გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2020
საქმის ნომერი
010210017002166258
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
27.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010210017002166258

N2-4288/17.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე როინ კახიძე

სხდომის მდივანი თენგიზ ბოლქვაძე

მოსარჩელე - ქ------–-----------–----–---------------.

წარმომადგენელი -თ------------, ს---–---------–---.

მოპასუხე - შპს „მ-----“

წარმომადგენელი -ა-–------------------–-–---–-, ვ-–------------------.

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე შპს „მ-----ს“ ქ------–-----------–----–---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 31 მარტის №67 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევის გამო პირგასამტეხლო 46 364.43 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

 

2016 წლის 31 მარტს ქ------–-----------–----–-------------------- და შპს „მ-----ს“ შორის გაფორმებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №67, რომლითაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება სოფელ ხ--–------ წყალსადენი სისტემის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე. შესრულების ვადად განისაზღვრა 240 დღე, ნებართვის მიღებიდან, შესრულება უნდა განხორციელებულიყო 8 ეტაპად, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. თანხმობა მშენებლობის დაწყების თაობაზე გაეცა 2016 წლის 06 მაისს.

ორგანიზაციამ ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად უზრუნველყო პირველი - შვიდი ეტაპის ჩათვლით სამუშაოების დადგენილ დროში წარმოება, რაც შეეხება მერვე ეტაპს აღნიშნულის შესრულების ვადად განსაზღვრული იყო 31 დეკემბერი, რა დროშიც ვერ განახორციელა სამუშაოების დასრულება. ორგანიზაციამ ორჯერ 2017 წლის 27 იანვარს და ამავე წლის 6 თებერვალს შემოიტანა დოკუმენტაცია დასრულების თაობაზე, თუმცა გ--------- ტექნიკური ზედამხედველის მიერ არ იქნა დადასტურებული შესრულებული სამუშაოები. მხოლოდ 24 თებერვალს იქნა წარმოდგენილი შესრულება, რომელიც იქნა დადასტურებული თუმცა 55 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 11.3.1 პუნქტის შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს ეტაპის ღირებულების 0.5% ოდენობით.

ეტაპის ღირებულება შეადგენდა 168 897.91*0.5%*55=46 364.43 ლარს, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის განმარტებით, მართალია შპს „მ-----სა“ და მოსარჩელეს შორის 2016 წლის 31 მარტს დადებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №67, რომლითაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შეესრულებინა ქ------–----- მ----–----–-------- სოფელ ხ--–------ წყალსადენი სისტემის მოწყობის სამუშაოები 8 ეტაპად, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბერი და მითითებულ ვადაში ვერ განხორციელდა სამუშაოების შესრულება, თუმცა ამ მიმართულებით შპს „მ-----ს“ დადანაშაულება უსაფუძლოა ვინაიდან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო სუბიექტური და ობიექტური გარემოებებით კერძოდ, მე-8 ეტაპის სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობა ერთის მხრივ გამოწვეული იყო 2016 წლის 31 მარტს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №67 ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების, ხოლო მეორეს მხრივ რთული მეტეროლოგიური პირობებისა და ადგილმდებარეობის გამო. 2016 წლის 31 მარტის №67 ხელშეკრულებაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომლებიც შევიდა 2016 წლის 25 აპრილს, 2016 წლის 23 ივნისს, 2016 წლის 4 ივლისს, 2016 წლის 31 აგვისტოს, 2016 წლის 1 ნოემბერს, 2016 წლის 16 დეკემბერს და 2016 წლის 29 დეკემბერს, გარკვეული დრო წაიღო რითაც მოპასუხეს ხელი შეეშალა დროულად დაესრულებია სამუშაოები. სამუშაოების შესრულებაში ხელი შეუშალა სამუშაო უბანზე არსებულმა რთულმა მეტეროლოგიურმა პირობებმა. კერძოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მე-8 ეტაპი ითვალისწინებდა ასფალტის საფარის დაგებას რის განხორციელებაც თოვლის გამო შეუძლებელი იყო. უხვმა ნალექმა/თოვლმა, „უდიდესი“ გავლენა მოახდინა შესასრულებელი სამუშაოების განხორციელებაზე და საბოლოოდ მის დასრულებაზე. ფაქტიურად შეუძლებელი გახდა სამუშაოების ჩატარება. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად კი - „თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდომარეობით ან/და მხარეების ხელშეკრულების შესრულების პროცესში წააწყდებიან ისეთ ხელშემშლელ გარემოებებს, რომელიც გამოწვეულია მათგან დამოუკიდებელი სხვა ობიექტური მიზეზით თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან“. მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №67 ხელშეკრულების 11.2 პუნქტის თანახმად შემსყიდველი კისრულობს პასუხისმგებლობას ხელშეკრულების პირობების 7.2, 7.3 და 7.4 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადების დარღვევისთვის გადაუხადოს პირგასამტეხლოს სახით მიმწოდებელს ვადაგადაცილებული თანხის 0.1 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ამავე ხელშეკრულების 11.3.1 პუნქტის თანახმად კი იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი ყოველი ეტაპის შესრულების ვადას გადააცილებს შესაბამისი ეტაპის დასრულების ვადას, დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კონკრეტული (ვადაგადაცილებული) ეტაპის ღირებულების 0.5 % ოდენობით. აღნიშნული მხარეებს აყენებს არათანაბარ მდგომარეობაში. როგორც მოპასუხე განმარტავს პირგასმატეხლოს ოდენობა რომელსაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხეზე დასაკისრებლად შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. შპს „მ------“ და მოსარჩელეს შორის 2016 წლის 31 მარტს დადებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №67, რომლითაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შეესრულებინა ქ------–----- მ----–----–-------- სოფელ ხ--–------ წყალსადენი სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა რვა ეტაპად, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბერი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 31 მარტის ხელშეკრულება;

 

3.1.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 31 მარტის №67 ხელშეკრულების 3.1. მუხლით სამუშაოების შესრულება განხორციელდებოდა ეტაპობრივად („ეტაპი“-იგულისხმება 30 კალენდარული დღე). ეტაპის სამუშაობის შესრულების წარდგენა განისაზღვრა შემდეგნაირად:

I ეტაპი -არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა;

II ეტაპი -არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა;

III ეტაპი -არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა;

IV ეტაპი -არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 15%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა;

V ეტაპი -არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 15%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა;

VI ეტაპი -არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 15%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა;

VII ეტაპი -არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 15%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა;

VIII ეტაპი -არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 15%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა;

 

მიმწოდებულია ვალდებულია 30 კალენდარული დღის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ წარადგინოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ფორმა №2);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 31 მარტის ხელშეკრულება;

 

3.1.3.სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 31 მარტის №67 ხელშეკრულების 3.2. მუხლით ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები უნდა დაიწყოს მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემის დღიდან 5 დღის განმავლობაში. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 240 კალენდარული დღე მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემიდან.

 

მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ თანხმმობა/ნებართვა მშენებლობის დაწყების თაობაზე შპს „მ-------“ გაიცა 2016 წლის 6 მაისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 31 მარტის ხელშეკრულება;

-ქ------–----- მ----–----–-------- გ--------- 2016 წლის 6 მაისის ნებართვა;

 

3.1.4. მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ 2016 წლის 31 მარტს დადებულ №67 ხელშეკრულებაში, რომელიც წარმოადგენს ძირითად ხელშეკრულებას, განხორციელებული იქნა ცვლილებები. კერძოდ:

- 2016 წლის 22 ივნისს შპს „მ-----მ“ მიმართა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №67 ხელშეკრულების შესრულების კონტროლის მიზნით შექმნილი კონტროლის ჯგუფს, ხელშეკრულებაში კორექტირების შეტანის შესახებ, რის თაობაზეც კონტროლის ჯგუფის მიერ 2016 წლის 23 ივნისს შედგენილ იქნა მოხსენებითი ბარათი ქ------–----- მ----–----–-------- გ------–-- სახელზე და რომლის საფუძველზეც 2016 წლის 23 ივნისს მხარეებს შორის დადებულ იქნა შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

- შპს „მ-----ს“ 2016 წლის 28 ივნისის წერილისა და სახელმწიფო შესყიდვების შეახებ №67 ხელშეკრულების კონტროლის ჯგუფის 2016 წლის 4 ივლისის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე 2016 წლის 4 ივლისს მხარეებს შორის დადებული იქნა მორიგი შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

- შემდეგი ცვლილება რომელიც განხორციელდა იყო შპს „მ-----ს“ 2016 წლის 24 აგვისტოს წერილისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №67 ხელშეკრულების კონტროლის ჯგუფის 2016 წლის 31 აგვისტოს მოხსენებითი ბარათის საფუძველზე 2016 წლის 31 აგვისტოს მხარეებს შორის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ დადებული შეთანხმება.

- შპს „მ-----ს“ 2016 წლის 24 ოქტომბერის წერილისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №67 ხელშეკრულების კონტროლის ჯგუფის მიერ 2016 წლის 28 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე 2016 წლის 01 ნოემბერს ხელშეკრულება №67-ში მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ძირითად ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა კიდევ ერთი ცვლილება.

- შპს „მ-----ს“ 2016 წლის 06 დეკემბრის წერილისა და სახელმწიფო შესყიდვების შეახებ №67 ხელშეკრულების კონტროლის ჯგუფის 2016 წლის 06 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე 2016 წლის 16 დეკემბერს მხარეებს შორის დადებული იქნა მორიგი შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

- ბოლო ცვლილება რომელიც შევიდა ძირითად ხელშეკრულებაში იყო შპს „მ-----ს“ 2016 წლის 26 დეკემბრის წერილისა და სახელმწიფო შესყიდვების შეახებ №67 ხელშეკრულების კონტროლის ჯგუფის 2016 წლის 29 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე 2016 წლის 29 დეკემბერს მხარეებს შორის დადებული შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2016 წლის 23 ივნისის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

-2016 წლის 4 ივლისის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

-2016 წლის 31 აგვისტოს შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

-2016 წლის 01 ნოემბერის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

-2016 წლის 16 დეკემბერის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

- 2016 წლის 29 დეკემბრის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №67 ხელშეკრულების შესრულების კონტროლის მიზნით შექმნილი კონტროლის ჯგუფის მოხსენებითი ბარათები;

 

3.1.5 ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, კერძოდ ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების 11.3.1 პუნქტით განსაზღვრული იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, კერძოდ: იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი ყოველი ეტაპის შესრულების ვადას გადააცილებს შესაბამისი ეტაპის დასრულების ვადას, დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კონკრეტული (ვადაგადაცილებული) ეტაპის ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 31 მარტის ხელშეკრულება;

 

3.1.6. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ შპს „მ------“ ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად უზრუნველყო პირველი შვიდი ეტაპის ჩათვლის სამუშაოების დადგენილ დროში წარმოება.

 

ასევე მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მერვე ეტაპის შესრულების ვადად განსაზღვრული იყო 2016 წლის 31 დეკემბერი, რა დროშიც ვერ განხორციელდა სამუშაოების დასრულება. შპს „მ------“ ორჯერ 2017 წლის 27 იანვარს და 2017 წლის 6 თებერვალს წარადგინა მერიაში დოკუმენტაცია სამუშაოების დასრულების თაობაზე, თუმცა მოსარჩელის მიერ არ იქნა დადასტურებული შესრულებული სამუშაოები. 2017 წლის 24 თებერვალს იქნა წარდგენილი სამუშაოების შესრულება, რომელიც დადასტურებული იქნა ქ------–----- მ----–----–-------- გ--------- მიერ და გადახდილი იქნა შესაბამისი ღირებულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 31 მარტის ხელშეკრულება;

-მიღება-ჩაბარების აქტი;

-მხარეთა განმარტებები;

 

3.1.7. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი 2016 წლის 31 მარტს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №67 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისთვის ვადას არ გაუგრძელებდნენ, რის გამოც არ მიუმართავს ვადის გაგრძელებისთვის ქ------–-----------–----–--------------------თვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 31 მარტის ხელშეკრულება;

-მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

3.1.8. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №67 ხელშეკრულების 9.2. მუხლით თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.

 

ხელშეკრულების 11.5 მუხლით განისაზღვრა მხაარეების გათავისუფლება პასუხისმგებლობისაგან, რომლის 11.5.1 მუხლით, თუ ხელკშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდგომარეობით ან/და მხარეები ხელშეკრულების შესრულების პროცესში წააწყდებიან ისეთ ხელშემშლელ გარემოებებს, რომელიც გამოწვეულია მათგან დამოუკიდებელი სხვა ობიექტური მიზეზებით. 11.5.2 მუხლით კი, იმ მხარე, რომელიც ხელშეკრულების 11.5.1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, ვალდებულია დაუყონებლივ წერილობით აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამომწვევი მიზეზებისა და მისი შესაძლო ხანგრძლივობის შესახებ, ხოლო შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 დღისა წარადგინოს ცნობა შესაბამისი კომპეტენტური ორგანიზაციიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც დაადასტურებს წერილში მოყვანილ გარემოებებს.

 

მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ შპს „მ-----“ წერილობით არ მიუმართავს ქ------–-----------–----–--------------------თვის რთული მეტეროლოგიური პირობებისა (თოვლის საფარის) და ადგილმდებარეობის გამო სამუშაობის შესრულების ხელშეშლის და სამუშაოების ვერ შესრულების თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 31 მარტის ხელშეკრულება;

-მხარეთა განმარტებები;

 

3.1.9. მხარეები არ დაობენ მასზედ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №67 ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ როდის უნდა გაცემულიყო მშენებლობის ნებართვა/თანხმობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 31 მარტის ხელშეკრულება;

-მხარეთა განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს შორის სადაოა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებსთან და ფორსმაჟორთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. ასევე მხარეთა შორის სადაოა პირგასამტეხლოს გონივრულობა. დადგენილია და მხარეებიც არ დაობენ მასზედ, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა გონივრული, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

 

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ფორს-მაჟორის დადგენა და ვისი მოქმედების გამო ვერ შესრულდა მხარეთა შორის შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

 

3.2.3. მხარეებს შორის ერთ-ერთი სადაო გარემოებაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საკითხი. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა. მოპასუხე ამტკიცებს, რომ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ადმინისტრაციული ორგანოების ბრალეული ქმედებით. მშენებლობის ნებართვა გაცემული იქნა 2016 წლის მაისის თვეში, ხოლო ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის 31 მარტს და შესაბამისად შპს „მ------“ დაკარგა სამუშაოს შესრულებისათვის ერთი თვე (აპრილის თვე), მოპასუხე ასევე ამტკიცებს, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და შემდგომ დამტკიცება, მოითხოვდა გარკვეულ დროს და რომ არ მომხდარიყო ცვლილებები, მოთხოვნის გაჭიანურება მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებას შეასრულებდა დადგენილ ვადაში, სწორედ ამ გარემოებებმა გამოიწვია ვალდებულების შეუსრულებლობა.

 

ფაქტობრივად ორივე მონაწილე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. თუ ერთი მხარე ამტკიცებს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტის არსებობას, მეორე მხარე უარყოფს მას და ამტკიცებს, რომ ვალდებულების შეუსრულბებლობა არაა მისი ბრალით გამოწვეული. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად, მაგრამ საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. დასახელებული სადაო საკითხის გადაწყვეტა უნდა განხორციელდეს დისპოზიციურობის პრინციპის რეალიზებით.

 

3.2.4. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მხარეები ვალდებულნი არიან თვითონ განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე (ამ შემთხვევაში ვალდებულების შესრულებაზე), ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს უნდა დაეკისროს. ამ ფაქტის მტკიცებისაგან მოსარჩელე გათავისუფლებულია. მას მიაჩნია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. თუ მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება შესრულებული აქვს, მაშინ ამ გარემოებთა დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს მოპასუხემ და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა დაამტკიცოს, რომ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული აქვს ჯეროვნად ან კიდე შეუსრულებლობა არაა მისი ბრალით გამოწვეული.

 

3.2.5. მოსარჩელემ თავისი პროცესუალური ვალდებულების შესრულების მიზნით ზეპირად განმარტა, რომ მოპასუხეს თავისი ვალდებულებები არ აქვს შესრულებული. ზეპირი განმარტების დამტკიცების მიზნით მან მიუთითა 2016 წლის 31 მარტის ხელშეკრულებაზე, მიღება-ჩაბარების აქტებზე, მოსარჩელის წერილებზე. ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამტკიცებს და სასამართლომაც დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „მ------“ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, 2016 წლის 5 მაისს ნებართვის გაცემის დღიდან სამუშაობი უნდა დაესრულებინა 240 კალენდარული დღის ვადაში და 2016 წლის 31 დეკემბერს უნდა დაესრულებინა სამუშაოების მერვე ეტაპი (არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 15%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა)

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 31 მარტის ხელშეკრულება;

-2016 წლის 23 ივნისის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

-2016 წლის 4 ივლისის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

-2016 წლის 31 აგვისტოს შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

-2016 წლის 01 ნოემბერის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

-2016 წლის 16 დეკემბერის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

- 2016 წლის 29 დეკემბრის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №67 ხელშეკრულების შესრულების კონტროლის მიზნით შექმნილი კონტროლის ჯგუფის მოხსენებითი ბარათები;

-მიღება ჩაბარების აქტები;

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.6. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მიუხედავად შეთანხმებისა, მოპასუხემ 2016 წლის 31 დეკემბრამდე ვერ მოახერხა მერვე (არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 15%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა) ეტაპით გათვალისწინებული სამუშაობის შესრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 31 მარტის ხელშეკრულება;

 

3.2.7. მოპასუხე არ დაეთანმხა მოსარჩელის არგუმენტებს და განმარტა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული არაა მისი ბრალით.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხე ამტკიცებს, რომ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ადმინისტრაციული ორგანოების ბრალეული ქმედებით. მშენებლობის ნებართვა გაცემული იქნა 2016 წლის მაისის თვეში, ხოლო ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის 31 მარტს და შესაბამისად შპს „მ------“ დაკარგა სამუშაოს შესრულებისათვის ერთი თვე (აპრილის თვე), მოპასუხე ასევე ამტკიცებს, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და შემდგომ დამტკიცება, მოითხოვდა გარკვეულ დროს და რომ არ მომხდარიყო ცვლილებები, მოთხოვნის გაჭიანურება მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებას შეასრულებდა დადგენილ ვადაში, სწორედ ამ გარემოებებმა გამოიწვია ვალდებულების შეუსრულებლობა.

 

საქმეში წარმოდგენილი მასლებით, კერძოდ 2016 წლის 23 ივნისის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, 2016 წლის 4 ივლისის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, 2016 წლის 31 აგვისტოს შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, 2016 წლის 01 ნოემბერის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, 2016 წლის 16 დეკემბერის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, 2016 წლის 29 დეკემბრის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ დგინდება, რომ ცვლიბები შეეხებოდა ძირითადად ხაჯთაღრიცხვებს და აღნიშნული ცვლილებებით არ მომხდარა სამუშაობის გაზრდა ან ღირებულებების გაზრდა ან არ შეცვლილა შესასრულებელი სამუშაოები.

 

დადგენილია, რომ მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი 2016 წლის 31 მარტს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №67 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისთვის ვადას არ გაუგრძელებდნენ, რის გამოც არ მიუმართავს ვადის გაგრძელებისთვის ქ------–-----------–----–--------------------თვის, ასევე დადგენილია, რომ სამუშაოების ვადის ათვლა დაიწყებოდა ნებერთვის გაცემის შემდეგ. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული მტკიცებულებები ვერ გახდება ადმინისტრაციული ორგანოს ბრალით პირობების შეუსრულებოლბის მტკიცებულება.

 

სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მოპასუხის ვალდებულებაა სასამართლოს მტკიცებულების სახით წარმოუდგინოს მტკიცებულებები და დაადასტუროს, რომ მან ვალდებულება ვერ შეასრულა მისგან დამოუკიდებელი გარემოების გამო. მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაბათილებელად მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და მტკიცებულებები, უფრო მყარი და დამაჯერებელია, რის გამოც სასამართლომ დადგენილად და დადასტუებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა და დადგენილ ვადაში ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ნაცვლად 2016 წლის 31 დეკემბრისა, სამუშაოები შეასრულა/დაასრულა 2017 წლის 24 თებერვალს, რომელიც დადასტურებული იქნა, თუმცა 55 დღის დაგვიანებით.

 

სასამართლო იზიარებს, მართალია ცვლილებების შეტანის პროცესს ჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ აღნიშნული პროცესი მხარეთა შეთანხმებით ხდებოდა, შესაბამისად შპს ,,მ-----სთვის’’ წინასწარ ცნობილი იყო აღნიშნულის შესახებ, ასევე მას შეეძლო არ მოეთხოვა ცვლილებების შეტანა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მოეხდინა ხელშეკრულების შესრულება. მითუმეტეს მოსარჩელის მხრიდან ის წინასწარ იყო გაფრთხილებული იმის შესახებ რომ ხელშეკრულების შესრულების ვადას არ გაუგრძელებდნენ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 31 მარტის ხელშეკრულება;

-2016 წლის 23 ივნისის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

-2016 წლის 4 ივლისის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

-2016 წლის 31 აგვისტოს შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

-2016 წლის 01 ნოემბერის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

-2016 წლის 16 დეკემბერის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

- 2016 წლის 29 დეკემბრის შეთანხმება№ 67 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №67 ხელშეკრულების შესრულების კონტროლის მიზნით შექმნილი კონტროლის ჯგუფის მოხსენებითი ბარათები;

-მიღება ჩაბარების აქტები;

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.8. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ-----“ უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ მან სამუშაოები შეთანხმებულ ვადაში ვერ შეასრულა მისგან დამოუკიდებელი ძალის ზეგავლენის გამო. ამ გარემოებათა დამტკიცება შესაძლებელია ზეპირი განმარტებით, მოწმის ჩვენებით, ასევე ნებისმიერი იმ მტკიცებულებით, სადაც ასახული იქნება დაუძლეველი ძალის ხელშეშლა.

 

3.2.9. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.10. თავისი საპროცესო ვალდებულების შესრულების მიზნით შპს „მ-----ს“ წარმომადგენელმა ზეპირად განმარტა, რომ 2016 წლის 31 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობები ასვე ვერ შეასრულა იმის გამო, რომ დეკემბრის თვეში მოვიდა უხვი ნალექი/თოვლი, 30-50სმ, მერვე ეტაპის სამუშაობს კი წარმოადგენდა ე.წ. „ასფალტის“ ჩასხმა, რაც თავისთავად რთული მეტეროლოგიური პირობების გამო ვერ განხორციელდებოდა/სამუშაო ვერ შესრულდებოდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ფორმსაჟორი ფაქტობრივი გარემოებაა. ფორსმაჟორის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ფორსმაჟორის არსებობის შესახებ. მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება და დაამტკიცოს, რომ მან ვალდებულება ვერ შეასრულა ფორსმაჟორის გამო. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და ამიტომაც არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ფორსმაჟორის დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. ყველა საკითხი ინდივიდუალურია, ამიტომ კონკრეტული მტკიცებულება რიგ შემთხვევაში შეიძლება ადასტურებდეს დაუძლეველი ძალის ზეგავლენას, რიგ შემთხვევაში კი არა. წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხეს დაუძლეველი ძალის ზეგავლენით ვალდებულების შეუსრულებლობას ამტკიცებს მხოლოდ ზეპირი განმარტებით. მას სხვა მტკიცებულება არ აქვს. მართალია მოპასუხის ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა, მაგრამ გასათვალისწინებელია მტკიცებულებათა კონკურენციის პრობლემა. მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელემ ზეპირი განმარტებითვე უარყო. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოპასუხეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. თითოეული ზეპირი განმარტება უნდა დასტურდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია. აღნიშნულიდან გამომდინარე ზეპირი განმარტება ვერ იქნება დაუძლეველი დაბრკოლების ანუ ფორსმაჟორის დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ მან ვალდებულების შესრულებას შეეცადა, მაგრამ მის შესრულებაში ხელი შეეშალა დაუძლეველი ძალის ზეგავლენით.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ უდაო გარემოებას, რომ შპს „მ-----“ წერილობით არ მიუმართავს (გათვალისწინებული ხელშეკრულების 11.5.1 და 11.5.2 მუხლით) ქ------–-----------–----–--------------------თვის რთული მეტეროლოგიური პირობებისა (თოვლის საფარის) და ადგილმდებარეობის გამო სამუშაობის შესრულების ხელშეშლის და სამუშაოების ვერ შესრულების თაობაზე.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, იმის შესახებ რომ თოვლის მოსვლა არ წარმოადგენს ფორსმაჟორს და რომ ჩაითვალოს ამ შემთხვევაში ხელშეკრულების 11.5 მუხლის 11.2.3 თანახმად შპს „მ-----ს“ უნდა მიემართა ქ------–-----------–----–--------------------თვის ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით და ვადამდე ადრე შეეწყვიტა ხელშეკრულება, რაც შპს“ მ-----ს“ მხრიდან არ განხორციელებულა, რაც ასევე სადაოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ------–----- მ----–----–-------- მ------ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანია. შპს ,,მ-----მ’’ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც მან უნდა გადაიხადოს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო. ამასთან პირგასამტეხლო არაა გონივრულად გაანგარიშებული და მისი ოდენობა უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ ნაკისრი მოვალეობა არ შეასრულა, რის გამოც ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო. თუ მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა, მაშინ მისი ქმედება (ან უმოქმედება) უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.

 

6.3. დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ 2016 წლის 31 მარტს ქ------–-----------–----–-------------------- და შპს „მ-----ს“ შორის გაფორმებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №67, რომლითაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება სოფელ ხ--–------ წყალსადენი სისტემის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე. შესრულების ვადად განისაზღვრა 240 დღე, ნებართვის მიღებიდან, შესრულება უნდა განხორციელებულიყო 8 ეტაპად, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. თანხმობა მშენებლობის დაწყების თაობაზე გაეცა 2016 წლის 06 მაისს. ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად მერვე ეტაპს შესრულების ვადად განსაზღვრული იყო 2016 წლის 31 დეკემბერი. ამ გარიგების საფუძველზე მხარეებს ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები.

 

6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხი. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება თავისი შინაარსით პირობიანი ნასყიდობის ხელშეკრულებაა. მისი გაფორმების შემდეგ, მოსარჩელეს, როგორც უძრავი ქონების გამყიდველს უფლება ჰქონდა მოეთხოვა მოპასუხეს შეძენილ ქონებაში მოეწყო ის ინფრასტრუქტურა, რაზეც ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებულნი. თავის მხრივ შპს „ მ-----“ ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ სამუშაოები შეესრულებინა შეთანხმებული პირობების შესაბამისად დათქმულ დროში. ვალდებულების შესულების მიზნით შპს „მ------“ შეასრულა გარკვეული სამუშაოები (ხელშეკრულებით გათვალისწინებული 7 ეტაპი), მაგრამ მან სამუშაოები შეთანხმებულ ვადებში ვერ დაასრულა, ვერ უზრუნველყო: 2016 წლის 31 დეკემბრამდე მერვე (არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 15%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა) ეტაპით გათვალისწინებული სამუშაობის შესრულება

 

6.5. უდაო გარემოებაა, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება, რის გამოც მას გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო. მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების საფუძვლებიდან. დასახელებულ ნორმებში განმარტებულია პირგასამტეხლოს შინაარსი, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს.

 

ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, კერძოდ ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების 11.3.1 პუნქტით განსაზღვრული იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, კერძოდ: იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი ყოველი ეტაპის შესრულების ვადას გადააცილებს შესაბამისი ეტაპის დასრულების ვადას, დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კონკრეტული (ვადაგადაცილებული) ეტაპის ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.

 

მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგენილია, რომ შპს ,,მ------“ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას გადააცილა. ამ ვალდებულების სათანადო შეუსრულებლობა წარმოშობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას იმ წესის მიხედვით, რა წესით პირგასამტეხლოს გაანგარიშებაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. მართალია მან ვალდებულების დარღვევაში თავისი ბრალეულობა გამორიცხა და ფორსმაჟორზე მიუთითა, მაგრამ ფორსმაჟორთან დაკავშირებით მისი არგუმენტები სასამართლომ არ გაიზიარა, ასევე მიუთითა მოსარჩელის ბრალით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაობის ვადის დარღვევაზე, რაც ასევე სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. ასევე გასათვალისწინებელია დარღევის ხარისხი, შედეგი, მოპასუხის დამოკიდებულება ვალდებულებისადმი, დამდგარი ზიანი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მათი ერთობლიობით უნდა გადაწყდეს პირგასამტეხლოს გონივრულობის საკითხი.

 

წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს პირგასამტეხლო გამოხატული აქვთ პროცენტული მაჩვენებლით. თუმცა პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 31 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №67 ხელშეკრულებაში გავალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობები არღვევს თანასწორობის პრინციპს, რადგან იმ შემთხვევაში თუ ქ------–----- მ----–----–------------------ დაარღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობას პირგასამტეხლო დაეკისრება 0.1 % ოდენობით, ხოლო თუ შპს. ,,მ-----ს’’ მხრიდან მოხდება პირობის დარღვევა პირგასამტეხლო დაეკისრება 0.5 % ოდენობით. შესაბამისად შპს. ..მ-----’’ უნდა დაეკისროს 0,1% პირგასამტეხლო 9272 ლარი. (ღირებულება168597,91 (ხელშეკრულების შეცვლილი პირობებით - 1 123 986.1-ის 15%)X 0,1=168,59791X55=9272)).

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს. დავის საგნის ღირებულების მიხედვით ქ------–----- მ----–----–-------- მ------ სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 1391 ლარს. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ბაჟის თანხა მხარეებს შორის უნდა განაწილდეს თანაბრად.

 

განსახილველ შემთხვევაში ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ქ------–-----------–----–--------------- გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

შპს „მ-----“ ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 278.15 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. დარჩენილი თანხის გადახდა ეკისრება ქ------–-----------–----–---------------საც, მაგრამ ის სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქ------–-----------–----–---------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შპს ,,მ-----ს“ ქ------–-----------–----–---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 9 272 ლარის გადახდა;

3. შპს ,,მ-----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 278.15 ლარის ოდენობით;

4. ქ------–-----------–----–--------------- ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30);

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე როინ კახიძე