გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3------18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
2-----–---, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ტოგონიძე
სხდომის მდივანი თეა აფციაური
მოსარჩელე - ნ-----–-- ტ-------
წარმომადგენელი - დ------–---------, დ------------–----ე
მოპასუხე - საქართველოს მთავრობა
წარმომადგენელი - ლ--–-------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ-–-----------ე
მოპასუხე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ბ--------------
დავის საგანი: დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დადგინდეს მოსარჩელე ნ-----–-- ტ-------ის მიმართ მოპასუხეთა მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი და მოპასუხეებს საქართველოს მთავრობას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისროთ ნ-----–-- ტ-------ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 778 ლარის ოდენობით;
1.1. საქართველოს მთავრობას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისროთ ნ-----–-- ტ-------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 4000 ლარის ანაზღაურება;
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.3. მოპასუხე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 1--- წლის 0-----–--ს დაბადებულმა უკრაინის მოქალაქე ნ-----–-- ტ-------მა, 2----–-–----------------ს, იქორწინა საქართველოს მოქალაქე დ------–---------სთან. 2----–-–---------------–იდან ნ-----–-- ტ-------ზე გაცემულია მუდმივი ბინადრობის მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პირადობის მოწმობის ასლი (ს/ფ 13)
- ქორწინების მოწმობის ასლი (ს/ფ 14-17)
3.2. 2018 წლის 1------------–ს, გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, შპს ,,ლ--------–----------–--------–-----ში“, 2----–-–----------------–ს ნ-----–-- ტ-------სა და დ------–---------ს შეეძინათ ვაჟი. აღნიშნული ცნობის თანახმად ნ-----–-- ტ-------ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურეობის ღირებულებამ შეადგინა 950 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სამედიცინო ბარათი N--- (ს/ფ 18-21)
3.3. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2017 წლის 3---------------------------- წერილის მიხედვით (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტისადმი), დ------–---------მ 2017 წლის 2------------------------ განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს და მოითხოვა მისი მეუღლის ნ-----–-- ტ-------ის სამედიცინო პროგრამებში ჩართვის საკითხის შესწავლა. დ------–--------- მიუთითებდა, რომ იგი იმყოფებოდა ქორწინებაში უკრაინის მოქალაქესთან ნ-----–-- ტ-------თან, რომელსაც აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა. ნ-----–-ა ტ-------ი იყო ორსულად, მას სამედიცინო დაწესებულებაში გახსნილი ჰქონდა სამედიცინო ისტორია, გადიოდა ექიმის კონსულტაციებს, იტარებდა შესაბამის სამედიცინო გამოკვლევებს, თუმცა ვერ სარგებლობდა ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერით. ასევე უარი ეთქვა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ უფასო მშრობიარობაზე იმ მოტივით, რომ ნ-----–-- ტ-------ი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე. მას რამოდენიმეჯერ ჰქონდა მიმართული შესაბამისი დაწესებულებისათვის ზემოთ აღნიშული პროგრამაში ჩართვის თაობაზე, თუმცა ყველა მცდელობაზე მან უარი მიიღო.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის შესწავლის მიზნით ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ’’ ორგანული კანონის მე-18 მუხლის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების თანახმად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს მისთვის მიეწოდებინა 10 დღის განმავლობაში შემდეგი ინფორმაცია: 1. მიმართა თუ არა ნ-----–-- ტ-------მა (ან/და მისმა მეუღლემ დ------–---------მ) ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერით სარგებლობის და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ უფასო მშობიარობის თაობაზე პროგრამაში ჩართვის თხოვნით; 2. დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით ეთქვა უარი ნ-----–-- ტ-------ს ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერით სარგებლობის და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ უფასო მშობიარობის პროგრამაში ჩართვაზე; 3. პირველ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში იგეგმებოდა თუ არა და როდის (კონკრეტული თარიღის მითითებით) ნ-----–-- ტ-------ის ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერით სარგებლობისა და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული უფასო მშობიარობის პროგრამაში ჩართვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2017 წლის 3---------------------------- წერილი (ს/ფ 70-71)
3.4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2----–-–-------------------------- წერილის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ მათი კომპეტენციის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჯანდაცვაზე ყოველწლიურად გამოყოფილი ასიგნინების ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება ხორციელდება კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფებისთვის, შესაბამისად, ყოველი პროგრამისთვის განსაზღვრულია ბენეფიციართა გარკვეული წრე. ბენეფიციართა რიცხვის ზრდა კი პირდაპირპროპორციულად განაპირობებს საბიუჯეტო ასიგნინების ზრდას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ამჟამად მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების (მ.შ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N638 დადგენილებით დამტკიცებული „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის და საქართველოს მთავრობის 2013 წლის, 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის) მოსარგებლეებად განსაზღვრული არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, თუმცა, აქვე ეცნობა, რომ მათთვისაც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მომსახურების პაკეტები განსხვავებულია ბენეფიციართა კატეგორიების და შემოსავლების გათვალისწინებით.
გარდა ამისა, ჯანმრთელობის დაცვის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამა (მაგ. ინფექციური დაავადებების მართვა, ტუბერკულოზის მართვა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება, ასევე დიაბეტის, ინკურაბელური და იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა). ასევე. ვრცელდება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართ N1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების (ე.წ. „მიზნობრივი პაკეტი") მოსარგებლეები არიან ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათთვის, სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, ხოლო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N69 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა" გათვალისწინებულია საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებისა და ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებისათვის.
ამდენად, ნ-----–-- ტ-------ი როგორც საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე, იმ დროისათვის ჯანდაცვის სფეროში არსებულ კანონმდებლობის შესაბამისად, ვერ ისარგებლებდა ,,დედათა და ბავშვთა სახელმწიფო პროგრამის’’ ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტითა და ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო’’ პროგრამით’’ გათვალისწინებული მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურებით, თუმცა უფლებამოსილი იყო ესარგებლა ზოგიერთი ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2----–-–-------------------------- წერილი (ს/ფ 72-73)
3.5. 2----–-–-------------ს, ნ-----–-- ტ-------მა განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ- მინისტრს აცნობა, რომ 2015 წლიდან მას მოპოვებული ჰქონდა საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქის სტატუსი და მოითხოვა მისცემოდა შესაძლებლობა ესარგებლა ,,დედათა და ბავშვთა სახელმწიფო პროგრამის’’ ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტითა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით’’ გათვალისწინებული მომსახურებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს/ფ 75-76)
3.6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2----–-–---------------–----------- წერილის მიხედვით, ნ-----–-- ტ-------ს განემარტა, რომ „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჯანდაცვაზე ყოველწლიურად გამოყოფილი ასიგნინების ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება ხორციელდება - კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფებისთვის, შესაბამისად, ყოველი პროგრამისთვის განსაზღვრულია ბენეფიციართა გარკვეული წრე, ბენეფიციართა რიცხვის ზრდა კი პირდაპირპროპორციულად განაპირობებს საბიუჯეტო ასიგნინების ზრდას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მოსარგებლეებად ზოგადად განსაზღვრულნი არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, თუმცა პროგრამების ფარგლებში მათთვისაც განსხვავებულია მომსახურების პაკეტები. (მაგ. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „ფარგლებში მოსარგებლეები იღებენ სხვადასხვაგვარ მომსახურებას ბენეფიციართა კატეგორიების და შემოსავლების გათვალისწინებით). გარდა ამისა, ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამა (მაგ. ინფექციური დაავადებების მართვა, ტუბერკულოზის მართვა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება, ასევე დიაბეტის, ინკურაბელური და იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა), ასევე, ვრცელდება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებზე.
ამასთან, 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N592 დადგენილებით დამტკიცებული „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებად დამატებით განისაზღვრნენ საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები. აღნიშნული პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის სრული მოცულობით (4 ვიზიტით) სარგებლობის უფლება აქვს პირს, რომელიც ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია ორსულობის მე-13 კვირამდე, ხოლო ორსულებს, რომლებიც არ დარეგისტრირებულან, ან დარეგისტრირდნენ ორსულობის 13 კვირის შემდეგ, ან არ უსარგებლიათ პირველი ვიზიტით პროგრამით განსაზღვრულ ვადებში, უფლება აქვთ კომპონენტის ფარგლებში ჩაიტარო, მხოლოდ ანტენატალური სკრინინგი აივ-ინფექცია/შიდსზე, B და C ჰეპატიტეპზე და სიფილისზე.
ასევე ეცნობა, რომ მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯების ანაზღაურება ხდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სადაც მოსარგებლეებად, ასევე, განსაზღვრულნი არიან საქართველოს მოქალაქეობის "დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში „თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, ამასთან, პროგრამის ე.წ. „მიზნობრივი პაკეტი“ ვრცელდება ოჯახებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს. ამდენად, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიტები განსხვავებულია ბენეფიციართა კატეგორიების შესაბამისად, ხოლო კატეგორიზაციას განაპირობებს არა მხოლოდ მოქალაქეობა, არამედ მრავალი სხვა ფაქტორი, მაგ. შემოსავლები, ასაკი, სოციალური მდგომარეობა, შშმ სტატუსი და ა.შ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2----–-–---------------–----------- წერილი (ს/ფ 78-79)
3.7. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2----–-–---------------–-------------- წერილით მოთხოვნილი იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტიდან 10 დღის ვადაში მიწოდებული ინფორმაცია, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ორსული ქალების გამორიცხვა ,,დედათა და ბავშვთა სახელმწიფო პროგრამის’’ ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტითა და ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით’’ გათვალისწინებული მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურებიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 0-----------–ის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის N--------- წერილი (ს/ფ 80-83)
3.8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2----–-–---------------–ის N------- წერილის მიხედვით, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჯანდაცვაზე ყოველწლიურად გამოყოფილი ასიგნინების ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება ხორციელდება - კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფებისთვის, შესაბამისად, ყოველი პროგრამისთვის განსაზღვრულია ბენეფიციართა გარკვეული წრე, ბენეფიციართა რიცხვის ზრდა კი პირდაპირპროპორციულად განაპირობებს საბიუჯეტო ასიგნინების ზრდას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მოსარგებლეებად ზოგადად განსაზღვრულნი არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, თუმცა პროგრამების ფარგლებში მათთვისაც -განსხვავებულია მომსახურების პაკეტები. (მაგ. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარგებლეები იღებენ სხვადასხვაგვარ მომსახურებას ბენეფიციართა კატეგორიების და შემოსავლების გათვალისწინებით). გარდა ამისა, ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამა (მაგ. ინფექციური დაავადებების მართვა, ტუბერკულოზის მართვა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება, ასევე დიაბეტის, ინკურაბელური და იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა), ასევე, ვრცელდება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებზე.
ამასთან, 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N592 დადგენილებით დამტკიცებული „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებად დამატებით განისაზღვრნენ საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები. აღნიშნული პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის სრული მოცულობით (4 ვიზიტით) სარგებლობის უფლება აქვს პირს, რომელიც ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია ორსულობის მე-13 კვირამდე, ხოლო ორსულებს, რომლებიც არ დარეგისტრირებულან, ან დარეგისტრირდნენ ორსულობის 13 კვირის შემდეგ, ან არ უსარგებლიათ პირველი ვიზიტით პროგრამით განსაზღვრულ ვადებში, უფლება აქვთ კომპონენტის ფარგლებში ჩაიტაროს მხოლოდ ანტენატალური სკრინინგ აივ-ინფექცია/შიდსზე, B და C ჰეპატიტებზე და სიფილისზე.
ასევე ეცნობა, რომ მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯების ანაზღაურება ხდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სადაც მოსარგებლეებად, ასევე, განსაზღვრულნი არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები: ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, ამასთან, , ე.წ. „მიზნობრივი პაკეტი“ ვრცელდება ოჯახებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.
ამდენად, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიტები განსხვავებულია ბენეფიციართა კატეგორიების შესაბამისად, ხოლო კატეგორიზაციას განაპირობებს არა მხოლოდ მოქალაქეობა, არამედ მრავალი სხვა ფაქტორი, მაგ. შემოსავლები, ასაკი, სოციალური მდგომარეობა, შშმ სტატუსი და ა.შ.
დამატებით ეცნობა, რომ იმ მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც არ იფარება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია განხილული იქნას „რეფერალური მომსახურების” ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის მიერ, რომელიც მოქალაქის განცხადებით მიმართვის და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, შესაბამისი მონაცემების ანალიზის შემდეგ, განიხილავს მაძიებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2----–-–---------------–ის N--------- წერილის მიხედვით, საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეთხოვა დადგენილ ვადაში ეცნობებინათ მიემართა თუ არა ზემოთ აღნიშნული პრაქტიკა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებიც ვერ სარგებლობენ ცალკეული სახელმწიფო პროგრამით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2----–-–---------------–ის N-------- წერილის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს, 2----–-–---------------–ის N--------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ უკრაინის მოქალაქე ნ-----–-- ტ-------ის სამედიცინო მომსახურების საკითხთან დაკავშირებით, რომ იმ მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია განხილულ იქნას საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ნოემბრის N331 დადგენილების თანახმად ,,რეფერალური მომსახურების ფარგლებში პაციენტებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის’’ მიერ. აღნიშნულ კომისიაზე განსახილველად განცხადებას თან უნდა ახლდეს: სამედიცინო დაწესებულების მიერ მიმდინარე წელს გაცემული ცნობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა); სამედიცინო დაწესებულების მიერ, ასევე მიმდინარე წელს გაცემული ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია(დედანი), ან მედიკამენტების მოთხოვნის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების (აფთიაქის) მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (დედანი) საჭირო მედიკამენტების თაობაზე; მაძიებლის/ წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
აღნიშნულ მოქალაქეს არ ჰქონდა მიმართული განცხადებით და სათანადო დოკუმენტაციით სამედიცინო დახმარების საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად აღნიშნულ ეტაპზე ვერ მოხდებოდა რეაგირება.
ამასთან ეცნობა, რომ სათანადო საბუთების წარდგენის შესახებ მათი მოთხოვნა არ იყო დადებითი გადაწყვეტილების მიღების გარანტია, რადგან ზემოთ აღნიშნული კომისია სათანადო მონაცემების ანალიზის შემდეგ განიხილავს მაძიებლის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას, განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2----–-–---------------–ის N------- წერილი (ს/ფ 94-95)
- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2----–-–---------------–ის N--------- წერილი (ს/ფ 96-97)
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2----–-–---------------–ის N-------- წერილი
3.9. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, 2----–-–------------–ს, N--------- წერილით მომზადებული იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიმართ რეკომენდაცია მოქალაქეობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ.
სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის ნ-----–-- ტ-------ის მიმართ ადგილი ჰქონდა პირდაპირი დისკრიმინაციას მოქალაქეობის ნიშნით, ვინაიდან მას არ მიეცა შესაძლებლობა ორსულობის პერიოდში ესარგებლა ,,დედათა და ბავშვთა სახელმწიფო პროგრამით’’ გათვალისწინებული ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტითა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახემწიფო პროგრამით’’ გათვალისწინებული მშობიარობა, საკეისრო კვეთის მომსახურებით.
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-201 მუხლითა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა, რომ არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის საქართველოში მოქალაქეთა თანასწორად და მომავალში, სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვისა და შემუშავების პროცესში იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. ასევე მოითხოვა აღნიშნულთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ კანონით დადგენილ ვადაში ინფორმაციის მიწოდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2----–-–------------–ს N--------- წერილი (ს/ფ 99-108)
3.10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2----–-–------------–-ს წერილის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველს ეცნობა, რომ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მოსარგებლეებად ზოგადად განსაზღვრულნი არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. გარდა ამისა ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამა (მაგ. ინფექციური დაავადებების მართვა, ტუბერკულოზის მართვა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება, ასევე დიაბეტის, ინკურაბელური და იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა), ასევე, ვრცელდება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებზე. ამასთან 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N592 დადგენილებით დამტკიცებული ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის’’ სახელწმიფო პროგრამის ბენეფიციარებად დამატებით განისაზღვრნენ საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები.
აქვე, ეცნობა, რომ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები ეტაპობრივად იხვეწება და ფართოვდება, ამასთან მუდმივად მიმდინარეობს პროგრამის მონიტორინგი და ანალიზი მათი შემდგომი რეფორმირების მიზნით. შედეგების გათვალისწინებით, ჯანდაცვაზე ყოველწლიურად გამოყოფილი ასიგნინების ფარგებში ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციართა წრის და მომსახურების მოცულობის განსაზღვრა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემდგომში 2019 წლის პროგრამებზე მუშაობის პროცესში, საბიუჯეტო პარამეტრების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, განხილული იქნებოდა მისი რეკომენდაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2----–-–------------–-ს წერილი (ს/ფ 109-110)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-----–-- ტ-------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა. მე-3 ნაწილის თანახმად პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა, მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთა მხრიდან მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენას, ასევ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. ამდენად, სასამართლომ მოცემული დავის ფარგლებში უნდა გამოიკვლიოს განხორციელდა თუ არა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოთა მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
მითითებული მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
კანონმდებლობით მკაცრად არის განსაზღვრული ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლითა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულია, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, შეუძლია მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე (2012 წლის 20 იანვრის განჩინება საქმეზე №ას-1156-1176-2011). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენა. პალატის განმარტებით, კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი.“
6.2. საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე ნ-----–-- ტ-------მა(დაბადებული 1--- წლის 0-----–--ს, უკრაინის მოქალაქე), 2----–-–----------------ს იქორწინა საქართველოს მოქალაქე დ------–---------სთან. 2----–-–---------------–იდან ნ-----–-- ტ-------ზე გაცემულია მუდმივი ბინადრობის მოწმობა. იგი იყო ორსულად, მას სამედიცინო დაწესებულებაში გახსნილი ჰქონდა სამედიცინო ისტორია, გადიოდა ექიმის კონსულტაციებს, იტარებდა შესაბამის სამედიცინო გამოკვლევებს, თუმცა ვერ სარგებლობდა ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერით. ასევე უარი ეთქვა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ უფასო მშობიარობაზე იმ მოტივით, რომ ნ-----–-- ტ-------ი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე. მას რამოდენიმეჯერ ჰქონდა მიმართული შესაბამისი დაწესებულებისათვის ზემოთ აღნიშული პროგრამაში ჩართვის თაობაზე, თუმცა ყველა მცდელობაზე მან უარი მიიღო.
სასამართლო განმარტავს, რომ დისკრიმინაცია, როგორც გამორჩევა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება თანაბარი უფლებებისა და მათი დაცვის უარყოფის მიზნით, არის თანასწორობის პრინციპის შელახვა და ადამიანის ღირსების ხელყოფა. ადამიანთა გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს მათი რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, სარწმუნოების, პოლიტიკური მრწამსისა და სხვა აკრძალული ნიშნებით. დისკრიმინაცია აკრძალულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით.
დისკრიმინაციის აკრძალვის მიზანია, ინდივიდებს მისცეს საშუალება, თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობებზე. საყოველთაო თანასწორობის პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მე-14 მუხლი ადგენს (დღეს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი), რომ ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების მიხედვით, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-19).
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით (დღეს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი) დაცული თანასწორობის უფლების მიზნებისთვის, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი სახის დიფერენცირება დისკრიმინაციულ მოპყრობად არ ჩაითვლება. კონსტიტუციის მე-14 მუხლი (დღეს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი) არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები. იგი უშვებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას... [ვინაიდან] ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც კი იყოს... ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური ნიშნებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №2/5/556 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
ამავე დროს, თანასწორობის უფლება არ გულისხმობს ყველა სახის დიფერენცირების აკრძალვასა და პირების აბსოლუტურ გათანაბრებას სამართლებრივი ურთიერთობების ბუნებისა და სპეციფიკის მხედველობაში მიღების გარეშე. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის (დღეს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი) „არსის გაგებისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს კანონის წინაშე თანასწორობის განსხვავებას გათანაბრებისგან. ამ პრინციპის ფარგლებში სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და ფუნქცია ადამიანების სრული გათანაბრება ვერ იქნება, რადგან ეს თავად თანასწორობის იდეასთან, უფლების არსთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში. თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისათვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამგვარად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეაფასოს ხომ არ ხდება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა ან პირიქით - სახელმწიფო დიფერენცირებას ხომ არ ახდენს არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობის ფორმით.
მოსარჩელის მითითებით, მის მიმართ დისკრიმინაცია განხორციელდა მოქალაქეობის ნიშნით ჯანმრთელობის დაცვის უფლებაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობით, იგი არათანაბარ მდგომარეობაში იქნა ჩაყენებული საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში. მოსარჩელის განმარტებებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად იგი დისკრიმინაციულად მიიჩნევს საქართველოს მთავრობის დადგენილებას, რომლითაც განსაზღვრულია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები, თუმცა საქართველოს მთავრობასთან ერთად იგი მოპასუხეებად ასახელებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს ტერიტორიაზე იმპერატიულად კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.
ზემოაღნიშნული მე-14 მუხლისაგან განსხვავებით, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებით, კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის თანახმად, კანონით დადგენილი, ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა; დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლში ასევე ასახულია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე საყოველთაო თანასწორობის პრინციპი. ეს ნორმა კრძალავს კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭებას და დისკრიმინაციული ზომების მიღებას, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისა.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე - საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა მოსარჩელის პოზიციის გასაქარწყლებლად სასამართლოს მიუთითა ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით განხორციელებული რეფორმის საფუძველზე არსებული სახელმწიფო სერვისები და პროგრამები საქართველოს მცირე საბიუჯეტო სახსრებისა და ფინანსების გათვალისწინებით, ობიექტურად შეუძლებელია ასეთ მცირე დროში ყველასათვის თანაბარი იყოს ხელმისაწვდომი. აღნიშნული წარმოადგენს მიზანს, რომლისკენაც ისწრაფვის სახელმწიფო.
ამასთან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2----–-–---------------–ის N------- წერილის მიხედვით, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჯანდაცვაზე ყოველწლიურად გამოყოფილი ასიგნინების ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება ხორციელდება - კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფებისთვის, შესაბამისად, ყოველი პროგრამისთვის განსაზღვრულია ბენეფიციართა გარკვეული წრე, ბენეფიციართა რიცხვის ზრდა კი პირდაპირპროპორციულად განაპირობებს საბიუჯეტო ასიგნინების ზრდას. ამასთან, 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N592 დადგენილებით დამტკიცებული „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებად დამატებით განისაზღვრნენ საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები. აღნიშნული პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის სრული მოცულობით (4 ვიზიტით) სარგებლობის უფლება აქვს პირს, რომელიც ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია ორსულობის მე-13 კვირამდე, ხოლო ორსულებს, რომლებიც არ დარეგისტრირებულან, ან დარეგისტრირდნენ ორსულობის 13 კვირის შემდეგ, ან არ უსარგებლიათ პირველი ვიზიტით პროგრამით განსაზღვრულ ვადებში, უფლება აქვთ კომპონენტის ფარგლებში ჩაიტაროს მხოლოდ ანტენატალური სკრინინგ აივ-ინფექცია/შიდსზე, B და C ჰეპატიტებზე და სიფილისზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გარემოების დადგენა უნდა განხორციელდეს მტკიცების ტვირთის კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად. კერძოდ, მტკიცების ტვირთის გადანაწილების კლასიკური წესისგან განსხვავებით, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მიმართ კანონი განსხვავებულ რეგულირებას ადგენს. კერძოდ, დისკრიმინაციული მოპყრობის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოსარჩელეს აკისრებს მხოლოდ გონივრული ვარაუდის შექმნის ვალდებულებას, მოპასუხეს კი - ამ ვარაუდის გაქარწყლების ტვირთს. მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება განპირობებულია იმით, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა ხშირ შემთხვევაში ხდება ფარულად, მოპასუხის გამგებლობის ქვეშ არსებულ სფეროში და მოსარჩელეს არ მიუწვდება ხელი მოპასუხის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე. მოპასუხისთვის კი, საპირისპიროდ, ხელმისაწვდომია მტკიცება იმის თაობაზე, თუ არა დისკრიმინაციული ნიშნით, მაშინ - რა მოტივით განახორციელა კონკრეტული ქმედება. შედეგად, მოპასუხეს უწევს თავისი ქმედების მართლზომიერების მტკიცება და თუკი მართლზომიერებას სარწმუნოდ ვერ დაადასტურებს, ასეთ შემთხვევაში დადასტურებულად ჩაითვლება მოსარჩელის მიერ შექმნილი ვარაუდი, რომ ქმედება განხორციელდა სწორედ დისკრიმინაციული ნიშნით.
მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილების წესს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს დისკრიმინირებული პირის მოსარჩელის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი იძლევა გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა; ბ) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადასწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მხრიდან ფაქტების მითითების და მტკიცების ტვირთი მოიცავს შემდეგ ელემენტებს: მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული ქმედება კონკრეტული ნიშნით; უნდა მიუთითოს ნიშანი, რომელიც მას ახასიათებს; უნდა დაამტკიცოს კიდეც ამ ნიშნის არსებობა. მოპასუხეს კი - როგორც ზემოთ აღინიშნა, ევალება, გააქარწყლოს დისკრიმინაციის არსებობის თაობაზე შექმნილი პრეზუმფცია (ვარაუდი) მისი ქმედების კანონიერების დამტკიცების გზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად არ დგინდება მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3632-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმადაც სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 3 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი იყო სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა კატეგორიები(თუ აღნიშნულს იგი მის მიმართ შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტად განიხილავს) ჯერ კიდევ 2018 წლის 1 თებერვლის N01/5913 წერილის საფუძველზე, რომელიც მას ჩაბარდა 2018 წლის 5 თებერვალს და არა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, 2018 წლის 4 აპრილს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ გაცემული რეკომენდაციიდან. რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა, სასამართლოში კი სარჩელი წარმოდგენილია 3 თვიანი ვადის დარღვევით - 2018 წლის 11 ივნისს.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ამავე კოდექსის 331-ე მუხლით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–-- ტ-------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად იგი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2; მე-12; მე-13, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე; 244-ე; 248, 249-ე, 257-ე, 364-ე; 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----–-- ტ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;
მოსამართლე ნათია ტოგონიძე