განაჩენი

სისხლის სამართლის 03.02.2020
საქმის ნომერი
330100120003413652
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/107-20

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ მ----–------,ადვოკატ გ---------------,ბრალდებულ გ----------------–---- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----------------–---- (პირადი #-----------) - დაბადებულის 1--- წლის 1---------------, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, ი---------–---–-- ქ.#---ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ----------------–---- ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2011 წლიდან 2019 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით, გენდერული იდენტობის ნიშნით, რადგან თ--------–----- არის ქალი, მისი ყოფილი მეუღლე გ----------------–--- სისტემატურად აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავს უცენზურო სიტყვებით და ამცირებს, რამაც გამოიწვია თ--------–-----ს ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

2019 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, ჭ-----–---- ქ.#---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ----------------–---- ყოფილ სიდედრს, გენდერული იდენტობის ნიშნით, რადგან თ----------–----- იყო ქალი, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე მუშტი დაარტყა მარჯვენა მხარის არეში, თავში და მოქაჩა ძლიერად თმა. გ----------------–---- ქმედების შედეგად თ----------–-----მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ გ----------------–---- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულ გ----------------–----, დაზარალებულების: თ----------–-----სა და თ--------–-----ს გამოკითხვის ოქმებით; შემაკავებელი ორდერებითა და შემაკავებელი ორდერის ოქმებით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია გ----------------–---- მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.

 

უტყუარადაა დადგენილი, რომ გ----------------–---- ყოფილ სიდედრს - თ----------–-----ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე, დადგენილია, რომ ყოფილ მეუღლეს - თ--------–-----ს აყენებდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომელთა უტყუარობა არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფითა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრციულ-სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სუბიექტიც და მსხვერპლიც ოჯახის წევრი უნდა იყოს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ამდენად, გ----------------–---- ჩაიდინა ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. მანვე ჩაიდინა ფიზიკური ძალადობა ყოფილი სიდედრის მიმართ, რომელმაც მისი ქმედებით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. შესაბამისად, გ----------------–---- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით და სასჯელები განესაზღვროს ამ დანაშაულთათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ----------------–---- დაზარალებულ თ----------–-----ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, ხოლო ყოფილი მეუღლის - თ--------–-----ს მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა. ამრიგად, მისი სახით საქმე გვაქვს მოძალადესთან, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად თვლის გ----------------–---- მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.

 

ამავდროულად, გ----------------–---- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

აღნიშნული გარემოებების არსებობისას, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გ----------------–---- მიმართ დანაშაულის თითოეული ეპიზოდისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას. ამასთან, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის წესს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გ----------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

 

სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ----------------–---ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, გ----------------–---- მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, გ----------------–---ს დაევალოს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გ----------------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 3 თებერვლის ჩათვლით.

 

გ----------------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე