განაჩენი

სისხლის სამართლის 24.02.2020
საქმის ნომერი
330100119003297968
თარიღი
24.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5592-19

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

24 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - დ----------------

 

დაცვის მხარე

ადვოკატი - გ---------–---–---–-

 

ბრალდებული - მ--–-----------------------ე, დაბადებული - 1----–-–-------------- პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------------–----–------------------------------------------–-.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობის მცდელობა).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ------–-------------------–----–--------------------------------ის მიმდებარედ, ავტომანქანის გაჩერების გამო, მეზობლებს: მ--–------------ეს და ა---------–---–--–-----ეს მოუვიდათ ურთიერიშელაპარაკება, რაც გადაიზარდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულით განაწყენებულმა მ--–------------ემ, განიზრახა შური ეძია და მოეკლა ა---------–---–--–-----ე და ამ მიზნით, საქამრიდან ამოიღო შენახვისა და ტარების უფლებით გაფორმებული ,,მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ნომრით ,----------- და ა---------–---–--–-----ის განზრახ მოკვლის მიზნით, შურისძიების მოტივით, მისი მიმართულებით მოახდინა გასროლები. შემდეგ კი, მივიდა წაქცეულ ა---------–---–--–-----ესთან და იმავე ცეცხლსასროლი იარაღის ტარი რამოდენიმეჯერ ჩაარტყა თავისა და სახის არეში, რომელიც დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ-------–-------------------–----–--------------------------------ის მიმდებარედ, ავტომანქანის გაჩერების გამო, მეზობლებს: მ--–------------ეს და ა---------–---–--–-----ეს მოუვიდათ ურთიერიშელაპარაკება, რაც გადაიზარდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში. ა---------–---–--–-----ე შევიდა სახლში, გამოიტანა დანა და ემუქრებოდა ბრალდებულს სიცოცხლის მოსპობით. მ--–------------ე სთხოვდა დაეგდო დანა და თავი დაენებებინა, თუმცა ა---------–---–--–-----ე კვლავ აგრძელებდა სვლას მისი მისამართით. მ--–------------ემ საქამრიდან ამოიღო შენახვისა და ტარების უფლებით გაფორმებული ,,მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ნომრით ,----------- და ა---------–---–--–-----ის მოგერიების და თავის დაცვის მიზნით, რამდენიმეჯერ გაისროლა ძირს, ასფალტის მიმართულებით, რა დოსაც დაზარალებული წაიქცა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებული მივიდა ა---------–---–--–-----ესთან და იმავე ცეცხლსასროლი იარაღის ტარი რამოდენიმეჯერ ჩაარტყა თავისა და სახის არეში.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ--–-------------- მიერ ა---------–---–--–-----ისათვის მიყენებული დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მ--–-------------- მიერ ა---------–---–--–-----ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია

 

დაზარალებულ ა---------–---–--–-----ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს ქ-------–--–-----------------–----–------------------------------------------ში. 2019 წლის 15 სექტემბერს მისი კუთვნილი „მერსედესის“ ფირმის მანქანით გასული იყო პირად საქმეზე, თუმცა მანქანა გაუფუჭდა, რომელიც მიიყვანა და გააჩერა პირველი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე. საღამოს, დაახლოებით 19:30 საათზე, შვილთან დ--------–--–-----ესთან ერთად ჩავიდა მანქანის შესაკეთებლად ეზოში. ამ დროს ეზოში მანქანით შევიდა მეზობელი - მ--–------------ე, რომელიც მიუახლოვდა აგრესიულად და ხმამაღალი ტონით დაუწყო ყვირილი: „ჩემს ადგილზე მანქანა როგორ დააყენე, წლებია ამ ადგილზე მე ვაჩერებ მანქანასო“ და დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება: „წაგვლეკეთ თქვე ჩამოთრეულებოო“ და აგინებდა დედის მისამართით. აღნიშნულზე შეეპასუხა - ვინ არის ჩამოთრეული და ვის აგინებო, რაზეც დაუზუსტა, რომ მას აგინებდა: „შე სოფლელო, დროზე მოაშორე შენი ჯართი აქედანო“ და კვლავ აგრძელებდა გინებას. თავადაც შეაგინა და ამ დროს დაინახა, რომ მ--–------------ემ მარჯვენა ხელით შარვლის უკანა სარტყელიდან ამოიღო შავი ფერის, საშუალო ზომის პირსტოლეტი, თუმცა იარაღის ლულა მიმართული არ ყოფილა უშუალოდ მისი სხეულის მიმართულებით. იარაღის ლულა მიმართული იყო ძირს, ასფალტისაკენ. ერთ-ერთი გასროლის შემდეგ, მარცხენა მენჯში იგრძნო ძლიერი ტკივილი და ჩაიკეცა. მიხვდა, რომ დაჭრილი იყო, თუმცა ბრალდებულმა თავი არ დაანება და მიწაზე ჩაჩოქილს, თანნაქონი პირტოლეტის ტარი ძლიერად ჩაარტყა ჯერ თავში, შემდეგ კი მარცხენა თვალბუდის არეში, რის შედეგადაც თავის და თვალის არეში მიიღო დაზიანებები.

მოწმე მ--–----------–-–---–ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ შემთხვევის დროს იმყოფებოდა სახლში, გაიგონა ყვირილის და გინების ხმა, რომელშიც ამოიცნო მისი მეგობრის და მეზობლის - მ--–-------------- ხმა. სიტუაციის გარკვევის მიზნით გაემართა ეზოსაკენ, თუმცა სადაბრაზოდან გასვლამდე გაიგონა გასროლის ხმა და როდესაც სადარბაზოდან გავიდა, დაინახა რომ მ--–------------ე ისროდა ასფალტის მიმართულებით და ა---------–---–--–-----ეს უყვიროდა: „დანა დააგდე, არ მომეკაროვო.“

მოწმე ა-------------ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ საღამოს საათებში ბრუნდებოდა სამსახურიდან და სადარბაზოსთან შეჩერდა, ვინაიდან მისი ყურადღება მიიპყრო ლანძღვა-გინების ხმამ. ისმოდა, როგორც მამის - მ--–-------------- ასევე ა---------–---–--–-----ის გინების ხმა. მამის დანახვაზე ძალიან შეეშინდა და მიხვდა, რომ კონფლიქტი იყო მამასა და ა---------–ს შორის. როდესაც მამა ა---------–---–--–-----ის სადარბაზოს გასცდა, დაახლოებით ორი მეტრით, სადარბაზოდან გამოვარდა ა---------–---–--–-----ე, რომელსაც ხელში ეჭირა დიდი ზომის დანა და გაემართა მამამისის მიმართულებით. ამ დროს, მამის ხელში შენიშნა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელმაც დაუყვირა ა---------–---–--–-----ეს „დანა დააგდე არ მომეკაროვო.“ დაზარალებული მაინც არ გაჩერდა, გააგრძელა მამამისის მიმართულებით სიარული და ემუქრებოდა - „უნდა დაგკლაო“, რასაც დანის მოქნევაც მოჰყვა. მ--–------------ემ მოქნეული დანა აიცდინა და უკან დაიხია. მამაისი იძულებული გახდა ასფალტის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განეხორციელებინა, რა დროსაც დაზარალებულმა დაიძახა ,,დამჭრაო“ და წაიქცა. მ--–------------ეს მეტი აღარ გაუსვრია, დაზარალებული კი სახლში შეიყვანეს.

მოწმე ლ---------------ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 2019 წლის 15 სექტემბერს, საღამოს, დაახლოებით 19:30 საათზე, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ეზოდან შემოესმა ყვირილის და გინების ხმა. გადაიხედა ფანჯრიდან და დახვდა ასეთი სურათი: მისი მეზობელი ა---------–---–--–-----ე უყვიროდა მ--–------------ეს „შენ ნახე რას გიზამ, გადაგიწვავ მანქანას, ამ ადგილზე ვეღარასდროს გააჩერებ, სპეციალურად ყოველდღე აქ დავაყენებ მანქანას.“ ამას მოჰყვა მ--–-------------- ყვირილი „დააგდე დანა, არ მომეკარო, თორემ გესვრიო" და გაიგონა კიდეც გასროლის ხმა.

მოწმე ლ--–-----------–---–ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 2019 წლის 15 სექტემბერს იმყოფებოდა სახლში და გადაწყვიტა მაღაზიაში ჩასვლა. სადარბაზოში გამოსვლისთანავე, ეზოდან მოესმა მისი მეზობლის - მ--–-------------- ყვირილის ხმა: „დანა დააგდეო“ და გაიგონა გასროლის ხმები.

მოწმე მ----------–--ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 2019 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა მისი მეზობლის - ა---------–---–--–-----ის ყვირილი: „შენ აქ მანქანას ვეღარ გააჩერებ, ყოველდღე ჩემი მანქანა უნდა იდგეს აქ, დაგიწვავ მანქანას.“ ასევე, გაიგონა მ--–-------------- ხმა, რომელიც ა---------–---–--–-----ეს უყვიროდა: „დააგდე თორემ გესვრიო“ და სწორედ ამ დროს გაიგონა გასროლის ხმები.

2019 წლის 15 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვლიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა ქ-------–-------------------–----–--------------------------------ის მიმდებრე ტერიტორია და ქ-------–-------------------–----–----------------------------------------- რა დროსაც ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, 4 მოყვითალო ფერის ლითონის საგანი და 3 ცალი მომწვანო-მოყვითალო ფერის მასრა. ა---------–---–--–-----ის საცხოვრებელ ბინაში მე-2 საძინებელში არსებული საწოლიდან ამოღებული იქნა მუქი ლურჯი ფერის სპორტული მოსაცმელი მოწითალო ფერის ლაქებით, დაზიანებული შავი ფერის შარვალი მოწითალო ფერის ლაქებით, მოწითალო ფერის ზეწარი მოწითალო ფერის ლაქებით და ბალიშის პირი მოწითალო ფერის ლაქებით.

2019 წლის 15 სექტემბრის ბინის ჩხრეკის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა ქ-------–-------------------–----–------------------------------------------–-, რა დროსაც საძინებელ ოთახში არსებული საწოლის ლეიბის ქვეშიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის პისტოლეტი ყავისფერი ტარით. პისტოლეტზე იკითხება ნომერი O------. პისტოლეტში მოთავსებულია ერთი ცალი ცარიელი მჭიდი, რომელზეც ფიქსირდება წარწერა 3------ საწოლის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მომწვანო ფერის მოკლე მკლავიანი პერანგი, რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. ასევე, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც მარჯვენა ნაწილში, წინა და უკანა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები.

2019 წლის 17 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ მოწმე ა-------------ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში ა-------------ემ მიუთითა სადარბაზოს მოპირდაპირე მხარეს საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ასფალტის ზედაპირზე არსებულ 6 დაზიანებებზე. თითოეული დაინომრა ცარცის გამოყენებით N1, N2, N3, N4 N5 და N6 ობიექტებად. ამასთან საზომი რულეტის გამოყენებით მოხდა თითოეული მათგანის სიღრმის აზომვა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ N1, N2, N3, N4 N5 და N6 ობიექტების სიღრმე შეადგენდა დაახლოებით 1 (ერთ) სანტიმეტრს. N6 ობიექტი მდებარეობს ქ-------–-------------------–----–---------------, მეორე სადარბაზოს მოპირდაპირე მხარეს. N1 ობიექტი მდებარეობს ბ-------------–----–----- ცენტრალური ქუჩის მხარს. აღნიშნულის შემდგომ მოხდა ობიექტებს შორის არსებული მანძილის გაზომვა, რომლითაც დადგინდა, რომ N6-და და N5 ობიექტს შორის მანძილი შეადგენს 330 სმ-ს; N5-სა და N4-ს შორის მანძილი შეადგენს 350 სმ-ს; N4-სა და N3-ს შორის არსებული მანძილი შეადგენს 110 სმ-ს; N3-სა და N2-ს შორის არსებული მანძილი შეადგენს 45 სმ-ს; N2-სა და N1-ს შორის არსებული მანძილი შეადგენს 400 სმ-ს.

2019 წლის 21 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ შპს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის N----- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერების თანახმად, მოქ. ა---------–---–--–-----ეს 2019 წლის 15 სექტემბერს დაესვა დიაგნოზი: მრავლობითი ტრავმები, თავის ტვინის შერყევა, ბარძაყის თავის კიდითი მოტეხილობა, ტაბუხის ფოსოს ცეცხლნასროლი მოტეხილობა ცდომის გარეშე. წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტში მითითებულია რომ მარცხენა თეძოს ძვლის ფრთის მიდამოში აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა, თავის მიდამოში ჰემატომა და ექსკორიაციები. გამოძიების მიერ წარდგენილი მოქ. ა---------–---–--–-----ის კომპიუტერული ტომოგრაფიის ,,CD“ ჩანაწერი შესწავლილი იქნა სპეციალისტ რადიოლოგის მიერ, რომლის დასკვნითაც: წარმოდგენილ გამოსახულებებზე ძვლოვანი ტრავმული დაზიანების ნიშნები არ ისახება. ფიქსირდება მეტალის სიმკვრივის უცხო სხეული მარჯვნივ საჯდომი ძვლის ქვედა ტოტოს მედიალურად რბილ ქსოვილებში, რომლის ხანდაზმულობა მითითებულ თარიღს (15.09.2019) არ შეესაბამება (უფრო ხანდაზმულია). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული ძვლების მოტეხილობა სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მხედველობაში არ იქნა მიღებული. დაზიანებები: ცეცხლნასროლი ჭრილობის, თავის ტვინის შერყევის, ექსკორიაციების და ჰემატომის სახით ერთობლიობაში აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ჭრილობა (სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით თეძოს ფრთის მიდამოში ცეცხლნასროლი ჭრილობა) განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო ყველა სხვა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. თავის ტვინის შერყევა ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს, ხოლო ყველა სხვა დაზიანების ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტში დაზიანებების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო. წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტის ჩანაწერებით სროლის მანძილის და მიმართულების განსაზღვრა შეუძლებელია.

2019 წლის 16 სექტემბრის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის /საინფორმაციო ცენტრი (სამმართველო)/ იარაღისა და აღრიცხვის განყოფილების უფროსის გამომძიებლისადმი მიმართვით დასტურდება, რომ შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით, პირტოლეტი ნომრით O------- რეგისტირებულია მ--–-------------- (---------------- სახელზე, შენახვისა და ტარების უფლებით.

ბრალდებულმა მ--–------------ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილი კვალიფიკაციით და განმარტა, რომ დაზარალებულთან კონფლიქტის და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტს ადასტურებს, მტკიცებულებებს სადავოდ არ ხდის, მაგრამ იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ვინაიდან ა---------–---–--–-----ე შეიარაღებული იყო დანით, რომელსაც მისი მიმართულებით იქნევდა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რასაც შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეებიც ადასტურებენ და მოწოდების - ,,დაეგდო დანა“ უარყოფის შემდეგ, ის იძულებული გახდა ასფალტის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განეხორციელებინა. დაზარალებულმა არ უარყო ის გარემოებაც, რომ წაქცეულ დაზარალებულს იარაღის ტარით თავის არეში მიაყენა დაზიანებები, რაც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით წარმოადგენს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. მას რომ მოკვლის განზრახვა ჰქონოდა გასროლას მოახდენდა დამიზნებით და არა ძირს, ასფალტის მიმართულებით და განზრახვის სისრულეში მოყვანაში ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლიდა, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული უნდა იქნას, ვინაიდან აღნიშნული სრულად დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, დამაჯერებელია და არ ეწინააღმდეგება სხდომაზე გამოკვლეულ ძირითად და პირდაპირ მტკიცებულებებს - მოწმეთა ჩვენებებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.

სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ მ--–------------ესთან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა, თუმცა არა ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით, არამედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. კერძოდ, მ--–-------------- მიერ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ჩადენაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან მ--–------------ე თავს ნაწილობრივ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილი კვალიფიკაციით, სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის ყველა უდავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა მ--–------------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

შესაბამისად, ბრალდებულ მ--–-------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ბრალდებულ მ--–-------------- მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას.

კერძოდ, 2019 წლის 15 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა 5 მასრა და 4 ტყვიის ფრაგმენტი, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართული ფოტოსურათებში ჩანს, რომ ასფალტის საფარია ამოტეხილი. შესაბამისად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მასზე თანდართული ფოტოსურათებით დადასტურდა ის გარემოება, რომ ბრალდებულის მიერ გასროლა ხორციელდებოდა ნამდვილად ძირს, ასფალტის მიმართულებით. მკვლელობის განზრახვის შემთხვევაში ბრალდებული ახლო მანძილიდან ისროდა დამიზნებით, რომელსაც ხელს არაფერი უშლიდა და წაქცეულ დაზარალებულს იარაღის ტარს კი არ ჩაარტყავდა თავში, ტყვიას ესროდა და განზრახვას სისრულეში მოიყვანდა, რაც მოცემულ შემთხვევაში მ--–------------ეს არ გაუკეთებია.

2019 წლის 21 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგინდა, რომ დაზარალებულს ერთი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება თეძოს არეში, ხოლო მეორე დუნდულოს არეში, თუმცა ექსპერტიზის დასკვნითვე დადგინდა, რომ დაზარალებულის ჭრილობის მიყენების ხანდაზმულობა არ შეესაბამება 2019 წლის 15 სექტემბერს ანუ იმ დროს, როდესაც მხარეებს შორის მოხდა კონფლიქტი (უფრო ხანდაზმულია). სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო კონფლიქტის დროს ტყვიის ასფალტიდან ასხლეტის შედეგად, ბრალდებული მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, იგი თავს იცავდა, ვინაიდან დაზარალებული მისი მიმართულებით მიდიოდა დანით ხელში, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და მიუხედავად მოწოდებისა დაეგდო დანა და შეჩერებულიყო, არ ჩერდებოდა და დანის ქნევით წინ მიიწევდა - ხელყოფა იყო მართლსაწინააღმდეგო, რეალური და იმწუთიერი.

აღნიშნული გარემოება უტყუარად დადასტურდა დაცვის მიერ წარმოდგენილი და ბრალდების მხარის მიერ უდავოდ მიჩნეულ მოწმეთა: მ--–----------–-–---–ის, ა-------------ის, ლ---------------ის, ლ--–-----------–---–ის და მაია მრელაშვილის ჩვენებებით, რომლებმაც გაიგონეს ხმა თუ როგორ მოუწოდებდა ბრალდებული დაზარალებულს დანის დაგდებისკენ, მაგრამ ის არ ემორჩილებოდა.

სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედების მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისთვის შესაძლოა არსებითი მნიშვნელობა არ მიენიჭოს დამდგარ შედეგს, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩამდენი პირის განზრახვას, მის ქცევას - მიზანმიმართულ ქმედებას დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ და იმ ხელის შემშლელ გარემოებებს, რომელთა გამოც განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. ასევე, ქმედების შეფასებისას გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, თუ რა პირობებში მოხდა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, ბრალდებული არის თუ არა მარტო ქმედების ჩადენისას, შემთხვევის ადგილზე არის თუ არა სხვა პირი, ვინც შესაძლოა ბრალდებულს დახმარება აღმოუჩინოს და მიყენებული ჭრილობების რაოდენობა.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ--–------------ეს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. ასეთის არსებობის შემთხვევაში, მას ხელს არაფერი უშლიდა. მისი ქმედება არ იყო მიმართული დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, იგი თავს იცავდა და ტყვიები გაისროლა ძირს, ასფალტის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ მას დამიზნებით გასროლის განხორციელების საშუალება ჰქონდა და ამაში ხელს არაფერი უშლიდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ მ--–-------------- მიერ ჩადენილია ა---------–---–--–-----ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - წაქცეული დაზარალებულისათვის ბრალდებულის მიერ თავის არეში იარაღის ტარით მიყენებული დაზიანებები თავის ტვინის შერყევის, ექსკორიაციების და ჰემატომის სახით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ერთობლიობაში აღებული მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

ქმედების გადაკვალიფიცირების ეს შემთხვევა შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ბრალდების უცვლელობის პრინციპთან, რომლის თანახმადაც, ბრალდებულს სათანადოდ და სრულად უნდა ეცნობოს ბრალდების შესახებ, ბრალდების ცვლილების ჩათვლით. ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარგანჭვრეტადია, როდესაც ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია (დე სალვადორ ტორესი ესპანეთის წინააღმდეგ (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 33; იუჰა ნუუტინენი ფინეთის წინააღმდეგ (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no. 45830/99 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32) და ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება, სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება, როგორც მოქმედებაში ისე უმოქმედობაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედებამ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. სუბიექტური მხრივ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია დაზარალებულ ა---------–---–--–-----ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების ფაქტი (დაზიანების სიმძიმე დადგენილი იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით) და მ--–-------------- ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, რასაც თავად ბრალდებულიც არ უარყოფს.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76).

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი (უდავო) მტკიცებულებები საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ გამოძიებაში მიცემული (უდავო) ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ (უდავო) წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე უდავოდ ცნობილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა მ--–-------------- მიერ სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ--–-------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ დაზარალებულებზე მიყენებული მატერიალური ზიანი ანაზღაურებულია და შერიგებულია მასთან, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას დაცვა სჭირდება. როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან, რასაკვირველია, ცივილიზებული ფორმებით.

სასამართლო ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი ჯარიმის სახით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: მოწითალო ლაქის ანაწმენდი დოლბანდზე საკონტროლო ანაწმენდთან ერთად „01“ პაკეტად; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნატეხი „01“ პაკეტად; ბრალდებულ მ--–--------------გან აღებული ანაწმენდის და ნერწყვის ნიმუშები „02“ პაკეტად; დაზარალებულ ა---------–---–--–-----ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში „01“ პაკეტად და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუშები „01“ პაკეტად, რომელიც ინახება შ-----------–---------–-–---------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხუთი ცალი მასრა და ოთხი ცალი ლითონის საგანი (ტყვია) „01“ პაკეტად და მ--–-------------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი პისტოლეტი ნომრით ,----------- და ცარიელი მჭიდით „01“ პაკეტად, რომლებიც ინახება შ-----------–---------–-–---------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, შემდგომი რეაგირებისათვის უნდა გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი სპორტული ზედა მოწითალო ლაქებით, ერთი ცალი შარვალი, მასზე არსებული დაზიანებებით და მოწითალო ლაქებით „01“ პაკეტად, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ზეწარი და ერთი ცალი ბალიშის შემოსაკრავი, მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით „01“ პაკეტად, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- მ--–-------------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული მომწვანო ფერის პერანგი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი მოწითალო ფერის ლაქებით „01“ პაკეტად, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- მ-----–---------–-------------–-------------------------------–-----დან ამოღებული ა---------–---–--–-----ის ერთი ცალი საცვალი „01“ პაკეტად, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- შპს „მ-----–---------–-------------–---------–-------------------------------–------ რენდგენო ფირი, რომელიც ინახება შ-----------–---------–-–---------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- 03 (სამი) ცალი დისკი, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--–-------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

2. მ--–------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2020 წლის 14 იანვარს ჩათვლით), შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, მ--–------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, მ--–------------ეს 01 (ერთი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შენახვის და ტარების უფლება, რის თაობაზეც ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოროს შესაბამის სამსახურს.

4. მ--–-------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

5. ნივთმტკიცება:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: მოწითალო ლაქის ანაწმენდი დოლბანდზე საკონტროლო ანაწმენდთან ერთად „01“ პაკეტად; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნატეხი „01“ პაკეტად; ბრალდებულ მ--–--------------გან აღებული ანაწმენდის და ნერწყვის ნიმუშები „02“ პაკეტად; დაზარალებულ ა---------–---–--–-----ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში „01“ პაკეტად და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუშები „01“ პაკეტად, რომელიც ინახება შ-----------–---------–-–---------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხუთი ცალი მასრა და ოთხი ცალი ლითონის საგანი (ტყვია) „01“ პაკეტად და მ--–-------------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი პისტოლეტი ნომრით ,----------- და ცარიელი მჭიდით „01“ პაკეტად, რომლებიც ინახება შ-----------–---------–-–---------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი სპორტული ზედა მოწითალო ლაქებით, ერთი ცალი შარვალი, მასზე არსებული დაზიანებებით და მოწითალო ლაქებით „01“ პაკეტად, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ზეწარი და ერთი ცალი ბალიშის შემოსაკრავი, მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით „01“ პაკეტად, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- მ--–-------------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული მომწვანო ფერის პერანგი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი მოწითალო ფერის ლაქებით „01“ პაკეტად, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- მ-----–---------–-------------–-------------------------------–-----დან ამოღებული ა---------–---–--–-----ის ერთი ცალი საცვალი „01“ პაკეტად, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- შპს „მ-----–---------–-------------–---------–-------------------------------–------ რენდგენო ფირი, რომელიც ინახება შ-----------–---------–-–---------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- 03 (სამი) ცალი დისკი, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი