გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/27967-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე - რ----–---------
წარმომადგენელი - ბ---------–---–ი
მოპასუხე - სს სადაზღვევო კომპანია უ------ი
წარმომადგენელი - ლ--–------–---
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს „სადაზღვევო კომპანია უ------ს“ მოსარჩელის რ----–---------ს სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის 6000 აშშ დოლარის ანაზღაურება;
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მხარეებს შორის გაფორმებული ავტოტრანსპორტის დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ გაიცა დაზღვევის პოლისი, დაზღვეულ იქნა რ----–---------ს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 08.07.2019 წლიდან 08.07.2020 წლამდე. ავტომობილის საბაზრო ღირებულება შეფასდა 6000 აშშ დოლარით. შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ ვითარებაში დაზიანების შემთხვევაში სადაზღვევო თანხად განისაზღვრა 6000 აშშ დოლარით.
2019 წლის 16 აგვისტოს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მ-------ში დაზღვეული ავტომობილით მოძრაობისას, ავტომობილი გამოვიდა მწყობრიდან, დაზიანდა უკანა ამორტიზატორის ზამბარა, რის გამოც მძღოლმა დაუყოვნებლივ შეწყვიტა ავტომობილის მართვა და აღარ დაუძრავს ადგილიდან. მოსარჩელემ დაუყოვნებლივ დარეკა უ------ის საკონსულტაციო ქოლ-ცენტრში, რათა მათგან დროულად მიეღო შესაბამისი ინსტრუქცია და ემოქმედა ოპერატორის მითითების/რეკონსტრუქციის მიხედვით. კომპანიის ოპერატორმა მოსარჩელეს უთხრა, რომ თუკი შესაძლებელი იყო ავტომობილის დაძვრა, დასახლებული პუნქტის ცენტრამდე მიეყვანათ, რაზედაც მოსარჩელემ უარი განაცხადა, რადგან უკვე გვიანი იყო, შემთხვევა დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. ოპერატორმა განუცხადა, რომ იმავე დღეს ვერ მოხერხდებოდა ევაკუატორის ადგილზე მისვლა და დილის 09:00 საათამდე უნდა დალოდებოდნენ. შეთანხმებულ დროს ევაკუატორი არ მივიდა და მოსარჩელე რამოდენიმეჯერ დაუკავშირდა სადაზღვევო კომპანიის ოპერატორს, რომელმაც განუმარტა, რომ ევაკუატორს აგვიანდებოდა და თუ იყო შესაძლებელი, ავტომობილი დაეძრათ და გზაზე დახვედროდნენ.
მოსარჩელემ ოფიციალური წარმომადგენლისგან/ოპერატორისგან მიიღო ასეთი ინსტრუქცია, რაც შეასრულა და დადგა საქმის მასალებში მოცემული შედეგი (მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და მანქანა ხევში გადავარდა).
სადაზღვევო კომპანია უარს ამბობს თანხის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულება. სინამდვილეში იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე იმყოფებოდა დაუსახლებელ პუნქტში გამოუვალ სიტუაციაში, მაქსიმალურად ცდილობდა წესების დაცვას და სწორედ ამიტომ დარეკა ქოლ-ცენტრში, რჩევას და ინსტრუქციას იღებდა იმ პირისგან, რომელიც ვალდებულია იყო სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა.
მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ხელშეკრულების კომპანიის მხრიდან დარღვევას, რადგან უარს ამბობს სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე, იმ პირობებში, როდესაც მათი ოფიციალური წარმომადგენლის მიერ შეცდომაში იქნა შეყვანილი.
სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 6000 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
ცხელ ხაზზე დარეკვისას ოპერატორს დახმარების მეტი არაფერი გაუკეთებია - გამოიძახეს ევაკუატორი, მოსარჩელეს მისცეს ტელეფონის ნომერი და შეთანხმდნენ, რომ ევაკუატორი მეორე დღის 9 საათზე მივიდოდა და წაიყვანდა დაზიანებულ ავტომანქანას უახლოეს შემკეთებელ პუნქტამდე. რ----–---------ს დაუკავშირდა ევაკუატორის მძღოლი და შეთანხმდნენ დროზე. თუმცა მოსარჩელე არ დაელოდა ევაკუატორს, ავიდა ადგილზე, სადაც გაფუჭებული ავტომანქანა იმყოფებოდა და ნახა, რომ გადავარდნილი იყო ხევში. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიდა სადაზღვევო კომპანიას, თავდაპირველად განუცხადა, რომ ავტომანქანა თავისით დაგორდა, შემდგომ განაცხადა, რომ საპატრულო პოლიცია მივიდოდა და გაარკვევდა სიტუაციას. ბოლოს გაირკვა, რომ მოსარჩელის მეგობარმა და მძღოლმა, ვ-–-----------–---–მა სცადა ავტომანქანის წაყვანა, არ დაელოდა ევაკუატორს, მაგრამ ვინაიდან „პრუჟინა“ იყო მომძვრალი, გაიჭედა „რული“, ავტომანქანა ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.
ამდენად, ქოლ-ცენტრმა გააკეთა ის, რაც მოსარჩელემ ითხოვა, გაუგზავნა ევაკუატორი, ხოლო ავტომანქანის რაიმე გადაადგილებაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა. შემთხვევა დადგა ტექნიკური გაუმართაობის გამო, რაც დასტურდება სატელეფონო ზარებით, ასევე საპატრულო პოლიციის დოკუმენტაციით.
როგორც აღინიშნა, მოსარჩელე თავად ადასტურებს ავტომანქანის ტექნიკურ გაუმართაობას, თუმცა აცხადებს, რომ მზღვეველმა შეიყვანა იგი შეცდომაში და უთხრა, რომ მანქანის გადაადგილება შეეძლო. მოსარჩელის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, რადგან თავადვე სატელეფონო ზარში ადასტურებს და უტყუარად დადგენილია, რომ მოსარჩელე არ მართავდა ავტომანქანას, მას ვ-–-----------–---–ი მართავდა, რომელიც მოსარჩელესთან არ იმყოფებოდა. შესაბამისად, რომელ ინსტრუქციის მიცემაზეა საუბარი, თუ ვ-–-----------–---–ი რ----–---------სთან შეთანხმების გარეშე ცდილობდა დაზიანებული ავტომანქანის გადაადგილებას.
ამასთან, სადაზღვევო კომპანიაში მოძიებული 23 ზარიდან არცერთ ზარში არცერთ ოპერატორს არ უთქვამს მოსარჩელისთვის, რომ მანქანა თავისით გადაეადგილებინა. ასეც რომ იყოს, ოპერატორი ვერ ხედავს მანქანის მდგომარეობას, ამასთან, ოპერატორს არ აქვს უფლება, გასცეს რეკომენდაცია, მანქანა გადააადგილოს თუ არა. თავად მოსარჩელემ მხარემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.
აღსანიშნავია, რომ როდესაც რ----–---------მ განცხადებით მიმართა სადაზღვევო კომპანიას, განცხადებაში მიუთითა შემდეგი: ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მ-------ში 16.08.2019 წელს გატყდა უკანა ამორტიზატორის „პრუჟინა“, მანქანამ შეწყვიტა მოძრაობა, გამოიძახა უ------ის საშუალებით ევაკუატორი, რომ სახელოსნოში გადაეყვანა. 17.08.2019 წელს მივიდა ავტომობილთან, ევაკუატორი არ იყო მოსული და საკუთარი ძალებით სცადა მისი წაყვანა. ამორტიზატორის გაფუჭების გამო ავტომობილის დაძვრისას წინა მარცხენა საბურავი დარჩენილი იყო მარცხენა მხარეს მორყეული, ასევე დაზიანებული ყოფილა გიტარა და მანქანა ვერ დაიმორჩილა, რის გამოც გადავარდა ხევში.
აღნიშნულისგან განსხვავებული ჩვენება მისცა ვ-–-----------–---–მა საპატრულო პოლიციას, ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ დასახელებულ ადგილას მოძრაობისას იგრძნო ხმაური და ნახა, რომ გამტყდარი და მომძვრალი იყო ზამბარა, საბურავი შასის ედებოდა და მოძრაობის გაგრძელება შეუძლებელი იყო, საჭირო იყო ევაკუატორით გადაყვანა. მან ავტომანქანა გააჩერა გვერდულზე. მეორე დილით, ვინაიდან ტელეფონი დამჯდარი ჰქონდა, ვერ დაუკავშირდა რ----–---------ს და წავიდა მანქანისკენ, სადაც არავინ დახვდა. მან იფიქრა, რომ თავად შეძლებდა მანქანის წაყვანას, დაქოქა, რამოდენიმე მეტრი გაიარა, თუმცა ვეღარ შეძლო მანქანის გაჩერება და ხევში გადავარდა.
რაც შეეხება სასარჩელოს მოთხოვნის ოდენობას, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარება არა მთლიანად სადაზღვევო თანხა - 6000 აშშ დოლარი, არამედ გათვალისწინებული უნდა იქნეს ავტომანქანის ნარჩენი (დაზიანებული) ღირებულება, ასევე მთლიანი დარჩენილი სადაზღვევო პრემია, ცვეთა ტრანსპორტის სადაზღვევო თანხის 1% თვეში და ევაკუატორის მომსახურების ხარჯი. ჯამში სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ასანაზღაურებელი თანხა 13737 ლარით უნდა განისაზღვროს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დამზღვევს - რ----–---------ს და მზღვეველს - სს „სადაზღვევო კომპანია უ------ს“ შორის 2019 წლის 8 ივლისს გაფორმდა ავტოტრანსპორტის დაზღვევის ხელშეკრულება, რაზეც გაიცა დაზღვევის პოლისი. ხელშეკრულებით დაზღვეული იქნა სატრანსპორტო საშუალება - Mercedes-Benz, სახელწმიფო ნომრით R------, საიდენტიფიკაციო კოდი - W----------------. დაზღვევის პერიოდი მოიცავდა 2019 წლის 8 ივლისიდან 2020 წლის 8 ივლისამდე პერიოდს.
ავტოტრანსპორტის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 6000 აშშ დოლარით. ამავე ოდენობით განისაზღვრა სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სადაზღვევო თანხა.
სადაზღვევო თანხა არის მზღვეველის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პოლისში მითითებული ავტოტრანსპორტის საბაზრო ღირებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველი მოახდენს ანაზღაურების გაცემას სადაზღვევო თანხის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ანაზღაურების მომენტში დაზღვეული ობიექტის საბაზრო ღირებულებისა. ამასთანავე, მხარეთა შეთანხმებით, სადაზღვევო თანხა შეიძლება იყოს საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები, რომლის შემთხვევაშიც და ზარალის ანაზღაურებისას გამოყენებული იქნება პროპორციული დაზღვევის პრინციპი.
ხელშეკრულება და შესაბამისად, სადაზღვევო პოლისი სხვა რისკებთან ერთად ითვალისწინებდა მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევით და მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების/ვანდალიზმით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობები (ხელშეკრულება N1--------);
- დაზღვევის პოლისი #M---------.
3.1.2. დაზღვევის ხელშეკრულება შეიცავს შემდეგ ძირითად პირობებზე შეთანხმებას:
დამზღვევი ვალდებულია:
· მზღვეველს შეატყობინოს უტყუარი ინფორმაცია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს სადაზღვევო რისკის სახისა და ხარისხის განსაზღვრისათვის (4.1.1 პუნქტი);
· შემთხვევის დადგომისას, მზღვეველთან შეთანხმებით, შეინარჩუნოს დაზიანებული/განადგურებული ავტოტრანსპორტის მდგომარეობა მზღვეველის მიერ მის დათვალიერებამდე და ფოტოგადაღებებამდე (4.1.5 პუნქტი);
· სატრანსპორტო საშუალება იყოლიოს ტექნიკურად გამართულ, ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციისთვის სავალდებულო მდგომარეობაში, დროულად გაატაროს სავალდებულო (ასეთი მოთხოვნის არსებობისას) ტექნიკურ დათვალიერებაზე, არ მოახდინოს ავტოტრანსპორტის ექსპლუატაცია, რომელსაც გააჩნია გაუმართაობები, რომელთა არსებობისას აკრძალულია მოძრაობა საგზაო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (4.1.20 პუნქტი);
მზღვევლის მიერ ანაზღაურებას არ ექვემდებარება მათ შორის შემდეგი გამონაკლისები:
· ავტოტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობით დამდგარი შემთხევა, მათ შორის, მუხრუჭების გაუმართაობით, ელექტრონული გაუმართაობით დამდგარი შემთხვევა, მოკლე ჩართვით გამოწვეული ხანძარი, საწვავის სისტემის გაუმართაობით დამდგარი შემთხვევა, ცალკეული ნაწილების, მათ შორის ძრავის და მისი დეტალების, სავალი ნაწილების, გადაცემათა კოლოფის, აკუმულატორის ან სხვა ელექტრომოწყობილობის დაზიანება (7.5 პუნქტი);
· ნებისმიერ შემთხვევაში ანაზღაურებას არ ექვემდებარება დაზიანება, რომელიც არ არის გამოწვეული გარეგანი ზემოქმედების შედეგად (7.8 პუნქტი);
· არ ანაზღაურდება ზარალი, თუ მძღოლმა მიატოვა შემთხვევის ადგილი, დაძრა ან გადააადგილა ავტომანქანა მზღვეველის თანხმობის გარეშე, თუ ამას არ მოითხოვს საპატრულო პოლიცია, არ გამოიძახა შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია (გარდა სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული მცირე სადაზღვევო შემთხვევის პატრულის ოქმის გარეშე დარეგულირების წესის მოქმედებისას), დაუყოვნებლივ არ შეატყობინა მზღვეველს შემთხვევის თაობაზე (7.10 პუნქტი);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობები (ხელშეკრულება N1--------);
3.1.3. 2019 წლის 16 აგვისტოს საღამოს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მ-------ში, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას ავტომანქანას დაუზიანდა უკანა ამორტიზატორის ზამბარა. მძღოლმა შეწყვიტა მანქანით მოძრაობა და სატრანსპორტო საშუალების დამზღვევი დაუკავშირდა სადაზღვევო კომპანია უ------ს, მოითხოვა ევაკუატორით მომსახურება. ვინაიდან ევაკუატორი (ობობა) მეორე დღემდე ვერ მივიდოდა დანიშნულ ადგილამდე, ავტომანქანა დატოვეს შემთხვევის ადგილას.
მეორე დღეს, ვ-–-----------–---–მა დამოუკიდებლად სცადა ავტომანქანის დაქოქვა და წაყვანა, თუმცა რამოდენიმე მეტრის გავლის შემდგომ მანქანის დამორჩილება ვერ შეძლო და ავტომანქანა ხევში გადავარდა.
სამართალდამრღვევ მძღოლად მიჩნეულ იქნა ვ-–-----------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საჯარიმო ქვითარი;
- ვ-–-----------–---–ის ახსნა-განმარტება (ადმინისტრაციული საქმის მასალები).
3.1.4. მიუხედავად დაზღვევის პოლისში მიუთითებლობისა, სს „სადაზღვევო კომპანია უ------ი“ ადასტურებს, რომ ვ-–-----------–---–ი არის ერთ-ერთი უფლებამოსილი პირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზღვევის პოლისი;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
3.1.5. რ----–---------მ განცხადებით მიმართა სადაზღვევო კომპანიას და მოითხოვა დაზღვეული ავტომანქანის ხევში გადავარდნით მიღებული ზიანის ანაზღაურება.
მოპასუხემ 2019 წლის 3 სექტემბერს წერილობით უარი განუცხადა ზიანის ანაზღაურებაზე. უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ზიანის ანაზღაურების გამომრიცხავ, ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებზე: 4.1.20 პუნქტი - სატრანსპორტო საშუალება იყოლიოს გამართულ მდგომარეობაში და არ მოახდინოს გაუმართავი ტრანსპორტის ექსპლუატაცია; 7.5. ანაზღაურებას არ ექვემდებარება ავტოტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობით დამდგარი შემთხვევა; 7.7. სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა თუ საქართველოს კანონმდებლობა მზღვეველს უფლებას ანიჭებს უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის უარის წერილი.
3.1.6. შპს „პ------------------------------ს“ 2019 წლის 21 აგვისტოს დასკვნის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით R------, გააჩნია სხვადასხვა მძიმე დაზიანება - ძარამ შეჯახების შედეგად მიიღო მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა მის გეომეტრიის რღვევაში. მნიშვნელოვნად დაზიანდა ავტომობილის მზიდი ძარა და სავალი ნაწილები, მწყობრიდან არის გამოსული უსაფრთხოების სისტემა. ამის გარდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულია და შეცვლას საჭიროებს სახურავი, სახურავის წინა მარცხენა საყრდენი, მოტორის თავსახური, წინა საქარე მინა, უკანა ორივე მაშუქი, საბარგულის კარი, მარჯვენა შუა კარი, წინა მარჯვენა მაშუქი.
ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ავტომანქანის აღდგენა რეკომენდებული არ არის და მისი თავისუფალი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 17900 ლარს, ხოლო სალიკვიდაციო ღირებულება 2100 ლარია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 21.08.2019 წლის დასკვნა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ სადაზღვევო კომპანიის ქოლ-ცენტრში დარეკვისას, ოპერატორისგან მიიღო რჩევა, დაეძრა ავტომობილი და დასახლებულ პუნქტამდე მიეყვანა. მოსარჩელე აღნიშნულ პოზიციას ამყარებს განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე დაყრდნობით. თუმცა იმავე საუბრების შინაარსის გათვალისწინებით არ დასტურდება მოპასუხე ორგანიზაციის ოპერატორის მხრიდან მსგავსი შინაარსის რეკომენდაციის მიცემა. უფრო მეტიც, ოპერატორი განუმარტავს რ----–---------ს, რომ მას შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს, არის თუ არა შესაძლებელი მანქანის დაძვრა, ვინაიდან იგი (ოპერატორი) დისტანციურად ვერ შეძლებს ამის დადგენას, ან გადაწყვიტოს ევაკუატორის მომსახურების მიღება.
ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დამზღვევს სადაზღვევო კომპანიისგან არ ჰქონდა პირდაპირ თანხმობა, გადაეადგილებინა ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალება.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს გარემოება - სადაზღვევო კომპანიის მხრიდან დაძვრის ნებართვის მიცემის შემთხვევაში ეს უნდა განიმარტოს თუ არა მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა ჩაითვალოს თუ არა საგამონაკლისო შემთხვევად, ანუ უნდა ამოქმედდეს თუ არა დაზღვევის ხელშეკრულებით შეთანხმებული ანაზღაურების გამონაკლისი პირობა (7.10 პუნქტი). ასევე მნიშვნელოვანია იმ გარემოების გარკვევა, სადაზღვევო კომპანიის თანხმობის პირობებში რამდენად შესაძლებელი იყო ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების დაძვრა და უნდა სცოდნოდა თუ არა ეს მძღოლს.
ხელშეკრულების 7.10 პუნქტის თანახმად, არ ანაზღაურდება ზარალი, თუ მძღოლმა მიატოვა შემთხვევის ადგილი, დაძრა ან გადააადგილა ავტომანქანა მზღვეველის თანხმობის გარეშე...). საქმის მასალებით დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალება 2019 წლის 16 აგვისტოს გამოვიდა მწყობრიდან, დაზიანდა უკანა ამორტიზატორის ზამბარა, რის გამოც მძღოლმა დაუყოვნებლივ შეწყვიტა მანქანის მართვა. ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას მიცემული ახსნა-განმარტებისას დამზღვევი რ----–---------ც და ვ-–-----------–---–იც ადასტურებენ, რომ მწყობრიდან გამოსული ავტომანქანით მოძრაობა შეუძლებელი იყო. ამდენად, უდავოა, რომ მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების დაძვრა დაუშვებელი იყო და მის დაძვრას შესაძლოა მოჰყოლოდა რაიმე სახის ავტოსაგზაო შემთხვევა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ყველა მძღოლს ევალება, იცოდეს საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების შესახებ წესები. შესაბამისად, მოცემულ სიტუაციაში, ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების პირობებში, სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ავტომანქანის გადაადგილების ნებართვის გაცემის მიუხედავად მძღოლს უნდა სცოდნოდა, რამდენად სწორი იქნებოდა მსგავსი ქმედება და არ უნდა ჰქონოდა იმის მოლოდინი, რომ ასეთი გადაადგილების პირობებში დამდგარი ზიანის ანაზღაურება გონივრული იქნებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზღვევის ხელშეკრულება;
- 13.02.2020 წლის სხდომის ოქმი
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ სახეზეა სადაზღვევო რისკებით გათვალისწინებული ერთ-ერთი რისკი - მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება/ვანდალიზმი.
როგორც წარმოდგენილი აუდო ჩანაწერებით დგინდება, სადაზღვევო კომპანიის ოპერატორთან საუბრისას მოსარჩელე განმარტავს, რომ ვ-–-----------–---–ი არის ერთ-ერთი უფლებამოსილი პირი. სასამართლო სხდომაზე აღნიშნული გარემოება დაადასტურა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელმა, რომელმაც განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლისში ვ-–-----------–---–ი უფლებამოსილ მძღოლად არ არის მითითებული, სადაზღვევო ხელშეკრულების დადების შემდგომ, დამზღვევთან შეთანხმებით მოხდა უფლებამოსილ მძღოლად დამატებით ვ-–-----------–---–ის მითითებაც. ამდენად, ვ-–-----------–---–ის მიერ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების დაძვრით და შემდგომში ავტომანქანის ხევში გადავარდნით დამდგარი ზიანი ვერ გაიგივდება, როგორც მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებად
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზღვევის პოლისი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----–---------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სადაზღვევო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს. სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი შეიძლება სხვადასხვა რისკფაქტორი იყოს. კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებდა ავტოსაგზაო შემთხვევის ან მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს დამდგარი რისკის ანაზღაურებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანხმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
ხელშეკრულების 7.5. პუნქტის თანახმად, მზღვეველის მიერ ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემდეგი გამონაკლისები: ავტოტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობით დამდგარი შემთხევა, მათ შორის, მუხრუჭების გაუმართაობით, ელექტრონული გაუმართაობით დამდგარი შემთხვევა, მოკლე ჩართვით გამოწვეული ხანძარი, საწვავის სისტემის გაუმართაობით დამდგარი შემთხვევა, ცალკეული ნაწილების, მათ შორის ძრავის და მისი დეტალების, სავალი ნაწილების, გადაცემათა კოლოფის, აკუმულატორის ან სხვა ელექტრომოწყობილობის დაზიანება. ასევე ხელშეკრულების 7.10 პუნქტის თანახმად არ ანაზღაურდება ზარალი, თუ მძღოლმა მიატოვა შემთხვევის ადგილი, დაძრა ან გადააადგილა ავტომანქანა მზღვეველის თანხმობის გარეშე, თუ ამას არ მოითხოვს საპატრულო პოლიცია, არ გამოიძახა შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია (გარდა სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული მცირე სადაზღვევო შემთხვევის პატრულის ოქმის გარეშე დარეგულირების წესის მოქმედებისას), დაუყოვნებლივ არ შეატყობინა მზღვეველს შემთხვევის თაობაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების პირობების დარღვევას - მოხდა გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, ისე, რომ არ არსებობდა სადაზღვევო კომპანიის მხრიდან გადაადგილებაზე თანხმობა. ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ნებართვის არსებობის შემთხვევაშიც კი მძღოლს არ ჰქონდა უფლება დაეძრა სატრანსპორტო საშუალება და ასეთ დროს დამდგარი ზიანი სადაზღვევო შემთხვევად ვერ ჩაითვლება და არც ანაზღაურებას ექვემდებარება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 535 ლარი. დავის საგნის ოდენობის გათვალისწინებით, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 2,06 ლარი, ხოლო დარჩენილი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ----–---------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 535 ლარიდან - 532,94 (ხუთას ოცდათორმეტი ლარი და 94 თეთრი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. მოსარჩელე რ----–---------ს (პ/ნ 4----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 06.11.2019 წელს, N 8--------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 535 ლარიდან - 2,06 (ორი ლარი და 06 თეთრი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი (გადამხდელი - ბ---------–---–ი, პ/ნ 0----------, გადამხდელის ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“, მიმღები: სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი: 300773150).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე