განაჩენი

სისხლის სამართლის 16.03.2020
საქმის ნომერი
330100120003449932
თარიღი
16.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/415-20

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ ნ--------------ს,ადვოკატ ნ-----------------,თარჯიმან ი--------------,ბრალდებულ ო--------------- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო--------------- (პირადი #-----------) - დაბადებულის 198- წლის 21 თ--------–-, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის თბილისში, ლ---------- დასახლება #6-ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, მ------------ ქ.#---ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ო--------------- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 19 დეკემბერს, დღის საათებში, თბილისში, მ---------------- ქ.#---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ო--------------- ფიზიკური ძალადობა განახორციელა დედის - ს------------------- მიმართ, კერძოდ, მოქაჩა თმებში და ორჯერ დაარტყა ფეხი წელის არეში, რის შედეგადაც ს------------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად, ო-------------- იმავე წლის 17 დეკემბერს, ზემოაღნიშნულ მისამართზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ს------------------- კერძოდ, უთხრა, რომ ბენზინს დაასხამდა და დაწვავდა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ო--------------- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულ ს-------------------, მოწმეების: ვ-–----------------, შ-------------, ლ---------------- და ლ--------------- გამოკითხვის ოქმებით; პაციენტის სამედიცინო ბარათით; შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია ო--------------- მიერ ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ძალადობის განხორციელების ფაქტი.

 

უტყუარადაა დადგენილი, რომ ო--------------- დედას - ს------------------ 2019 წლის 19 დეკემბერს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას 2019 წლის 17 დეკემბერს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომელთა უტყუარობა არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ რომ ო-------------- არასწორად აქვს წარდგენილი ბრალი სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით, რამდენადაც, სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261-ე, 137-ე−139-ე, 141-ე, 143-ე და 144-ე−1443 მუხლებით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ კოდექსის 1261-ე მუხლით ან რომელიმე სხვა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ რომელიმე სხვა ზემოაღნიშნულ მუხლში მოიაზრება თავად შენიშვნის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი მუხლები, მათ შორის, სსკ-ის 1261-ე მუხლი (ოჯახში ძალადობა), და არა მე-111 მუხლით გათვალისწინებული ყველა ოჯახური დანაშაული, რამდენადაც მე-111 მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტი მოიცავს ძალადობრივი ხასიათის ოჯახურ დანაშაულებს, რომელთა განმეორებით ჩადენა ქმნის არაერთგზისობის შემადგენლობას, მე-111 მუხლი კი მოიცავს სრულად იმ ოჯახურ დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელთა ჩადენისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლზე მითითებით, რომელთა შორისაა, ასევე, არაძალადობრივი ხასიათის დანაშაულები, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და ა.შ. ოჯახის წევრის მიმართ ძალადობრივი დანაშულის ჩადენისას არაერთგზისობის დადგენა არაძალადობრივი, თუნდაც ოჯახური, დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მხრიდან სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია.

 

ო-------------- წარსულში ნასამართლევია სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულისათვის, რომელსაც არ მოიცავს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტი. აღნიშნულის გამო, სასამართლო თვლის, რომ ო--------------- ქმედება სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტიდან (არაერთგზისობა) უნდა გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფითა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრციულ-სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სუბიექტიც და მსხვერპლიც ოჯახის წევრი უნდა იყოს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ქმედების ამ მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირება ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.

 

ამდენად, ო--------------- ჩაიდინა ოჯახის წევრის - დედის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის - დედის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც დედას - ს------------------ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით. შესაბამისად, ო--------------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით და სასჯელები განესაზღვროს ამ დანაშაულთათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ო--------------- ოჯახის წევრის - დაზარალებულ ს------------------- მიმართ განახორციელა სისხლის სამართლის კოდექსით სხვადასხვა მუხლებით გათვალისწინებული დამოუკიდებელი ქმედებები. ამრიგად, მისი სახით საქმე გვაქვს მოძალადესთან, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ოჯახის წევრის - დედის მიმართ, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.

 

ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ო-------------- დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რაც მას დადგენილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის განაჩენით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული წარმოადგენს იმპერატიულ მოთხოვნას, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სავალდებულოდ გაუქმდეს მის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი.

 

ამდენად, სასამართლო, ხელმძღვანელობს რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნას, როგორც სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების, ასევე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ო--------------- მიმართ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ო--------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

 

ო-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ო--------------, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ო--------------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვისა და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით და ო-------------- საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ო-------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 20 დეკემბრიდან.

 

ო--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე