გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 140210020003476189
საქმე N 2/235-20
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
ზიანის ანაზღაურების შესახებ
11 მარტი, 2020 წ. ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე - ნ-------- ბ--------ე
მოპასუხე - ქ------- ყ------–---–ი (არ გამოცხადდა)
დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ქ------- ყ------–---–ს მოსარჩელე ნ-------- ბ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და 5 150 (ხუთიათას ასორმოცდაათი) აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელის თანახმად, შპს „E---------“-ს (ს/კ: 4--------) დაფუძნების დღიდან საწარმოს საქმიანობას წარმართავდა ქ------- ყ------–---–ი და შპს „E---------“-ის სახელით ახორციელებდა ფიზიკური პირებისაგან ფულადი თანხების მიღებას ძირითადი თანხის სრულად დაბრუნების პირობით.
ნ-------- ბ--------ემ შპს „E---------“-ის ანგარიშზე სესხის სახით შეიტანა თანხა და გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულება. 2015-2017 წლებში სესხის ხელშეკრულებით მან შპს „E---------“-ს გადასცა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი და 5150 (ხუთი ათას ასორმოცდაათი) აშშ დოლარი; აღნიშნული თანხა შპს „E---------“-ს არ დაუბრუნებია, რადგან მისმა დირექტორმა ქ------- ყ------–---–მა ზემოთ ხსენებული ფულადი თანხები მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა სამსახურებრვი მდგომარეობის გამოყენებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განაჩენით ქ------- ყ------–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მათ შორის ნ-------- ბ--------ის კუთვნილი თანხმების მითვისებაში. აღნიშნული განაჩენი უცვლელადაა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით და შესულია კანონიერ ძალაში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ქ------- ყ------–---–მა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაზე განაცხადა უარი; ასევე მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაგებელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განაჩენით ქ------- ყ------–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მათ შორის ნ-------- ბ--------ის კუთვნილი თანხმების მითვისებაში. აღნიშნული განაჩენი უცვლელადაა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით და შესულია კანონიერ ძალაში.
მტკიცებულება: თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოსა და 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენები;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს საქმის განხილვისას ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ქ------- ყ------–---–მა მიითვისა რა შპს „E---------“-ის სახელით ფიზიკური პირებისაგან სესხის სახით მიღებული თანხები, ზიანი მიაყენა დაზარალებულს, განსახილველ შემთხვევაში ნ-------- ბ--------ეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვითაც, ქ------- ყ------–---–მა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით, მიითვისა მოსარჩელის მიერ შპს „E---------“-სთვის სესხის სახით გადაცემული თანხა. ე.ი. მხარეთა შორის ვალდებულება გამომდინარეობს დელიქტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო, რომელთა შინაარსი განისაზღვრება კანონით და მხარეთა შეთანხმებით და არასახელშეკრულებო, რომელთა შინაარსიც დამოკიდებულია მხოლოდ კანონზე, ან კანონზე და ვალდებულების ერთ-ერთი მხარის ნებაზე. არასახელშეკრულებო ზიანის არსებობისათვის დამახასიათებელია ის, რომ იგი წარმოიშობა უშუალოდ სამართალდარღვევის შედეგად, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში.
იმავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ქონებრივი პასუხისმგებლობის ვინმესთვის დასაკისრებლად და ზიანის ანაზღაურებისათვის საჭიროა ქმედება იყოს: მართლსაწინააღმდეგო, სახეზე იყოს დამდგარი შედეგი - ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის ბრალი და არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო განაჩენით დადგენილია, რომ ქ------- ყ------–---–მა ჩაიდინა განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ამ ქმედებით მიითვისა მოსარჩელის კუთვნილი თანხა, რითაც ზიანი მიაყენა მას. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წანამძღვრები, და ქ------- ყ------–---–მა ნ-------- ბ--------ეს უნდა აუნაზღაუროს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი და 5150 (ხუთიათას ასორმოცდაათი) აშშ დოლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
დადასტურებულია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე ქ------- ყ------–---–ს.
იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, ხოლო ამავე კოდესის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება გადასახდელი თანხით.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარსა და 5150 (ხუთი ათას ასორმოცდაათი) აშშ დოლარს; 15 000 ლარის 3%-ი 450 ლარია; 5 150 X 2,90 = 14 420 ლარს; 14 935 ლარის 3%-ი 448 ლარია.
სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 898 ლარს, რომლის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 30912 მუხლებით,გადაწყვიტა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე ქ------- ყ------–---–ს მოსარჩელე ნ-------- ბ--------ის სასაგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის თანხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და 5 150 (ხუთიათას ასორმოცდაათი) აშშ დოლარის გადახდა.
2. მოპასუხე ქ------- ყ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 898 (რვაასოთხმოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გ. რობაქიძის ქ. № 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ს. ჯორბენაძის ქ. № 30).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 (ოცი) და არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით პაპუაშვილი