განაჩენი

სისხლის სამართლის 17.02.2020
საქმის ნომერი
080100119003065878
დავის ტიპი
120
თარიღი
17.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/511-19 (№041140319003)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 თებერვალი 2020 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ--–---- კ---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ---- ი-----–-- ძე ი------ - დაბადებული 2----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. წყალტუბო, სოფელი გ-------.

 

ადვოკატი - ო-–--- გ-----–---

 

კანონიერი წარმომადგენელი - თ----- ქ---------–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 14 მარტს, დღის საათებში, ქუთაისში, ა-----–---–-------------ში მდებარე N-------------- სკოლის ეზოში, მ---- ი------მ დანით წინასწარ შეცნობით არასრულწლოვან ზ----- ბ-------- მიაყენა დაზიანება მუცლის კედლის ღია ჭრილობის სახით და მარჯვენა იდაყვის არეში ნაკვეთი ჭრილობის სახით. მუცლის კედელზე ღია ჭრილობის სახით მიყენებული დაზიანებით ზ----- ბ-------- მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. ხოლო მარჯვენა იდაყვის მიდამოში მიყენებული ჭრილობის სახით დაზიანებით ზ----- ბ-------- მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულ მ---- ი------- უდანაშაულობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ მ---- ი------- მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: ს--- ჯ-----, ა----------–--, მ------ შ-------–---–--, ნ-----–- დ---–---------, მ----- ლ---------, ნ------ ს--------–----, რ---- ო-----, ვ----–- დ------, ნ----------------, ი---------–----, შ----- თ-------- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით მ---- ი------- მონაწილეობით, ამოღების ოქმებებით, სამედიცინო ექსპერტიზის N002151219 დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის N003364819 დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N003417319 დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N003620419 დასკვნით, ზ----- ბ-------- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მაკვალლიფიცირებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

მხართა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 14 მარტს არასრულწლოვანმა ზ----- ბ-------- მიიღო დაზიანება მუცლის კედლის ღია ჭრილობის სახით და მარჯვენა იდაყვის არეში ნაკვეთი ჭრილობის სახით. მუცლის კედელზე ღია ჭრილობის სახით მიყენებული დაზიანებით ზ----- ბ-------- მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. ხოლო მარჯვენა იდაყვის მიდამოში მიყენებული ჭრილობის სახით დაზიანებით ზ----- ბ-------- მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

აღნიშნული გარემოება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ: სამედიცინო ექსპერტიზის N002151219 დასკვნით - თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N6353/19-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N388/5 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი: 20.03.2019წ.)) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ზ----- ბ-------- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 14.03.2019 წელს 15:55 საათზე, საიდანაც გაეწერა 17.03.2019 წელს 12:00 საათზე. დიაგნოზით: მუცლის კედლის ღია ჭრილობა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით; სამედიცინო ექსპერტიზის N003364819 დასკვნით - თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N6353/19-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N388/5 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი: 20.03.2019წ.)) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ზ----- ბ-------- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 14.03.2019 წელს 15:55 საათზე, საიდანაც გაეწერა 17.03.2019 წელს 12:00 საათზე. დიაგნოზით: მუცლის კედლის ღია ჭრილობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის არეში; თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N078932-ის ასლი) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ზ----- ბ-------- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 21.03.2019 წელს, დიაგნოზი არ არის მითითებული. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას აღენიშნებოდა გაკერილი ჭრილობა მუცლის წინა კედელზე. დაზიანებები განვითარებულინი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. დაზიანება მუცლის წინა კედელზე არსებული ჭრილობის სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ხოლო დაზიანება მარჯვენა იდაყვის მიდამოში არსებული ჭრილობის სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, იმის თაობაზე, რომ მ---- ი------ს ზ----- ბ--------ათვის მუცლის კედლის ღია ჭრილობა და მარჯვენა იდაყვის არეში ნაკვეთი ჭრილობა (სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად) არ მიუყენებია, სასამართლო არ იზიარებს და უთითებს საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, კერძოდ:

 

საქმეში წარმოდგენილი მოწმე ს--- ჯ----- გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ არის მ---- ი-------ა და ზ----- ბ-------- მეგობარი. 2019 წლის 14 მარტს დილით გაკვეთილების დაწყებამდე შეხვდა ზ----- ბ--------, რომელმაც უთხრა, რომ მ----სთან მოუვიდა კონფლიქტი ონლაინ თამაშთან დაკავშირებით, რის გამოც გაკვეთილების შემდეგ უნდა წასულიყვნენ და ესაუბრათ. გაკვეთილების დასრულების შემდეგ, დაახლოებით 15:30 საათზე, გავიდნენ სკოლის ეზოში და შეხვდნენ მ---- ი------ს. შეხვედრისას ზ----- ბ--------ა და მ---- ი------ს შორის საუბრის დროს უცებ სიტუაცია დაიძაბა, მან დაინახა, რომ მ---- ი------მ ზ----- ბ-------- მუცლის არეში დაარტყა დანა, რის შემდეგ მარჯვენა ხელი მოიქნია და დანა გადააგდო, ზ----- ჩაიკეცა და მუცლის არედან წამოუვიდა სისხლი. მ---- ცდილობდა წასულიყო, თუმცა შებრუნდა და თავისი ტელეფონით დარეკა 112-ში და ოპერატორს უთხრა, რომ იმყოფებოდა ქუთაისში, ა----–---–-----------, ქუთაისის N-------------- სკოლასთან და დაჭრა ზ----- ბ-------. აღნიშნული მოწმის ჩვენებასთან სრულ შესაბამისობაშია საქმეში წარმოდგენილი დანაშაულის შესახებ შეტყობინება N658822, რომლითაც დასტურდება, რომ 112-ში შევიდა ინიციატორ მ---- ი------- შეტყობინება, რომელმაც განაცხადა, რომ თავად დაჭრა პიროვნება დანით. საქმეში წარმოდგენილი უდავოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 14 მარტს 17:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქუთაისში, ა-----–---–-------------ში, ქუთაისის N-------------- სკოლის ეზოში და მის მიმდებარედ. შემთხვევის ადგილიდან, ამოღებული იქნა ერთი ცალი თეთრი ფერის სიგარეტის ნამწვი მოვერცხლისფრო იეროგლიფებით, ასევე თეთრი ფერის სიგარეტის ნამწვი მოვერცხლისფრო იეროგლიფით და წარწერით „LM”. ასევე ამოღებული იქნა, მინდვრიან გრუნტზე დაგდებული მოვერცხლისფრო ფერის გასაშლელი დანა, რომელსაც წვეტი აქვს მოტეხილი, დანა არის სრულიად ლითონის, ბასრ ნაწილზე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა. საქმეში ასევე წარმოდგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 14 მარტს 21:25 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში მ---- ი------- მოწმის სახით გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. მ---- ი------მ მიუთითა ქუთაისში, ა-----–---–-------------ში მდებარე N-------------- სკოლასთან კუთხეში მარცხენა მხარეს, სკოლის შენობასა და ლითონის ღობეს შორის არსებულ ტერიტორიაზე და განმარტა, რომ ეზოს აღნიშნულ ნაწილში მან 2019 წლის 14 მარტს ზ----- ბ-------- გასაშლელი დანა დაარტყა ორჯერ, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, აღნიშნულის შემდეგ მ---- ი------მ მიუთითა ეზოს უკანა ნაწილში გასასვლელი გზის მარჯვენა მხარეს, კერძოდ ლითონის ღობის მეორე მხარეს უკან ნაწილში და განმარტა, რომ აღნიშნული დანა გადააგდო მითითებული მიმართულებით. საქმეში წარმოდგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N003417319 დასკვნით კი დასტურდება, რომ პაკეტში წარწერით „შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 01 ცალი დანა“ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ----- ბ-------- (ობ. N22, პაკეტი წარწერით: „ზ----- ბ-------- ნერწყვის ნიმუში“). დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და მ---- ი------- (ობ. N21, პაკეტი წარწერით „მ---- ი------- ბიოლოგიური (ნერწყვის) ნიმუში“) გენეტიკური პროფილი იდენტურია. პაკეტში წარწერით: „შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 02 სიგარეტის ნამწვი“ მოთავსებულ სიგარეტის ნამწვზე (წარწერით LM) არსებული ბიომასალის (ობ. N5) გენეტიკური პროფილი და მ---- ი------- (ობ. N21) გენეტიკური პროფილი იდენტურია. საქმეში ასევე წარმოდგენილია ტრასოლოგიური ექსპერტიზის N003620419 დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ზ----- ბ-------- ტანსაცმლიდან (ჯემპრი, უსახელო - ე.წ „ბრეტელებიანი“ მაისური, ჯინსის შარვალი) მხოლოდ ჯემპრზე მუცლის და მარჯვენა სახელოზე იდაყვის ზედა არეში, ასევე მაისურზე მუცლის მიდამოში არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედებით. ექსპერტიზაზე წარდგენილი დასაკეცი დანა (FCD 1306050) დამზადებულია ქარხნული წესით, წარმოადგენს ცალმხრივლესილი პირის მქონე ე.წ „პეპელას“ ტიპის დანას. პირზე აღენიშნება დაზიანება მინუს მასალით - არ აქვს პირის წინა ნაწილი - წვერის მიდამო, რაც განვითარებულია ტეხვით - ძლიერი მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილი მოწმეების ა----------–--ა და მ------ი შ-------–---–-- გამოკითხვის ოქმებს, აღნიშნული მოწმეების ჩვენებები სრულ შესაბამისობასია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან და მათი ჩვენებებით დასტურდება, რომ შემთხვევის შემდეგ სკოლის ეზოდან გასულ მ---- ი------ს ძალიან შეშინებული და აღელვებული სახე ჰქონდა, იყო გათეთრებული, ეტყობოდა, რომ ძალიან ნერვიულობდა, მათ უთხრა, რომ დედასთან არ დაერეკათ, პოლიცია მოვიდოდა და წაიყვანდნენ, დაახლოებით ხუთ წუთში მივიდა სასწრაფო დახმარება და დაინახეს, რომ სკოლის ეზოდან გამოიყვანეს დაჭრილი ზ----- ბ-------. როგორც შემდგომ გაიგეს ზ----- ბ------- დაჭრა მ---- ი------მ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელიც სრულ შესაბამისობაში და თანხვედრაშია ერთმანეთთან, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 14 მარტს, დღის საათებში, ქუთაისში, ა-----–---–-------------ში მდებარე N-------------- სკოლის ეზოში, მ---- ი------მ დანით ზ----- ბ-------- მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებას, ქმედების ჩადენას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - ის გარემოება, რომ ზ----- ზ-----, ქმედების ჩადენის დროს 2019 წლის 14 მარტს იყო არასრულწლოვანი, რაც მ---- ი-------ათვის ცნობილი იყო, მხარეთა შორის სადავო არ არის, აღნიშნული ასევე დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ---- ი------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა, თითოეული მტკიცებულების თანხვედრა და კავშირი სხვა მტკიცებულებებთან, სასამართლოს შეფასებით წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისათვის, ამ სტანდარტის შესაბამისად სასამართლომ დაადგინა, რომ მ---- ი------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას, ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, არასრულწლოვანი ბრალდებულის პიროვნებას, ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობებს, ოჯახურ ვითარებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას; ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ისეთი სახის ტრადიციული ამოცანები, როგორიც არის - დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლის თანახმად, ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება ხორციელდება კანონის თანახმად და განიხილება, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომა რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში, ხოლო მე-40 მუხლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.

 

სასამართლო ითვალისწინებს აგრეთვე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მინიმალური სტანდარტული წესების მიხედვით, არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ (პეკინური წესები), სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს პოზიტიური ზომების განხორციელებას, რაც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რესურსის მობილიზებას, რათა ხელი შეუწყონ მოზარდის კეთილდღეობას კანონის მხრივ ჩარევის აუცილებლობის შესამცირებლად და ეფექტურად, სამართლიანად და ჰუმანურად მოეპყრონ მოზარდს, რომელიც კანონთან კონფლიქტშია... მართლმსაჯულების სისტემა არასრულწლოვანთა მიმართ, პირველ ყოვლისა, მიმართულია არასრულწლოვნის კეთილდღეობისა და იმის უზრუნველყოფისაკენ, რომ არასრულწლოვან სამართალდამრღვევებზე ზემოქმედების ყოველგვარი ღონისძიება, ყოველთვის შეესატყვისებოდეს როგორც პიროვნების თავისებურებებს, ისე სამართალდარღვევის გარემოებებს.

 

2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, ამასთან, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს და მის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება. ამასთან, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანი უნდა იყოს არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. მოცემულ შემთხევაში, მ---- ი------- მიმართ წარდგენილი ბრალდება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად, სასამართლო არაა უფლებამოსილი სასჯელად განუსაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლოს მიერ გამოყენებული უნდა იქნას არასრუწლოვანთა მართლსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლი.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი და ინდივიდუალური შეფასების ანგარიში და მიაჩნია, რომ მ---- ი------- მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით, ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

 

საქართველოს კანონის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლი არ ადგენს კონკრეტულად თუ რომელი სასჯელის პირობითად ჩათვლაა შესაძლებელი. აღნიშნულ მუხლში მითითებულია ტერმინი სასჯელი და ის წინაპირობები, რომელთა ერთობლიობაც აუცილებელია, რათა სასამართლოს ჰქონდეს სამართლებრივი შესაძლებლობა დანიშნული სასჯელის პირობითად ჩასათვლელად. ამდენად, კანონმდებელი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არ ზღუდავს მოსამართლეს მის მიერ შერჩეული ნებისმიერი სასჯელის დანიშვნისას, იქნება ეს თავისუფლების აღკვეთა თუ მასზე მსუბუქი რომელიმე სასჯელი, გამოიყენოს პირობითი მსჯავრი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ---- ი------მ ჩაიდინა, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშული, არ არის წარსულში ნასამართლევი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მას დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14, მე-17 მუხლებით, ჰავანის წესების მე-2 წესით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების არასრუწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 73-76-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ---- ი------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

მ---- ი------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ მ---- ი------- ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; მსჯავრდებულ მ---- ი------ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ორი ცალი სიგარეტის ნამწვი და დანა, მ---- ი------- ნერწყვის ნიმუში, ზ----- ბ-------- ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.

 

მ---- ი------- ტანსაცმელი, ზ----- ბ-------- ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური