განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2020
საქმის ნომერი
330100119003301953
თარიღი
30.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5628-19

(№------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისი 30 იანვარი, 2020 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

 

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ხ---------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ე-–----------------------------ი (უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-------------ს, რეგისტრირებული და მცხოვრები უ------------------–-------------------------------–------------------–----------–-------------------------–---------------ში).

 

ადვოკატი - გ----------------–---–ი

 

თარჯიმანი - ი------------ე

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1.წარდგენილი ბრალდების არსი.

 

1.1.ე-–----------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა 29 (ოცდაცხრა) ცალ პაკეტში ცალ-ცალკე დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - ალფა პვპ, საერთო წონით 19,14 გრამი, რომელსაც 2019 წლის 17 ოქტომბრამდე, უკანონოდ ინახავდა თ---–--–--------------------------------------–------ს მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ქმედებებით ე-–----------------მა გაზრახ შექმნა პირობები, რათა გაესაღებინა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 2019 წლის 17 ოქტომბერს, 18:05 საათიდან 18:15 საათამდე პერიოდში, თ---–--–--------------------------------------–------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1.ე-–----------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა 29 (ოცდაცხრა) ცალ პაკეტში ცალ-ცალკე დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - ალფა პვპ, საერთო წონით 19,14 გრამი, რომელსაც 2019 წლის 17 ოქტომბრამდე, უკანონოდ ინახავდა თ---–--–--------------------------------------–------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც 2019 წლის 17 ოქტომბერს, 18:05 საათიდან 18:15 საათამდე პერიოდში, თ---–--–--------------------------------------–------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

 

3.3.ე-–----------------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადების ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - მ--–--------------ა და ჯ-------------–-–---–-ს გამოკითხვის ოქმები, ქიმიური ექსპერტიზის N----------------- დასკვნა, ხოლო საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებები ე-–----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულ ე-–----------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერა (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ მის სასამართლოსათვის წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით (მოწმეების - მ--–--------------ს და ჯ-------------–-–---–-ს გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ექსპერტიზის N----------------- დასკვნა) შეასრულა მისი მოვალეობა და უტყუარად დაადასტურა ე-–----------------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი, რაც ბრალდებულმაც არ უარყო სასამართლო სხდომაზე, ხოლო რაც შეეხება ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადებას ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადება.

 

3.6.სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი და გასაღების მომზადება არ არის დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ პოლიციელების გამოკითხვის ოქმების მიხედვით, 2019 წლის 17 ოქტომბერს, სამოქმედო ტერიტორიაზე მოძრაობისას, მათ კ--------------–------ს მიმდებარე ტერიტორიაზე შეამჩნიეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მათ დანახვაზე ცენტრალური გზიდან სწრაფად გადავიდა მეორეხარისხოვან გზაზე და შევიდა იმ ადგილებში სადაც განთავსებულია საფლავები. მათ შეაჩერეს აღნიშული პიროვნება, რომელიც გადამოწმებისას აღმოჩნდა უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ე-–----------------ი, რომელიც შესამჩნევად ნერვიულობდა. პოლიციის თანამშრომელებმა მას განუმარტეს, რომ მოახდენდნენ მის პირად გასინჯვას და რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთის არსებობის შემთხვევაში მას წარედგინა ნებაყოფლობით, რაზეც ე-–----------------მა განუცხადა, რომ არაფერი ჰქონდა, გარდა ტკბილეულისა და მან ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო მოშავო ფერის პაკეტში მოთავსებული მასა. ვინაიდან პოლიციელებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნული შესაძლებელია ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება, ე-–----------------ი დააკავეს და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარჯვენა ხელიდან ამოიღეს ერთი ცალი მოშავო ფერის პაკეტი, ხოლო ქურთუკის ჯიბიდან - 28 ცალი მცირე ზომის მოშავო ფერის პაკეტებში მოთავსებული მასა, რაც ექსპერტიზის N---------------- დასკვნის თანახმად 29 ცალ ბოლოებმოლღობილ შავ პოლიმერული მასალის ნაჭრებში ცალ-ცალკე გახვეულ უფერო გამჭირვალე ჩამკეტიან პოლიეთილენის 29 ცალ პაკეტებში ცალ-ცალკე დაფასოებული სპეციფიკური სუნის მქონე მოყვითალო-მოთეთრო ნივთიერებები, ფხვნილის სახით, საერთო წონით 19,14 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, რაც იძლევა მხოლოდ ე.-----------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის ფაქტის უტყუარად დადგენის შესაძლებლობას, ხოლო რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანს ან და მომზადებას, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულებები, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას დაფასოებული სახით ინახავდა, მაშინ როდესაც არ არის დადგენილი ბრალდებულის სხვა პირებთან რაიმე სახის კომუნიკაცია ნარკოტიკების შეთავაზების მიზნით, არ არის საკმარისი გასაღების მომზადების უტყუარად დასადგენად.

 

3.7. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

3.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

 

3.9. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით’’ დაადასტურა, რომ ე-–----------------მა შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - ალფა პვპ, ხოლო რაც შეეხება მისი მხრიდან ნარკოტიკული საშუალების შეძენისას გასაღების მიზანს ან გასაღების მომზადებას, ეფუძნება მხოლოდ ვარაუდებს და უტყუარად არ დასტურდება.

 

3.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, განაჩენის 2.1. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1.სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ე-–----------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2.სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

4.3.სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ის 331-ე ჰორიზონტალურ გრაფაში შესულია „ალფა პვპ“ (a-PVP), ხოლო დანართი N2-ის მიხედვით (205-ე გრაფა) „ალფა-პვპ“-ს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობა მითითებული არ არის.

 

4.4.მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოწმეების - მ--–--------------ს და ჯ-------------–-–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით, ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით დადგენილია, რომ ე-–----------------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 19,14 გრამი ალფა-პვპ(a-PVP).

 

4.5.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.6საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ე-–----------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი შემადგენლობა, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1.ე-–----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი მხრიდან დანაშაულის ნებაყოფლობითი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1.სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ე-–----------------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროებისა და ხასიათის გათვალისწინებით, მას, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ:

 

ნარკოტიკული ნივთიერება (ინახება საქართველოს შს ს--------------–--------–---------------–----------–-–-------------------ში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

 

ტელეფონი და პირადი ნივთები (ინახება საქართველოს შს ს--------------–--------–---------------–----------–-–-------------------ში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ე-–----------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2.ე-–----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

3. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

4.სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 17 ოქტომბრიდან.

 

5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

 

ნარკოტიკული ნივთიერება (ინახება საქართველოს შს ს--------------–--------–---------------–----------–-–-------------------ში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

 

ტელეფონი და პირადი ნივთები (ინახება საქართველოს შს ს--------------–--------–---------------–----------–-–-------------------ში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე