განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/6260-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ ც-------–---–-----,ადვოკატ გ---–--------------------,ბრალდებულ გ------------- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------------- (პირადი #-----------) - დაბადებულის 1--- წლის 2 ა-----–-, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლევის, მცხოვრების კ----- რაიონის სოფელ მ-----–-- მე-1-----–-------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ------------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 ნოემბერს, დილის საათებში, თბილისში, მ--------- ქ.#----ში, გ------------- მეუღლის - ხ---------------–---- მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, დაარტყა ხელები და ფეხები სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ გ------------- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულ ხ---------------–----, მოწმეების: გ------------------–---–--, დ------------–---–--, გ-------------------- და ი------------- გამოკითხვის ოქმებით; სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პაციენტის სამედიცინო ბარათით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია გ------------- მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.
უტყუარადაა დადგენილი, რომ 2019 წლის 27 ნოემბერს გ------------- მეუღლეს - ხ---------------–---- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომელთა უტყუარობა არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფითა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრციულ-სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სუბიექტიც და მსხვერპლიც ოჯახის წევრი უნდა იყოს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ამდენად, გ------------- ჩაიდინა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. შესაბამისად, გ------------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი ზემოაღნიშნული მუხლით და სასჯელი განესაზღვროს ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
გ------------- მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამასთან, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ------------ წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ქმნის დანაშაულის რეციდივს, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ იგი ნასამართლევია ოჯახის წევრის მიმართ მუქარის განხორციელებისათვის და ამჟამადაც ოჯახის წევრის მიმართ აქვს დანაშაული ჩადენილი, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამდენად, გ------------- სასჯელი უნდა დაენიშნოს ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად.
ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ------------- დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რაც მას დადგენილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1------------ განაჩენით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული წარმოადგენს იმპერატიულ მოთხოვნას, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სავალდებულოდ გაუქმდეს მის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი.
ამდენად, სასამართლო, ხელმძღვანელობს რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნას, როგორც სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების, ასევე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ------------- მიმართ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გ------------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1------------ განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და გ------------- საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
გ------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 27 ნოემბრიდან.
გ------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე