოკუმენტაციას, რისი უფლებაც მას აქვს კანონმდებლობით, რის გამოც მოთხოვს შპს „ბი----------“-ი დავალდებულდეს უზრუნველყოს მოსარჩელისათვის მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემა.

(იხ. სარჩელი, ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ:

- მოსარჩელე რეალურად არის მოპასუხე კომპანიის კონკურენტი კომპანიის შპს „ორ------–---ს“ დამფუძნებელი პარტნიორი, მოპასუხე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის და შპს-ს წესდების თანახმად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცნობა და დოკუმენტაციის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მარტნიორთა კრების უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელე კი არის შპს-ს 50 % წილის მფლობელი, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ვერ მიიჩნევა პატნიორთა უმრავლესობის მოთხოვნად.

- ასევე განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის-საგადასახადოს (www.rs.ge) წვდომის პაროლის გადაცემაც რომ მოხდეს მოსარჩელეზე, ვერ მოხდება მის მიერ ამ ვებგვერდზე ინფორმაციის გაცნობა, რადგან 2019 წლის 1 ივნისის ცვლილების თანახმად, პაროლს ასევე დაემატა მომხმარებლის ტელეფონის ნომერი და შესაბამისად მითითებულია შპს-ს მეორე პარტნიორის ნომერი, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვერ მოხერხდება მოთხოვნილი ვებ-გვერდით სარგებლობა, რის გამოც თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

(იხ. შესაგებელი, ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე შპს ‘’ბი----------"-ი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 6 მაისიდან. მოსარჩელე ვლ-------------–-----ი კომპანიაში ფლობს წილს 50 %-ს, ხოლო 50%-ს ფლობს თე-------------–--ე.

მოპასუხე კომპანიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია კომპანიის დირექტორი თე-------------–--ე.

სასამართო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეოს (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. ვლ-------------–-----მა 2017 წლის 5 მაისს მიმართა შპს-ს დირექტორს და ითხოვა კომპანიის საფინანსო დოკუმენტაციის გაცნობა, მისი ასლების გადმოცემა. მოპასუხის მიერ აღნიშნულ განცხადებაზე რეაგირება არ მომხდარა, რის გამოც, 05.06.2017 წელს დამატებით იგივე შინაარსის განცხადებით მიმართა მოპასუხეს, მაგრამ ისევ უშედეგოდ. 08.06.2017 წელს, მოსარჩელემ წინასწარ აცნობა მოპასუხეს, რომ იგი როგორც შპს „ბი----------ის“ 50% წილის მფლობელი, იყენებდა კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას და გეგმავდა კომპანიაში განეხორციელებინა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება, მაგრამ მოსარჩელემ ვერ შეძლო მიეღო ინფორმაცია და გაცნობოდა დოკუმენტაციას, რათა კომპანიაში განეხორციელებინა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ვლ-------------–-----ის 18.05.2017წ., 05.06.2017წ. და 08.06.2017წ. განცხადებები;

 

3.1.3. მოპასუხე შპს-ს დირექტორმა მოსარჩელეს მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ გადასცა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან კომპანიის საფინანსო დოკუმენტაციის გადაცემა, თუმცა მოპასუხემ დოკუმენტაცია არ გადასცა. მათ შორის სადავოა შემდეგი:

- მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მას კანონით აქვს უფლება, რომ მოითხოვოს და გადაეცეს დოკუმენტაცია, მოპასუხეს კი მიაჩნია, რომ მოსარჩელე რეალურად არის მოპასუხე კომპანიის კონკურენტი კომპანიის შპს „ორ------–---ს“ დამფუძნებელი პარტნიორი, მოპასუხე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის და შპს-ს წესდების თანახმად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცნობა და დოკუმენტაციის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მარტნიორთა კრების უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელე კი არის შპს-ს 50 % წილის მფლობელი, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ვერ მიიჩნევა პატნიორთა უმრავლესობის მოთხოვნად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხი სამართლებრივი შეფასების კატეგორიას განეკუთვნება და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია;

-,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლში იმპერატიულად აღნიშნულია - „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.".

 

სასამართლო გამარტავს, რომ საკუთრება წარმოადგენს ადამიანის ბუნებით უფლებას, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პიროვნული თავისუფლება. საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია. იგი ადამიანის იმ ძირითად უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც საფუძველს უყრის დემოკრატიულ და სოციალურ სახელმწიფოს, მთავარი მამოძრავებელი ძალაა სახელმწიფოში საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და მეწარმეობის განვითარებისა.

 

მოსარჩელე შპს „ბი----------ის“ 50% წილის მფლობელი მესაკუთრეა და სურს გაეცნოს კომპანიის საფინანსო საქმიანობას, რის საშუალებასაც არ აძლევს მოპასუხე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად უნდა გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხის მიერ ირღვევა მისი, როგორც პარტნიორის უფლებები. ვერ ღებულობს საწარმოს მართვაში მონაწილეობას, არ აქვს ინფორმაცია საწარმოს საქმიანობის შესახებ. მოპასუხე არ აძლევს მნიშვნელოვან დოკუმენტებს, რითაც ირღვევა მისი უფლებები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და ამტკიცოს, დაასაბუთოს დოკუმენტების მიღების აუცილებლობა.

 

6.2. საკონსტიტუციო სასამართლომ 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406, 408-ე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოახდინა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა იმ სახის ინფორმაციის დიფერენცირება, რომლებიც დაცულია ოფიციალურ წყაროებში და დაყო ისინი რამოდენიმე ჯგუფად. ამ ჯგუფებს შორის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია მათში შემავალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. პირველ ჯგუფში შედის ინფორმაცია, რომელიც თავად ინფორმაციის მიღების მსურველ პირს შეეხება. ეს ინფორმაცია, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაუბრკოლებლად, კანონით დადგენილი წესით უნდა მიეწოდოს პირს. მეორე ჯგუფს წარმოადგენს ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც უშუალოდ ინფორმაციის მიღების მსურველს არ შეეხება, მაგრამ მათი მიღება, ასევე, შესაძლებელია კანონით დადგენილი წესის დაცვით. მესამე ჯგუფში შედის ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულია ინფორმაციის მეოთხე ჯგუფი, რომელიც განსხვავებით 41-ე მუხლის პირველი პუნქტისა, ინფორმაციის ავტომატურად გასაიდუმლოებას გულისხმობს. ეს არის ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული მონაცემები, რომლებიც შეეხება კერძო პირის კერძო საკითხებს, ეს ინფორმაცია ავტომატურად გასაიდუმლოებულია და მისი განსაიდუმლოება შესაძლებელია, თუ არსებობს თავად იმ პირის თანხმობა, ვისაც ინფორმაცია შეეხება. ამდენად, ოფიციალურ წყაროებში არსებული პირის კერძო საკითხებს მიკუთვნებული მონაცემები ხელშეუხებელია და სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დაცული გამხელისაგან, რაც შეესაბამება როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის პრინციპს, ასევე 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებულ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისას სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისაგან დაცვის პრინციპს. (ასევე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის №ბს-1278-1240(კ-08) გადაწყვეტილება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება ძირითადად ეხება საჯარო ინფორმაციის გაცემას, მაგრამ იგივე პრინციპი და მიდგომა უნდა იქნას გამოყენებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ადმინისტრაციაში დაცული კომერციული ხასიათის ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცემის დროსაც. ასეთი ინფორმაციის გაცემის წესებს არეგულირებს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6.3. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ყველა პარტნიორს წილის სიდიდისა და საზოგადოებაში მისი მდგომარეობის მიუხედავად, აქვს: ა) წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება; ბ) წლიური ანგარიშის სისწორის შემოწმების უფლება; გ) წლიური ანგარიშის სისწორის შემოწმების მიზნით უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით საზოგადოების საბუღალტრო წიგნების შემოწმების უფლება; დ) წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მის დამტკიცებამდე საზოგადოების ორგანოებისათვის განმარტებების მოთხოვნის უფლება.

 

საკასაციო პალატა განმარტავს (საქმე №ას-1571-2018 2 აგვისტო, 2019 წელი), რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი აღიარებს პარტნიორის უფლებას, ინფორმირებული იყო საზოგადოების საქმიანობის თაობაზე და დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საქმიანობის შედეგს უკავშირდება. მეწარმე სუბიექტის (ამ შემთხვევაში, საწარმოს პარტნიორის) ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა ამ კანონის 3.10 მუხლია (ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება, შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით), ხოლო 46.4 (დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს) მუხლით აღიარებულია დირექტორის, როგორც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მოვალეობა, ხელი შეუწყოს პარტნიორს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით (მათ შორის 3.10 მუხლით) გათვალისწინებული უფლების განხორციელებაში.

 

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტი უკვე საკუთრივ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორს ავალდებულებს, რომ დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართოს, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს. ამდენად, კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება პარტნიორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და იმპერატიული უფლებაა. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი ადგენს მისი დაცვის ფარგლების სავალდებულო მინიმუმს, რაც ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული, პარტნიორის უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია, შესაძლებელია შიდაკორპორაციული რეგულაციის ფარგლებში საზოგადოების წესდებით მათი გაზრდა მხოლოდ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს გააჩნიათ როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებები. არაქონებრივი უფლებაა კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. ამდენად, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ კონტროლი გაუწიონ საზოგადოების ხელმძღვანელობას. ეს კონტროლი შეიძლება განხორციელდეს თითოეული პარტნიორის მიერ როგორც ინდივიდუალურად, ისე პარტნიორთა კრების მეშვეობით. სწორედ პარტნიორის მიერ ინდივიდუალური კონტროლის განხორციელების ფორმას წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორის უფლება, თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორია და მას არ გადასცემია კომპანიის ის დოკუმენტაცია, რომლის გადაცემასაც მოსარჩელე ითხოვს. შესაბამისად საფუძვლიანია საზოგადოების პარტნიორის მოთხოვნა საზოგადოების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის მისთვის გადაცემის თაობაზე.

 

ზემოთ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებათა და ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ბი----------"-მა მოსარჩელე ვლ-------------–-----ს უნდა გადასცეს მოსარჩელის მიერ მოთხოვილი სრული დოკუმენტაცია. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობის ვალდებულებაში კანონმდებელი მოიაზრებს როგორც დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობას, ისე მათი ასლების გადაღებასაც.

 

6.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებს, რომ მოსარჩელე რეალურად არის მოპასუხე კომპანიის კონკურენტი კომპანიის შპს „ორ------–---ს“ დამფუძნებელი პარტნიორი, ასევე იმაზე მითითებას, რომ ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის და შპს-ს წესდების თანახმად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცნობა და დოკუმენტაციის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მარტნიორთა კრების უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელე კი არის შპს-ს 50 % წილის მფლობელი, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ვერ მიიჩნევა პატნიორთა უმრავლესობის მოთხოვნად.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, კონტროლისა და შემოწმების უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით. ეს კი ნიშნავს, რომ წესდებით ამ უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებული იყო დაემტკიცებინა, რომ მოსარცელეს ეს უფლება შეზღუდული აქვს, თუმცა კანონით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა ისევ კანონითაა შესაძლებელი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხეს არც კომპანიის წესდება წარმოუდგენია და არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე არის მოპასუხე კომპანიის კონკურენტი კომპანიის შპს „ორ------–---ს“ დამფუძნებელი პარტნიორი. ასე რომც იყოს, აღნიშნული არ ართმევს უფლებას მოსარჩელეს, როგორც პარტნიორს, მოითხოვოს და გაეცნოს კომპანიის დოკუმენტაციას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარჩელზე ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახემწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფა

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვლ-------------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „ბი----------ს“ (ს/ნ 4--------) დაევალოს გადასცეს მოპასუხე ვლ-------------–-----ისათვის (პ/ნ------------) შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საბანკო ანგარიშის ამონაწერები საწარმოს მომსახურე საბანკო ორგანიზაციებიდან შპს „ბი----------ის“ დაარსების დღიდან - 2016 წლის 6 მაისიდან 2019 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით;

ბ) სალარო ორდერები;

გ) ინვენტარის დასახელება, რა ქონება ირიცხება საწარმოს ბალანსსა და საწესდებო კაპიტალში;

დ) კალკულაციები-შეკვეთების ოდენობა, დამკვეთებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები სრული მოცულობით;

ე) შპს „ ბი----------ში“ დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოები, ხელფასის უწყისები;

ვ) ორგანიზაციის მართვის კომპიუტერული სისტემის „ორისის“ ბაზისა და შემოსავლების სამსახურის-საგადასახადოს (www.rs.ge) წვდომის პაროლის წარდგენა;

ზ) 2019 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით საწარმოში არსებული მასალების ბაზის წარდგენა;

თ) კრედიტორებისა და დებიტორების სია;

 

3. მოპასუხე შპს „ბი----------ს“ (ს/ნ 4--------) მოსარჩელე ვლ-------------–-----ის (პ/ნ------------) სასარებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. 32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე