განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100120003481949
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - რა-----–---ძე
ბრალდებული - მი----------------ძე
ადვოკატი - ირ---–-----–-ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: მი----------------ძე
მამის სახელი: მ-----ი
დაბადებული: 19.11.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ხელვაჩაური, სოფ. ე---ე
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1. ხა----------------აძე და მი----------------ძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების ბოლო პერიოდში მათ დაეძაბათ ურთიერთობა რა დროსაც მი----------------ძემ მეუღლეს ხა----------------აძეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, 2020 წლის 06 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათიდან 12:14 საათამდე დროის შუალედში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ე---ეში, მი----------------ძემ მეუღლეს ხა----------------აძეს ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის ლი-------------აძის თანდასწრებით, საცხოვრებელ სახლში აგინა დედის მისამართით და სახეში ერთხელ დაარტყა ხელი რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, დაკარგა გონება და მიიღო დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი:
3. 2020 წლის 06 იანვარს, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ახალშენის პოლიციის განყოფილებაში დაიწო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
4. შეტყობინების (რეგისტრაციის N24515) თანახმად, ინიციატორი ითხოვდა დახმარებას.
5. ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ რუ---------------–იძის მიერ შედგენილი N021817 შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2020 წლის 06 იანვარს, მი----------------ძემ მეუღლეს ხა----------------აძეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე შემაკავებელი ორდერით, მოძალადეს - მი----------------ძეს აეკრძალა მსხვერპლთან - ხა----------------აძესთან ყოველგვარი კომუნიკაცია.
6. 2020 წლის 06 იანვრის დათვალიერების ოქმის თანახმად, ხა----------------აძეს სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი სახის დაზიანებები, კერძოდ: მარცხენა თვალის მიდამოში წარბის ქვემოთ მოლურჯო ფერის დაზიანება, ასევე წარბის ბოლოში მოწითლო ფერის წერტილოვანი დაზიანებები. ღია სახის ჭრილობები, ნაკაწრები, სისხლნაჟღენთი დაზიანებები სხეულის სხვა ნაწილში მისი გადმოცემით არ აქვს.
7. ბრალდებულმა მი----------------ძემ დაადასტურა, რომ 2020 წლის 06 იანვარს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ე---ეში ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის ხა----------------აძის მიმართ, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის გამოკითხვის ოქმით.
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
9. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
10. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
11. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ხა----------------აძე არის მი----------------ძის მეუღლე, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას.
12. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მი----------------ძემ ჩაიდინა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
13. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ბრალდებული მი----------------ძე არის არასრულწლოვანი - ლი-------------აძის მამა.
14. ბრალდებულმა მი----------------ძემ დაადასტურა, რომ 2020 წლის 06 იანვარს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ე---ეში მისი არასრულწლოვანი შვილის - ლი-------------აძის თანდასწრებით, თავისი მეუღლის ხა----------------აძის მიმართ განახორციელა ძალადობა, რაც ასევე დადასტურებულია ამ უკანასკნელის გამოკითხვის ოქმით.
15. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთშეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მი----------------ძემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის - ლი-------------აძის თანდასწრებით ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
17. სასამართლოს, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების: ხა----------------აძის, ლი-------------აძის, ემ------------ის, მა-----------ის, და-------------–აძის, ტა-----–---–--მაძის გამოკითხვის ოქმებთ, ხა----------------აძის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით) დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მი----------------ძემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;
სამართლებრივი შეფასება:
18. სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეთა მიერ შეთანხმებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია მი----------------ძის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ მი----------------ძეს ჰქონდა განზრახვა, ხელეყო დაზარალებულის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით და ეს განახორციელა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
20. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მი----------------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტებით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
21. მი----------------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
22. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
23. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
24. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
25. მოცემულ შემთხვევაში, მი----------------ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული არ არის ნასამართლევი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მი----------------ძეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. აღნიშნული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მი----------------ძის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
26. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 15 (თხუთმეტი) საათით და საბოლოოდ, მი----------------ძეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული მი----------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 215 (ორას თხუთმეტი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 15 (თხუთმეტი) საათით და საბოლოოდ, მი----------------ძეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.
აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს და გირაოს შემტანს მი---------------აძეს, პ/ნ 6--------20 კანონით დადგენილი წესით დაუბრუნდეს მი----------------ძის გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 3.000 (სამი ათასი) ლარი. დასტური Nა 057458, სს ,,საქართველოს ბანკი’’.
ნივთიერი მტკიცებულება:
აუდიო დისკი დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი