გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210019002930287
№2/1577-2018წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 თებერვალი 2020 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - სა---------------–---------–-----ი“
წარმომადგენელი - ნა-------------ძე, მა------–-–--–-ძე
მოპასუხე - არ---–-------ძე
დავის საგანი - სესხის, სარგებლის, პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, სხდომის ოქმი 06/02/2020წ):
1.1. დაეკისროს მოპასუხეს არ---–-------ძეს მოსარჩელის სა---------------–---------–-----ის“ სასარგებლოდ 11517 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 5415 აშშ დოლარი, პროცენტი 1620 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 4482 აშშ დოლარი (დღეში-16.24 აშშ დოლარი);
1.2. დაეკისროს მოპასუხეს არ---–-------ძეს მოსარჩელის სა---------------–---------–-----ის“ სასარგებლოდ 12201 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 10500 ლარი, პროცენტი 1288 ლარი პირგასამტეხლო 413 ლარი (31.5 ლარი დღეში).
2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წლის 23 თებერვალს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #12519. მსესხებელზე გაიცა სესხი 10000 აშშ დოლარის ოდენობით, 2018 წლის 30 მარტამდე ვადით. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მისი დავალიანება შეადგენს: ძირი თანხა 5415 აშშ დოლარი, სარგებელი 1620 აშშ დოლარი, საურავი 4482 აშშ დოლარი.
2017 წლის 16 თებერვალს, მოპასუხეზე გაიცა მეორე სესხი #12519-1, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 10500 ლარი. აღნიშნულ სესხზე მოპასუხეს გადასახდელი აქვს: ძირი თანხა 10500 ლარი, პროცენტი 1288 ლარი და პირგასამტეხლო 413 ლარი.
მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხემ, წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, ძირი თანხის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში მიაჩნიათ, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 23 თებერვალს, არ---–-------ძესა და სა---------------–--------–----ნს“ შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება #12519, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა სესხი 10000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებელი სესხის სარგებლობისათვის შეადგენს 24%-ს, სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევაში მსესხებელი იხდის პირგასამტეხლოს ძირითადი თანხის 0,20 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 24 აგვისტომდე პერიოდი.
ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 23 თებერვალს, უძრავი ქონების მესაკუთრე სუ-–-------------სა და სა---------------–--------–----ნს“ შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება
-იპოთეკის ხელშეკრულება
3.1.2. 2017 წლის 16 თებერვალს, არ---–-------ძესა და სა---------------–--------–----ნს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელზე გაიცა სესხი 10500 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, 24%-იანი საპროცენტო სარგებლით, სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევაში მსესხებელი იხდის პირგასამტეხლოს ძირითადი თანხის 0,20 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სესხის ხელშეკრულება
3.1.3. დადგენილია, რომ მსესხებელმა სესხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა. 2018 წლის 17 აპრილს მოსარჩელემ, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ამავე მდგომარეობით, სესხის ხელშეკრულებების მიხედვით, მოპასუხეს ერიცხება სა---------------–--------–----ნის“ სასარგებლოდ: 11517 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა 5415 აშშ დოლარი, პროცენტი -1620 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 4482 აშშ დოლარი (დღეში-16.24 აშშ დოლარი); 12201 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 10500 ლარი, პროცენტი -1288 ლარი პირგასამტეხლო -413 ლარი (31.5 ლარი დღეში).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდის გრაფიკი
- გაფრთხილების წერილები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.
3.2.2. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ არ ხდის სესხის ძირითადი თანხის ვალდებულების ოდენობა. ამ ნაწილში მხარემ სარჩელი ცნო. შესაგებლით და ახსნა-განმარტებით, მოპასუხე სადავოდ ხდიან დარიცხული სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობას.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მსესხებელმა არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება, რის გამოც გამსესხებელმა სესხის ხელშეკრულება შეწყვიტა 2018 წლის 17 აპრილს. ამავე პერიოდისთვის მსესხებელზე დარიცხული სესხის ძირი თანხა და საპროცენტო სარგებელი დადგენილი იქნა ამავე გადაწყვეტილების 3.1.3. პუნქტით. მოპასუხემ სადავოდ გახადა დავალიანების ძირითად თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა, რასაც სასამართლო შეაფასებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის დავალიანებისა და პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. ამასთან, ვინაიდან, მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 316-ე, 115-ე, 417-418-ე, 420 მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე, 131-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება. 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (იმ პერიოდში მოქმედი რედაქციით), სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.2. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2015 წლის 23 თებერვალს და 2017 წლის 16 თებერვალს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 23 თებერვალს არ---–-------ძესა და სა---------------–--------–----ნს“ შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელზე ირიცხება დავალიანება 11517 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 5415 აშშ დოლარი, პროცენტი -1620 აშშ დოლარი. 2017 წლის 16 თებერვალს გაფორმებული სესხის ხელსეკრულების საფუძველზე მოპასუხეზე ირიცხება დავალიანება 12201 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 10500 ლარი, პროცენტი -1288 ლარი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში. იმავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივი ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ამ ნაწილში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, აღნიშნული საკმარისი საფუძველია მოპასუხისათვის აღნიშნული თანხის დასაკისრებლად.
ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა სესხზე დარიცხული სარგებლის დაკისრების ნაწილში და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს პირგასამტეხლოს განსაზღვრას გონივრულ ფარგლებში, რომელიც სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში, აშკარად, შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას. ანუ უფლება უნდა იქნეს გამოყენებული მართლზომიერად და კეთილსინდისიერად.
6.7. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.20%-ით. ასევე, დადგენილია, რომ სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 5415 აშშ დოლარი, და 10500 ლარი, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 4482 აშშ დოლარი (დღეში-16.24 აშშ დოლარი, 275 დღე) და 413 ლარი (31.5 ლარი დღეში, 13 დღე). სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც, სასამართლოს მოსაზრებით, იგი ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს იურიდიულ ბუნებას და სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე პირების კეთილსინდისიერების პრინციპს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პრევენციული ხასიათი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სესხის ძირითადი თანხის რაოდენობასთან და არ უნდა გადაიქცეს მსესხებლის მიმართ სადამსჯელო ხასიათის ქმედებად.
ამავე დროს, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლზე, რომლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვდა ერთ შემთხვევაში 275 დღის, ხოლო მეორე შემთხვევაში 13 დღის პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს გონივრული რაოდენობა იქნება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით არაუმეტეს 0.07%-ისა. სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ძირითად თანხაზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვით განხორციელდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება, ხოლო პირგასამტეხლო მოთხოვნილი უნდა იქნეს იმ ოდენობით, რაც შეესაბამება მის მიზანს და საქმის გარემოებებს.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1201.20 ლარი. აქედან 345.51 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში, უცხოურ ვალუტაში მოთხოვნილი თანხის ნაწილში (სავალუტი კურსი 2.41 ლარი). ამ ნაწილში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, 7035 აშშ დოლარის ნაწილში. დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 211.11 აშშ დოლარს, ხოლო, შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში - 508.77 ლარს. სასარჩელო მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, 11788 ლარის ნაწილში. დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 353.64 ლარს. ჯამში 862.41 ლარი მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის თავისებურებისა და სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქმის წარმოებისასა გადახდილი საადვოკატო მომსახურების ხარჯი 625 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ამ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სა---------------–---------–-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. არ---–-------ძეს საკრედიტო კავშირი ‘ხუცუბანის“ სასარგებლოდ დაეკისროს 23/02/2015 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 5415 აშშ დოლარი, სარგებელი 1620 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.07 % (არაუმეტეს 275 დღისა);
3. არ---–-------ძეს სა---------------–---------–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 16/02/2017 წლის სესხისა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 10500 ლარი, სარგებელი 1288 ლარი, პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.07 %-ის ოდენობით (არაუმეტეს 13 დღისა);
4. არ---–-------ძეს სა---------------–---------–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 862.27 ლარის გადახდა;
5. სა---------------–---------–-----ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
6. არ---–-------ძეს სა---------------–---------–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი საადვოკატო მომსახურების ხარჯი 625 ლარის ოდენობით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე