განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100119002969850
№1/177-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11.03.2020 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი გიორგი მოწონელიძე
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ია მეფარიშვილი
დაცვის მხარე
ადვოკატები - ნათია ჯავახიშვილი, გიორგი ამაშუკელი
ბრალდებული - ა---------– შ-----ს ძე ღ-------ე, დაბადებული 1--- წლის 21 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გორი, ჭ-------ის ქ---- N-.
კვალიფიკაცია
ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2017 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. გორში, ჭ-------ის ქ---- N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ა---------– ღ-------ემ, რომელსაც წლებია კონფლიქტი აქვს მეზობელთან - ი-----–--ა გ--–-----ესთან საერთო სარგებლობის ეზოსთან დაკავშირებით, შელაპარაკებისას, ხახვით სავსე პლასტმასის ვედრო ჩაარტყა მარცხენა მხარზე, რა დროსაც ი-----–--ა გ--–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2019 წლის 25 აპრილს ა---------– ღ-------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა---------– ღ-------ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილება ა---------– ღ-------ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ ემყარება გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის უალტერნატივო, უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობას, რის გამოც ლოგიკურად წარმოშობილი გონივრული ეჭვი გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).
სასამართლო განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლოს მიერ არასაკმარისად მიჩნეული მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარებოდა წარდგენილი ბრალდება და რომელთა ერთობლიობაც საფუძვლად დაედო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა---------– ღ-------ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ
ბრალდებულმა ა---------– ღ-------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. ამასთან, პროკურორის გადაწყვეტილებით, ა---------– ღ-------ე, როგორც ბრალდების მხარის მოწმე, სასამართლო სხდომაზე არ დაიკითხა.
დაზარალებულ ი-----–--ა გ--–-----ის ჩვენებით, მას და ა---------– ღ-------ეს, წლების განმავლობაში, აქვთ კონფლიქტი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული მდგომარეობის გამო. დაზარალებულის განმარტებით, ეზოში მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა, კერძოდ, პრობლემას წარმოადგენს დაზიანებული საკანალიზაციო სისტემიდან ფეკალური მასების გამოდინება მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რაც ძლიერ აწუხებს დაზარალებულის ოჯახს. სწორედ ამის გამო, 2017 წლის 28 ივლისს, ი-----–--ა გ--–-----ემ გადაწყვიტა ეზოში ბეტონის კვალის გაკეთება, რათა აღნიშნული ფეკალური მასების დინებისათვის მიმართულება შეეცვალა, რომ ფეკალიები მისი საცხოვრებელი სახლის სარდაფში არ ჩაღვრილიყო. მომდევნო დღეს, 29 ივლისს, დილას, ი-----–--ა გ--–-----ემ დაინახა ა---------– ღ-------ე, რომელიც მის მიერ წინა დღეს გაკეთებულ ბეტონის კვალს ანგრევდა. ი-----–--ა გ--–-----ის განმარტებით, მან ა---------– ღ-------ეს არაფერი უთხრა და გადაწყვიტა საპატრულო პოლიციის გამოძახება. ამის შემდეგ, როდესაც ა---------– ღ-------ე სახლიდან გავიდა, ი-----–--ა გ--–-----ემ დაზიანებული ადგილების ამოვსება ისევ განაგრძო. როდესაც იგი დაზიანებულ ადგილებს ასწორებდა, ეზოში შემოვიდნენ ა---------– ღ-------ე და მისი მეუღლე - მ------ მ--------–--ე. ი-----–--ა გ--–-----ის განმარტებით, ამ დროს იგი დახრილი იყო სახლის ასასვლელ კიბესთან, ხოლო ა---------– ღ-------ე მის ზემოთ, კიბეზე იდგა. ა---------– ღ-------ეს ხელში ეკავა ბოსტნეულით სავსე პლასტმასის ვედრო, რომელიც მან ი-----–--ა გ--–-----ეს მოუქნია. ი---–----ამ ვედრო ხელით აიცილა, რათა თავში არ მოხვედროდა, რის შემდეგაც მას მოქნეული ვედრო მარცხენა მხარის არეში მოხვდა. ა---------– ღ-------ემ მას ორივე ხელი მოკიდა მხრებში და შეაჯანჯღარა. ამ დროს ი-----–--ა გ--–-----ის შვილმა - ნ---- მ-----–--ემ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაუძახა, რომლებიც ეზოს გარეთ იდგნენ. პოლიციის თანამშრომლები ეზოში შემოვიდნენ და ძალადობის ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს.
დაზარალებულის შვილის - მოწმე ნ---- მ-----–--ის განმარტებით, 2017 წლის 28 ივლისს, ი-----–--ა გ--–-----ემ, მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რომელიც დაბინძურებული იყო ფეკალური მასებით, ბეტონის მასით გზა გაკვალა, რათა ფეკალიები სარდაფში არ ჩაღვრილიყო. მეორე დღეს, ა---------– ღ-------ემ ი-----–--ა გ--–-----ის მიერ გაკეთებული ბეტონის კვალი ფეხით გათელა. ამის გამო მათ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რათა სამართალდამცავებს აღნიშნული ფაქტი დაეფიქსირებინათ. როდესაც პოლიციის თანამშრომლები მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში მივიდნენ, მათივე თანდასწრებით, ი-----–--ა გ--–-----ემ ბეტონის მასით დაზიანებული ადგილების ამოვსება კვლავ განაგრძო. ამ დროს ეზოში შემოვიდნენ ა---------– ღ-------ე და მისი მეუღლე - მ------ მ--------–--ე. ა---------– ღ-------ემ ი-----–--ა გ--–-----ეს დაუწყო კამათი. ამ დროს ი-----–--ა გ--–-----ე მათი საცხოვრებელი სახლის ასასვლელი კიბის კუთხეში იყო დახრილი და დაზიანებულ ადგილებს ავსებდა. ა---------– ღ-------ეს ხელში ვედრო ეჭირა, რომელიც ი-----–--ა გ--–-----ეს მოუქნია და მარცხენა მხარში მოარტყა. როდესაც ა---------– ღ-------ემ ი-----–--ა გ--–-----ეს ვედრო დაარტყა, ა---------– ღ-------ე მათ ავტოფარეხთან იდგა. ამის შემდეგ ეზოში შემოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მანამდე გარეთ, გზის მხარეს იდგნენ. ნ---- მ-----–--ის განმარტებით, მათ არ დაუნახავთ უშუალოდ ა---------– ღ-------ის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 14 ოქტომბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და ექსპერტ მერაბ ჭინჭარაულის ჩვენებით, ი-----–--ა გ--–-----ეს, 2017 წლის 31 ივლისს, 17:11 საათზე, აღენიშნებოდა ორი სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის მოდამოში. მან სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2017 წლის 29 ივლისს და დაუდგინდა დიაგნოზი - მარცხენა მხრის დაჟეჟილობა. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად აღებულიც და ცალ-ცალკეც მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაიკითხვისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა - ა---------– ღ---–----–---–მა, ლ---------–---–-- და კ----------------------–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო მოქმედებების შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან, თუმცა, იმის გამო, რომ ისინი პირდაპირ მოწმეებს არ წარმოადგენენ, ა---------– ღ-------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ამსახველ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება ვერ შეძლეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. გორში, ჭ-------ის ქ---- N--ში, კერძოდ, მ------ მ--------–--ის და ი-----–--ა გ--–-----ის საცხოვრებელი სახლის საერთო ეზოში, სადაც შევდივართ რკინის ალაყაფის კარით. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დასავლეთის მხარეს და შესასვლელი კარის სამხრეთით ეზო არის მოსაპირკეთებელი, რომლის შუა ნაწილში არის მრგვალი ფორმის ლითონის ჭის თავსახური. ეზოს სამხრეთით მდებარეობს ავტოფარეხი, რომელსაც აქვს ხის კარი. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში ბინის სამხრეთით არის ი-----–--ა გ--–-----ის და მ------ მ--------–--ის საცხოვრებელ სახლებში ასასვლელი კიბე, ხოლო ეზოს შუა ნაწილში არის ჭის ოთხკუთხედი ხუფი. აღნიშნული ხუფის მხარეს, მ------ მ--------–--ის სახლის მხრიდან არის მცირე ზომის რუ, სადანაც მოედინება წყალი. ჭის ოთხკუთხედ თავსახურთან და წყლის რუსთან არის ცემენტის და ქვიშის ნარევით გალესილი ადგილები. აღნიშნულ ნალესსა და მცირე ზომის რუს შორის ძირს ყრია ხახვის თავები, ხოლო მ------ მ--------–--ის სახლის ასასვლელ კიბეზე დგას ლურჯი ფერის პოლიეთილენის მცირე ზომის კასრი, შავი ფერის თავსახურით და „თეთრი ფერის პოლიეთილენის ვედრო“, რომლის ძირშიც არის რამდენიმე თავი ხახვი. ი-----–--ა გ--–-----ის განმარტებით, მას აღნიშნულ ადგილზე მუქნია ხახვით სავსე თეთრი ფერის ვედრო მისმა მეზობელმა, ხოლო თვითონ მოიქნია ე.წ ,,ქაფჩა“, რომლითაც გალესა აღნიშნულ ადგილზე ასფალტის საფარი. ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ მოხდა ყველა მნიშვნელოვანი დეტალის ფოტოგრაფირება. საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში რაიმე ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.
სასამართლო სხდომაზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირებმა, გამომძიებელმა - ბ------ ნ-------–---–მა, ექსპერტ-კრიმინალისტმა - ნ-----–---- ზ-------ემ, ასევე დაზარალებულმა - ი-----–--ა გ--–-----ემ დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში დაფიქსირებული მონაცემების ნამდვილობა და სიზუსტე. ექსპერტ-კრიმინალისტმა ნ-----–---- ზ-------ემ განმარტა თუ რა ვითარებაში და რა საშუალებით მოახდინა შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება, რის შემდეგაც ფოტოსურათები გადასცა გამომძიებელს.
გამომძიებელმა - ბ------ ნ-------–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაფიქსირებულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ მოხდა ყველა მნიშვნელოვანი დეტალის ფოტოგრაფირება, თუმცა, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, რაიმე ნივთი ან ნივთიერება, მათ შორის, თეთრი ფერის ვედრო ამოღებული არ ყოფილა. ბ------ ნ-------–---–ის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტ-კრიმინალისტმა - ნ-----–---- ზ-------ემ მოახდინა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის სრული ფოტოგრაფირება, მას აღნიშნული ვედროს ნივთმტკიცების სახით ამოღება და საპროცესო დამაგრება მიზანშეწონილად აღარ ჩაუთვლია.
4. სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს ან გამოიკვლიოს რომელიმე მტკიცებულება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ სსიპ „112“-ზე ი-----–--ა გ--–-----ის მიერ განხორციელებული შეტყობინება, დაზარალებულის და მისი შვილის - ნ---- მ-----–--ის ჩვენებები, ასევე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მისი ავტორის მერაბ ჭინჭარაულის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, ი-----–--ა გ--–-----ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, რადგან, სადავოა და საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით (გონივრულ ეჭვს მიღმა) ვერ დასტუდება კონკრეტული გარემოებები, თუ რა ვითარებაში მოხდა 2017 წლის 29 ივლისს მორიგი კონფლიქტი დაპირისპირებულ მხარეებს შორის და განახორციელა თუ არა ბრალდებულმა ა---------– ღ-------ემ ვედროს გამოყენებით ფიზიკური ძალადობა ი-----–--ა გ--–-----ის მიმართ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გამომძიებელ ბ------ ნ-------–---–ის მიერ შემთხვევის ადგილიდან არ იქნა ამოღებული „პოლიეთილენის ვედრო", რომლის გამოყენებითაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტს ი-----–--ა გ--–-----ის მიმართ. ნიშანდობლივია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებულია ე.წ. „პოლიეთილენის ვედროზე“, ხოლო პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ა---------– ღ-------ემ „ხახვით სავსე პლასტმასის ვედრო“ ჩაარტყა ი-----–--ა გ--–-----ეს.
სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, გამომძიებელმა ბ------ ნ-------–---–მა განმარტა, რომ მან შემთხვევის ადგილიდან აღნიშნული ვედროს ამოღება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რადგან ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ შემთხვევის ადგილი სრულად იქნა დასურათებული. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა. უფრო მეტიც, აღნიშნული ფოტოსურათები ბრალდების მხარემ სასამართლოში მტკიცებულების სახით საერთოდ არ წარმოადგინა.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ა---------– ღ-------ეს ბრალი დაედო „ხახვით სავსე პლასტმასის ვედროს ჩარტყმით" ი-----–--ა გ--–-----ის მიმართ ძალადობის ჩადენაში, მაგრამ სასამართლო სხდომაზე დანაშაულის იარაღი გამოკვლეული არ ყოფილა, რადგან გამომძიებელმა მისი ამოღება შემთხვევის ადგილიდან მიზანშეწონილად არ მიიჩნია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, ე.წ. „პოლიეთილენის ვედრო" აღმოჩენილ იქნა შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის იარაღის არარსებობის პირობებში, პირის დამნაშავედ ცნობა დაუშვებელია.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების იმ ნაწილს, რომელშიც ისინი გადმოსცემენ სხვადასხვა პირთა მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას ა---------– ღ-------ის ბრალეულობის შესახებ, სასამართლო სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს და განაჩენის დადგენისას ვერ გამოიყენებს, რადგან მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს. მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან არც ერთი არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის მამხილებელ პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რომელთა ერთობლიობა ობიექტურ პირს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის შესახებ. კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის დასადგენად საჭირო, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის კონსტიტუციური არსის ამგვარი გაგება ამჟამად არსებულ პირობებში, როდესაც მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ზუსტად და მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ირიბი ჩვენების, როგორც მტკიცებულების დასაშვებობის თუ მისი სანდოობისა და საკმარისობის კრიტერიუმები, პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განმარტებით (სისხლის სამართლის N-40აპ-14 საქმე), რომლის თანახმადაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას მტკიცებულების სახით გამოიყენოს ირიბი ჩვენება: „51. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია საკონსტიტუციო სასამართლომ არ იმსჯელა 76–ე მუხლის მესამე ნაწილზე (საკანონმდებლო რედაქციის შეცვლის გამო), მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც სამოტივაციო, ისე სარეზოლუციო ნაწილებიდან გამომდინარე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი რა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს ირიბი ჩვენება მტკიცებულების სახით მანამ, სანამ საკანონმდებლო ორგანო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მომავალში არ შეიტანს შესაბამის ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია სამართლებრივი შეფასება მისცეს პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე სხვა მოწმეთა ჩვენებებს თუ წერილობით მტკიცებულებებს, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, საკმარისი არ არის ა---------– ღ-------ის მსჯავრდებისათვის. უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებების არასაკმარისობა კი საფუძველს აცლის გამამატყუნებელი განაჩენისათვის მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
გორის რაიონულმა სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა---------– ღ-------ე უნდა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
ა---------– ღ-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. გონივრული ეჭვი კი, რომელიც ლოგიკურად წარმოიშვა საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლომ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.
აქვე სასამართლო იხსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას, საქმეზე „ვასილიოს სტავროპოულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, „როგორც კი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოდ შევა ძალაში, ეს გამართლება ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის საფუძვლითაც რომ იყოს დადგენილი, დაუშვებელია ბრალეულობის მიმართ ეჭვის გამოხატვა, რაც მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუთავსებელია უდანაშაულობის პრეზუმფციასთან... სასამართლოს მიაჩნია, რომ „in dubio pro reo” პრინციპის შესაბამისად, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის განსაკუთრებული ასპექტია, არ უნდა არსებობდეს არანაირი თვისობრივი სხვაობა მტკიცებულებათა არარსებობის საფუძველზე გათავისუფლებასა და უდანაშაულობის დადგენის შედეგად გათავისუფლებას შორის, როდესაც პირის უდანაშაულობის მიმართ არავითარი ეჭვი არ არსებობს. სინამდვილეში, გამამართლებელი გადაწყვეტილებები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება დასაბუთებით, რომელსაც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე წარმოადგენს, პირიქით, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გამამართლებელ განაჩენს პატივი უნდა სცეს ხელისუფლების ყველა შტომ.“
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა---------– ღ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ა---------– ღ-------ეს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე