განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე #1/4033-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხ------- ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- რ---–------ ძე ჯ------–-–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 2---------ს, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: თ---–-----------------–-----------–----------------------------------
ადვოკატები - ც---------------------------------------–---
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2019 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.-----–--–- ქ-----------–-- მ----–--------- კორპუსი #--, ბინა #3--ში საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკების დროს, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ------- ჯ------–-–---–მა არასრულწლოვანი გერის ვ--- ბ-–----- თანდასწრებით ძალადობა განახორციელა მეუღლეზე ხ------- მ-----------ე, კერძოდ, დაახლოებით შვიდჯერ დაარტყა მარჯვენა ხელი თავის არეში, რის გამოც ხ------- მ---------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ.-----–--–- ქ-----------–-- მ----–--------- კორპუსი #--, ბინა #3--ში საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკების დროს, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ------- ჯ------–-–---–მა ძალადობა განახორციელა მეუღლეზე ხ------- მ-----------ე, კერძოდ მარჯვენა გაშლილი ხელი დაახლოებით სამჯერ დაარტყა სახის არეში, ხოლო შემდეგ დაახლოებით ხუთჯერ დაარტყა თავის არეში, რის გამოც ხ------- მ---------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2019 წლის 27 ივლისს, გვიან ღამით, ქ.-----–--–-, ქ-----------–-- მ----–--------- კორპუსი #--, ბინა #3--ში, გ------- ჯ------–-–---–მა ძალადობა განახორციელა მეუღლეზე ხ------- მ-----------ე, ხელი დაარტყა სახის და თავის არეში. ხ------- მ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
3.1. 2019 წლის 27 ივლისს, გვიან ღამით, 03:28 საათზე ,,112-ში“ შევიდა #1972814 შეტყობინება. შეტყობინების ინიციატორი ხ------- მ---------ი ითხოვდა შველას, თან აცხადებდა, რომ ტელეფონი სასწრაფოდ უნდა გაეთიშა, რადგან მეუღლე მალე მივიდოდა. ინიციტორი ასევე აცხადებდა, რომ კარები 2 დღეა გარედან იყო ჩაკეტილი და გარეთ ვეღარ გადიოდა.
3.2. მსხვერპლს აღმოუჩინეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და პროცესში ჩაერთო საგამოძიებო ორგანო.
3.3. პაციენტის #1--- სამედიცინო ბარათის მიხედვით, ხ------- მ---------ს დაუდგინდა კლინიკური დიაგნოზი: კოდი y-33 R-45 სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული ჰემატომები. პაციენტის გადმოცემით: მეუღლემ კონფლიქტის დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, აღენიშნება ჰიპერემია. პაციენტმა კლინიკური საუბრის სისწორე დაამოწმა ბარათზე ხელმოწერით.
3.4. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის ა---------– ჩ-----–--ის ჩვენებით, 2019 წლის 27 ივლისს, გვიან ღამით, დაზარალებულს აღმოუჩინა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. პაციენტი იყო განერვიულებული, პირველივე დიალოგის დროს განუცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. სახის და თავის არეში დაარტყა ხელი. პაციენტს სახეზე აღენიშნებოდა ჰიპერემია. ზეპირ ჩვენებასთან ერთად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა ა---------– ჩ-----–--ის გამოკითხვის ოქმი. ამონარიდი მოწმის გამოკითხვის ოქმიდან „...2019 წლის 26 ივლისს ვიმყოფებოდი სამსახურში მორიგე და ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას, უმცროს ექიმ ი----- კ----–---–---თან ერთად. 2019 წლის 27 ივლისს იქნებოდა დაახლოებით 05:00 საათი, როდესაც მივიღეთ გამოძახება ქ------–------------------------------------------–-----–ი, მოქალაქე ხ------- მ---------ს ესაჭიროებოდა დახმარება. მისვლისას დაგვხვდა ხ------- მ---------ი, რომელმაც მითხრა, რომ 2019 წლის 27 ივლისს, მისმა მეუღლემ სახის და თავის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ეტყობოდა სიწითლეები...“.
3.5. გამომძიებლის ვ-----–- გ----–--ს ზეპირი ჩვენებით, 2019 წლის 27 ივლისს დაიწყო გამოძიება გ------- ჯ------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოკითხა დაზარალებული ხ------- მ---------ი, რომელიც გამოკითხვისას ტიროდა, იყო აღელვებული და სახეზე აღენიშნებოდა სიწითლეები. მსხვერპლმა გამომძიებელს განუცხადა, რომ სახეზე არსებული სიწითლე იყო კვალი ფიზიკური ძალადობის. გამომძიებლის ჩვენებით, მსხვერპლი იტკიებდა თავის არესაც და აცხადებდა, რომ მეუღლემ აღნიშნულ ადგილზეც დაარტყა ხელი. მოწმის განმარტებით, ხ------- მ---------ს არ აღენიშნებოდა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობა, მიუხედავად ემოციური ფონისა, რაც გამოწვეული იყო მასზე განხორციელებული ძალადობით, კითხვებს ადეკვატურად პასუხობდა. ბრალდებულს ვიზუალურად ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, ალკოტესტმაც დაადასტურა სიმთვრალე.
3.6. მსხვერპლის დაცვის მიზნით 2019 წლის 27 ივლისს გამოიცა შემაკავებელი ორდერი #------. შემაკავებელი ორდერის ოქმში გამომძიებელმა ასახა ხ------- მ---------ის მიერ გადმოცემული ინფორმაცია. ოქმის შევსების შემდგომ მისი სისწორე დაადასტურა მსხვერპლმა. სასამართლოს შეფასების საგანი გახდა ოქმის ის მონაკვეთი, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გადმოსცემს მსხვერპლის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. ინციდენტის ფაბულა ,,2019 წლის 27 ივლისს ხ------- მ---------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ გ------- ჯ------–-–---–მა“. ძალადობის ფორმა ,,ფიზიკური“. მოძალადემ თქვენს მიმართ განახორციელა ძალადობა? მიუთითეთ როდის განხორციელდა ძალადობა, რაში გამოიხატა ,, 2019 წლის 27 ივლისს ხ------- მ---------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ გ------- ჯ------–-–---–მა“. მოძალადე ხშირად გაყენებთ შეურაცხყოფას ან/და ხშირად გამცირებთ? პასუხი ,,დიახ“. ,,ვადასტურებ ჩემს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ხ. მ---------ი“.
3.7. მსხვერპლის ხ------- მ---------ის მიერ შემაკავებელი ორდერის ოქმში გადმოცემული ინფორმაცია და ამ ინფორმაციის საფუძველზე სპეციალურ ქულათა რაოდენობა გახდა საფუძველი შემაკავებელი ორდერის გამოცემის. შემაკავებელი ორდერი გამოიცა ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. ხ------- მ---------ს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი, ხოლო გ------- ჯ------–-–---–ს მოძალადის. ორდერი მოძალადის მხრიდან არ გასაჩივრებულა.
3.8. 2019 წლის 27 ივლისს, 07:10 საათზე, თბილისში, ქ-----------–-- მეორე შესახვევი კორპუსი #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული იქნა გ------- ჯ------–-–---–ი.
3.9. მოწმე ვ--- ბ-–----- ჩვენებით, 2019 წლის 27 ივლისს არ შესწრებია ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რადგან სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა დედამ - ხ------- მ---------მა უთხრა, რომ მეუღლემ - გ------- ჯ------–-–---–მა ხელი დაარტყა. დედის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ძალადობის თაობაზე გამოკითხვის დროს მოუთხრო გამომძიებელს.
3.10. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი თ----- გ------–--ე, რომელმაც გამოძიების ეტაპზე გამოკითხა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი ვ--- ბ-–---ე. თ----- გ------–--ის ჩვენებით, ვ--- ბ-–---ემ გამოკითხვის დროს განაცხადა, რომ 2019 წლის 27 ივლისს არ შესწრებია ფიზიკური ძალადობის ფაქტს, თუმცა დედისგან - ხ------- მ---------ისგან შეიტყო, რომ მასზე გ------- ჯ------–-–---–მა ფიზიკურად იძალადა.
3.11. სოციალურმა მუშაკმა ნ---- ლ---–---მ ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა, რომ გამოძიების ეტაპზე ესწრებოდა არასრულწლოვანი ვ--- ბ-–----- გამოკითხვას. ვ--- ბ-–---ემ გამომძიებელს განუცხადა, რომ გ------- ჯ------–-–---–მა დაზარალებულზე ფიზიკურად იძალადა. არასრულწლოვანი ამ ინფორმაციას ფლობდა უშუალოდ დედის მხრიდან.
3.12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ------- ჯ------–-–---–ი პერიოდულად, სხვადასხვა ფორმით ძალადობდა ხ------- მ-----------ე. 2019 წლის 6 თებერვალს გამოცემული იქნა #------ შემაკავებელი ორდერი და #------ ოქმი. ხ------- მ---------ს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი, ხოლო გ------- ჯ------–-–---–ს მოძალადის. ორდერი გამოიცა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე.
3.13. დაზარალებული ხ------- მ---------ი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა უკიდურესად დათრგუნული, შეშინებული და დაბნეული. სასამართლოს მიერ დასმულ კითხვაზე განმარტა, რომ არაფერი უშლიდა ხელს ჩვენების მიცემაზე, თუმცა მოულოდნელად პოზიცია შეცვალა და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. მსხვერპლის ამგვარი ქცევა, არ არის გამონაკლისი და ერთეული შემთხვევა ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებში, არცთუ იშვიათად მართლმსაჯულების განხორციელების დროს ისინი სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზთა გამო უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე, მიზეზი ხშირ შემთხვევაში მდგომარეობს მათ მოწყვლადობაში, მოძალადისამი შიშში, ეკონომიკურ დამოკიდებულებაში თუ ,,სტოკჰოლმის სინდრომში“.
3.14. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 2017 წლის 5 აპრილს რატიფიცირებული იქნა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია. კონვენციის 55-ე მუხლი ხელშემკვრელ მხარეებს, რომელთა შორისაც არის საქართველო, ავალდებულებს, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ხ------- მ---------მა სასამართლოში უარი განაცხადა გ------- ჯ------–-–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მხოლოდ ეს გარემოება, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის მიღების საფუძველი. 2019 წლის 27 ივლისს, ოჯახში ფიზიკური ძალადობის ჩადენა დადასტურდა არაერთი მტკიცებულებით და ამ მტკიცებულებებისა და საქმის გარემოებების ლოგიკური ანალიზით. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური ძალადობის დანაშაულის თავისებურებას, იგი ძირითად ხორციელდება დახურულ სივრცეში - ოჯახის პირობებში, როდესაც მოძალადე, მსხვერპლი და მოწმეც არიან ერთი ოჯახის წევრები და მათი ოჯახური კავშირიდან გამომდინარე დანაშაული რჩება ლატენტური (გაუმჟღავნებელი და დაფარული), აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს, დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებიდან რამდენად ოპერატიულად მოხდა სახელმწიფოს ჩარევა და ამ კუთხით დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება. განსახილველ შემთხვევაში ჩარევა იყო იმდენად დროული, მყისიერი და ეფექტური, რომ შეიქმნა დამატებითი მტკიცებულებები. ადგილზე დაუყოვნებლივ მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის ჩვენებითა და პაციენტის სამედიცინო ბარათით დადასტურდა, რომ დაზარალებულს დაუდგინდა კლინიკური დიაგნოზი: კოდი y-33 R-45 სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული ჰემატომები. პაციენტმა საქმის შედეგით დაუინტერესებელ, ნეიტრალურ პირს ექიმს ა---------– ჩ-----–--ეს კლინიკური საუბრისას განუცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სხეულის სხვადასხვა არეში დაარტყა ხელი. ექიმის ჩვენებითა და პაციენტის სამედიცინო ბარათით ძალადობის ადგილზე ხ------- მ---------ს აღენიშნებოდა ჰიპერემია. სასამართლოს შეფასებით დანაშაულის დამადასტურებელ, პირდაპირ წერილობით მტკიცებულებას წარმოადგენს შემაკავებელი ორდერის ოქმიც, ვინაიდან იგი ივსება გამომძიებლის მიერ მსხვერპლთან პირველადი ინტერვიურების დროს და მასში აისახება დაზარალებულის მიერ გადმოცემული ინფორმაცია, რომლის სისწორესაც ეს უკანასკნელი ხელმოწერით ადასტურებს. 2019 წლის 27 ივლისის #------ შემაკავებელი ორდერის ოქმით მტკიცდება, რომ ხ------- მ---------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ გ------- ჯ------–-–---–მა. დანაშაულის გამოვლენის დროს სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ დროის სიმცირიდან გამომდინარე მსხვერპლს ინტელექტუალური თვალსაზრისით არ აქვს ობიექტური შესაძლებლობა დაამახინჯოს ან გააზვიადოს ფაქტები, ამ დროს, მისი მხრიდან შემაკავებელი ორდერის გამომცემ პირზე მიწოდებული ინფორმაცია არის გულწრფელი, მეტად სანდო და სარწმუნო. სასამართლო ხაზს უსვამს წერილობითი მტკიცებულების არს და მნიშვნელობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება არის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას“. ამავე ნორმის თანახმად ,,დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით“. ამდენად შემაკავებელი ორდერის ოქმი და პაციენტის სამედიცინო ბარათი წარმოადგენენ ძალადობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს მათში ასახული ინფორმაციიდან გამომდინარე. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ პაციენტის სამედიცინო ბარათი, რომელშიც ასახული იყო ხ------- მ---------ის მიერ ექიმისთვის მიწოდებული ინფორმაცია ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელმა თავად წარუდგინა გამომძიებელს. ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებში მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს თუ ვინ სთხოვს სახელმწიფოს დახმარებას, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ,,112-ში“ შეტყობინების ინიციატორი იყო მსხვერპლი, რომელიც ითხოვდა სასწრაფოდ შველას და დახმარებას. ამ კატეგორიის საქმეები ცხადყოფენ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს იქამდე არ სთხოვენ დახმარებას, სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. სწორედ იდენტურია განსახილველი შემთხვევაც.
3.15. მნიშვნელოვანია შეფასდეს მსხვერპლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა დანაშაულის გამოაშკარავების პროცესში და შემდგომაც. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის ა---------– ჩ-----–--ის ჩვენებით, შეტყობინების ინიციატორი - ხ------- მ---------ი ექიმის ვიზიტის დროს იყო უკიდურესად აღელვებული, ტიროდა, სხეულზე აღენიშნებოდა ჰიპერემია და ექიმთან პირველადი კომუნიკაციის დროს აცხადებდა, რომ მეუღლემ მასზე ფიზიკურად იძალადა, თუმცა მას შემდეგ, რაც მეზობლები ჩაერთვნენ პროცესში და მსხვერპლს მიუთითეს, უარი ეთქვა მოძალადის მხილებაზე, ვინაიდან ეს უკანასკნელი იყო მისი ოჯახის წევრი, დაზარალებულმა პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ მეუღლეებს შორის ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ კონფლიქტს. სოციუმში გაბატონებული მოსაზრება, რომ ოჯახში ძალადობა მოგვარებადია და იგი არ უნდა გასცდეს პრივატულ სივრცეს, ხშირად ხდება მსხვერპლებზე ზემოქმედების ბერკეტი, ასე მოხდა განსახილველ შემთხვევაშიც, ის, რომ მსხვერპლს არ გააჩნია მის გონებაზე და გადაწყვეტილებაზე ბატონობის უნარი, მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ ეს უკანასკნელი არის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მიუხედავად მეზობლების ჩარევისა და მსხვერპლის დროებით დაყოლიებისა, საბოლოოდ გამოძიების ეტაპზე მაინც მოხდა დაზარალებულისგან ინფორმაციის მიღება. გამომძიებლის ვ-----–- გ----–--ს ზეპირი ჩვენებით, 2019 წლის 27 ივლისს, გამოკითხა დაზარალებული ხ------- მ---------ი, რომელიც გამოკითხვისას ტიროდა, იყო აღელვებული და სახეზე აღენიშნებოდა სიწითლეები. მსხვერპლმა გამომძიებელს განუცხადა, რომ სახეზე არსებული სიწითლე იყო კვალი ფიზიკური ძალადობის. გამომძიებლის ჩვენებით, მსხვერპლი იტკიებდა თავის არესაც და აცხადებდა, რომ მეუღლემ აღნიშნულ ადგილზეც დაარტყა ხელი.
3.16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი). ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ერთობლიობაში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ 2019 წლის 27 ივლისს, გ------- ჯ------–-–---–მა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ხ------- მ-----------ე. ის, რომ დაზარალებულს სამედიცინო ექსპერტიზის დროს სახეზე არ აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ნიშნები, აღნიშნული არ შეიძლება უპირობოდ გახდეს გამამართლებელი განაჩენის მიღების სამართლებრივი საფუძველი. სისხლის სამართლის თეორიაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ცემის და ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულის ზედაპირს არანაირი კვალი არ დაეტყოს, ასეთ შემთხვევაში დანაშაულებრივი ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მოწმეთა ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. განსახილველ შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის ა---------– ჩ-----–--ის და გამომძიებლის ვ-----–- გ----–--ს ჩვენებებით, ასევე პაციენტის ხ------- მ---------ის სამედიცინო ბარათით, მსხვერპლს სახეზე აღენიშნებოდა ჰიპერემია. ძალადობის ხერხი: ხელის დარტყმა თავის ან/და სახის არეში და არა თვალის მიდამოში, ობიექტურად ვერ დატოვებდა ნაჭდევის, სისხლნაჟღენთის ან ნაკაწრის კვალს, ამ ხერხით ჩადენილი ძალადობისთვის დამახასიათებელია ჰიპერემია (სიწითლე დარტყმის ადგილზე), რაც მოწმეთა ჩვენებებით და პაციენტის სამედიცინო ბარათით, აშკარად გამოკვეთილი იყო.
3.17. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახი წევრის მიმართ - 2019 წლის 19 ივლისის ეპიზოდი.
3.18. დაზარალებულმა ხ------- მ---------მა სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის გ------- ჯ------–-–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
3.19. მოწმე ვ--- ბ-–---ემ ზეპირ ჩვენებაში გამორიცხა 2019 წლის 19 ივლისს, მისი თანდასწრებით, გ------- ჯ------–-–---–ის მხრიდან ხ------- მ-----------ე ფიზიკური ძალადობის განხორციელება და განაცხადა, რომ მითითებულ დღეს, მეუღლეებმა იკამათეს სიტყვიერად, ფიზიკურ ძალადობას ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. სასამართლო სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა გამოკითხვის ოქმი. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვის ოქმში მოწმე ადასტურებს ბრალდებულის მხრიდან 2019 წლის 19 ივლისს მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, მხოლოდ ეს ერთი მტკიცებულება - გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმი ვერ გახდება ამ ნაწილში გამამატყუნებელი გადანაჩენის მიღების საფუძველი.
3.20. სასამართლოში მოწმის ვ--- ბ-–----- გამოკითხვის ოქმთან ერთად, დამატებით არ გამოკვლეულა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობის ლოგიკურ ჯაჭვს დანაშაულის მატერიალური ფაქტის დასადგენად. სამართლებრივი აქსიომაა, რომ პირის მსჯავრდება არ უნდა მოხდეს ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს, ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებების დარღვევის ხარჯზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. როგორც აღინიშნა, 2019 წლის 19 ივლისის ეპიზოდთან მიმართებაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე არ გამოკვლეულა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ამ ნაწილში ძალადობის ჩადენის ფაქტს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
4.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. სასამართლომ შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ გ------- ჯ------–-–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 27 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალეული ქმედება, რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4.4. რაც შეეხება 2019 წლის 19 ივლისის ეპიზოდს, მხოლოდ მოწმე - ვ--- ბ-–----- გამოკითხვის ოქმი, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ამ ეპიზოდში ძალადობის ჩადენის მატერიალურ ფაქტს არასრულწლოვნის თანდასწრებით. ამდენად, ამ ეპიზოდში გ------- ჯ------–-–---–ი უნდა გამართლდეს.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. გ------- ჯ------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
5.2. გ------- ჯ------–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
6.3. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, დამნაშავე პირს უნდა განესაზღვროს ისეთი სასჯელი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მომავალში გ------- ჯ------–-–---–ის სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე მომავალშიც არ გაგრძელდეს ოჯახში ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ჯ------–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გ------- ჯ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვისა და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით გ------- ჯ------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 27 ივლისიდან - 2020 წლის 13 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა