გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310019003014421
საქმე №---------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - თ--------------–---–-
წარმომადგენელი - კ-------------–-
მოპასუხე - სსიპ ქონების მართვის სააგენტო
წარმომადგენლები - ე-------------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №Q-------- გადაწყვეტილება;
1.2. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ--------------–---–--თვის, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის 99,00 კვ.მ. ფართის (0---------------) მომიჯნავედ არსებული 46 კვ.მ. მიწის ფართის აუქციონის წესით შესყიდვაზე, შემდგომში გაერთიანების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თ---–--–----------------–--–--------- მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2017 წლის 30 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია თ--------------–---–-- სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 99.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1.
უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ისნის გამგეობის 1999 წლის 03 სექტემბრის N10.24.156 გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისისი N--------- გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 30.10.2017წ. (ს.ფ. 13-14).
3.1.2. თ--------------–---–-- №Q-------- განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა ქ. თ---–--–----------------–--–-------ის მიმდებარედ მდებარე 46 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით შეძენა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №1------ გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ ქ. თ---–--–----------------–--–--------- მიმდებარედ მდებარე 46 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონით დადგენილი ფორმით განკარგვა ქონების მართვის სააგენტოს შესაძლებლად არ მიაჩნდა, ვინაიდან დაინტერესებაში არსებული ტერიტორია ვერ აკმაყოფილებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცებული ფუნქციური ზონისთვის მინიჭებული განაშენიანების რეგულირების პარამეტრებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №1------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 15).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ--------------–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი’’, 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლი კი ადგენს, რომ სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №Q-------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.
6.2. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს.
დასახელებული კანონის 1181 მუხლით კი განისაზღვრება თბილისის ქონების პრივატიზების წესი, რომლის მე-6 პუნქტის თანახმად, თბილისის ქონების აუქციონის ფორმით საკუთრების უფლებით გადაცემა ხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც მთავრობის სახელით საკუთრებაში გადასცემს თბილისის ქონებას.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულება, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება.
ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი განისაზღვრება ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის 19-72 დადგენილების შესაბამისად, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავი ქონების სააუქციონოდ მომზადება ხდება დაინტერესებული პირების განცხადების, მათ შორის ელექტრონული განცხადების საფუძველზე ან/და აუქციონატორის შეხედულებისამებრ.
6.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ--------------–---–-- №Q-------- განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა ქ. თ---–--–----------------–--–--------- მიმდებარედ მდებარე 46 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით შეძენა, თუმცა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №1------ სადავო გადაწყვეტილებით ქონების მართვის სააგენტომ შესაძლებლად არ მიიჩნია ქონების აუქციონის წესით განკარვა და მუთითა, რომ დაინტერესებაში არსებული ტერიტორია ვერ აკმაყოფილებდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცებული ფუნქციური ზონისთვის მინიჭებული განაშენიანების რეგულირების პარამეტრებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს საკუთრების უფლების ცნებასა და შინაარს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 109-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტი ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, მუნიციპალიტეტის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებული არიან, დაიცვან მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სააგენტო, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით განკარგვაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, აუქციონის ფორმით ქონების შეძენის შესახებ განცხადებების განხილვის პროცესში, მოქმედებდა, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე, რაც მას ანიჭებდა თავისუფლებას, მიეღო გადაწყვეტილება, უძრავი ქონების განკარგვის ან განკარგვაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის 19-72 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უძრავი ქონების სააუქციონოდ მომზადება დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე არის სააგენტოს უფლება და არა ვალდებულება.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზეც, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება არაერთი ფაქტორის, მათ შორის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, ფართობის, სამშენებლო განვითარებისა თუ საინვესტიციო პოტენციალის გათვალისწინებით და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, ქ. თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“, რომელიც შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების (შემდგომში – განაშენიანების ძირითადი დებულებები) მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს. 2. განაშენიანების რეგულირების წესების მიზანია დედაქალაქის ტერიტორიაზე: ა) უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესების რეგულირება; ბ) სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენა. 3. განაშენიანების რეგულირების წესები მოიცავს: ა) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს; ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობებს; გ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების განსაკუთრებულ შემთხვევებს და პირობებს; დ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობებს, მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრას და მათი ნაწილების საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრის პირობებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში და ასევე მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთები მდებარეობეს განაშენიანების რეგულირების წესების მე-15 მულხის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელ ზონაში (სზ-6), რომლის თანახმად, საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6) წარმოადგენს - მაღალი ინტენსივობის ერთგვაროვან საცხოვრებელ ქვეზონას, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. ამავე წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია კონკრეტული ფუნქციური ზონების რეგლამენტები, კერძოდ საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6) - ისთვის განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი-1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობები. ამავე დადგენილებით მითითებული ზონისათვის დადგენილია განაშენიანების რეგულირების პარამეტრები, რომლითაც დგინდება რომ მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი შეადგენს 600/700 კვ.მ-ს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება არაერთი ფაქტორის, მათ შორის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, ფართობის, სამშენებლო განვითარებისა თუ საინვესტიციო პოტენციალის გათვალისწინებითაც და სადავო 46.კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარებოს საცხოვრებელ ზონა 6-ში (სზ-6), რომლის მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ 99 კვ.მ. მიწის ნაკეთთან გაერთიანებითაც კი ვერ იქნება დაკმაყოფილებული ზემოაღნიშნული დადგენილების მოთხოვნები, გაუგებარი და დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიცია სადავო აქტის უკანონობასთან დაკავშირებით.
ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2019 წლის 29 იანვრის №1------ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სააგენტო მოქმედებდა კანონმდებლობის სრული დაცვით, მისთვის მინიჭებული/დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რის გამოც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის №1------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თამაზი გურამიშვილი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული სადავო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, თ--------------–---–-- სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ--------------–---–-- სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
მოსამართლე ლეილა გოგიშვილი