გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/10694-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2020 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - სს ”თ--–--ი”
წარმომადგენელი - თ----- ხ--------ა
მოპასუხე - მ-----ა ე-------ა
დავის საგანი - მიწოდებული ელექტრონერგიის ღირებულების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე მ-----ა ე-------ასათვის სს ”თ--–--ის” სასარგებლოდ მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების - 1 698,79 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, სს ”თ--–--ი“ და მოპასუხე იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, მოსარჩელე ამარაგებს მოპასუხეს ელექტროენერგიით, აბონენტის ნომერია №-------. მ-----ა ე-------ა ფაქტობრივად ცხოვრობს და რეგისტრირებულია სააბონენტო მისამართზე - გ--–-----ის ქუჩა №-. სარჩელის შეტანის მდგომარეობით, 2019 წლის 16 მაისისათვის მოპასუხეს ერიცხება დავალიანება - 1 698,79 ლარის ოდენობით, დავალიანება დაგროვებულია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით, 2016 წლის ოქტომბრიდან.
2016 წლის 10 ოქტომბერს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით აბონენტს ჩამოეწერა ხანდაზმული დავალიანება - 550,79 ლარი, რის შემდგომ აბონენტი აგრძელებდა ელექროენერგიის მოხმარებას. თუმცა, 2016 წლის ოქტომბრიდან აბონენტს ელექტროენერგიის ღირებულება არ გადაუხდია. 2018 წლის 26 იანვარს სს „თ--–--ისი“ დებიტორული დავალიანების კომიტეტმა აბონენტს დავალიანების ხანდაზმულობის მოტივით ჩამოაწერა - 862,86 ლარი. დავალიანებების ჩამოწერის შემდგომ მ-----ა ე-------ას სააბონენტო ნომერზე ირიცხება დავალიანება - 1 698,79 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ - 871,9 ლარის ნაწილში ცნო სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო - 826,89 ლარის ნაწილში მიუთითა დავალიანების ხანდაზმულობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „თ--–--ის“ სააბონენტო ნომერზე №------- აბონენტად რეგისტრირებულია მ-----ა ე-------ა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 18-20).
3.1.2. 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით სს „თ--–--ის“ მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის სახით დარიცხულ დავალიანებას - 871,9 ლარის ოდენობით მ-----ა ე-------ა აღიარებს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მ-----ა ე-------ას ახსნა-განმარტება (ს.ფ. 29-32).
აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 11-19).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს ”თ--–--ის” მოთხოვნა მოპასუხე მ-----ა ე-------ას მიმართ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების - 1 698,79 ლარიდან - 826,89 ლარის ოდენობით არ არის ხანდაზმული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტრენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად).
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა თითოეული პერიოდისათვის ცალ-ცალკე განიხილება და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.
მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოთხოვნის წარმოშობის დრო, მომენტი საიდანაც უნდა აითვალოს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დინება.
საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით, 2016 წლის 30 მაისის მდომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენდა - 2 150,76 ლარს, 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით აბონენტი ყოველთვიურად მოიხმარდა ელექტროენერგიას და ერიცხებოდა ხარჯი, ისევე როგორც 2019 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით. აბონენტის ბრუნვის ისტორიით დგინდება, რომ 2016 წლის 10 ოქტომბერს აბონენტს სემეკის მიერ ჩამოეწერა დავალიანება - 550 ლარის ოდენობით (რაც ასახულია ბრუნვის ისტორიაში და შემცირებულია დავალიანება შესაბამისი ოდენობით), ხოლო 2018 წლის 26 იანვარს სს „თ--–--ის“ მიერ განხორციელდა დებიტორული ვალის ჩამოწერა - 862,86 ლარის ოდენობით.
საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით, 2019 წლის 30 აპრილის მდგომარეობით მოხმარებული ელექტრონერგიის ხარჯი ფიქსირდება - 50,29 ლარი, ხოლო ამ დროისათვის მიმდინარე გადაუხდელი თანხაა - 1 648,50 ლარი, შესაბამისად, სს ”თ--–--ს” 2019 წლის 30 აპრილისათვის არსებულ დავალიანებაზე - 1 698,79 ლარზე მოთხოვნის უფლება აბონენტის მიმართ წარმოეშვა 2016 წლის მაისში კრედიტორს მოთხოვნის უფლება სადავო დავალიანებაზე უნდა გამოეყენებინა 2019 წლის მაისის ჩათვლით.
კრედიტორმა სს ”თ--–--მა” სარჩელი აღძრა 2019 წლის 16 მაისს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 130-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორმა მითითებული სადავო დავალიანების მოთხოვნაზე სარჩელი აღძრა, ხანდაზმულობის სამი წლის ვადის გასვლამდე, რის შესაბამისადაც, სს „თ--–--ის” სასარჩელო მოთხოვნა - 1 698,79 ლარი არ არის ხანდაზმული, მათ შორის - 1 698,79 ლარიდან არც - 826,89 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სს ”თ--–--ის” სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 138-ე, 144-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი.
ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას ამომწურავად არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”. აღნიშნული წესების მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილების მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.
ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).
დადგენილია, რომ მოპასუხე სს „თ--–--ის” აბონენტია. შესაბამისად, მხარეებს სს „თ--–--სა” და მოპასუხეს შორის არსებობს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის შესაბამისად, აბონენტის ვალდებულებას წარმოადგენს ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვა ყოველთვიურად ქვითარში მითითებული ვადის განმავლობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
პირის უფლება სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რა დროშიც პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს შესრულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, მაგრამ მისი შესრულება მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მისი იძულების წესით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს „თ--–--ის“ მიერ მოთხოვნილი დავალიანებიდან - 1 698,79 ლარიდან მოპასუხემ ცნო მოთხოვნა - 871.9 ლარის ნაწილში, ხოლო - 826,89 ლარის ნაწილში მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, რაც ვერ იქნა დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე (იხ. 3.2.1. პუნქტი). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----ა ე-------ა სს „თ--–--ის” მოთხოვნაზე ელექტრონერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი თანხის - 1 698,79 ლარის ოდენობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, სსკ-ის 144-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების შესრულებაზე ვერ იტყვის უარს. სს „თ--–--ის“ მოთხოვნა - 1 698,79 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი 871,9 ლარის ნაწილში, რის საფუძველზეც მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 25,68 ლარი, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 24,32 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ”თ--–--ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მ-----ა ე-------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს - 1 698,79 ლარის გადახდა.
3. მ-----ა ე-------ას მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს - 24,32 ლარის ანაზღაურება.
4. სს ”თ--–--ს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 5/10/2019 წელს საგადახდო დავალება #----- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარიდან - 25,68 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე