გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.03.2020
საქმის ნომერი
140310019003239888
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019003239888

საქმე № 3/256-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 მარტი, 2020 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: ს------ მ-----ი

წარმომადგენლეი: რ----- გ-----–---–- და ზ---- მ-----–---–-

 

მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტი (საკრებულო, მერია)

წარმომადგენელი: ქ------- მ-----–---

 

მესამე პირები (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): ო----- და ნ--- მ---–---–ები

წარმომადგენელი: ე-–---- პ---–--–---–-

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის № 9 ოქმის არარა აქტად აღიარება.

 

სარჩელის თანახმად, ს------ მ-----ი (პირ. № 6----------) და ო----- მ---–---–ი (პირ. № 5----------) არიან ძმები, რომლებსაც, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, თანასაკუთრებაში გააჩნიათ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-----–ში მდებარე სახლი და მიწის ნაკვეთი.

 

ო----- მ---–---–ის სახელზე 2003 წლიდან სისტემური რეგისტრაციით ირიცხება ეს უძრავი ქონება, რაზეც 2006 წელს თანამესაკუთრედ აღირიცხა ს------ მ---–---–იც (მ-----ი).

 

2006 წლის რეგიტრაცია სასამართლო წესით გასაჩივრებულია ო----- მ---–---–ის მიერ.

 

ს------ მ---–---–ის (მ-----ის) თანამესაკუთრედ აღრიცხვისას გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს მიერ 2006 წლის 3 ოქტომბერს გაიცა № 9 ოქმი, რომლითაც ნება დაერთო ო----- მ---–---–ს, დაეკანონებინა სოფელ ო-----–ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, ხოლო გორის საჯარო რეესტრის სამსახურს ეთხოვა, რეგისტრაციაში გაეტარებინა ეს ქონება ო----- მ---–---–ის სახელზე.

 

მოსარჩელის მითითებით, სადავო უძრავ ქონებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის პროცესში მსჯელობისა და შეფასების საგანი აუცილებლად გახდება 2006 წლის 3 ოქტომბრის № 9 ოქმი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ ო----- მ---–---–ია უფლებამოსილი სადავო უძრავ ქონებაზე; ამით, ამ ქონებაზე ს------ მ-----ის უფლების დადასტურების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, დაბრკოლება შეექმნას მის თანამესაკუთრედ აღრიცხვას, და ჩაითვალოს, რომ რადგან ეს აქტი გასაჩივრებული და სადავოდ გამხდარი არ იყო, სადავო უძრავ ქონებაზე მხოლოდ ო----- მ---–---–ი ჩაითვალოს უფლებამოსილ პირად.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირთა პოზიცია

მოპასუხემ შესაგებელით სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ სადავო ოქმი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არ აქვს აქტისათვის აუცილებელი რეკვიზიტები. შინაარსობრივად, ეს ოქმი მოიცავს ცნობის სახით გასაცემ ფაქტობრივ ინფორმაციას და ვინმესთვის რაიმე უფლება არ მინიჭებულა; საკრებულო გასცემდა იგივე შინაარსის ,,ცნობას" ს------ მ-----ის მიმართვის შემთხვევაშიც. ამ ოქმს ხელი არ შეუშლია ს------ მ-----ისათვის, 2012 წელს მის თანასაკუთრებად აღრიცხულიყო სადავო უძრავი ქონება.

 

მესამე პირების მითითებით, 2006 წლის 3 ოქტომბრის № 9 ოქმი არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი, რაც მიუთითებს ო----- მ---–---–ის უფლებაზე მის საცხოვრებელ სახლზე. ს------ მ-----ი არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, იდავოს ამ ოქმის კანონიერებაზე, რადგან სრულიად სხვაა ო----- მ---–---–ის საკუთრება და სხვაა ს------ მ-----ის ქონება. ს------ მ-----მა წლების წინ (1999 წელს) დატოვა საქართველო, მიღებული აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, 2007 წელს კი დადგა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საჭიროების მქონე პირთა აღრიცხვაზე ჩრდილოეთ ოსეთში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ბ--–----ის სასოფლო საბჭოს სოფელ ო-----–ის 1971-1973 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი-–- მ---–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან გ--- (ცოლი), ო-----, ს------, ა------–- მ---–---–ები (შვილები), მ------ მ---–---–ი (შვილი, გათხოვილია 1971 წლიდან). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1950 წელს აგებული სახლი და 1971-1972 წლებში - 0,26 ჰა მიწის ფართობი.

 

1973-1975 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი-–- მ---–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან გ--- (ცოლი), ო----- (გასულია ცალკე კომლად 1974 წლის გაყრილობის განაჩენის საფუძველზე), ს------ (გასულია ცალკე კომლად 1974 წლის გაყრილობის განაჩენის საფუძველზე), ა------–- მ---–---–ები (შვილები). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1950 წელს აგებული სახლი და 1973-1974 წლებში - 0,26 ჰა, ხოლო 1974-1975 წლებში - 0,13 ჰა მიწის ფართობი.

 

მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 8 ივლისის № AA2019013013-03, № AA2019013014-05, 2019 წლის 12 ივლისის № AA2019013766-03, № AA2019013768-03, 2019 წლის 29 ივლისის № AA2019014951-04 და № AA2019014952-04 საარქივო ცნობები (ს. ფ. 127, 133-134, 148-149, 170-171, 183-186).

 

3.2.2. მამა-შვილებს შორის შემდგარი გაყრილობის განაჩენის შემდეგ ი-–- (ი-–--), ს------ (ს--------, ს------, ს------) და ო----- მ---–---–ების კომლები საკომლო წიგნებში აღრიცხულნი არიან ცალ-ცალკე;

 

ა) ი-–- (ი-–--) მ---–---–ის კომლი:

 

1976-1978 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი-–- მ---–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან გ--- (ცოლი) და ა------–- (შვილი) მ---–---–ები. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1950 წელს აგებული სახლი (ფართობი არ ფიქსირდება) და 0,13 ჰა მიწის ფართობი.

 

1980-1982 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი-–- მ---–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან გ--- (ცოლი) და ა------–- (შვილი, გარდაიცვალა 1980 წელს) მ---–---–ები. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1950 წელს აგებული 40 მ2 საცხოვრებელი სახლი და 0,13 ჰა მიწის ფართობი.

 

1983-1985 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი-–- მ---–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხება გ--- მ---–---–ი (ცოლი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1950 წელს აგებული 40 მ2 საცხოვრებელი სახლი და 0,13 ჰა მიწის ფართობი.

 

1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი-–- მ---–---–ი (გარდაიცვალა 1994 წელს). კომლის შემადგენლობაში ირიცხება გ--- მ---–---–ი (ცოლი, გარდაიცვალა 1988 წელს). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1950 წელს აგებული 40 მ2 საცხოვრებელი სახლი და 1986-1990 წლების მდგომარეობით 0,13 ჰა მიწის ფართობი.

 

ბ--–----ის თემის საკრებულოს 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებსა და 1996-1998 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნებში ი-–- მ---–---–ის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა;

 

გორის არქივის 2019 წლის 12 ივლისის № AA2019013766-03 საარქივო ცნობა (ს. ფ. 170-171).

 

ბ) ს-------- (ს------, ს------) მ---–---–ის (მ-----ის) კომლი:

 

1973-1975 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ს-------- მ---–---–ი. კომლს 1974-1975 წლებში ერიცხება 0,07 ჰა მიწის ფართობი, ხოლო გრაფაში ,,საცხოვრებელი სახლი" წერია: ცხოვრობს № 39-ში (ამ ნომერზე დაფიქსირებულია ი-–- მ---–---–ის კომლი).

 

1976-1978 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ს-------- (სახელი შესწორებულია და წერია ს------) მ---–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხება თ------ მ---–---–ი (ცოლი). კომლს 1976-1978 წლებში პირად საკუთრებაში ერიცხება 0,07 ჰა მიწის ფართობი, ხოლო გრაფაში ,,საცხოვრებელი სახლი" წერია: ცხოვრობს № 39-ში.

 

1980-1982 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ს------ მ---–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხება თ----- მ---–---–ი (ცოლი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,07 ჰა მიწის ფართობი, ხოლო გრაფაში ,,საცხოვრებელი სახლი" წერია: ცხოვრობს № 163-ში (ამ ნომერზე დაფიქსირებულია ი-–- მ---–---–ის კომლი).

 

1983-1985 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ს------ მ---–---–ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,07 ჰა მიწის ფართობი, ხოლო გრაფაში ,,საცხოვრებელი სახლი" წერია: ცხოვრობს № 173-ში (ამ ნომერზე დაფიქსირებულია ი-–- მ---–---–ის კომლი).

 

1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ს------ მ---–---–ი. კომლს 1986-1989 წლებში პირად საკუთრებაში ერიცხება 0,07 ჰა მიწის ფართობი, ხოლო გრაფაში ,,საცხოვრებელი სახლი" წერია: ცხოვრობს № 179-ში (ამ ნომერზე დაფიქსირებულია ი-–- მ---–---–ის კომლი).

 

1996-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ს------ მ---–---–ი. კომლს 1996-1997 წლებში პირად საკუთრებაში ერიცხება 0,25 ჰა მიწის ფართობი, ხოლო გრაფაში ,,საცხოვრებელი სახლი" წერია: ცხოვრობს № 179-ში (აღნიშნული ნომერი 1996-2007 წლების სოფელ ო-----–ის საკომლო წიგნში დაფიქსირებული არ არის).

 

ბ--–----ის თემის საკრებულოს 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებში ს------ მ---–---–ის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება, ხოლო 1996-1998 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნში ს------ მ---–---–ი დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელად და მის სახელზე ირიცხება 0,26 ჰა მიწის ფართობი (გადამხდელთა აღრიცხვის წიგნები ხელმოუწერელი და ბეჭედდაუსმელია);

 

მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 8 ივლისის № AA2019013013-03, № AA2019013014-05 და 2019 წლის 29 ივლისის № AA2019014952-04 საარქივო ცნობები (ს. ფ. 127, 133-134 და 183-184).

 

გ) ო----- მ---–---–ის კომლი:

 

1973-1975 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ო----- მ---–---–ი. კომლს 1974-1975 წლებში ერიცხება 0,07 ჰა მიწის ფართობი, ხოლო გრაფაში ,,საცხოვრებელი სახლი" წერია: ცხოვრობს № 39-ში (ამ ნომერზე დაფიქსირებულია ი-–- მ---–---–ის კომლი).

 

1976-1978 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ო----- მ---–---–ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,07 ჰა მიწის ფართობი, ხოლო გრაფაში ,,საცხოვრებელი სახლი" წერია: ცხოვრობს № 39-ში.

 

1980-1982 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ო----- მ---–---–ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,07 ჰა მიწის ფართობი, ხოლო გრაფაში ,,საცხოვრებელი სახლი" წერია: ცხოვრობს № 163-ში (ამ ნომერზე დაფიქსირებულია ი-–- მ---–---–ის კომლი).

 

1983-1985 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ო----- მ---–---–ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,07 ჰა მიწის ფართობი, ხოლო გრაფაში ,,საცხოვრებელი სახლი" წერია: ცხოვრობს № 173-ში (ამ ნომერზე დაფიქსირებულია ი-–- მ---–---–ის კომლი).

 

1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ო----- მ---–---–ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,07 ჰა მიწის ფართობი, ხოლო გრაფაში ,,საცხოვრებელი სახლი" წერია: ცხოვრობს № 179-ში.

 

1996-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ო----- მ---–---–ი. კომლს 1996-1997 წლებში პირად საკუთრებაში ერიცხება 0,35 ჰა მიწის ფართობი, ხოლო გრაფაში ,,საცხოვრებელი სახლი" წერია: ცხოვრობს № 179-ში.

 

ბ--–----ის თემის საკრებულოს 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებში ო----- მ---–---–ის სახელზე ირიცხება: 1828 მ2 მიწის ფართობი, ნაკვეთის № 0--, კვარტალი № 4; 1744 მ2 მიწის ფართობი, ნაკვეთის № 0--, კვარტალი № 4;

 

1996-1998 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნში ო----- მ---–---–ი დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელად და მის სახელზე ირიცხება 0,35 ჰა მიწის ფართობი (გადამხდელთა აღრიცხვის წიგნები ხელმოუწერელი და ბეჭედდაუსმელია);

 

მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 12 ივლისის № AA2019013768-03 და 2019 წლის 29 ივლისის № AA2019014951-04 საარქივო ცნობები (ს. ფ. 148-149, 185-186).

 

3.2.3. მიწის საგადასახადო სიის საფუძველზე, 2003 წლის 26 აგვისტოს მიწის მართვის დეპარტამენტის გორის სამმართველოში სისტემური რეგისტრაციით ო----- მ---–---–ის სახელზე № 6--2--0--0-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით აღირიცხა 1828 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

 

მტკიცებულება: სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს. ფ. 52-54 და 191-193).

 

3.2.4. გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის ოქმის თანახმად, კრებამ განიხილა სოფელ ო-----–ში მცხოვრებ ო----- მ---–---–ის განცხადება, რომელიც თხოულობდა ამავე სოფელში მდებარე საცხოვრებელი ბინის დაკანონებას. ბინა აშენებულია 1970 წელს, საერთო ფართი - 122 მ2, საცხოვრებელი ფართი - 51,8 მ2. ბინას აღმოსავლეთით ესაზღვრება ვ------- ფ--–-–---–ის საცხოვრებელი სახლი, დასავლეთით - გზა, ჩრდილოეთით და სამხრეთით - საუბნო გზა. კრებამ დაადგინა: ნება დაერთოს ო----- მ---–---–ს, დაიკანონოს ბინა მითითებულ საზღვრებში; ეთხოვოს გორის საჯარო რეესტრის სამსახურს, გაატაროს კანონიერ რეგისტრაციაში ო----- მ---–---–ის სახელზე;

 

მტკიცებულება: გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის № 9 ოქმი (ს. ფ. 58).

 

3.2.5. იმავე საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის № 356 ცნობის მიხედვით, ო----- მ---–---–ის კომლი განეკუთვნება მიწათმოსარგებლეთა პირველ კატეგორიას, 2 ნაკვეთად ფლობს 94 ჰა მიწას: პირველი ნაკვეთი - 18,28; მეორე ნაკვეთი - 0,75. იგი დაბადებიდან ცნობის გაცემამდე ცხოვრობს გორის რაიონის სოფელ ო-----–ში (მითითებულია საკომლო წიგნის ნომერი და გვერდი);

 

მტკიცებულება: გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის № 356 ცნობა (ს. ფ. 55).

 

3.2.6. იმავე საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის № 357 ცნობის თანახმად, ო----- მ---–---–ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობები, საიდანაც ო----- მ---–---–ი ეთანხმება მხოლოდ ერთს - რეგისტრაციის № 6--0--3----, ხოლო № 6--0--3---- არ ეთანხმება არც საკრებულო და არც მეპატრონე;

 

მტკიცებულება: გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის № 357 ცნობა (ს. ფ. 56).

 

3.2.7. იმავე საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის № 358 ცნობის თანახმად, ო----- მ---–---–ი ცხოვრობს გორის რაიონის სოფელ ო-----–ში და მისი ოჯახი შედგება ორი სულისაგან: 1. თვითონ ო----- მ---–---–ი; 2. ძმა ს------ მ---–---–ი;

 

მტკიცებულება: გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის № 358 ცნობა (ს. ფ. 57).

 

3.2.8. გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის № 9 ოქმის, 2006 წლის 13 ოქტომბრის № 356, № 357 და № 358 ცნობების საფუძველზე, 2006 წლის 2 ნოემბერს ს------ მ---–---–ი აღირიცხა სისტემური რეგისტრაციით ო----- მ---–---–ის სახელზე № 6--2--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების თანამესაკუთრედ;

 

მტკიცებულება: სააღრიცხვო ბარათი (ს. ფ. 53 და 191).

 

3.2.9. აღნიშნული უძრავი ქონება (როგორც საკარმიდამო დანიშნულების) 2012 წლის 1 მაისს დაზუსტებული რეგისტრაციით № 6--6--0--0-- საკადასტრო კოდით აღირიცხა ო----- მ---–---–ისა და ს------ მ-----ის სახელზე. ნაკვეთის წინა კოდად მიეთითა 6--2--0--0---;

 

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 18).

 

3.2.10. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სისტემური რეგისტრაციით ო----- მ---–---–ის სახელზე № 6--2--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ს------ მ---–---–ის აღრიცხვის 2006 წლის 2 ნოემბრის სარეგისტრაციო ჩანაწერი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება დაზუსტებული რეგისტრაციით ს------ მ-----ის თანამესაკუთრედ აღრიცხვის ნაწილში;

 

მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება (ს. ფ. 24-39).

 

3.2.11. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე № 6--6--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავის ქონების მესაკუთრედ დარჩა მხოლოდ ო----- მ---–---–ი, რომელმაც ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლება გადასცა შვილს - ნ--- მ---–---–ს;

 

მტკიცებულება: 2019 წლის 18 აპრილისა და 2019 წლის 8 ივლისის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 20-23).

 

3.2.12. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ს------ მ-----ის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების წესით.

 

მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინება (ს. ფ. 40-51).

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს არ ჰქონდა 2006 წლის 3 ოქტომბრის № 9 ოქმის ზემოთ აღნიშნული შინაარსით გამოცემის უფლებამოსილება.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის № 660 ბრძანებულება ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე".

 

6. სამართლებრივი შეფასება

ს------ მ-----ი სადავოდ ხდის გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის № 9 ოქმს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ო----- მ---–---–ი თხოულობდა ამავე სოფელში მდებარე საცხოვრებელი ბინის დაკანონებას. კრებამ ნება დაერთო ო----- მ---–---–ს, დაეკანონებინა ეს ბინა ოქმში მითითებულ საზღვრებში; ასევე, ეთხოვა გორის საჯარო რეესტრის სამსახურს, გაეტარებინა კანონიერ რეგისტრაციაში ო----- მ---–---–ის სახელზე ეს ბინა.

 

მოცემული ოქმის კანონიერების შესწავლამდე, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ეს ოქმი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შემდეგ - წარმოადგენს თუ არა ს------ მ-----ი ო----- მ---–---–ის სახელზე გაცემული აქტის კანონიერებაზე იურიდიული ინტერესის მქონე პირს (ამ საკითხებზე მსჯელობა გარკვეულწილად სასამართლომ მოახდინა 2020 წლის 13 თებერვალს საოქმო განჩინებით).

 

ამ საკითხების დადებითად გადაწყვეტის შემდეგ უნდა მოხდეს მსჯელობა, კანონიერია თუ არა გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის № 9 ოქმი.

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

იმავე მუხლის ,,ვ" ქვეპუნქტის მიხედვით, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს.

 

როგორც აღინიშნა, გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის № 9 ოქმით ო----- მ---–---–ს ნება დაერთო, დაეკანონებინა გორის რაიონის სოფელ ო-----–ში მდებარე 1970 წელს აშენებული ბინა, საერთო ფართით - 122 მ2, საცხოვრებელი ფართი - 51,8 მ2, შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთით - ვ------- ფ--–-–---–ის საცხოვრებელი სახლი, დასავლეთით - გზა, ჩრდილოეთით და სამხრეთით - საუბნო გზა.

 

ამ ოქმის დებულებები იმდაგვარადაა კონსტრუირებული, რომ, თავისი შინაარსით, წარმოადგენს აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც აქტის გამოცემისას ზუსტად არ არის დაცული აქტის ფორმა და რეკვიზიტები, მის ინდივივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევაზე რაიმე სახის არსებით გავლენას ეს ვერ ახდენს.

 

მითითებული ოქმით ადმინისტრაციული ორგანოსაგან ო----- მ---–---–ს მიენიჭა გარკვეული უფლება, დაეკანონებინა გორის რაიონის სოფელ ო-----–ში მდებარე ბინა, რაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დაინტერესებულ მხარე აღიჭურვა ბინის დაკანონების უფლებით და მიიღო სარგებელი, ანუ წარმოადგენს აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

6.2. საკომლო წიგნის ჩანაწერებით დადგენილია, რომ 1973-1974 წლებში ი-–- (ი-–--) მ---–---–ი და მისი შვილები - ო----- და ს------ (ს--------, ს------ ს------) მ---–---–ები ცხოვრობდნენ გორის რაიონის სოფელ ო-----–ში ერთ კომლში. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1950 წელს აგებული სახლი და 1973-1974 წლებში - 0,26 ჰა, ხოლო 1974-1975 წლებში - 0,13 ჰა მიწის ფართობი.

 

1974 წელს მამა-შვილებს შორის შემდგარი გაყრილობის განაჩენის შემდეგ ი-–- (ი-–--), ს------ (ს--------, ს------, ს------) და ო----- მ---–---–ების კომლები საკომლო წიგნებში აღრიცხულნი არიან ცალ-ცალკე, ერიცხებათ მიწის ფართებიც, თუმცა ს------ და ო----- მ---–---–ებს ,,საცხოვრებელი სახლის" გარაფაში, წლების მიხედვით, უწერიათ, რომ ცხოვრობენ № 39-ში, № 163-ში, № 173-ში და № 179-ში.

 

ამ ნომრებზე კი დაფიქსირებულია მათი მამის - ი-–- (ი-–--) მ---–---–ის კომლი.

 

ბ--–----ის თემის საკრებულოს 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებში ო----- მ---–---–ის სახელზე ირიცხება 1828 მ2 მიწის ფართობი, ნაკვეთის № 0--;

 

დადგენილია, რომ მიწის საგადასახადო სიის საფუძველზე, 2003 წლის 26 აგვისტოს მიწის მართვის დეპარტამენტის გორის სამმართველოში სისტემური რეგისტრაციით ო----- მ---–---–ის სახელზე № 6--2--0--0-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით აღირიცხა 1828 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 

გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის № 358 ცნობის თანახმად, ო----- მ---–---–ი ცხოვრობს გორის რაიონის სოფელ ო-----–ში და მისი ოჯახი შედგება ორი სულისაგან: 1. თვითონ - ო----- მ---–---–ი; 2. ძმა - ს------ მ---–---–ი.

 

ასევე დადგენილია, რომ გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის № 9 ოქმის, 2006 წლის 13 ოქტომბრის № 356, № 357 და № 358 ცნობების საფუძველზე, 2006 წლის 2 ნოემბერს ს------ მ---–---–ი აღირიცხა სისტემური რეგისტრაციით ო----- მ---–---–ის სახელზე № 6--2--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების თანამესაკუთრედ.

 

სასამართლო ამ ფაქტობრივ გარემოებებზე ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ და მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ მათით დგინდება, რომ ს------ მ-----ი წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, იდავოს გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის № 9 ოქმის კანონიერებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარეა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

 

სასამართლო არ მსჯელობს, სისტემური რეგისტრაციით ო----- მ---–---–ის სახელზე № 6--2--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეს წარმოადგენს თუ არა ს------ მ-----ი; ეს საკითხი სხვა დავის საგანია.

 

სასამართლოს ს------ მ-----ი გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის № 9 ოქმის კანონიერებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირად მიაჩნია იქიდან გამომდინარე, რომ თუკი დადგინდება მისი, როგორც თანამესაკუთრის უფლება ამ ქონებაზე, შესაძლოა, დაბრკოლება შეექმნას მის თანამესაკუთრედ აღრიცხვას, და ჩაითვალოს, რომ რადგან ეს აქტი (ოქმი) გასაჩივრებული და სადავოდ გამხდარი არ იყო, სადავო უძრავ ქონებაზე მხოლოდ ო----- მ---–---–ი ჩაითვალოს უფლებამოსილ პირად (მესაკუთრედ).

 

ადმინისტრაციული ორგანოებისა თუ სასამართლოს განმარტების შედეგად უნდა დადგინდეს, ოქმის გაუსაჩივრებლობის გამო სადავო უძრავ ქონებაზე მხოლოდ ო----- მ---–---–ი ჩაითვლება თუ არა უფლებამოსილ პირად (მესაკუთრედ), ხოლო ამგვარი განმარტების შედეგად ს------ მ-----ი დაკარგავს უფლებას უძრავ ქონებაზე (იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი, როგორც თანამესაკუთრის უფლება ამ ქონებაზე).

 

ამდენად, ს------ მ-----ი წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, იდავოს გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის № 9 ოქმის კანონიერებაზე.

 

6.3. მითითებული ოქმით, ო----- მ---–---–ს ნება დაერთო, დაეკანონებინა გორის რაიონის სოფელ ო-----–ში მდებარე 1970 წელს აშენებული ბინა, საერთო ფართით - 122 მ2, საცხოვრებელი ფართი - 51,8 მ2, შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთით - ვ------- ფ--–-–---–ის საცხოვრებელი სახლი, დასავლეთით - გზა, ჩრდილოეთით და სამხრეთით - საუბნო გზა.

 

ოქმის ეს დებულება შესაძლოა, განმარტებული იქნეს ორგვარად: 1. ო----- მ---–---–ს მიწის ნაკვეთი, რაზეც ბინაა განთავსებული, გააჩნდა არამართლზომიერ მფლობელობაში, საკრებულოს მიერ უღიარდა კანონიერ მფლობელობად, და ეთხოვა საჯარო რეესტრის სამსახურს მის საკუთრებაში აღრიცხვა; 2. ო----- მ---–---–ს შესაბამისი ნებართვის გარეშე აშენებული ჰქონდა შენობა-ნაგებობა (ბინა), და საკრებულომ მოახდინა მისი ლეგალიზება.

 

მოცემული საქმის დავის საგანს წარმოადგენს, ჰქონდა თუ არა გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს ო----- მ---–---–ისათვის ამ შინაარსის უფლებების მინიჭების კანონისმიერი უფლებამოსილება.

 

2006 წლის დროისათვის მოქმედი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 1-ლი მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ერთეულია თვითმმართველი ერთეულის ნაწილი, სადაც იქმნებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანო. ადმინისტრაციული ერთეულებია: დასახლება (სოფელი, დაბა, ქალაქი), დასახლებათა გაერთიანება (თემი) და დასახლების ნაწილი (უბანი).

 

იმავე კანონის მე-15 მუხლით, თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეებს წარმოადგენს: ა) ექსკლუზიური უფლებამოსილებები; ბ) დელეგირებული უფლებამოსილებები; გ) ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები. თვითმმართველი ერთეული ექსკლუზიურ, დელეგირებულ და ნებაყოფლობით უფლებამოსილებებს ახორციელებს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით, რომელთა უფლებამოსილებანი, სტრუქტურა და საქმიანობის წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და გამგეობის (მერიის) დებულებით.

 

თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები რეგლამენტირებულია ამავე კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, რომლებშიც თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების (მათ შორის ადმინისტრაციული ერთეულების) უფლებამოსილება, აღიაროს არამართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ან მოახდინოს უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზება, განსაზღვრული არ არის.

 

თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს (კომისიის მეშვეობით) მიენიჭა, ანუ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების დელეგირების წესით მოხდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონით 2007 წელს (მე-4 მუხლი).

 

მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანოს მიერ ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებაც დაწესდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის № 660 ბრძანებულებით (,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე").

 

ამდენად, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების, ასევე ობიექტების ლეგალიზების შესახებ უფლებამოსილებების დელეგირება ადგილობრივი თვითმმართველობისათვის მოხდა 2007 წელს, სადავო № 9 აქტი (ოქმი) კი მიღებულია 2006 წლის 3 ოქტომბერს.

 

ამასთანავე, ეს უფლებამოსილებები მიენიჭათ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს და არა ადგილობრივი თვითმმართველობების ადმინისტრაციულ ერთეულებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს არ ჰქონდა, ზემოთ აღნიშნული შინაარსით, აქტის გამოცემის უფლებამოსილება.

 

2006 წლის 3 ოქტომბრის № 9 ოქმი წარდგენილი იქნა რა საჯარო რეესტრის სამსახურში, აღმოჩნდა, რომ ო----- მ---–---–ის სახელზე 2003 წლის 26 აგვისტოდან უკვე არსებობდა სისტემური აღრიცხვით № 6--2--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება.

 

ეს ოქმი, 2006 წლის 13 ოქტომბრის № 358 ცნობასთან ერთად, საფუძვლად დაედო ამ ქონებაზე ს------ მ---–---–ის (ს------ მ-----ის) თანამესაკუთრედ აღრიცხვას, და ბუნებრივია, ო----- მ---–---–ის კიდევ დამატებით თანამესაკუთრედ აღრიცხვა აღარ მოხდებოდა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს არ ჰქონდა 2006 წლის 3 ოქტომბრის № 9 ოქმის ზემოთ აღნიშნული შინაარსით გამოცემის უფლებამოსილება, რაც მისი არარად აღიარების აბსოლუტური საფუძველია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მოდავე მხარეთა საკუთრების უფლება უნდა დადგინდეს სხვა უფლებადამდგენი დოკუმენტებისა თუ სარეგისტრაციო ჩანაწერების და არა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე.

 

ამდენად, ს------ მ-----ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდის ქვითარი, და იგი შუამდგომლობს ამ ხარჯის ანაზღაურების შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის IV თავით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პროცესის ხარჯების საკითხი, და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე პროცესის ხარჯების განაწილებისას ეს ნორმებიც უნდა იქნეს გამოყენებული.

 

იმის გამო, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს გაწეული ხარჯები.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ს------ მ-----ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის (საკრებულო, მერია) მიმართ, მესამე პირები ო----- და ნ--- მ---–---–ები, დაკმაყოფილდეს.

 

1.1. გორის რაიონის სოფელ ბ--–----ის თემის საკრებულოს 2006 წლის 3 ოქტომბრის № 9 ოქმი არარა აქტად იქნეს აღიარებული.

 

2. გორის მუნიციპალიტეტს (საკრებულო, მერია) სასამართლო ხარჯების ანგარიშში - 100 (ასი) ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით - გადახდეს ს------ მ-----ის სასარგებლოდ.

 

3. ზ---- მ-----–---–-ს მიერ 2019 წლის 22 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება № 8580503214) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი