გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2020
საქმის ნომერი
110210019003323995
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210019003323995

N2/733-2019წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 თებერვალი 2020 წელი ქ. ზესტაფონი

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე,ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი: ინგა ლურსმანაშვილი;

მოპასუხე: შპს ,,მშენელი 21'';

წარმომადგენელი: ბადრი ჭიპაშვილი (დირექტორი) ; თამაზ ახპატელი;

დავის საგანი: პირგასამტეხლოს თანხის გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს ,,მშენებელ 21''-ს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს 21827.67 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,მშენებელი 21"-ს შორის 2017 წლის 22 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ NN212 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხევის და ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიისაგან დაზიანებული ობიექტების, ხიდის და საყრდენი კედლების აღდგენის სამუშაოების შესრულებას. აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების მე-5 ნაწილის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაესრულებია 2018 წლის 21 მაისის ჩათვლით, მოპასუხემ აღნიშნული პირობა დაარღვია, რომელზეც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა და გააფრთხილა, რომ ვინაიდან არ ჰქონდათ სამუშაოები დასრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოების დასრულების ვადაში, ერიცხებოდათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომლის ოდენობამ მიაღწია ხელშეკრულების ღირებულების 1 %-ს და ხელშეკრულების მე-14.3 პუნქტის საფუძველზე შეუწყდებოდათ ხელშეკრულება და დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო ხელშეკრულების მე-14.2 და მე-14.4 პუნქტების შესაბამისად. თუმცა მოპასუხე სამუშაოებს არ ასრულებდა. ყოველივე ამის შემდეგ შპს ,,მშენებელი 21"-ს შეუწყდათ ხელშეკრულება და 2018 წლის 22 მაისიდან 3 სექტემბრის ჩათვლის სულ 105 კალენდარულ დღეზე ხელშეკრულების მე-14,2 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.02 % რაც თანხობრივად ერთ დღეზე შეადგენს 13.59 ლარს, ხოლო 105 კალენდარულ დღეზე 1427.97 ლარს, ასევე ხელშეკრულების მე-14.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 30%-ის ოდენობით 20399.70 ლარი, რომელიც მას უნდა გადაეხადა 2018 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეს გაეგზავნა ხელშეკრულებაში მითითებულ ელ. მისამართზე, ასევე შემსყიდველის მიერ აიტვირთა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში SPA.GE-ზე, რომლის საფუძველზეც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს ,,მშენებელი 21" დაარეგისტრირა შავ სიაში. მოპასუხემ სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების ბათილად ცნობა, რომელიც ეხებოდა მისი შავ სიაში დარეგისტრირებას, ხოლო მესამე პირად ჩართული იქნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია. სასამართლო პროცესი ჩაინიშნა მიმდინარე წელს 4-ჯერ, პროცესებს ესწრებოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, თუმცა შპს ,,მშენებელი 21" სასამართლო პროცესებზე არ ცხადდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა. მოპასუხეს დავალიანება დღემდე არ გადაუხდია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,მშენებელ 21-ს’’ შორის 2017 წლის 22 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N212 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხევის და ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიისაგან დაზიანებული ობიექტების, ხიდის და საყრდენი კედლების აღდგენის სამუშაოების შესრულებას. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 67 999 ლარით. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით უნდა შესრულებულიყო შემდეგი სამუშაოები: 1. სოფელ ბჟინევის ხიდის რეაბილიტაცია, 2. სოფელ ციცქიურის გაბიონის მოწყობის პირველი ეტაპი და 3. სოფელ ციცქიურის გაბიონის მოწყობის მეორე ეტაპი. მოპასუხემ ბჟინევის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები სრულად და უნაკლოდ შეასრულა, ხოლო სოფელ ციცქიურის გაბიონის მოწყობის ვერც ერთი ეტაპი ვერ შესრულდა. კერძოდ, პროექტის განსახორციელებლად საჭირო იყო ქვა, რაც ხარჯთაღრიცხვის პროექტში გათვალისწინებული არ ყოფილა. მოპასუხემ დაიწყო ღონისძიებების განხორცილება ქვის შეძენისათვის. მიმართა მუნიციპალიტეტს, რომელმაც ქვის ღირებულების გათვალისწინებით არ გაზარდა პროექტის ღირებულება. ამის შემდეგ, მათ მიმართეს გარემოს ეროვნულ სააგენტოს ქვის ამოღების თაობაზე ნებართვის გაცემაზე. ასევე, გააკეთეს განაცხადი წიაღის ეროვნულ სააგენტოში, თუმცა აღნიშნული საკითხის მოგვარებას არ დაელოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და შეწყვიტა მათთან ხელშეკრულება. მერიის დამოკიდებულება არასამართლიანია, ვინაიდან ქვის ღირებულება ხარჯთაღრიხვით გათვალისწინებული არ ყოფილა, შესაბამისად პროექტი მათი ბრალით არ ჩავარდნილა. მერია ორგვარ პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს მოპასუხეზე, რაც არასამართლიანი, ერთია ყოველდღიური პირგასამტეხლო, ხოლო მეორე ერთიანი ჯარიმა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 30% , რაც არაგონვრული და შეუსაბამოდ მაღალია. ხელშეკრულების პირობების დარღვევა მისი ბრალით არ მომხდარა და შესაბამისად, არც უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,მშენებელ 21-ს’’ შორის 2017 წლის 22 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N212 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხევის და ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიისაგან დაზიანებული ობიექტების, ხიდის და საყრდენი კედლების აღდგენის სამუშაოების შესრულებას. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 67 999 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა, ხელშეკრულების დადებიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში და მისი დასრულების ვადად მიეთითა 2018 წლის 21 მაისის ჩათვლით. ხელშეკრულებით და თანდართული სამუშაოთა აღწერის ტექნიკური დავალებით მოპასუხეს უნდა შეესრულებინა შემდეგი სამუშაოები: 1. სოფელი ბჟინევის ხიდის რეაბილიტაცია -ღირებულება 13 942.83 ლარი; 2. სოფელ ციცქიურის გაბიონის მოწყობა ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - ღირებულება 50 096,59 ლარი და მეორე ეტაპი - ღირებულება 3959.67 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2017 წლის 22 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N212 ხელშეკრულება, ხარჯთაღრიცხვა.

 

3.2. 2017 წლის 22 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N212 ხელშეკრულების მე-14 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო საჯარიმო სანქციები. კერძოდ, 14.2. პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი გადააცილებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადას, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.02%-ის ოდენობით. 14.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების 14.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 1%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. 14.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების სრული, ან მისი ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეს, რომელმაც არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, დაეკისრება პირგასამტერხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 30% პროცენტის ოდენობით, 20 399.70 ლარი მეორე მხარის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2017 წლის 22 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N212 ხელშეკრულება.

 

3.3.2018 წლის 11 ივნისის მიღება - ჩაბარების N212-1 აქტით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს ,,მშენებელი 21 -ისაგან’’ ჩაიბარა შუალედურად შესრულებული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ბჟინევის ხიდის რეაბილიტაციის, 13 936.29 ლარის ღირებულების სამუშაოები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2018 წლის 11 ივნისის მიღება - ჩაბარების N212-1 აქტს.

 

3.4. ობიეტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის 2018 წლის 8 ივნისის ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ბჟინევის ხიდის რეაბილიტაციის შესრულებული სამუშაოების ხარისხი შესაბამისობაში იყო საპროექტო მოთხოვნებთან, მასში მითითებულ ნორმებთან და ტერიტორიაზე მოქმედ სტანდარტებთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

ობიეტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის 2018 წლის 8 ივნისის ინსპექტირების ანგარიში.

 

3.5. თავად მოპასუხის - შპს ,,მშენებელი 21-ის'' მიერ შედგენილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცქიურის გაბიონის მოწყობის პირველი და მეორე ეტაპის ხარჯთაღრიცხვით, სამუშოთა ჩამონათვალში განსაზღვრული იქნა გაბიონის ქვის ჩალაგება გაბიონის კალათაში, შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით, (განზომილება, რაოდენობა, მასალა, მასალის ღირებულება, ხელფასი, ტრანსპორტი), შესაბამისად შპს ,,მშნებელი 21-მა’’ აღნიშნულით იკისრა ვალდებულება გაბიონების მოწყობისათვის თავად უზრუნველეყო სამუშოების ქვით მომარაგება, რაც არ შეასრულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცქიურის გაბიონის მოწყობის პირველი და მეორე ეტაპის ხარჯთაღრიცხვა.

 

3.6. შპს ,,მშენებელმა 21-მა’’, ვერ უზრუნველყო სამუშაოების ქვით მომარაგება და აღნიშნულის გამო, ვეს შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცქიურის გაბიონის მოწყობის არც ერთი ეტაპი. აღნიშნული სამუშაო მას საერთოდ არ შეუსრულებია. გაბიონის მოწყობის პირველი ეტაპის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 50 096.59 ლარი, ხოლო გაბიონის მოწყობის მეორე ეტაპის შეუსრულებელი სამუშოების ღირებულებამ შეადგინა 3959.67 ლარი, ჯამში 54 056. 26 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცქიურის გაბიონის მოწყობის პირველი და მეორე ეტაპის ხარჯთაღრიცხვა.

 

7. შპს ,,მშენებელმა -21-მა'' დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადები. 2017 წლის 22 დეკემბრის N212 ხელშეკრულების შესაბამისად, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 21 მაისის ჩათვლით, მაგრამ სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შესრულდა. ხელშეკრულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ მას დააკისრა პირგასამტეხლო, 2018 წლის 22 მაისიდან 2018 წლის 03 სექტემბრის ჩათვლით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (67 999 ლარი) 0.02%-ის ოდენობით, ჯამში 105 კალენდარულ დღეზე (დღეზე ჯარიმა შეადგენს 13.59 ლარს) 1427.97 ლარი, ასევე, ხელშეკრულების მე-14.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შუსრულებლობისსათვის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე შპს ,,მშენებელ 21’’-ს დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამურის ღირებულების 30 % -ის ოდენობით, 20 399.70 ლარი, სულ ჯამში 21 827.67 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2017 წლის 22 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N212 ხელშეკრულება, 2018 წლის 27 აგვისტოს კონტროლის ჯგუფის დასკვნას. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის N49 1487 ბრძანებას., ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის 2018 წლის 30 აგვისტოს N1067-49 მოხსენებით ბარათს.

 

8. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2016 წლის 30 ივნისს გაიცა რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, კერძოდ:

 

1. შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით;

 

2. ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით;

 

3.ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 477-ემუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

დადგენილია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,მშენებელ 21-ს’’ შორის 2017 წლის 22 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N212 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხევის და ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიისაგან დაზიანებული ობიექტების, ხიდის და საყრდენი კედლების აღდგენის სამუშაოების შესრულებას. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 67 999 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა, ხელშეკრულების დადებიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში და მისი დასრულების ვადად მიეთითა 2018 წლის 21 მაისის ჩათვლით. ხელშეკრულებით და თანდართული სამუშაოთა აღწერის ტექნიკური დავალებით მოპასუხეს უნდა შეესრულებინა შემდეგი სამუშაოები: 1. სოფელი ბჟინევის ხიდიდ რეაბილიტაცია -ღირებულება 13 942.83 ლარი; 2. სოფელ ციცქიურის გაბიონის მოწყობა ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - ღირებულება 50 096,59 ლარი და მეორე ეტაპი - ღირებულება 3959.67 ლარი.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ივნისის მიღება - ჩაბარების N212-1 აქტით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს ,,მშენებელი 21 -ისაგან’’ ჩაიბარა შუალედურად შესრულებული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ბჟინევის ხიდის რეაბილიტაციის, 13 936.29 ლარის ღირებულების სამუშაოები და შესრულებული სამუშაოების ხარისხი შესაბამისობაში იყო საპროექტო მოთხოვნებთან, მასში მითითებულ ნორმებთან და ტერიტორიაზე მოქმედ სტანდარტებთან.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

დადეგენილია, რომ თავად მოპასუხის - შპს ,,მშენებელი 21-ის'' მიერ შედგენილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცქიურის გაბიონის მოწყობის პირველი და მეორე ეტაპის ხარჯთაღრიცხვით, სამუშოთა ჩამონათვალში განსაზღვრული იქნა გაბიონის ქვის ჩალაგება გაბიონის კალათაში, შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით, ( განზომილება, რაოდენობა, მასალა, მასალის ღირებულება, ხელფასი, ტრანსპორტი), შესაბამისად შპს ,,მშენებელმა 21-მა’’ აღნიშნულით იკისრა ვალდებულება გაბიონების მოწყობისათვის თავად უზრუნველეყო სამუშოების ქვით მომარაგება, რაც არ შეასრულა.

 

შპს ,,მშენებელმა 21-მა’’,ვერ უზრუნველყო სამუშაოების ქვით მომარაგება და აღნიშნულის გამო, ვეს შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცქიურის გაბიონის მოწყობის არც ერთი ეტაპი. ამ უბანზე მას სამუშაო საერთოდ არ შეუსრულებია. გაბიონის მოწყობის პირველი ეტაპის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 50 096.59 ლარი, ხოლო გაბიონის მოწყობის მეორე ეტაპის შეუსრულებელი სამუშოების ღირებულებამ შეადგინა 3959.67 ლარი, ჯამში 54 056. 26 ლარი.

 

ამდენად, 2017 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N212 ხელშეკრულების პირობები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცქიურის გაბიონის მოწყობის ორივე ეტაპის სამუშაოების ნაწილში ვერ შესრულდა მოპასუხის ბრალით, შესაბამისად მან დაარღვია ხელშეკრულების პირობები.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო –მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

დადეგენილია, რომ მოპასუხე შპს ,,მშენებელმა 21-მა'' არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, არ შეასრულა სოფელ ციცქიურის გაბიონის მოწყობის სამუშაოები და შესაბამისად მას ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო.

 

6.4. რაც შეეხება მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო მიუთითებს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

2017 წლის 22 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N212 ხელშეკრულების მე-14 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო საჯარიმო სანქციები. კერძოდ, 14.2. პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი გადააცილებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადას, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.02%-ის ოდენობით. 14.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების 14.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 1%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. 14.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების სრული, ან მისი ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეს, რომელმაც არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, დაეკისრება პირგასამტერხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 30% პროცენტის ოდენობით, 20 399.70 ლარი მეორე მხარის სასარგებლოდ.

 

ხელშეკრულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლო, 2018 წლის 22 მაისიდან 2018 წლის 03 სექტემბრის ჩათვლით, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (67 999 ლარი) 0.02%-ის ოდენობით, ჯამში 105 კალენდარულ დღეზე (დღეზე ჯარიმა შეადგენს 13.59 ლარს) 1427.97 ლარი, ასევე, ხელშეკრულების მე-14.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრის ვალდებულებების შუსრულებლობისსათვის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე შპს ,,მშენებელ 21’’-ს დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამურის ღირებულების 30 % -ის ოდენობით, 20 399.70 ლარი, სულ ჯამში 21 827.67 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

,,საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში სასამართლო მხოლოდ ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრს. ამ პროცესში, მონაწილეობენ მოთხოვნის კრედიტორი, რომლის მიმართაც დარღვეულია ვალდებულება და მოვალე/მოპასუხე, რომელიც მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებას - პირგასამტეხლოს მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ განაკვეთად. ამ დროიდან, უკვე სასამართლო იწყებს პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას. საგულისხმოა, რომ ამ პროცესში მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. თუმცა, საგულისხმოა, რომ თუ მხარე სადავოდ არ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას (გონივრულობას), მაგრამ საერთოდ გამორიცხავს მისი დაკისრების წინაპირობების არსებობას, უპრიანია სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობაც შედავებულად მიიჩნიოს და შეაფასოს მისი გონივრულობა; ასეთ ვითარებაში, ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს მხარის ნება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არათუ პირგასამტეხლოს ოდენობას ხდის სადავოდ, არამედ საერთოდ პირგასამტეხლოს დაკისრებას არ ეთანხმება. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები." (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017.)

 

უზენაესი სასამართლოს აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე არ ითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას და საერთოდ არ ეთანხმება მის დაკისრებას, პირგასამტეხლოს ოდენობაც ითვლება შედავებულად და სასამართლომ უნდა შეაფასოს მისი გონივრულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული აქვს სასამართლოს. შესაბამისად, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად, შესაბამისად ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 420-ე მუხლით პირგასამტეხლოს შემცირების საკითხში სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების მიზანია მოვალის დაცვა აშკარად მაღალი და გადაჭარბებული პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ ამ ნორმით არ იგულისხმება კრედიტორის ინტერესების უგულებელყოფა. კერძო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია სახელშეკრულებო თანასწორობის პრინციპი, რაც ხელშეკრულების ყველა მხარის თანასწორუფლებიანობას ეფუძნება. პირგასამტეხლოს ფუნქცია არის როგორც მოპასუხისათვის ვალდებულების დარღვევის გამო სანქციის დაკისრება, ისე კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი შედეგის, მისთვის მიყენებული ზიანის საკითხის შეფასებას. პირგასამტეხლოს მიზანია არა მოვალისათვის შეღავათის გაწევა, არამედ ისეთი თანხის დაკისრება, რაც მოპასუხეს დაიცავს გადაჭარბებული ქონებრივი პასუხიმგებლობისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება პრინციპს „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს), რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს სახით შეუსაბამოდ მძიმე ტვირთი არ დაეკისროს ხელშეკრულების მხარეს და ვალდებულების დარღვევის ხარისხის შესაბამისად დაეკისროს ფულადი პასუხისმგებლობა.

 

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური მომენტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. სასამართლომ უნდა შეაფასოს კონტრაჰენტთა როგორც ხელშემკვრელ პირთა, სტატუსი და როდესაც საკითხი მეწარმე სუბიექტის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებას ეხება, მას ფიზიკური პირისაგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით უნდა მოეთხოვოს შეუსრულებელი ვალდებულების გამო მხარისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია.

 

ამასთანავე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლებების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორს დანაკარგი უნდა აუნაზღაურდეს და არა გამდიდრდეს. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძ₾ება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მაღალი განაკვეთი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,მშენებელი 21-მა'' ნაწილობრივ შეასრულა ხელშეკრულების პირობები, თუმცა საერთოდ არ შეასრულა სოფელ ციცქიურის გაბიონის მოწყობის სამუშაოები. შეუსრულებელი სამუშოების ღირებულებამ შეადგინა ჯამში 54 056. 26 ლარი, ვადაგადაცილებულმა დღეთა რაოდენობამ კი შეადგინა 105 დღე.

 

სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეაფასა დარღვევის სიმძიმის, მოცულობის, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხისა და ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხის გათვალისწინებით, რაც შეესაბამება დადგენილ პრაქტიკას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა მოხდეს ვალდებულების დარღვევის ხარისხის შესაბამისად, ანუ შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან და არ მთლიანად ხელშეკრულების ღირებულებიდან. დადგენილია, რომ შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებამ საერთო ჯამში შეადგინა 54 056. 26, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა 0.02 % უნდა დაანგარიშდეს 54 056.26 ლარიდან, ვადაგადაცილებულ 105 დღეზე, თავად 0.02 % კი ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული და სრულად შეესაბამება დადგენილი პრაქტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციას. (54 056.26 ლარის 0.02% =1 დღე 10.81 ლარი X 105 დღეზე = 1135.17). ამდენად, ვადაგადაცილებული დღეების პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1135.17 ლარით.

 

მოსარჩელემ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 30%-ის ოდენობით 20399.70 ლარი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაცემულ რეკომენდაციებს პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, კერძოდ: შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით; ხოლო ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუსაბამოდ მაღალ პროცენტად მიაჩნია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 30%-ის ოდენობით და მითითებული რეკომენდაციის შესაბამისად მისი ოდენობა უნდა განახევრდეს და განისაზღვროს 15%-ით, რაც ამ შემთხვევაში შეადგენს 10. 199.85 ლარს.

 

საერთო ჯამში, მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 11 335.02 ლარს.

 

6. საპროცესო ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

,,სახელმწიფო ბაჟის'' შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ'' ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობაა 340.05 ლარი, რომლის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სარჩელთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის (ს/კ 243570989) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შპს ,,მშენებელი 21 -ს'' (ს/კ 400169704) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის (ს/კ 243570989) სასარგებლოდ დაეკისროს 11 335 (თერთმეტი ათას სამას ოცდათხუთმეტი) ლარისა და 02 (ორი) თეთრის გადახდა.

 

3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/კ 243570989) უარი ეთქვას მოპასუხეზე 10 492 (ათი ათას ოთხას ოთხმოცდათორმეტი) ლარისა და 65 (სამოცდახუთი) თეთრის დაკისრებაზე.

 

4. შპს ,,მშენებელი 21 -ს'' (ს/კ 400169704) ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის 340 (სამას ორმოცი) ლარისა და 05 (ხუთი) თეთრის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს კოდზე: 300 193150.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა ნიკურაძე