განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/240-20
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ნინო ჩინჩალაძის მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------------------–-ა;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ---------------–---–ი (პირადი №-----------) დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–------------------------------------------------
ადვოკატი - მ------–----–---–-;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამართლდა);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, დ---------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თბილისი, გ-–---------------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ---------------–---–მა არარეგისტრირებულ მყოფი მეუღლის - მ------------–-სის მიმართ განახორციელა ძალადობა, ძლიერად მოქაჩა თმა, რა დროსაც მ------------–-სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ დ---------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლომ დ---------------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. დაზარალებულმა მ------------–-სმა სასამართლოს მოახსენა, რომ დ---------------–---–ი არის მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე, რომელთან ერთადაც დაახლოებით შვიდი წელია ცხოვრობს ქ. თბილისი, გ-–---------------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. 2019 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე დ---------------–---–ი ნასვამი დაბრუნდა სახლში, რის გამოც მათ იკამათეს. დ---------------–---–ს სიმთვრალის გამო ფეხი აერია, რა დროსაც ინერციით მისი ხელი მოხვდა თმაზე და დისკომფორტი იგრძნო, თუმცა ტკივილი არ განუცდია. მან დ---------------–---–ის გამოფხიზლების მიზნით დარეკა 112-ში. რეალურად დ---------------–---–ისგან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
3.2. პატრულ-ინსპექტორებმა დ-----------–-–---–მა და კ--------–--ემ სასამართლოს მოახსენეს, რომ ისინი 2019 წლის 18 დეკემბერს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება, რომ ქ. თბილისში, გ-–---------------------------------------------------ში ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს.ისინი გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ მ------------–-სი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მისი მეუღლე დ---------------–---–ი და მათი მცირეწლოვანი შვილი. მ------------–-სმა გასაუბრებისას განმარტა, რომ 2019 წლის 16 დეკემბერს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ---------------–---–მა მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ თმები მოქაჩა და თავი დაარტყმევინა დივანზე არსებულ ხის სახელურზე. ასევე თავში რამდენჯერმე ჩაარტყა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მათ გამოიძახეს კრიმინალური პოლიცია.
3.3. მოწმეებმა ნ------------–---–მა, რ----–-----------მა, გ------------------ემ, გ-----------–---მა და გ-------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.
3.4. 112-ში შეტყობინების №------- აქტით დასტურდება, რომ 2019 წლის 18 დეკემბერს, 20:13 საათზე მ------------–-სმა შეატყობინა 112-ს, რომ ნასვამ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი (ს.ფ. 3).
3.5. ალკოტესტით შემოწმების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს, 19:20 საათზე დ---------------–---–ს დაუფიქსირდა 3,874 პრომილი ალკოჰოლური თრობა (ს.ფ. 46-47).
3.6. №------ შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს, მეუღლის - მ------------–-სის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო დ---------------–---–ის სახელზე გაიცა შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 84-87).
3.7. ბრალდებულმა დ---------------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა, თუმცა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას აღნიშნა, რომ მას მ------------–-სისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მხოლოდ ურთიერთშელაპარაკებას ჰქონდა ადგილი.
3.8. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, დ---------------–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად.
3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ დ---------------–---–ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სისხლის სამართლის საქმეში დ---------------–---–ის მიმართ არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. დაზარალებულმა მ------------–-სმა სასამართლოს განუცხადა, რომ დ---------------–---–ის ხელი შემთხვევით მოხვდა მას, რითაც დისკომფორტი იგრძნო, თუმცა ტკივილი არ განუცდია. პატრულ-ინსპექტორების დ-----------–-–---–ისა და კ--------–--ის ჩვენებებს სასამართლო პირდაპირი ხასიათის დამოუკიდებელ მტკიცებულებებად ვერ განიხილავს, რადგან ხსენებული პირები მოცემულ საქმეზე საჭირო ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულ მ------------–-სის მოყოლის საფუძველზე. მათი ჩვენებები ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დამყარებულია მ------------–-სის ნათქვამზე, ისინი უშუალოდ არ შესწრებიან ძალადობას და არ არიან თვითმხილველი მოწმეები, ე.ი. მათი ჩვენებები ირიბია, რასაც სასამართლო ვერ გამოიყენებს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში დ-----------–-–---–ისა და კ--------–--ის ირიბი ჩვენებები არ დასტურდება ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მ------------–-სმა 2019 წლის 18 დეკემბერს ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორებს მოუყვა ორი დღის წინანდელ (16 დეკემბრის) ძალადობის ფაქტზე.
3.10. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში - ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში; ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილსა ან ტანჯვაში (რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ დ---------------–---–მა განახორციელა ძალადობრივი ქმედება, რასაც შედეგად მოჰყვა მ------------–-სის ფიზიკური ტკივილი.
3.11. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღწერილი მტკიცებულებები არასაკმარისია ოჯახში ძალადობის ჩადენაში დ---------------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.
3.12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ დ---------------–---–ის მიმართ არ არსებობს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
3.13. შესაბამისად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული დ---------------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ დ---------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.
4.2. კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს დ---------------–---–ის მიერ ძალადობის განხორციელების ფაქტზე. დაზარალებულმა მ------------–-სმა სასამართლოს განუცხადა, რომ დ---------------–---–ის ხელი ინერციით მოხვდა თმაზე, რის შედეგადაც მას ტკივილი არ განუცდია. შესაბამისად, სახეზე არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა.
4.3. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ დ---------------–---–მა ჩაიდინა ძალადობა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლის - მ------------–-სის მიმართ.
4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დ---------------–---–ის მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
4.5. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
4.6. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
4.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.
4.8. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.
4.9. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;
4.10. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
4.11. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ დ---------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ---------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
დ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
დ---------------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე