გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/25985-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
ს----------–ოს სახელით
18 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - დ----- ბ--------ე
წარმომადგენელი - ნ--ა ა------ე
მოპასუხე - მ----ა ჯ--–------–ი
წარმომადგენელი - კ------- შ------–---–ი
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. ნაწილობრივ შესრულებულად იქნეს აღიარებული დ----- ბ--------ესა და მ----ა ჯ--–------–ს შორის გაფორმებული №--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, კერძოდ, სესხის ძირი თანხიდან - 3 500 აშშ დოლარიდან ნაწილი - 2 000 აშშ დოლარი აღიარებული იქნეს გადახდილად.
1.2. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს მ--ა ე---–----–---–ის მიერ 04.04.2017 წელს გაცემულ №--------- სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც სააღსრულებო თანხად მიჩნეულია - 3 500 აშშ დოლარი და მის ნაცვლად მითითებული იქნეს სესხის ძირი თანხის რეალური ოდენობა - 1 500 აშშ დოლარი.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2016 წლის 25 ნოემბერს დ----- ბ--------ეს (რომელიც ასევე წარმოადგენდა დ-------ი ბ--------ეს) და მ----ა ჯ--–------–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა დ----- ბ--------ისა და დ-------ი ბ--------ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 8-----------.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, დ----- ბ--------ემ მოპასუხისაგან ისესხა - 3 500 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2017 წლის 25 თებერვალს, ხოლო სესხის სარგებელი განისაზღვრა 3,5 %-ით ყოველთვიურად რაც შეადგენს - 122,5 აშშ დოლარს.
დ----- ბ--------ე კრედიტორს ყოველთვიურად უხდიდა 125 აშშ დოლარს, ისევე როგორც სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ - 2017 წლის 25 თებერვლიდან 2018 წლის ივნისის თვის ჩათვლით, ყოველთვიურად კეთილსინდისიერად უხდიდა კრედიტორს - 125 აშშ დოლარს, რომელიც იღებდა დ----- ბ--------ისაგან შესრულებას.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა მ----ა ჯ--–------–მა 2018 წლის ივლისის თვეში მოულოდნელად განუცხადა დ----- ბ--------ეს, რომ იგი ყოველთვიურად იხდიდა მხოლოდ სარგებელს და მას დასაბრუნებელი ჰქონდა ძირი თანხა მთლიანად. მოპასუხემ 2018 წლის 12 ივლისს სააღსრულებლო ბიუროს წარუდგინა 2017 წლის 14 აპრილს გაცემული სააღსრულებლო ფურცელი, 3 500 აშშ დოლარის მოთხოვნით, რაზედაც დაიწყო სააღსრულებლო წარმოება.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დ----- ბ--------ე 16 თვის განმავლობაში იხდიდა ყოველთვიურად - 125 აშშ დოლარს, რაც შეადგენს - 2 000 აშშ დოლარს, შესაბამისად ყოველმხრივ უსაფუძვლო და უკანონოა მის მიმართ - 3 500 აშშ დოლარზე სააღსრულებო წარმოების დაწყება (სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულია სააღსრულებო წარმოების თანხა და შესასრულებელი ვალდებულება შესაბამისად - 100 ლარითა და 3 500 აშშ დოლარით).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში განმარტებულია, რომ დ----- ბ--------ე თანხას იხდიდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ვადის ამოწურვის შემდეგ მას თანხა აღარ გადაუხდია. არ არსებობს სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 25 ნოემბერს დ----- ბ--------ეს (რომელიც ასევე წარმოადგენდა დ-------ი ბ--------ეს) და მ----ა ჯ--–------–ს (იპოთეკარი) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის თანახმადაც დ----- ბ--------ემ, რომელიც ასევე წარმოადგენს დ-------ი ბ--------ეს მ----ა ჯ--–------–ისაგან ისესხა - 3 500 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით. სესხი იყო სარგებლიანი - 3,5% ყოველთვთიურად დარიცხვით.
სესხის თანხა იპოთეკარმა მესაკუთრეს გადასცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე. ასევე, გადახდილი იყო ერთი თვის პროცენტი.
სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2017 წლის 25 თებერვალს.
სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა დ----- ბ--------ისა და დ-------ი ბ--------ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რეგისტრირებული საკადასტრო კოდით: 8-----------, მდებარე გ-------ანი, სოფელი გ----------ა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-21).
3.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-21).
3.1.3. 2016 წლის 25 ნოემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 04 აპრილს ნოტარიუსის მიერ გაიცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 3 500 აშშ დოლარითა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯით - 106 ლარით; მოვალეებს წარმოადგენენ დ----- ბ--------ე და დ-------ი ბ--------ე; აღსასრულებელი ვალდებულების სახე - იპოთეკის საგნის (რეგისტრირებული საკადასტრო კოდით: 8-----------, მდებარე გ-------ანი, სოფელი გ----------ა) რეალიზაცია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 04 აპრილის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 23-26).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არ დგინდება დ----- ბ--------ის მიერ კრედიტორის მ----ა ჯ--–------–ის სასარგებლოდ 2016 წლის 25 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის ნაწილის - 2 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.
მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის - 3 500 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების არსებობას და მიუთითებს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დ----- ბ--------ე 16 თვის განმავლობაში (2017 წლის 25 თებერვლიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით) იხდიდა ყოველთვიურად - 125 აშშ დოლარს, რაც შეადგენს - 2 000 აშშ დოლარს.
მოპასუხემ შესაგებლით აღიარა დ----- ბ--------ის მიერ 3 თვის (ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) სარგებლის გადახდის ფაქტი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მსესხებლის მიერ თანხის გადახდის ფაქტი სადავოდ გახადა.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების - ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მსესხებელს, მოვალეს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის რეგულაციიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას.
დ----- ბ--------ეს წერილობითი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ - 2 000 აშშ დოლარის გადახდას, არ წარმოუდგენია. მოსარჩელე მხარე დაეყრდნო მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად. რაც შეეხება მ----ა ჯ--–------–ის სახელზე არსებულ სს „ს----------–ოს ბ---ის“ ანგარიშიდან ამონაწერს, აღნიშნულით (25/11/2016-31/08/2018) არ დგინდება გარემოება დ----- ბ--------ის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ - 2 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.
რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის აპელირებას მოპასუხის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე 6 თვის სარგებლის მიღების შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული სსსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებად, ვინაიდან იგი გაკეთებულია მხარეთა მორიგების მიზნით პირობების განხილვის ფარგლებში, რაც გამორიცხავს სასამართლო გადაწყვეტილების დაფუძნებას აღნიშნულ აღიარებაზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე მუხლებით;
„ნოტარიატის შესახებ“ ს----------–ოს კანონის 38-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა დ----- ბ--------ეს (რომელიც ასევე წარმოადგენდა დ-------ი ბ--------ეს) და მ----ა ჯ--–------–ს შორის 2016 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად, მ----ა ჯ--–------–მა გადასცა დ----- ბ--------ესა და დ-------ი ბ--------ეს - 3 500 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი განისაზღვრა 3,5%-ით; სესხი გაიცა 3 თვით.
უდავოა, რომ კრედიტორის მიერ სესხის თანხის გადაცემის ვალდებულება შესრულებული იქნა, რის საფუძველზეც მსესხებელს წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაბრუნების ვალდებულება. შესაბამისად, მსესხებლებს ეკისრებათ ვალდებულება დააბრუნონ სესხის თანხა შეთანხმებული პირობებით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა (3500 აშშ დოლარი) გადახდილი არ არის.
„ნოტარიატის შესახებ“ ს----------–ოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.
დადგენილია, რომ 2017 წლის 04 აპრილს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 3 500 აშშ დოლარითა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯით - 106 ლარით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელი ნოტარიუსის მიერ გაცემულია კანონიერად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობებისა და „ნოტარიატის შესახებ“ ს----------–ოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად და არ არსებობს მასში ცვლილების შეტანის საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება - 2 000 აშშ დოლარით, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 155 ლარი. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 270-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ----- ბ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს მ--ა ე---–----–---–ის მიერ 2017 წლის 04 აპრილს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე