გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2020
საქმის ნომერი
120210119003362358
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
27.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/831-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2020 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’;

წარმომადგენელი - დ-----ი გ--------ე;

მოპასუხე - კ---- კ--–----ე;

მოპასუხე - ე-–--- კ--–----ე;

მოპასუხის წარმომადგენელი - ლ--–- კ--–----ე;

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

კ---- კ--–----ეს და ე-–--- კ--–----ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ 2018 წლის 12 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად სოლიდარულად დაეკისროთ - 9 562.18 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 7 258.51 ლარი, პროცენტი - 1 257.61 ლარი და პირგასამტეხლო - 1 046.06 ლარი.

კ---- კ--–----ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ 2019 წლის 10 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 1889.68 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1 400 ლარი, პროცენტი - 195.56 ლარი და პირგასამტეხლო - 294.12 ლარი.

ასევე კ---- კ--–----ეს და ე-–--- კ--–----ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 343,55 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარი.

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2018 წლის 12 ნოემბერს მსესხებელ კ---- კ--–----ეზე გაიცა ე.წ. "სმს სესხი", 8 100 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 36 თვის ვადით, სესხის პირობების თანახმად გაცემულ თანხას (ანუ 8 100 ლარს) დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 31 პროცენტი, ასევე სესხის პირობების თანახმად ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანუ პირგასამტეხლო დაერიცხებოდა ვადაგადაცილებულ თანხას ყოველდღიურად 0.5%-ის ოდენობით.

სესხის სახით 8100 ლარის გაცემა დასტურდება მსესხებლის საბანკო ანგარიშის ამონაწერით;

საპროცენტო სარგებლის 31 % ოდენობა დასტურდება, ანგარიშის ამონაწერით, მსესხებლის მიერ წარმოებული საერთო დაფარვების ამონაწერით და პროგრამული გრაფიკით ანუ მსესხებელი ახორციელებდა ზუსტად იმ ოდენობით და იმ ვადაში გადახდებს, როგორც მითითებულია პროგრამულ გრაფიკში, პროცენტში თანხა გადახდილია იმ ოდენობით რაც მითითებულია გრაფიკში.

2018 წლის 12 ნოემბერის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს"ს----------–--------ს’’ და ე-–--- კ--–----ეს შორის 2018 წლის 12 ნოემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

აღნიშნული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად სოლიდარული თავდებ პირს პასუხისმგებლობა განისაზღვრა 16 200 (თექვსმეტი ათას ორასი) ლარით. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით სოლიდარულმა თავდებმა ივალდებულეს ბანკის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება.

2019 წლის 10 მაისს მსესხებელ კ---- კ--–----ეზე გაიცა ე.წ. "სმს სესხი", 1 400 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 18 თვის ვადით, სესხის პირობების თანახმად გაცემულ თანხას (ანუ 1 400 ლარს) დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 24 პროცენტი, ასევე სესხის პირობების თანახმად ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანუ პირგასამტეხლო დაერიცხებოდა ვადაგადაცილებულ თანხას ყოველდღიურად 0.5%-ის ოდენობით.

სესხის სახით 1400 ლარის გაცემა დასტურდება მსესხებლის საბანკო ანგარიშის ამონაწერით;

საპროცენტო სარგებლის 24 % ოდენობა დასტურდება, ანგარიშის ამონაწერით, მსესხებლის მიერ წარმოებული საერთო დაფარვების ამონაწერით და პროგრამული გრაფიკით.

სს "ს----------–--------ის" მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულ იქნა სრულად, კერძოდ ბანკმა მსესხებელზე სრულად გასცა ზემოხსენებული საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული კრედიტების თანხა. სესხის პირობების თანახმად მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა სარჩელზე თანდართული გრაფიკების მიხედვით, ყოველთვიურად გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდით.

კრედიტებით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტების დაფარვის გრაფიკებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა. 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ მსესხებელს არ უწარმოებია გადახდები. აღნიშნულს ადასტურებს ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

დღეის მდგომარეობით მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაფარვა. მითითებული საკრედიტო დავალიანებების შესახებ მოპასუხეებს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა და მიეცათ ორი კვირის ვადა არსებული დავალიანების დასაფარად. მიუხედავად აღნიშნულისა ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სრულყოფილად აქვს განმარტებული ბანკის მიერ გაცემული სესხის შესახებ, მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მხარეთა შორის არსებულ ვალდებულებით ურთიერთობებს.

ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის:

1) მოპასუხეებს კ---- კ--–----ეს და ე-–--- კ--–----ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ 2018 წლის 12 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 9 562.18 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 7 258.51 ლარი, პროცენტი - 1 257.61 ლარი და პირგასამტეხლო - 1 046.06 ლარი.

2) მოპასუხე კ---- კ--–----ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ 2019 წლის 10 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დღევანდელი მდგომარეობით ერიცხება დავალიანება - 1 889.68 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1 400 ლარი, პროცენტი -125.56 ლარი და პირგასამტეხლო - 294.12 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის 16 000 ლარის გადახდა გარკვეული საშეღავათო ვადით ვინაიდან მათი ქონება არ იქნება საკმარისი ბანკის ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2018 წლის 12 ნოემბერს სს „ს----------–--------ის“ მიერ კ---- კ--–----ე გაიცა სმს სესხი 8100 ლარის ოდენობით, წლიური 31% სარგებლის დარიცხვით, 36 თვის ვადით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირაგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სმს სესხით მომსახურების ძირითადი პირობები;

- 2018 წლის 12 ნოემბრის სმს სესხის განაცხადი;

- ანგარიშის ამონაწერი;

- 2018 წლის 12 ნოემბრის სესხის გრაფიკი;

 

3.1.2. 2018 წლის 12 ნოემბერის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს"ს----------–--------ს’’ და ე-–--- კ--–----ეს შორის 2018 წლის 12 ნოემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

აღნიშნული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად სოლიდარული თავდებ პირს პასუხისმგებლობა განისაზღვრა 16 200 (თექვსმეტი ათას ორასი) ლარით. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით სოლიდარულმა თავდებმა ივალდებულეს ბანკის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება- ე-–--- კ--–----ე;

 

3.1.3. 2019 წლის 10 მაისს მსესხებელ კ---- კ--–----ეზე გაიცა ე.წ. "სმს სესხი", 1 400 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 18 თვის ვადით, სესხის პირობების თანახმად გაცემულ თანხას (ანუ 1 400 ლარს) დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 24 პროცენტი, ასევე სესხის პირობების თანახმად ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანუ პირგასამტეხლო დაერიცხებოდა ვადაგადაცილებულ თანხას ყოველდღიურად 0.5%-ის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სმს სესხით მომსახურების ძირითადი პირობები;

- 2019 წლის 10 მაისის სმს სესხის განაცხადი;

- ანგარიშის ამონაწერი;

- 2019 წლის 10 მაისის სესხის გრაფიკი;

- 2019 წლის 10 მაისის სესხის გრაფიკი;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის:

1) მოპასუხეებს კ---- კ--–----ეს და ე-–--- კ--–----ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ 2018 წლის 12 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 9 562.18 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 7 258.51 ლარი, პროცენტი - 1 257.61 ლარი და პირგასამტეხლო - 1 046.06 ლარი.

2) მოპასუხე კ---- კ--–----ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ 2019 წლის 10 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დღევანდელი მდგომარეობით ერიცხება დავალიანება - 1 889.68 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1 400 ლარი, პროცენტი -125.56 ლარი და პირგასამტეხლო - 294.12 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–--------ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-317-ე, 361-ე, მე-400, 416-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 867-868-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებლებზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - კ---- კ--–----ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა მოპასუხე კ---- კ--–----ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელეს გადახდა.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას 2018 წლის 12 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 7258,51 ლარი და 2019 წლის 10 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს 1400 ლარი რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებს). სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 2018 წლის 12 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1257,61 ლარის და 2019 წლის 10 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 195,56 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრიათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეთა მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

მოცემულ შემთხვევაში, სს ''ს----------–--------სა'' და კ---- კ--–----ეს შორის 2018 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ს----------–--------სა'' და მეორეს მხრივ ე-–--- კ--–----ეს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე ე-–--- კ--–----ემ - იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 16 200 ლარით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2018 წლის 12 ნოემბრის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს მოპასუხეებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 1046.06 და 294,12 ლარის არ უნდა შემცირდეს.

7. გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შსახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებით უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდება შემდეგ შემთხვევაბში: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რომლის თანახმად, ე-–--- კ--–----ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 6-----------) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

8. საპროცესო ხარჯები

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო. შესაბამისად, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის" ხაზინიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟი 343,55 ლარი. რაც შეეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ბაჟის საკითხს მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 50 ლარის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ბაჟის გადახდა.

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხე მხარეს კ---- კ--–----ეს (პ/ნ 0----------) და ე-–--- კ--–----ეს (პ/ნ 0----------) სს ,,ს----------–--------ის" (ს/კ2--------) სასარგებლოდ 2018 წლის 12 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ - 9362,18 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 7058,51 ლარი, პროცენტი – 1257,61 ლარი, პირგასამტეხლო - 1046,06 ლარი.

მოპასუხე კ---- კ--–----ეს (პ/ნ 0----------) სს ,,ს----------–--------ის" (ს/კ2--------) სასარგებლოდ 2019 წლის 10 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს - 1839,68 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1350 ლარი, პროცენტი – 195,56 ლარი, პირგასამტეხლო - 294,12 ლარი.

2. მოპასუხე მხარეს კ---- კ--–----ეს (პ/ნ 0----------) და ე-–--- კ--–----ეს (პ/ნ 0----------) სს ,,ს----------–--------ის" (ს/კ2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 50 ლარის გადახდა.

3. სს ,,ს----------–--------ს" (ს/კ2--------) ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სს ,,ს----------–--------ის" (ს/კ2--------) მიერ 13.12.2019 წ გადახდილი ბაჟი 343,55 ლარი.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი