განაჩენი

სისხლის სამართლის 30.03.2020
საქმის ნომერი
010100120003502893
დავის ტიპი
126 1
თარიღი
30.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100120003502893

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - თორნიკე გოგეშვილი

 

ბრალდებული - ომ----------–--ე

ადვოკატი - მამ------------ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ომ----------–--ე

მამის სახელი: ლ----ი

დაბადებული: 19.07.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 6----------

ნასამართლობა: არმქონე

მისამართი: ხელვაჩაური, სოფ. ფ----ა

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2020 წლის 03 თებერვალს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. ბათუმში, ზ. გ-----------იას ქ. N38-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს, ომ----------–--ემ ცემა ა----------–-ძე, რის შედეგადაც ა----------–-ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3. ბრალდებულმა ომ----------–--ემ დაადასტურა, რომ 2020 წლის 03 თებერვალს, ქ. ბათუმში, ზ. გ-----------იას ქ. N38-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობა განახორციელა ა----------–-ძის მიმართ, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის გამოკითხვის ოქმით.

 

4. სამედიცინო ექსპერტიზის №001081320 დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით ა----------–-ძეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარცხენა თეძოს ძვლის საპროექციოდ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

6. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ომ----------–--ემ ძალადობა განახორციელა ა----------–-ძის მიმართ, რითაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

7. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ძალადობაში; ძალადობა (სსკ-ის 126 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

9. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ომ----------–--ემ - მის მიერ განხორციელებული ქმედებებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

10. ომ----------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

11. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

12. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ომ----------–--ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ომ----------–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

13. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 15 (თხუთმეტი) საათით და საბოლოოდ, ომარ ჭაღლიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ომ----------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ასოცდათხუთმეტი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 15 (თხუთმეტი) საათით და საბოლოოდ, ომარ ჭაღლიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ოდენობით.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს და გირაოს შემტანს ლ---- ჭ-----–-ძეს პ/ნ 6---------4 კანონით დადგენილი წესით დაუბრუნდეს ომ----------–--ის გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 2.000 (ორი ათასი) ლარი. დასტური Nა 056152, სალაროს შემოსავლის ორდერი N1/34203.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი