განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/554-20
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – მ-----–---------
ადვოკატის - გ-------------------
ბრალდებულ – ი----------------
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ი------------------------------ დაბადებულის - 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ჭ------------------------–-----–--------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–---------------–------------–---------------------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ი---------------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: 1) სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი) და 2) სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 23 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისი, გ-–--------------------------–------------------ს სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ი---------------მ ურთიერთშელაპარაკებისას ა----–----------–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თავი ჩაარტყა შუბლში, მოქაჩა თმები, მობილური ტელეფონი დაარტყა ხელის მტევანზე და ხელი წაუჭირა ყელზე, რა დროსაც ა----–----------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დღეს, ი--------------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა----–----------–-–---–ს. კერძოდ, უთხრა რომ ყელს გამოჭრიდა, რაც ა----–----------–-–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის დეკემბრის დასაწყისში, ქ. თბილისში, თ-------------–- არსებული სახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ი---------------მ ურთიერთშელაპარაკებისას ა----–----------–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, სახის არეში გაარტყა ხელი, რა დროსაც ა----–----------–-–---–ს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ჩადენილი ქმედებისათვის, ი--------------- 2019 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ბრალდებულმა ი---------------მ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები, ა----–----------–-–---–ის ვიზუალური დათვალიერების ოქმი და მიმოწერის ამსახველი სკრინშოტები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ი---------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ი---------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ი---------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ი---------------ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 4200 (ოთხი ათას ორასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4200 (ოთხი ათას ორასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 29 დეკემბრიდან 2019 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით), შეუმცირდეს და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. ი---------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი