განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100120003499709
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - თო------------–--ლი
ბრალდებული - და------------ძე
ადვოკატი - ნოდ--------–-ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: და------------ძე
მამის სახელი: ი----ი
დაბადებული: 21.11.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 61---------
ნასამართლობა: არმქონე
მისამართი: ქ. ბათუმი, რ------ას ქ. N1ა, ბინა N15
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 25 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ. ბათუმში, რ------ას ქ. N8-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, და------------ძემ ი-----–-----------ვას სახის არეში თავის ჩარტყმით მიაყენა დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. სასამართლოს დასკვნა და------------ძის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ი-----–-----------ვას, ირ---–----------ძის გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად.
4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
5. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია:
6. ბრალდებულმა და------------ძემ დაადასტურა ი-----–-----------ვასათვის დაზიანების მიყენების ფაქტი.
7. დაზარალებულ ი-----–-----------ვას გამოკითხვის ოქმის ანალიზით სრულად დადასტურებულია და------------ძის მხრიდან მისთვის დაზიანების მიყენების და ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი.
8. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №000090920 დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის და პირადი შემოწმების მონაცემებით (26.11.2019 წ) ი-----–-----------ვას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი ცხვირის არეში და ცხვირის ძვლების მოტეხილობა ცდომით. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
9. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა და------------ძემ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა ი-----–-----------ვას.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
10. და------------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
11. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
12. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ და------------ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს და------------ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული და------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1.000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბი----ოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი