გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2020
საქმის ნომერი
190210019002929903
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/561-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი 2020წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი სალომე არევაძე

მოსარჩელე სს "ლ--------------ი"

წარმომადგენელი ნინო ქოჩიაშვილი

მოპასუხე თ---------- მ-------ე

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. თ---------- მ-------ისათვის 2895.38 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 1330.4 ლარი, პროცენტი 899.61 ლარი, პირგასამტეხლო 665.37 ლარი.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2017 წლის 3 აგვისტოს სს „ლ-------------სა“ და თ---------- მ-------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება (ლიბერთი ექსპრესი) რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 1500 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა- 24 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 68%, პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,4%. კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებულია ყოველთვიურად 115.85 ლარის გადახდით.

 

მოპასუხეს კრედიტის დაბრუნების ვალდებულება 2018 წლის 5 თებერვლის შემდეგ არ შეუსრულებია. მისი დავალიანებაა 2895.38 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1330.4 ლარი, პროცენტი 899.61 ლარი, პირგასამტეხლო 665.37 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე თ---------- მ-------ემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ყოველთვიურად იხდიდა კრედიტს. 2018 წლის იანვარში ბანკს წერილობით მიმართა და მოითხოვა ფინანსური სირთულეების გამო სესხის რესტრუქტურიზაცია და დაბრუნების ვადის 30 თვემდე გაგრძელება. ბანკისგან პასუხი არ მიუღია, რითიც ბანკმა უარი განაცხადა კრედიტის დაბრუნების ხელშეწყობაზე. მოპასუხის განმარტებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლო მუშაობა და მცირე მეწარმეობის გაგრძელება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.2017 წლის 3 აგვისტოს სს „ლ-------------სა“ და თ---------- მ-------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება (ლიბერთი ექსპრესი), რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 1500 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა 24 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 68%, პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირითადი თანხის 0,41%. კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებულია ყოველთვიურად 115.85 ლარის გადახდით. კრედიტი მოპასუხეს სრულად უნდა დაებრუნებინა 2019 წლის 5 აგვისტოს. პროცენტის სახით უნდა გადაეხადა ჯამურად 1288.01 ლარი.

ხელშეკრულების პირობები შეთანხმებული ამხარეებს შორის დადებული ინდივიდუალური ხელშეკრულებით, ასევე კრედიტის ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით, რომელიც დამტკიცებულია სს ლ-------------ის დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით და ამოქმედებულია 2017 წლის 12 ივლისიდან. სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების N1 დანართით (მომსახურების ტარიფები) არის გათვალისწინებული კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადცილებულ დღეზე გადასახდელი ძირითადი თანხის 0,41% .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-35. ტომი 1)

 

3.1.4. თ---------- მ-------ე საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკის მიხედვით თანხას იხდიდა 2018 წლის 3 იანვრამდე, რის შემდეგ კრედიტის დაბრუნების მიზნით თანხა არ გადაუხდია. მოპასუხის დავალიანებაა ძირითადი თანხა 1330.4 ლარი, პროცენტი 899.61 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 665.37 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 37. ტომი 1)

– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 36. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 61-67. ტომი 1)

 

3.1.3. თ---------- მ-------ემ 2018 წლის 17 იანვარს სს „ლ-------------ს“ წერილობით მიმართა და მოითხოვა დარჩენილი დავალიანების 1330.40 ლარის განაწილება 48 თვეზე. მხარეებს შორის არ დადებულა შეთანხმება საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადების ასლი (ს.ფ. 88. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები მხარეებს შორის სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების შესრულება. მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 625-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 873-ე, 401-ე, 417–ე, 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 419-ე, 420–ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სადაო ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის 2017 წლის 3 აგვისტოს მოქმედი რედაქციის მიხედვით, 1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. 2. თუ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთისა და მისი სიდიდის განსაზღვრა შეეძლო კრედიტის გამცემს, იგი ვალდებულია ეს განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე; იგი ასევე მოვალეა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას შეუსაბამოს თავისი საპროცენტო განაკვეთი. 3. პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს. 4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვარი და ცვლილებათა მინიმალური შუალედი. 5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ. 6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი. თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება. 7. საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. 8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე 100 000 (ასი ათას) ლარამდე საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული საბანკო კრედიტი.

 

ამ ნორმის მიხედვით, საკრედიტო ურთიერთობაში სესხის პროცენტი უნდა განისაზღვროს 625-ე მუხლის მიხედვით.

 

625-ე მუხლის 2017 წლის 3 აგვისტოს მოქმედი რედაქციის მიხედვით, 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს ??????????? ???????? ?????? ????????? ?????????? ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად, 1000 ლარამდე უზრუნველყოფილ სესხზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე. 5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. 6. ამ მუხლის მიზნებისათვის „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ განიმარტება ??????????? ???????? ?????? ????????????? ????? . 7. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე 100 000 (ასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი. 8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში გამსესხებელს ეკრძალება, მის მიერ გაცემული სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ან სესხის მომხმარებლის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ, ამ კოდექსით დადგენილი წესით დაფარვის შემთხვევაში მომხმარებელს დააკისროს წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად არის წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, რომელიც სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 2 პროცენტს აღემატება.

 

საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტის დაბრუნების ვალდებულება მსესხებელს ჯეროვნად არა აქვს შესრულებული. სადაო არ არის, რომ მოპასუხემ საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დაცვით კრედიტი არ დააბრუნა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმის მიხედვით ვალდებულ პირს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული.

 

საკრედიტო ხელშეკრულების დადებით მოპასუხეს წარმოეშვა ბანკისათვის თანხის დაბრუნების ვალდებულება, რაც სესხად მიღებულ თანხას და სარგებლის თანხას მოიცავს. ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოპასუხემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ კრედიტი არ დაუბრუნებია, თუმცა არ დასტურება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების შემთხვევაში განისაზღვრება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პროცენტი არის სარგებელი ფულადი თანხებით სარგებლობისათვის. პროცენტი წარმოადგენს ნასესხები ძირითადი თანხის სარგებელს, რომელიც პირგასამტეხლოსაგან განსხვავებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უპირობოდ შესასრულებელი ვალდებულებაა. პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა. ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. სასყიდლიან სესხის ხელშეკრულებაში პროცენტის გადახდა მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტით საპროცენტო განაკვეთი განმატებულია, როგორც საკრედიტო ან სადეპოზიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ან ინდექსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდის მანძილზე.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 876-ე მუხლის საფუძველზე საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი ხელშეკრულებაა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული წესების საფუძველზე საკრედიტო ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს კრედიტის გაცემის და კრედიტით სარგებლობის ფინანსური ხარჯების ანაზღაურების საკითხებს. ამდენად, სარგებლიანი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოვალე ვალდებულია დააბრუნოს არა მარტო მიღებული კრედიტის თანხა, არამედ კრედიტორს უნდა გადაუხადოს ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი. ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულების შესასრულებლად გადახდილი თანხით მხოლოდ ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება არ სრულდება და ამ თანხით ძირითად თანხასთან ერთად პროცენტიც მცირდება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლისათვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს მოპასუხის ის განმარტება, რომ ბანკმა მისი მოთხოვნა უგულებელყო და არ გაუგრძელა კრედიტის დაბრუნების ვადა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარი შემთხვევაში ძალაში რჩება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდის ვალდებულება, ხოლო ზემოთმითითებული გარემოება შეიძლება საფუძვლად დაედოს დამატებითი პასუხისმგებლობის – პირგასამტეხლოს საფუძვლიანობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

873-ე მუხლის მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა კრედიტის დაბრუნების ვადების დარღვევის გამო. ბანკმა სარჩელი აღძრა 2019 წლის 4 აპრილს, ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების შესრულების ვადის გასვლამდე, რადგან კრედიტის დაბრუნების საბოლოო ვადა იყო 2019 წლის 3 აგვისტო. მოსარჩელის მოთხოვნა თავისი შინაარსით არის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და შეწყვეტის გამო მოვალისაგან კრედიტის დაბრუნების მოთხოვნა. ხელშეკრულების მიხედვით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მოვალეს ეკისრება სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდა.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროთ ასევე პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

საკრედიტო ხელშეკრულებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,41%-ს. სარჩელით მოთხოვნილია სარჩელის აღძვრამდე პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრება 665.37 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება.

 

პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შემდეგ. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ხელშეკრულებაში მისი განსაზღვრის მიზანია კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ მოხდენა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია არა მარტო რაოდენობრივი კრიტერიუმი (მაგალითად დიდი თანხა), არამედ საქმის გარემოებებისადმი პირგასამტეხლოს შეუსაბამობა. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს განსაზღვრის მთავარი დანიშნულებაა ვალდებულების დარღვევის პრევენცია, მოვალეზე „ზეწოლა“, რათა მომავალში ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით მოვალემ მიიღოს ზომები ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის. ვალდებულების დარღვევის შემდეგ პირგასამტეხლო იძენს ასევე ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციას, რადგან ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობის გამო მას პრევენციის მნიშვნელობა აღარ აქვს. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის დროს შესაძლოა სასამართლოს შეფასების საგანი გახდეს ვალდებულების გარემოებებისადმი შესაბამისი გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოა თუ არა მოთხოვნილი. პირგასამტეხლოს გონივრულობისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოვალეს არ დაეკისროს იმ ოდენობის ფინანსური სანქცია, რაც ვალდებულების შესრულებას გაართულებს და მოვალეს მძიმე ტვირთად დააწვება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს მინიჭებული აქვს სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევის საგამონაკლისო უფლება, რომლის მიზანია მხარეთა უფლებრივი თანაზომიერების პრინციპი დაცვა. ნორმის მიზანია თუნდაც ვალდებულების დამრღვევი მხარის დაცვა გადაჭარბებული პასუხისმგებლობისაგან. ამასთან, პირგასამტეხლოს შემცირების მიზანი არ არის მოვალისათვის სიმბოლური პასუხისმგებლობის დაკისრება. პირგასამტეხლოს შემცირების მიზანია მხარეთა მართლზომიერ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა და ვალდებულების დარღვევის გამო მოვალისათვის გონივრული პასუხისმგებლობის დაკისრება და კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის მინიმალურად ანაზღაურება.

 

პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასების დროს გასათვალისწინებელია ვალდებულების დარღვევის გარემოებები, ვადაგადაცილების ხანგრძლივობა, შესასრულებელი ფულადი ვალდებულების და თავდაპირველად ნაკისრი ვალდებულების მოცულობა. შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვნად ანუ ნაწილობრივ შესრულება შეიძლება გათვალისწინებული იქნას პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლად და ასეთ შემთხვევაში მოვალეს შეიძლება დაეკისროს იმაზე ნაკლები პირგასამტეხლო, ვიდრე ვალებულების საერთოდ შეუსრულებლობის პირობებში. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი შეიძლება იყო ყველა ის ობიექტური გარემოება, რამაც მოვალეს ვალებულების შესრულებაში დაბრკოლება შეუქმნა, მაგალითად რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა, მატერიალური მდგომარეობის გაუარესება. ოჯახური მდგომარეობა.

 

ამ შემთხვევაში მოვალე გარკვეული დროის განმავლობაში ასრულებდა კრედიტის დაბრუნების ვალდებულებას, თანხის გადახდა შეწყვიტა 2018 წლის თებერვლიდან, ხოლო მორიგი გადახდის ვადის დადგომამდე მოითხოვა სესხის ვადის გახანგრძლივება, რაც მიუთითებს მოვალის მიერ ვალდებულების მიმართ გულისხმიერ და კეთილსინდისიერ დამოუკიდებულებაზე. ამასთან, მოსარჩელეს ამჟამად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაძნელებული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, ეს გარემოებები კი ერთობლიობაში პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეში ძირითადი თანხის დავალიანების 0.07%-ით, რაც დღეში 0.93 ლარს შეადგენს. მოპასუხემ ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილა 2018 წლის 5 თებერვლიდან, ხოლო პირგასამტეხლო გაანგარიშებულია 2019 წლის 28 მარტამდე პერიოდში, რაც 416 ვადაგადაცილებული დღეა და ამ პერიოდში გადასახდელი პირგასამტეხლოა 386.88 ლარი.

 

ამდენად, მოპასუხის მიერ გადასახდელია ძირითადი თანხა 1330.4 ლარი, პროცენტი 899.61 ლარი და პირგასამტეხლო 386.88 ლარი, ჯამურად 2616,89 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ ნორმის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „ლ-------------ის“ სარჩელი;

 

1.1. თ---------- მ-------ეს დაეკისროს სს ლ-------------ისათვის 2616.89 ლარის გადახდა;

1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 278.49 ლარის დაკისრების შესახებ;

 

2. თ---------- მ-------ეს დაეკისროს სს „ლ-------------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 50 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი