განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2020
საქმის ნომერი
180100119003371398
დავის ტიპი
276 6 , 276 4
თარიღი
20.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N180100119003371398

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/385-19 20 მარტი, 2020 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №032270918002)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - ეკა გაბიდაური

სხდომის სახე - ღია,ბრალდების მხარე:

პროკურორი - გოჩა ცინცაძე, ნანა გუგუტიშვილი;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატები - რამაზი ჭავჭავაძე, ზაზა გორდელაძე;

 

ბრალდებული - გოდერძი ალექსანდრეს ძე მახარაშვილი (დაბადებული 1967 წლის 19 მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №31001010397, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მცხეთის რაიონის, სოფელ ქსოვრისში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილები (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გოდერძი მახარაშვილი თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით YQY-953, დიდი სისწრაფით მოძრაობდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის მხრიდან სოფელ ქსოვრისის ცენტრის მიმართულებით. მან, მოძრაობისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, რა დროსაც შეეჯახა მის სამოძრაო ზოლში, გზის სავალ ნაწილზე, მოხრეშილი გვერდულიდან ახლოს გაჩერებულ ნიკოლოზ მანჯავიძის კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო სანომრე ნიშნით TT-529-WW და აღნიშნული ავტომობილის მარცხენა ნაწილთან (კართან) მოხრეშილ გვერდულზე მდგომ ბადრი ქინძოძეს და ლევან ქინძოძეს. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ბადრი ქინძოძე და ლევან ქინძოძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნენ მცხეთის სამედიცინო ცენტრში, სადაც ბადრი ქინძოძე 2018 წლის 18 ოქტომბერს გარდაიცვალა, ხოლო ლევან ქინძოძემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხს დაზიანება.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულმა გოდერძი მახარაშვილმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას, ბრალდებულმა გოდერძი მახარაშვილმა აჩვენა, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს შებინდებისას, სოფელ მუხრანიდან სოფელ ქსოვრისის მიმართულებით „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსით მოძრაობდა 40 კმ/სთ სიჩქარით. მას ყოველ დღე უწევდა აღნიშნული ადგილის გავლა. მან იცოდა, რომ გზაზე ე. წ. ბუგაროკიც იყო და სიჩქარის შემზღუდველიც. მან შენიშნა მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომლიც პირდაპირ მოძრაობდა შემხვედრ, საპირისპირო ზოლში. გზის პირად იდგნენ ბავშვები. ის როდესაც გადავიდა ე. წ. ბუგაროკზე და მის და მერსედესის მარკის ავტომობილებს შორის მანძილი იყო დაახლოებით 20-25 მეტრი, დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა „მერსედესის“ მარკის ავტომობილმა გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი და გადავიდა მის სამოძრაო ზოლში. შეჯახების თავიდან არიდების მიზნით საჭე აიღო მარჯვნივ, თუმცა დაეჯახა მას მარცხენა ნაწილში, შემდეგ ავტომანქანის წინა მარჯვენა თვლით ჩავარდა არხში, ამ სრიალში, ხოხვაში დაეჯახა ბავშვებს და გაჩერდა. ის თავისი ავტომანქანით შეეჯახა თუ არა მერსედესის მარკის ავტომანქანას, მაშინვე ჩავარდა არხში, დარტყმა და არხში ჩავარდნა ერთი იყო. მას მარცხნივ რომ აეღო საჭე, მერსედესის ავტომანქანას შეეჯახებოდა. ისევ გზის ტროტუარისკენ წავიდა, წინა მარჯვენა თვალი რომ ჩავარდა რუში, მანქანა ვერ დაიმორჩილა. მისი განმარტებით, „ნიკას რომ გავარტყი, არხში ჩავარდი და შემდეგ გავაგრძელე გზა ხოხვით“. მისი განმრტებით, არხში წყალი ყოველთვის არის და არანაირი სიმშრალე იქ არ არის. შეჯახების შემდეგ ის გადმოვიდა მანქანიდან და ნიკოლოზ მანჯავიძეს უთხრა „ეს რა გააკეთე ნიკო“, რაზეც ნიკოლოზ მანჯავიძემ უპასუხა, რომ მას ავტომანქანის ბავშვებთან გაჩერება უნდოდა. გოდერძი მახარაშვილმა ჰკითხა, რომ იქით იმხელა ადგილი ჰქონდა, იქ რატომ არ გააჩერა. ერთი ბავშვი მაშინვე ნახეს. მას ეგონა, რომ მეორე ბავშვი მისი ავტომანქანის ქვეშ მოყვა და დაიწყო მისი ძებნა. ამ დროს მივიდა გია ქინძოძე, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო და რომელმაც იკითხა, თუ რა მოხდა. ნიკოლოზ მანჯავიძემ უპასუხა, რომ ბრალდებული მის ავტომანქანას დაეჯახა, ხოლო შემდეგ ბავშვებს - ლევანსა და ბადრის. ბრალდებულმა არ იცოდა ვინ იყო ბადრი და გაარკვია, რომ მალხაზი ქინძოძის შვილი იყო. გია ქინძოძე კი იყო მათი ახლობელი, რომელმაც დაუწყო ცემა. მაშინ, როდესაც ლევან ქინძოძე ამოჰყავდა არხიდან, ის კვლავ უკნიდან ურტყამდა მას. ის სთხოვდა, რომ მისთვის თავი დაენებებინა და ბავშვებისთვის მიეხედათ. ბრალდებულის ჩვენებით, ბადრი ქინძოძე არსად არ ჩანდა, მას ის ავტომანქანის ქვეშ მოყოლილი ეგონა. ამ დროს იქ გაჩერდა ფორდის ავტომობილი, რომლის მძღოლსაც სთხოვეს დახმარება, ბუქსირით ამოეყვანათ გოდერძი მახარაშვილის ავტომანქანა, რომელიც იყო ტალახში ჩაჭედილი. ფორდის მძღოლმა თავისი ავტომობილით ღვედით გამოქაჩა მისი ავტომანქანა, მაგრამ ღვედი გაწყდა. მას ნიკოლოზ მანჯავიძემ ურჩია, რომ წასულიყო და თვითონ მიხედავდა სიტუაციას. ამ დროს ფორდის მძღოლმა დაინახა ბუჩქნარს იქით ბადრი ქინძოძის სხეული. ნიკოლოზ მანჯავიძე იჭერდა გია ქინძოძეს. სიტუაცია რომ არ დაძაბულიყო, მან დატოვა შემთხვევის ადგილი და წავიდა ბიძაშვილთან, მოუყვა მომხდარის შესახებ და შემდეგ ერთად წავიდნენ მუხრანის პოლიციაში, რადგან დამალვაში არ ჩათვლოდა. მან იქ განაცხადა მომხდარის შესახებ. მან შეკითხვაზე იყო თუ არა ნასვამი, უპასუხა, რომ მას ორი ჭიქა არაყი ჰქონდა დალეული, ის შეამოწმეს ალკოტესტზე და დაუდასტურდა ნასვამობა. მისი განმარტებით, ის გამოკითხა გამომძიებელმა შალვა რევაზიშვილმა, რომელსაც მანამდე იცნობდა და ენდობოდა. მართალია, მან მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმს, მაგრამ ეს ოქმი არ წაუკითხავს, ვინაიდან მას გამოკითხვის მიმდინარეობისას სათვალე თან არ ჰქონდა. შემდეგ როდესაც წაიკითხა ეს ოქმი, მასში არასწორად ეწერა ის, რომ მერსედესი იყო გაჩერებული და არა ის, რაც გამომძიებელს უკარნახა, რომ ავტომანქანა მერსედესმა საწინააღმდეგო მოძრაობის ზოლიდან გადმოჭრა და გადავიდა მის სამოძრაო ზოლში, რა დროსაც მათ შორის მანძილი იყო 20-25 მეტრი, მას დააკარგვინა მართვაზე კონტროლი და დაეჯახა. შემდეგ ის ბრალდებულის სახით იქნა გამოკითხული ადვოკატთან ერთად, სადაც მიუთითა ყოველივე ის, რაც სინამდვილეში მოხდა და რაც არ ჩაწერა გამომძიებელმა პირველი გამოკითხვის ოქმში. პოლიციაში მისი გამოკითხვის შემდეგ ის წაიყვანეს სისხლის ანალიზის ასაღებად მცხეთაში. მან მოიკითხა ბავშვები, რაზეც შალვა რევაზიშვილისგან შეიტყო, რომ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და იყვნენ კარგად. მან სთხოვა გამომძიებელს, რომ აეყვანა საავადმყოფოში, რაზეც გამომძიებელმა უპასუხა, რომ აიყვანდა სამსახურში, ჯერ დაწყნარებულიყო და შემდეგ მიეხედა ბავშვებისთვის. ის მაინც ჩავიდა საავადმყოფოში და იკითხა ბავშვების მდგომარეობა. მას უთხრეს რომ ლევან ქინძოძეს ფეხი ჰქონდა მოტეხილი, საოპერაციოში იყო შეყვანილი, ბადრი ქინძოძეს კი ელენთა ჰქონდა გამსკდარი და ოპერაციას უკეთებდნენ. ის ყოველდღე მიდიოდა საავადმყოფოში, ბავშვების მდგომარეობის გასაგებად, მაგრამ ეზოდან ვერ შედიოდა, უკანა მხრიდან მიდიოდა მთავარ ექიმთან და კითხულობდა ბავშვების მდგომარეობას. მას და დაზარალებულებს ჰყავთ საერთო სანათესაო და მათ ურჩიეს, რომ არ მისულიყო საავადმყოფოში, რადგან რაიმე კონფლიქტი არ მომხდარიყო. ლევან ქინძოძის ახლობელი მივიდა მასთან და უთხრა, რომ ლევან ქინძოძეს ფეხის ოპერაციისთვის სჭირდებოდა 2 500 ლარი, რაც ოჯახს არ გააჩნდა და ლევან ქინძოძის მამას ამ თანხის სესხად აღება უნდოდა, რასაც დააბრუნებდა დაზღვევის მიერ ოპერაციის ხარჯების ანაზღაურების შემდგომ. ბადრი ქინძოძის ანალიზები მან წაიღო ბავშვთა საავადმყოფოში, რადგან ექიმმა უთხრა, რომ სისხლი ვერ შეითავსა. ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთანაც კი დააკავშირა მისმა ახლობელმა იმ მიზნით, რომ ბადრი ქინძოძე ფეხზე დაეყენებინა, ასევე მიიღო სხვა ექიმებისგანაც რჩევები. ერთ დღეს, როდესაც ის სამსახურში იმყოფებოდა, მასთან მივიდა სამი ქალი და ერთ-ერთმა უსაყვედურა, თუ რატომ არ აქცევდა მათ ყურადღებას, რაზეც მან უპასუხა „დაიკო რა გნებავსო“, რაც ეწყინა მას და უპასუხა „როგორ მაკადრე, თქვენი შვილის ტოლი ვარო“. ის არ იცნობდა მათ და ვისთანაც ჰქონდა საუბარი, ყოფილა მალხაზ ქინძოძის შვილი. ის მეორე დღესვე მივიდა საავადმყოფოში და ექიმს სთხოვა, რომ ის მზად იყო ყველაფრისთვის, თუ საჭირო იყო ექიმსაც და ექთანსაც მიიყვანდა, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ არ იყო საჭირო. შემდეგ მას ახლობლის საშუალებით შეუთვალეს, რომ ექიმის ჩამოყვანა უნდოდათ თურქეთიდან და ამისთვის საჭირო იყო 5 000 დოლარი, რაც მან ისესხა და ჩაურიცხა საბანკო ანგარიშზე. ამ ექიმმა ვერ მოახერხა ერთი კვირის განმავლობაში ჩამოსვლა. ბადრი ქინძოძე გარდაიცვალა. შემდეგ ბიძაშვილის საშუალებით მას სურდა დახმარებოდა მათ დაკრძალვისა და ორმოცის ხარჯებთან დაკავშირებით, რაზეც უარი მიიღო. ორმოცის შემდეგ ბიძაშვილმა მას გადასცა მალხაზ ქინძოძის დანაბარები, რომ მას 50 000 დოლარი მიეტანა ან თავი მოეკლა. მას ჯიბრით არ გაუკეთებია ის, რაც მოხდა, ასეთ საქმეზე თავს არავინ არ იკლავდა, ამხელა თანხას კი მაშინვე ვერ შეაგროვებდა, თუმცა თანახმა იყო თავიდან მისთვის გადაეფორმებინა 2 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო შემდეგ დანარჩენს შეაგროვებდა. მას სურდა, რომ შერიგებულიყვნენ. ამ ეტაპზე ლევან ქინძოძემ მეორედ მოიტეხა ფეხი. მან ლევან ქინძოძეს ოპერაციის ჩასატარებლად 2 700 ლარი გადაუხადა და ასევე სამი თვის განმავლობაში უგზავნიდა თანხებს, 500, 700, 400 ლარს. ლევან ქინძოძის მამამ ის დაიბარა და უთხრა, რომ ლევან ქინძოძეს არ უხორცდებოდა ჭრილობა, რისთვისაც სთხოვა 3 500 ლარი. მან მისცა თანხა და სთხოვა, რომ დაეწერათ განცხადება იმის შესახებ, რომ არ უჩიოდნენ. ლევან ქინძოძის მამამ დაუწერა ხელწერილი, რომ ოჯახს პრეტენზია არ გააჩნდა მის მიმართ, რაც წარადგინეს სასამართლოში იმ დროს, როდესაც მის მიმართ იხილებოდა აღკვეთის ღონისძიების საკითხი. ერთ დღეს შალვა რევაზიშვილმა მობილური ტელეფონის მეშვეობით უთხრა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით მას ეშოვნა ფორდის მარკის ავტომანქანა. მან ჰკითხა გამომძიებელს, თუ როდის უნდა დაეკითხა, რაზეც გამომძიებელმა უპასუხა, რომ მისი დაკითხვა აღარ იყო საჭირო. ამის შემდეგ მან მიმართა ადვოკატს და მოუყვა ყველაფერი. შალვა რევაზიშვილმა იცოდა, რომ მალხაზ ქინძოძე მას სთხოვდა 50 000 დოლარს, რაზეც მას გამომძიებელი ეუბნებოდა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა და თვითონ მოეგვარებინა ეს საქმე. მას მართალია, შემთხვევის შემდეგ სცემა გია ქინძოძემ, მაგრამ ამის შესახებ არავისთვის არ მიუმართავს, არც ექიმისთვის და არც სამართალდამცველებისთვის. ბრალდებულის განმარტებით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს იმიტომ, რომ ნიკოლოზ მანჯავიძე გადავიდა მის სავალ გზაზე, დააკარგვინა მართვა და შემდეგ დაეჯახა ბავშვებს, თუმცა მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს, რადგან ნასვამი იჯდა საჭესთან.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სიცოცხლის მოსპობა, - რადგან ბრალდების ამ ეპიზოდში გოდერძი მახარაშვილის ბრალეულობა დადასტურებულია საქმეზე გამოკვლეული უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით.

2.2. დაზარალებულ ლევან ქინძოძის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს ის იმყოფებოდა სოფელ ქსოვრისში. დაახლოებით 18:30 საათზე, ბიძაშვილთან ბადრი ქინძოძესთან ერთად სოფელ მუხრანის მხრიდან მიდიოდა სოფელ ქსოვრისის ცენტრის მიმართულებით. ამ დროს შესახვევიდან ავტომანქანით გამოვიდა ნიკოლოზ მანჯავიძე, რომელიც გადავიდა სავალი გზის საპირისპირო მხარეს, გააჩერა ავტომობილი, გამორთო ძრავი და დაიწყეს საუბარი. მათ რამოდენიმე მანქანამ აუარა გვერდი, როგორც ახსოვს სატვირთომ და „ფორდმა“. შემდეგ მანქანით დაეჯახა გოდერძი მახარაშვილი. მან განმარტა, რომ ის და გარდაცვლილი ბადრი ქინძოძე მოძრაობდნენ გზის მარჯვენა მხარეს, ქვეითების სავალ გზაზე. ნიკოლოზ მანჯავიძემ ავტომანქანა გააჩერა, მაშუქები არ ჩაურთავს, რადგან იყო დღის საათები და ამის საჭიროება არ იყო. ნიკოლოზ მანჯავიძე ავტომობილიდან არ გადმოსულა, ჩართული ჰქონდა ავარიულები. თავად გაჩერდა მძღოლის მარცხენა კართან, ხოლო ბადრი ქინძოძე წინა მარცხენა ფრთასთან და სახით იყო მისი მიმართულებით. როგორც ახსოვს, ნიკოლოზ მანჯავიძეს ავტომობილი გაჩერებული ჰყავდა გვერდულზე, დაახლოებით 50 სანტიმეტრით, ხოლო დანარჩენი ნაწილით ავტომობილი იყო გზის სავალ ნაწილზე. მათ დაახლოებით 15 წუთი ისაუბრეს, შემდეგ მან თავდაპირველად ფორდის მარკის ავტომობილი დაინახა დაახლოებით 200-300 მეტრში და ვინაიდან ავტომობილი მათ სწრაფად უახლოვდებოდა, იგი მიხვდა, რომ ჩქარა მოდიოდა. ავტომანქანა ე. წ. ბუგაროკზე, მათგან დაახლოებით 15-20 მეტრში სწრაფად გადახტა, არც დაუმუხრუჭებია და წავიდა მათი მიმართულებით. იმ დროს, როდესაც გოდერძი მახარაშვილი გადახტა ბუგაროკზე, მაშინ ნიკოლოზ მანჯავიძემ დაიძახა „გაიქეცით, გვეჯახებაო“, თვითონ გაიქცა, რის შემდეგაც არ ახსოვს, თუ რა მოხდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც გამომძიებელს მიუთითა ის ადგილი, სადაც იდგა ნიკოლოზ მანჯავიძის ავტომობილი და სადაც ქვეითად იდგნენ თავად და ბადრი ქინძოძე. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც გოდერძი მახარაშვილი მოძრაობდა ავტომობილით, იმ დროს საავტომობილო გზაზე სხვა ავტომობილი არ მოძრაობდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან ვერ დაინახა ნიკოლოზ მანჯავიძემ მაშუქების გადართვით ანიშნა თუ არა მიკროავტობუსს. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლევან ქინძოძემ დაადასტურა 2019 წლის 14 ივნისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტში მისი მონაწილეობა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა. ასევე, მას წარედგინა ფოტოსურათები, რომლებზეც დეტალურად მიუთითა საგამოძიებო ექსპერიმენტისას დაფიქსირებული ადგილები. წარდგენილ ფოტოსურათებთან დაკავშირებით მოწმემ მიუთითა, რომ იგი ტროტუარში გულისხმობდა გზის მოხრეშილ გვერდულს და ნიკოლოზ მანჯავიძის ავტომობილთან იდგა სწორედ მოხრეშილ ნაწილზე. გაჩერებულ ავტომობილსა და მას შორის მანძილი იყო დაახლოებით 30 სანტიმეტრი. ის და ბადრი ქინძოძე იდგნენ გზის სავალი ნაწილის გვერდით, მოხრეშილ გზაზე. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ სხვა ავტომობილებმა, რომლებმაც ფორდთან შეჯახებამდე, მერსედესს აუარეს გვერდი, არ შეჯახებიან.

2.3. მოწმე ნიკოლოზ მანჯავიძის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, გამოვიდა სახლიდან მისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომობილით და მოძრაობდა თბილისის მიმართულებით. სოფლის გასასვლელში შეხვდნენ მეგობრები ბადრი და ლევან ქინძოძეები და მათთან გასაუბრების მიზნით გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, უკიდურეს მარჯვენა მხარეს. გააჩერა ავტომობილი, ჩააქრო და ჩართო ავარიულები. ე. წ. ბუგაროკიდან დაახლოებით 20-25 მეტრში იყვნენ გაჩერებულები. ისინი საუბრობდნენ დაახლოებით 15-20 წუთი, რა დროსაც დაახლოებით ორმა მანქანამ გაუარა გვერდით. მოგვიანებით გამოჩნდა გოდერძი მახარაშვილის ავტომობილი, რომელიც დაახლოებით 200-300 მეტრში შეამჩნია. ვინაიდან იქ იყო სწორი გზა და ჩანდა შორი მანძილი და შესაბამისად, მასზე მოძრავი ავტომანქანები. როდესაც გოდერძი მახარაშვილის ავტომანქანა მას მიუახლოვდა დაახლოებით 50-60 მეტრში, მან შენიშნა, რომ აღნიშნული ავტომანქანა სწრაფად მოძრაობდა, რის გამოც მაშუქებით ანიშნა შეენელებინა. ამ დროს „ფორდის“ მარკის ავტომობილი მიუახლოვდა ე. წ. ბუგაროკს. როდესაც მიხვდა, რომ „ფორდი“ სვლას არ ანელებდა, დაუძახა ლევან და ბადრი ქინძოძეებს გაქცეულიყვნენ, რა დროსაც გოდერძი მახარაშვილის ავტომანქანა ფორდი შეეჯახა მის ავტომობილს, ხოლო შემდეგ ქვეითებს. ის შეჯახების შემდეგ გადმოვიდა ავტომობილიდან და ნახა, რომ მისი ავტომობილი გაწეული იყო რამდენიმე მეტრით უკან და მარჯვნივ, ხოლო გოდერძი მახარაშვილის ავტომობილი ჩავარდნილი იყო არხში წინა მარჯვენა მხრით. ნიკოლოზ მანჯავიძემ ასევე განმარტა, რომ თავისი სახლიდან დაახლოებით 1 წუთში გამოვიდა მთავარ გზაზე და კიდევ უფრო მცირე დროში გაჩერდა თავის მეგობრებთან. შეჯახების ადგილი არის მოასფალტებული, ჰქონდა გზის გამყოფი ღერძულა ხაზი, შეჯახების ადგილთან იყო სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშანი, რომელიც ზღუდავს 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობას და იყო ე. წ. ბუგაროკი. გზას აქვს გრუნტიანი გვერდული. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მისი ავტომობილის სიგანე დაახლოებით 2 მეტრია, მისი ავტომობილის ძირითადი ნაწილი იდგა სავალ გზაზე, ხოლო როგორც ახსოვს, ავტომობილის მარცხენა საბურავები იდგა გრუნტიან გვერდულზე 5-10 სმ-ში ასფალტიდან. იქ ყოფნის პერიოდში ავტომობილის ძრავი არ ჩაურთავს, ლევან ქინძოძე იდგა სახით მუხრანის მხარეს, ავტომობილის კართან, ხოლო ბადრი ქინძოძე წინა ფრთასთან, თავად იჯდა ავტომობილში მარტო და არ გადმოსულა ავტომობილიდან. მას ჩართული ჰქონდა ავარიული მაშუქები და არ გამოურთავს. ნიკოლოზ მანჯავიძემ ასევე განმარტა, რომ, მისი აღქმით, ავტომობილი მოძრაობდა სწრაფად. როდესაც შენიშნა, რომ ავტომობილი სწრაფად მოდიოდა, არ ახსოვს რამდენჯერ, მაგრამ რამოდენიმეჯერ ანიშნა მაშუქების გადართვით. ასევე, მის წამოძახილზე ლევანი და ბადრი ქინძოძეები გაიქცნენ მისი მანქანის უკან, სოფელ ქსოვრისის მიმართულებით. როდესაც „ფორდის“ მარკის ავტომობილი გადახტა ე. წ. „ბუგაროკზე“, დაინახა, რომ საჭე აღებული იყო მცირედით მარჯვნივ, რა დროსაც შეეჯახა მის ავტომობილს და მოძრაობა გააგრძელა არხისკენ. ნიკოლოზ მანჯავიძემ ასევე განმარტა, რომ პირდაპირ უყურებდა ავტომობილს და დაინახა, რომ საჭესთან იჯდა გოდერძი მახარაშვილი და ავტომობილში სხვა არავინ იჯდა. შეჯახების შემდეგ, ზუსტად არ იცის რამდენი მეტრით, მაგრამ მისი ავტომობილი გადაადგილდა უკან და მარჯვნივ ერთი ან ორი მეტრით, ისე რომ უკანა მარჯვენა საბურავი იყო ღერძულა ხაზთან. როდესაც ის ავტომობილიდან გადმოვიდა, მან დაინახა, რომ მისი თავდაპირველი გაჩერების ადგილიდან იწყებოდა და მიედინებოდა ზეთის კვალი წვეთებით და უკვე ზეთის გუბე იყო იმ ადგილზე, სადაც საბოლოოდ გაჩერდა. ასევე, „ფორდის“ მარკის ავტომობილის მიერ არხიდან ამოყრილი იყო ტალახი და ამოსხმული იყო წყალი. მისი აღქმით, ავტომობილები დაახლოებით 10 მეტრით იყვნენ დაშორებულები ერთმანეთს. შეჯახების დროს იყო მშრალი ამინდი და ვინაიდან იყო დღის სინათლე, მაშუქები არ ენთოთ ავტომობილებს, მათ შორის არც გოდერძი მახარაშვილს. მოწემ ასევე განმარტა, რომ ზუსტად რა მანძილში იყო გადასული მისი ავტომობილი აღარ ახსოვს, მაგრამ ახსოვს, რომ იყო მოხრეშილ გზაზე. მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ დაინახეს თავდაპირველად ბადრი ქინძოძე, არის ის, რომ იგი შეჯახების შემდეგ გადავარდა რამდენიმე მეტრით მცენარეებით დაფარულ ადგილზე და გზიდან ვერ გამოჩნდებოდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მიკროავტობუსი მოძრაოდა თავის სამოძრაო ზოლში, ხოლო როდესაც გადახტა ე. წ. „ბუგაროკზე“, საჭე აღებული იყო მცირედ მარჯვნივ, ხოლო რამ გამოიწვია საჭის მიმართვა, არ იცის. მოწმემ დააზუსტა, რომ ზუსტად არ დაუნახავს ოთხივე საბურავით გაიარა თუ არა მიკროავტობუსმა არხში, მან ნახა არხიდან ამოყრილი ტალახი. როგორც ახსოვს, ავტომობილ „ფორდის“ წინა და მარცხენა საბურავები იყო გრუნტიან გზაზე. მანძილები, რაც ჩვენებაში განმარტა, არის მისი ვარაუდი, რადგან ზუსტად არ იცის მანძილები. ასევე ზუსტად ვერ აღიქვა და დანამდვილებით არ იცის მიკროავტობუსმა არხში რამდენი საბურავით გაიარა. ნიკოლოზ მანჯავიძემ ასევე განმარტა, რომ როგორც ახსოვს, მისი ავტომობილის წინ ან გვერდით ეგდო მისი ავტომობილის მოტეხილი სარკე. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მან მაშინვე დარეკა სასწრაფოში, გოდერძი მახარაშვილი ეხმარებოდა ბავშვების მოძებნაში. როდესაც პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა, გოდერძი მახარაშვილი იქ აღარ იყო, მისი წასვლის მომენტი არ დაუნახავს. სასამართლო პროცესზე, მოწმემ ჩვენების მიცემისას შეადგინა ნახაზი მის მიერ მითითებული მონაცემებით, სადაც აღნიშნა, რომ ასფალტიდან არხის ბოლომდე იყო მანძილი, დაახლოებით 3 მეტრი, ხოლო ასფალტიდან მოხრეშილ გზაზე მისი მანქანის მარცხენა საბურავი იდგა 5-10 სმ-ში.

2.4. დაზარალებულის უფლებამონაცვლის მზია ქინძოძის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს საღამოს პერიოდში იმყოფებოდა მის ძმასთან ბადრი ქინძოძესთან ერთად თავის საცხოვრებელ სახლში მცხეთის რაიონ სოფელ მუხრანში. დაახლოებით საღამოს 18:30 საათზე, მისმა ძმამ ბადრი ქინძოძემ განაცხადა, რომ მის ბიძაშვილს ლევან ქინძოძეს უნდა გაყოლოდა ამავე სოფელში არსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან თანხის ჩარიცხვის მიზნით, რის შემდეგაც მისი ძმა ბადრი ქინძოძე გავიდა სახლიდან და მისი ძმის ბადრი ქინძოძის სახლიდან გასვლიდან დაახლოებით 15-20 წუთში გაიგო გარედან შემოსული ყვირილის ხმა. მალევე შემოვიდა მისი ბიძაშვილის ცოლი ცირა კოპალეიშვილი და მას უთხრა, რომ სოფელში ავტოსაგზაო შემთვევის ფაქტს ჰქონდა ადგილი, რის შემდგომაც გავიდა სახლიდან გარეთ, იმის გასარკვევად თუ რა ხდებოდა და დაინახა, რომ მერსედსის მარკის ავტომანქანა იდგა მთლიანად ასფალტიან გზაზე. აღნიშნული ავტომანქანის უკანა მარცხენა მხარეს ეგდო მისი ბიძაშვილი ლევან ქინძოძე, რომელსაც სხეული მთლიანად ჰქონდა სისხლიანი, მან და მამამისმა მალხაზ ქინძოძემ მის ბიძაშვილს ჰკითხეს, თუ რაში იყო საქმე, რაზეც ლევან ქინძოძემ უპასუხა, რომ მას და მის ძმას ბადრი ქინძოძეს დაეჯახათ ფორდის მარკის მიკროავტობუსი, რომელსაც მართავდა ამავე სოფელში მცხოვრები გოდერძი მახარაშვილი, რის გამოც მან მოიკითხა მისი ძმა. როგორც ადგილზე შეკრებილი პირებისგან გაიგო მის ძმას კრიჭა ჰქონდა შეკრული და ეგდო ასფალტიანი გზის სოფელ მუხრანიდან სოფელ ქსოვრისის მიმართულებით მარჯვენა მხარეს არსებულ ეგრედ წოდებულ მინდვრებში, იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში და სხეული მთლიანად ჰქონდა სისხლიანი. ფორდის მარკის მიკროავტობუსი იდგა მერსედერის მარკის ავტომანქანის შემდგომ, დაახლოებით 20-30 მეტრში, სოფელ ქსოვრისის მიმართულებით წინა მხრით. იქვე მყოფი თანასოფლელები საუბრობდნენ, რომ საპირისპირო ზოლში მდგარ მერსედესის მარკის ავტომანქანას და ავტომანქანასთან მყოფ მისი ძმას ბადრი ქინძოძეს და ბიძაშვილს ლევან ქინძოძეს დაეჯახა ფორდის მარკის მიკროავტობუსით მოძრავი მახარაშვილი გოდერძი, რომელიც მათი განმარტებით იყო მთვრალ მდგომარეობაში, მიატოვა შემთხვევის ადგილი და წავიდა მათთვის გაურკვეველი მიმართულებით. აღნიშნული შემთხვევიდან ოცდამეერთე დღეს 2018 წლის 18 ოქტომბერს გარდაიცვალა მისი ძმა ბადრი ქინძოძე. მოწმის განმარტებით, გოდერძი მახარაშვილმა მათ ანგარიშზე ჩარიცხა 5 000 დოლარი. მის ოჯახს 50 000 დოლარი გოდერძი მახარაშვილისათვის არ მოუთხოვია. მას გააჩნია პრეტენზია და მოითხოვს, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს დამნაშავე.

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მალხაზ ქინძოძის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს საღამოს პერიოდში, დაახლოებით 18:30 საათზე, ის სამსახურიდან დაბრუნდა თავის საცხოვრებელ სახლში მცხეთის რაიონ სოფელ ქსოვრისში, რა დროსაც სახლში იმყოფებოდნენ მისი შვილები ბადრი და მზია ქინძოძეები. გარკვეული პერიოდის შემდგომ მისმა შვილმა ბადრი ქინძოძემ მას უთხრა, რომ მის ბიძაშვილს ლევან ქინძოძეს უნდა გაჰყოლოდა ამავე სოფელში არსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან თანხის ჩარიცხვის მიზნით. ბადრი ქინძოძის სახლიდან გასვლის შემდეგ, დაახლოებით 15-20 წუთში, მას გარედან შემოესმა ყვირილის ხმა. ის გავიდა გარეთ იმის გასარკვევად, თუ რამ გამოიწვია ხმაური და დაინახა, რომ მერსედსის მარკის ავტომანქანა იდგა მთლიანად ასფალტიან გზაზე, აღნიშნული ავტომანქანის უკანა მარცხენა მხარეს ეგდო მისი ძმისშვილი ლევან ქინძოძე, რომელსაც სხეული მთლიანად სისხლიანი ჰქონდა. ლევან ქინძოძემ მას უთხრა, რომ მას და ბადრი ქინძოძეს დაეჯახათ ფორდის მარკის მიკროავტობუსი, რომელსაც მართავდა ამავე სოფლელი გოდერძი მახარაშვილი. მალხაზ ქინძოძემ დაიწყო თავის შვილის ბადრი ქინძოძეს ძებნა. იქვე მყოფი თანასოფლელებისგან გაიგო, რომ საპირისპირო ზოლში მდგარ მერსედესის მარკის ავტომანქანას და ავტომანქანასთან მყოფ ბადრი ქინძოძეს და ლევან ქინძოძეს დაეჯახა ფორდის მარკის მიკროავტობუსით მოძრავი გოდერძი მახარაშვილი, რომელიც მათი განმარტებით, იყო მთვრალ მდგომარეობაში, მიატოვა შემთხვევის ადგილი და წავიდა მათთვის გაურკვეველი მიმართულებით. მის შვილს ბადრი ქინძოძეს კრიჭა ჰქონდა შეკრული და ეგდო ასფალტიანი გზის სოფელ მუხრანიდან სოფელ ქსოვრისის მიმართულებით მარჯვენა მხარეს არსებულ ეგრედ წოდებულ მინდვრებში, იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში და მთლიანად დასისხლიანებული. ბადრი ქინძოძე ასფალტიანი გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მინდვრებში იპოვეს. შემთხვევიდან ოცდამეერთე დღეს 2018 წლის 18 ოქტომბერს გარდაიცვალა. მოწმის განმარტებით, გოდერძი მახარაშვილმა მათ ანგარიშზე ჩარიცხა 5 000 დოლარი. მას 50 000 დოლარი გოდერძი მახარაშვილისათვის არ მოუთხოვია. მას გააჩნია პრეტენზია და მოითხოვს, რომ დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისაჯოს.

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მაია გულიაევის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის მუშაობს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში სანიტრის პოზიციაზე და 2018 წლის 27 სექტემბერს იმყოფებოდა სამსახურში. მან შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მისი მეუღლისგან, მალხაზ ქინძოძისაგან გაიგო. მალხაზ ქინძოძის თქმით, საღამოს პერიოდში, დაახლოებით 18:30 საათზე, თავიანთი შვილი ბადრი ქინძოძე მის ბიძაშვილს ლევან ქინძოძეს უნდა გაყოლოდა ამავე სოფელში არსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან თანხის ჩარიცხვის მიზნით. ბადრი ქინძოძის სახლიდან გასვლის შემდეგ, დაახლოებით 15-20 წუთში, მალხაზ ქინძოძეს გარედან შემოესმა ყვირილის ხმა, რის გამოც ის გავიდა სახლიდან იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა და დაინახა, რომ მერსედსის მარკის ავტომანქანა იდგა ასფალტიან გზაზე, აღნიშნული ავტომანქანის უკანა მარცხენა მხარეს ეგდო ლევან ქინძოძე, რომელსაც სხეული მთლიანად სისხლიანი ჰქონდა. მისმა მეუღლემ მალხაზ ქინძოძემ ძმიშვილს ლევან ქინძოძეს ჰკითხა, თუ რა მოხდა, რაზეც ლევან ქინძოძემ მას უპასუხა, რომ მას და მის ბიძაშვილს ბადრი ქინძოძეს დაეჯახათ ფორდის მარკის მიკროავტობუსი, რომელსაც მართავდა ამავე სოფელში მცხოვრები გოდერძი მახარაშვილი. ამის შემდგომ მალხაზ ქინძოძემ მოიკითხა მათი შვილი ბადრი ქინძოძე და ადგილზე მყოფი თანასოფლელებისგან გაიგო - „კრიჭა აქვს შენს შვილს შეკრული და გდია მინდვრებშიო“ ესე იგი სოფელი მუხრანიდან სოფელი ქსოვრისის მიმართულებით ასფალტიანი გზის მარჯვენა მხარეს არსებულ მინდორში. თანასოფლელებისგან გახდა მალხაზ ქინძოძესთვის ცნობილი ის, რომ საპირისპირო ზოლში მდგარ მერსედესის მარკის ავტომანქანას და ბადრი და ლევან ქინძოძეებს, რომლებიც იდგნენ აღნიშნულ მერსედესის მარკის ავტომანქანასთან, დაეჯახა ფორდის მარკის მიკროავტობუსით მოძრავი გოდერძი მახარაშვილი, რომელიც, თანასოფლელების განმარტებით, იყო მთვრალ მდგომარეობაში, მიატოვა შემთხვევის ადგილი და წავიდა მათთვის გაურკვეველი მიმართულებით. აღნიშნული შემთხვევიდან ოცდამეერთე დღეს 2018 წლის 18 ოქტომბერს გარდაიცვალა მისი შვილი ბადრი ქინძოძე. მაია გულიაევი მოითხოვს, რომ დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.

2.7. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედით, 2018 წლის 27 სექტემბერს გამოძიება დაიწყო შსს მცხეთის რაიონული სამართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში, მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე.

2.8. 2018 წლის 27 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა 2018 წლის 27 სექტემბერს, 20:15 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში. შემთხვევის ადგილს წარმოადგენს მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში გამავალი საავტომობილო გზა. საავტომობილო გზა არის ასფალტირებული, უდეფექტო, გზას გასდევს უწყვეტი ღერძულა ხაზი, გზის სიგანეა 6 მეტრი, საავტომობილო გზაზე სოფელ ქსოვრისიდან მუხრანის მიმართულებით გზის მარცხენა მხარეს, წინა მხრით მუხრანის მიმართულებით გაჩერებულია მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომლის წინა მარცხენა მხარე გაჩერებულია ქსოვრისიდან მუხრანის მიმართულებით სავალი გზის უკიდურეს მარცხენა მხრიდან 1 მეტრში, ხოლო უკანა მარჯვენა საბურავი გზის გამყოფ ღერძულა ხაზიდან მარცხენა მხარეს 20 სანტიმეტრში. ავტომანქანის წინა მხარეს მუხრანის მიმართულებით 45,1 მეტრში დგას სიჩქარის შემზღუდველი და ე. წ. „ბუგაროკის“ მაჩვენებელი ნიშანი, ხოლო 20 მეტრში არის სიჩქარის შემზღუდველი ე. წ. „ბუგაროკი“. აღნიშნული ა/მანქანის უკანა მხარეს ქსოვრისის მიმართულებით 10 მეტრში ქსოვრისიდან მუხრანის მიმართულებით, სავალი გზის მარცხენა მხარეს არსებულ წყლის არხში დგას "ფორდ ტრანზიტი"-ს მარკის მიკროავტობუსი, წინა მხრით ქსოვრისის მიმართულებით. მერსედესი“ და ფორდ ტრანზიტი" ავტომანქანებს შორის მთელს გზაზე ყრია მინის და პლასტამასის ჩამონაყარი. მერსედესის მარკის ავტომანქანას დაზიანებული აქვს წინა მარცხენა ფრთა, მაშუქი და ძრავის სახურავი, ხოლო ფორდ ტრანზიტის მარკის მიკროავტობუსს წინა ორივე ფრთა, მაშუქები, ძრავის სახურავი, კარებები და წინა საქარე მინა. ასევე შედგენილი იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის სქემა. ასევე ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება და ფოტომასალა დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. ამოღებული იქნა ფორდ-ტრანზიტი“ და მერედესის მარკის ა/მანქანები. ასევე, ფორდ-ტრანზიტის მარკის ავტომანქანიდან ამოღებული იქნა მიკრონაწილაკები, მარცხენა სავარძლის საზურგის ამონაჭერი, მარცხენა სავარძლის დასაჯდომის ამონაჭერი და მარცხენა სავარძლის ხის დასაფენი. ასევე, მერსედესის მარკის ა/მანქანიდან ამოღებული იქნა მიკრონაწილაკები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების კანონთან შესაბამისად ჩატარება და მისი შედეგები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხული ექსპერტების თორნიკე გახოკიძის, ბაქარ ჯალაღონიასა და გამომძიებელის შალვა რევაზიშვილის მიერ.

2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შალვა რევაზიშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში. შეტყობინების შესვლის შემდეგ ფაქტზე დაიწყო გამოძიება და გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. მოწმის განმარტებით, ადგილზე მისვლისას დახვდა ორი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ავტომობილი, სადაც მოათავსეს დაზიანებული პირები და გადაიყვანეს სამედიცინო დახმარების გასაწევად. მან მოახდინა შემთხვევის ადგილის დაცვა და დათვალიერებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოიძახა ექსპერტები. ექსპერტების ადგილზე მისვლის შემდეგ მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და სქემის შედგენა. ადგილზე ორივე ავტომანქანას შორის, იგულისხმება მერსედესის უკანა ნაწილიდან ფორდის უკანა ნაწილამდე მანძილი იყო 10 მეტრი და მანქანებს შორის მთელ რადიუსზე და „მერსედესის“ წინა მარცხენა საბურავის წინ შეჯახების შედეგად გაბნეული იყო ჩამონაყარი. ადგილზე არ ყოფილა ინტენსიური ჩამონაყარი, რაც ასევე დაფიქსირებულია სქემაზე და ფოტომასალაზე. მერსედესის ავტომანქანის გვერდზე იყო მერსედესის მხედველობის სარკე. მერსედესის წინა ნაწილიდან ბუგაროკამდე იყო 20 მეტრი. ე. წ. ბუგაროკთან იყო სიჩქარის შემზღუდველი ნიშანი, „შეანელე სვლა 40 კმ/სთ-მდე“, რაც მან სქემაზე აღნიშნა პირობითი ფორმის ნიშნით. გამომძიებელმა განმარტა, რომ იგი პროფესიით არ არის მხაზველი, შესაბამისად, მაქსიმალური მიახლოებით სცადა აღენიშნა ადგილზე არსებული უძრავი საგნები და ავტომობილების განლაგება, ხოლო ოქმში დააფიქსირა დეტალები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შემთხვევა მოხდა მშრალ, უნალექო ამინდში, გზის საფარი იყო მშრალი, ხოლო არხი, სადაც წინა ნაწილით იყო ჩავარდნილი მიკროავტობუსი, იყო ნაწილობრივ სველი, ალაგ-ალაგ იყო წყალი. იმ ადგილზე, სადაც წყალი იყო დაგროვილი აღინიშნებოდა ავტომობილის გავლის შედეგად წყლის ამოსხმის კვალი. მოასფალტებული გზის საფარის გვერდით ქვეითებისათვის განკუთვნილი ბილიკი მან სქემაზე აღნიშნა ორ ზოლად, რადგან ასფალტიდან იწყებოდა ქვიშის გვერდული და შემდეგ იყო ნაგავი ამონაყარი არხიდან. პირველი ნაწილი იყო დაახლოებით 1 მეტრი სიგრძის, ხოლო არხის მხარეს, მეორე ნაწილზე იყო, როგორც აღნიშნა, არხიდან ამოყრილი გარკვეული ნარჩენები, ქვის და ქვიშის გრანულები. მთლიანად გზის სავალი კიდიდან არხის ჩათვლით, გაზის გაყვანილობის მილამდე მანძილი იყო 2 მეტრ და 50 სანტიმეტრზე მეტი. მას შემთხვევის ადგილზე კვალი არ უნახავს, მერსედესის მანქანის ქვეშ იყო ზეთის ჩამონაღვარის გუბე. მოწმის განმარტებით, მან ასევე ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილთან. მისგან მოახდინა სისხლის ნიმუშის აღება და გამოკითხა. მოწმემ განმარტა, რომ გოდერძი მახარაშვილს მასთან არც ერთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას არ გამოუთქვამს პრეტენზია, რომ მის მიმართ განხორციელდა რაიმე სახის უკანონო ქმედება. ასევე მოწმეს არ ეტყობოდა ალკოჰოლის მოქმედება, ასევე რაიმე აღელვება ან სტრესი. ის იცნობდა გოდერძი მახარაშვილს და ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა. გამომძიებელმა აღნიშნა, რომ დააფიქსირა მხოლოდ ის გარემოებები, რაც გოდერძი მახარაშვილმა გამოკითხვის დროს მიუთითა და დაადასტურა თავისი ხელმოწერით. შალვა რევაზიშვილმა განმარტა, რომ ექსპერტიზის დანიშვნის შემდეგ, როდესაც ექსპერტმა მიუთითა, რომ საჭირო იყო საგამოძიებო ექსპერიმენტით ხილვადობის დადგენა, იგი დაუკავშირდა გოდერძი მახარაშვილს და მის დამცველს, ასევე ნიკოლოზ მანჯავიძეს და მის დამცველს, ადგილზე გამოცხადნენ ზემოაღნიშნული პირები, თუმცა გოდერძი მახარაშვილის დამცველმა უარი განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც მან დაცვის მხარის მონაწილეობის გარეშე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი და დადგინდა, რომ გოდერძი მახარაშვილს მის სამოძრაო ზოლში არსებული დაბრკოლების დანახვა შეეძლო 147 მეტრიდან, რაც ბევრად აღემატებოდა უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით ავტომობილის გასაჩერებლად საჭირო დროს. ასევე, გამომძიებელმა შალვა რევაზიშვილმა დამატებით აჩვენა, რომ მას შემდეგ რაც ავტოტექნიკურმა ექსპერტიზამ გასცა შესაბამისი დასკვნა, რომ პოტენციური დამნაშავე იყო გოდერძი მახარაშვილი, მან არ ჩათვალა საჭიროდ ნიკოლოზ მანჯავიძეზე მოეძია მასალები, გამოძიება წავიდა გოდერძი მახარაშვილის მიმართულებით და პროკურორის მიერ გოდერძი მახარაშვილი მიცემული იქნა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში. მას საქმეზე ტექნიკური ექსპერტიზა არ დაუნიშნავს, რადგან მან ავტოტექნიკური და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის დროს დასვა ზოგადი შეკითხვები, მათ შორის თუ რა დაზიანებები ჰქონდა ავტომანქანებს და თუ ავტომანქანების საჭის მექანიზმი ან სხვა დეტალი იქნებოდა დაზიანებული, ექსპერტი ამის შესახებ თავის დასკვნაში აღნიშნავდა.

2.10. ალკოტესტის შემოწმების ოქმებით, მძღოლ გოდერძი მახარაშვილს 2018 წლის 27 სექტემბერს 20:53:28 საათზე შემოწმების შედეგად დაუდგინდა 0,135 % ალკოჰოლური თრობა, ხოლო მძღოლ ნიკოლოზ მანჯავიძეს ამავე დღის 21:09:23 საათზე დაუდგინდა - 0.000 %.

2.11. სისხლის ნიმუშის აღების 2018 წლის 27 სექტემბრის ოქმის მიხედვით, გოდერძი მახარაშვილისგან 2018 წლის 27 სექტემბერს 23 საათსა და 00 წუთზე მისი თანხმობით აღებულ იქნა სისხლის ნიმუში. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლალი ქისტაურმა მთლიანად დაადასტურა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

2.12. სისხლის ნიმუშის აღების 2018 წლის 27 სექტემბრის ოქმის მიხედვით, ნიკოლოზ მანჯავიძისგან 2018 წლის 27 სექტემბერს 23 საათსა და 20 წუთზე მისი თანხმობით აღებულ იქნა სისხლის ნიმუში. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნინო მამულაშვილმა მთლიანად დაადასტურა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

2.13. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N006854218 დასკვნის თანახმად, „გოდერძი მახარაშვილის სისხლის ნიმუშში“ აღმოჩენილი 0.79% ეთილის სპირტი შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს. დასკვნის სისწორე მთლიანად დადასტურებულია ექსპერტების გური მენაბდიშვილისა და ნათია კახაბრიშვილის სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით მიცემული ჩვენებებითა და აღნიშნულ დასკვნაზე მათი ხელმოწერებით.

2.14. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N006868018 დასკვნის თანახმად, ნიკოლოზ მანჯავიძის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი. დასკვნის სისწორე მთლიანად დადასტურებულია ექსპერტების ცისანა გვენეტაძისა და ნათია კახაბრიშვილის სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით მიცემული ჩვენებებითა და აღნიშნულ დასკვნაზე მათი ხელმოწერებით.

2.15. 2018 წლის 17 ოქტომბრის ავტოტექნიკური და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1437/ა დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ მიკროავტობუს „ფორდ ტრანზიტის“ მარცხენა მხარეს არსებული დაზიანებები და ავტომობილ „მერსედესის“ მარცხენა მხრეს არსებული დაზიანებები წარმოქმნილნი არიან მათი ურთიერთშეჯახების შედეგად. იმისათვის, რომ დადგინდეს მძღოლებს შეეძლოთ თუ არა შეჯახების თავიდან აცილება და მათ მოქმედებაში აღინიშნება თუ არა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა, ამისათვის გამოძიებით დასადგენია შემდეგი გარემოებები: 1. რამდენ მეტრ მანძილში შეეძლო მიკროავტობუს „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლს გზის სავალ ნაწილზე გაჩერებული ავტომობილ „მერსედესის“ დანახვა და 2. კონკრეტულად გზის სავალი ნაწილის რა ადგილას იყო გაჩერებული ავტომობილი „მერსედესი“. აღნიშნული დასკნის კვლევითი ნაწილის მიხედვით, მიკროავტობუს „ფორდ ტრანზიტი“ სახ. YQY-953-ის ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მას წინა მარცხენა მხარეს აღენიშნება ავარიული სახის მექანიკური დაზიანებები, კერძოდ, წინიდან უკან მოქმედი ძალით დაზიანებულია წინა ბამპერი, წინა მოპირკეტება, ძრავის სახურავი, მარცხენა წინ ფრთა და მარცხენა კარი, წინა მარცხენა სახურავი გადავარდნილია დისკოდან, ხოო სხვა საბურავები დაბერილ მდგომარეობაშია. ზემოაღწერილი დაზიანებები ნაჭდევი სახისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის. მიკროავტობუსის ძრავის სახურავზე, როგორც მარჯვენა მხარეს, ისე შუა ნაწილში აღინიშნება წინიდან უკან მოქმედი ძალით განვითარებული დაზიანების ოვალური ცენტრები, რის შედეგად საქარე მინა მლიანად დაბზარულია და ჩაწეულია სალონისაკენ. ზემოაღწერილი დაზიანებები განლაგებულნი არიან ერთ ზოლში, შესაძლებელია წარმოქმნილიყვნენ ერთი რაიმე კონკრეტული შემთხვევის დროს და თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) შესახებ ურთიერთქმედებისათვის. ავტომობილ „მერსედესი“ სახ. N TT-529-WW-ის ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მას წინა მარცხენა მხარეს აღენიშნება ავარიული სახის მექანიკური დაზიანებები, კერძოდ, წინიდან უკან მოქმედი ძალით დაზიანებულია: წინა ბამპერი, წინა მოპირკეთება, ძრავის სახურავი და მარცხენა წინა ფრთა. ავტომობილზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი სახისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის. წარმოდგენილი ავტომობილების დაზიანებული ნაწილების წარმოსახვით ურთიერთშეთავსებისას მივდივართ დასკვნამდე, რომ ავტომობილი „ფორდ ტრანზიტი“ წინა მარცხენა ნაწილით მოსულია კონტაქტში ავტომობილ „მერსედესი“-ს წინა მარცხენა ნაწილთან. აღნიშნული დასკვნის სისწორე დადასტურებულია ექსპერტი ირაკლი სადრაძის მიერ.

2.16. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის გიორგი ცაგარეიშვილის 2019 წლის 17 ოქტომბრის წერილის მიხედვით, მცხეთის მუნიციპალიტეტში მეტეოროგიური დაკვირვებები არ წარმოებს. უახლოესი, თბილისის ვაშლიჯვრის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, 2018 წლის 27 სექტემბერს, დაკვირვების ვადაზე (19 სთ-ზე), ხილვადობა იყო 50 კმ. 2018 წლის 19 ოქტომბერს ანალოგიური ხილვადობა მოსალოდნელია დღის მეორე ნახევარში 18:00 საათამდე.

2.17. აღნიშნული დოკუმენტის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოლოგიური დეპარტამენტის მეტეოროლოგიის განყოფილების უფროსმა ლამარა დონდუამ, რომელმაც დამატებით აღნიშნა, მისი განყოფილების საქმიანობას წარმოადგენს დაკვირვების მეთოდის განსაზღვრა ხილვადობის კუთხით მთელი საქართველოს მასშტაბით. 50 კმ-ის ხილვადობა, გულისხმობს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში პიროვნების აღქმა იყო 40-60 კმ.

2.18. 2018 წლის 19 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ნიკოლოზ მანჯავიძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები გავიდნენ სოფელ ქსოვრისში, სადაც, ნიკოლოზ მანჯავიძის მითითებით, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა წინა მხრით დააყენეს მუხრანის მიმართულებით სავალი გზის მარცხენა მხარეს, რომლის მარცხენა საბურავები იდგა ფეხით მოსიარულეთა სავალ გზაზე, ხოლო მარჯვენა საბურავები იდგა ღერძულა ხაზიდან ერთ მეტრში. აღნიშნულის შემდგომ ისინი ჩასხდნენ „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანაში და წავიდნენ მუხრანის მხრიდან ქსოვრისის მიმართულებით და ავტომანქანა გააჩერეს იმ ადგილას და იმ დროს, როდესაც გამოჩნდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა. გაჩერების შემდგომ გაიზომა მანძილი ფორდის და მერსედესს შორის. „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლს გაჩერებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეძლო დაენახა 147 მეტრში. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება და მისი შედეგები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმის ნიკოლოზ მანჯავიძის, გამომძიებლის შალვა რევაზიშვილის, მძღოლის ვაჟა ყირმიზოვის, ექსპერტების ილია ქურდაძისა და მამუკა როშნიაშვილის მიერ, ასევე ადვოკატ ნუგზარ კვინიკაძის ხელმოწერით.

2.19. სასამართლო სხდომაზე ექსპერტების ილია ქურდაძის და მამუკა როშნიაშვილის ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ მიიღეს მონაწილეობა შალვა რევაზიშვილის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში. მათ უნდა დაედგინათ მანქანებს შორის მანძილი ხედვის არეალის განსაზღვრის მიზნით. მერსედესი იყო გაჩერებული. ფორდ ტრანზიტის ავტომობილი დაიძრა შორიდან, რათა მასში მსხდომ პირებს - გამომძიებელს, ექსპერტ-კრიმინალისტს მამუკა როშნიაშვილს და მძღოლს დაედგინათ ხილვადობა გაჩერებული მერსედესის მიმართ. როდესაც გაჩერდა ფორდ ტრანზიტის ავტომანქანა და მასში მსხდომი პირები გადმოვიდნენ, სამივე მათგანმა თქვეს, რომ დაინახეს მერსედესი. შემდეგ მოხდა მანძილის გაზომვა. ექსპერტ-კრიმინალისტი ილია ქურდაძე ახდენდა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის ფოტოგრაფირებას.

2.20. 2019 წლის 14 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ლევან ქინძოძეს წაეკითხა მის მიერ გამოკითხვის დროს მიცემული ინფორმაცია, რაზეც ლევან ქინძოძემ განაცხადა, რომ სრულიად ეთანმება და ადასტურებს მას. საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან ექსპერტ-კრიმინალისტ ვასილ შალიკაშვილთან ერთად. დაზარალებულ ლევან ქინძოძემ სოფელ მუხრანიდან სოფელ ქსოვრისის მიმართულებით მიუთითა კონკრეტულ მხარეს, სადაც გადაადგილდებოდნენ ქვეითად აღნიშნულ დღეს ის და მისი ბიძაშვილი ბადრი ქინძოძე. ამის შემდეგ ლევან ქინძოძემ მიუთითა კონკრეტულად ის ადგილი, სადაც მათი თანასკოლელი ნიკოლოზ მანჯავიძე გაჩერდა სავალი გზის საპირისპირო ზოლში ასფალტიანი გზიდან მარცხენა მხარეს ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე გადასული 50 სანტიმეტრში და სადაც ესაუბრებოდნენ ის და ბადრი ქინძოძე მანქანაში მჯდომ ნიკოლოზ მანჯავიძეს. ლევან ქინძოძემ მიუთითა კონკრეტულად ის ადგილები, სადაც იდგნენ. ბადრი ქინძოძე იდგა ნიკოლოზ მანჯავიძის ავტომანქანის მარცხენა საქარე ფრთასთან სახით სოფელ ქსოვრისის მიმართულებით, ხოლო თვითონ ნიკოლოზ მანჯავიძის ავტომანქანის მარცხენა კარებთან სახით სოფელ მუხრანის მიმართულებით. ამის შემდეგ ლევან ქინძოძემ მიუთითა იმ ადგილზე, საიდანაც დაინახა სოფელი მუხრანიდან სოფელ ქსოვრისის მიმართლებით მოძრავი დიდი სიჩქარით ფორდის მარკის მიკროავტობუსზე, რომელმაც აღნიშნულ საავტომობილო გზაზე არსებული ე. წ. ბუგაროკის გავლის შემდეგაც, საიდანაც მანქანის გაჩერების ადგილზე არის დაზუსტებული მანძილი 23 მეტრი და 70 სანტიმეტრი, რისი გავლის შემდეგაც ფორდის მარკის მიროავტომობილმა არ შეანელა, რის შემდეგ ლევან ქინძოძე გაიქცა მისი გაჩერების ადგილიდან სოფელ ქსოვრისის მიმართულებით, რა ადგილიც ასევე კონკრეტულად მიუთითა. აღნიშნული ექსპერიმენტის ჩატარების სისწორე დადასტურებულია დეტექტივ-გამომძიებელ გიორგი ტარყაშვილის, ექსპერტ-კრიმინალისტის ვასილ შალიკაშვილის და დაზარალებულ ლევან ქინძოძის მიერ.

2.21. 2019 წლის 17 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ნიკოლოზ მანჯავიძეს წაეკითხა მის მიერ გამოკითხვის დროს მიცემული ინფორმაცია, რაზეც განაცხადა, რომ სრულიად ეთანმება და ადასტურებს მას. საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან ექსპერტ-კრიმინალისტ ლევან კვერნაძესთან და ადვოკატ ნუგზარ კვინიკაძესთან ერთად მოწმე ნიკოლოზ მანჯავიძის მითითებით წავიდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საავტომობილო გზის მიმართულებით, სადაც გაიარეს სოფელ ქსოვრისის დასაწყისის მიმანიშნებელი ნიშანი, შედეგ ე. წ. ბუგაროვკამდე დაახლოებით ათი მეტრის დაშორებით სოფელ ქსოვრისის მიმართულებით საგზაო ნიშანი, ,,შეანელე სვლა 40 კმ/სთ-მდე“, რის შემდეგაც ნიკოლოზ მანჯავიძემ მიუთითა კონკრეტულად ფეხით მოსიარულეთა სავალ გზაზე ასფალტიანი გზის მარჯვენა მხარეს, სადაც დაინახა მან, რომ გადაადგილდებოდნენ ქვეითად მოსიარულე ბადრი და ლევან ქინძოძეები. ამის შემდეგ ნიკოლოზ მანჯავიძემ მიუთითა ე. წ. ბუგაროკიდან ის ადგილი 23,70 სმ-ში, სადაც მან საპირისპირო ზოლში გააჩერა თავისი კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომანქანა. ამის შემდეგ ნიკოლოზ მანჯავიძემ მიუთითა კონკრეტულად ის ადგილები, სადაც იდგა ბადრი ქინძოძე მისი ავტომანქანის წინა მარხენა ფრთასთან და ლევან ქინძოძე ავტომანქანის მარცხენა კარებთან სახით სოფელ მუხრანის მიმართულებით. ამის შემდეგ ნიკოლოზ მანჯავიძემ იმ ადგილისკენ სოფელ მუხრანიდან სოფელ ქსოვრისის მიმართულებით, საიდანაც დაინახა დიდი სიჩქარით მოძრავი ფორდის მარკის მიკროავტობუსი, რომელმაც მიუხედავად საგზაო ნიშნისა „შეანელე სვლა 40 კმ/სთ-მდე“ და მის შემდგომ არსებული „ბუგაროკისა“, არ შეანელა სვლა, წავიდა მისი ავტომანქანის მიმართულებით და მოახდინა შეჯახება. ნიკოლოზ მანჯავიძემ მიუთითა ის ადგილი, სადაც შეჯახების შემდგომ პირველად ნახა სისხლიანი ლევან ქინძოძე მისი ავტომანქანის უკან არსებულ გზაზე, ხოლო უგონო მდგომარეობაში მყოფი ბადრი ქინძოძე - ასფალტირებული გზის მარცხენა მხარეს მდებარე მინდვრებში. ნიკოლოზ მანჯავიძემ მიუთითა ასევე მისი ავტომანქანის უკან გაჩერებულ რუში ჩავარდნილი ფორდის მარკის მიკროავტობუსზე, რომელსაც მართავდა ნიკოლოზ მანჯავიძის განმარტებით, გოდერძი მახარაშვილი. აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი დადასტურებულია ნიკოლოზ მანჯავიძის, დეტექტივ-გამომძიებელ გიორგი ტარყაშვილის, ექსპერტ-კრიმინალისტ ლევან კვერნაძის და ნუგზარ კვინიკაძის მიერ.

2.22. 2018 წლის 13 ნოემბრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N1650/ა დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ გოდერძი მახარაშვილის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ნიკოლოზ მანჯავიძის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის ბ-დ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, თუმცა აღნიშნული მიზეზობრივ კავშირში არაა მომხდარ შემთხვევასთან და მას მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო. აღნიშნული დასკვნის სისწორე დადასტურებულია ექსპერტის თემურ დავითიძის მიერ.

2.23. 2019 წლის 19 სექტემბერის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N1213/ა დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ გოდერძი მახარაშვილის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ნიკოლოზ მანჯავიძის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის ბ-დ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, თუმცა აღნიშნული მიზეზობრივ კავშირში არაა მომხდარ შემთხვევასთან და მას მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით, დაშვებული 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი სრული გაჩერებისათვის კონკრეტულ საგზაო პირობებში მკვეთრი დამუხრუჭებისას საჭირო მანძილად დაანგარიშებულია 27 მეტრი. ჩატარებული გამოთვლა გვიჩვენებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ავტომობილი ფორდის სრული გაჩერებისთვის საჭირო მანძილი მინიმუმ 5-ჯერ ნაკლებია გამოძიების მიერ ექსპერიმენტით დადგენილ მძღოლ მახარაშვილის განკარგულებაში არსებულ მანძილზე, აღნიშნულიდან გამომდინარე მის სამოძრაო ზოლში გაჩერებული მერსედესი არ წარმოადგენდა საფრთხეს, იგი წარმოადგენდა დაბრკოლებას და გოდერძი მახარაშვილს, როგორც სიჩქარის თანაბარი შენელებით, ასევე მარცხნიდან გვერდის ავლით შეეძლო მის სამოძრაო ზოლში არსებულ დაბრკოლებაზე შეჯახების თავიდან აცილება. მოცემულ შემთხვევაში, მძღოლ გოდერძი მახარაშვილის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქ. კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (რელიეფი ადგილის, გზის და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა) რათა საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტაც მას შეუძლია, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს. მოცემულ შემთხვევაში, მძღოლ ნიკოლოზ მანჯავიძის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნტის ბ-დ მოთხოვნებს, თუმცა აღნიშნული მიზეზობრივ კავშირში არ არის მომხდარ შემთხვევასთან და მას მოცემული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო. მუხლის 37, 6 ბ-დ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება: იმ ადგილას, სადაც მონიშვნის უწყვეტ ხაზსა და გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას შორის მანძილი სამ მერტზე ნაკლებია. 2019 წლის 25 ივნისს გამოკითხული იქნა ბრალდებული გოდერძი მახარაშვილი, რომლის ჩვენება რადიკალურად განსხვავდება მისი მიერ მიცემული წინა ჩვენებისგან და მოცემული ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მოძრაობდა მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში გამავალ საავტომობილო გზაზე დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით, მსვლელობისას შენიშნა საპირისპირო მოძრაობის ზოლში დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მერსედესი, როდესაც მათ შორის მანძილი იყო 20-25 მეტრი, ავტომობილი მერსედესი გადმოვიდა მის სამოძრაო ზოლში, შეჯახების თავიდან აცილების მიზნით გოდერძი მახარაშვილმა საჭე მიმართა მარჯვნივ. წინა მარჯვენა საბურავი ჩავარდა წყლის არხში, მაგრამ შეჯახება მაინც მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილებზე არსებული დაზიანებებიდან მივდივართ დასკვნამდე, რომ ფორდის მარცხენა მხარეს არსებული დაზიანებები და ავტომობილ მერსედესის მარცხენა მხარეს არსებული დაზიანებები წარმოქმნილნი არიან მათი ურთიერთშეჯახების შედეგად და შეჯახების მომენტში შეჯახების კუთხე შეადგენდა დაახლოებით 5 გრადუსს. თუ მიკროავტობუსი ფორდის წინა მარჯვენა საბურავი ჩავარდა წყლის არხში და ასეთ მდგომარეობაში მოხდა შეჯახება, მაშინ მიკროავტობუსი ფორდი გზის მიმართ დახრილი იქნებოდა 5 გრადუსზე მეტი კუთხით, ხოლო ავტომობილი მერსედესი, რომელიც გადმოვიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლიდან უნდა მოესწრო გადმოსვლა გვერდულად დაახლოებით 3 მეტრზე მეტი მანძილით, გასწორება და თავისი სამოძრაო ზოლისკენ დახრა, რაც გადაადგილების შედეგად დარჩენილ მანძილში 10-12 მეტრში დაახლოებით 4,5 მეტრიანი ავტომობილი მერსედესისთვის 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს შეუძლებელია, თუ ავტომობილი მერსედესი გადმოვიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლიდან და მოხდა მიკროავტობუს ფორდთან შეჯახება, მაშინ შეჯახების კუთხე უნდა ყოფილიყო გაცილებით დიდი, ავტომობილებს ექნებოდათ სხვანაირი დაზიანებები და საბოლოო განლაგებაც იქნებოდა სხვაგვარი, ვიდრე ეს აღნიშნული შეჯახების შედეგად მივიღეთ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მძღოლ გოდერძი მახარაშვილის განმარტება, რომ როდესაც ავტომობილი მერსედესი გადმოვიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლიდან ამ დროს მათ შორის მანძილი იყო 20-25 მეტრი, არ შეესაბამება რეალობას. საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ შეჯახების შემდეგ გაჩერებულ ავტომობილებს შორის მანძილი შეადგენდა დაახლოებით 10 მეტრს და მერსედესის და ფორდის შორის მთელ გზაზე არის მინის და პლასტმასის ჩამონაყარი. როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო მასალიდან ირკვევა, გზის სავალი ნაწილის რომელიმე კონკრეტულ ნაწილში მინის, მიწის და პლასტმასის ინტენსიური ჩამონაყარი არ აღინიშნება, წვრილი ჩამონაყარი გაშლილია მთელ ზედაპირზე თანაბრად, მიკროავტობუს ფორდის უკან აღინიშნება წყლის არხიდან ამოსხმული ტალახიანი წყლის დასხმის კვალი, რომლის დასხმის მიმართულება ემთხვევა ფორდის მოძრაობის მიმართულებას. თუ გაჩერებულ ავტომობილებს შორის არსებულ მანძილში მოხდა დაახლოებით ერთნაირი სიჩქარეებით ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოძრავი ავტომობილების შეჯახება, მაშინ შეჯახების წერტილში აუცილებლად აღმოჩნდებოდა მინის, მიწის და პლასტმასის ინტენსიური ჩამონაყარი, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ აღინიშნება. აქედან გამომდინარე, გაჩერებულ ავტომობილებს შორის არსებულ მანძილში ავტომობილების შეჯახება არ შეიძლება მომხდარიყო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 25 ივნისს გამოკითხული ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილის ჩვენება არ შეესაბამება რეალობას. სს საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებებით, ავტომობილებზე არსებული დაზიანებებით, შეჯახების კუთხით, შეჯახების შემდეგ ავტომობილების საბოლოო განლაგებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემით და ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო მასალით ირკვევა შემდეგი, ავტომობილი მერსედესი იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში მისთვის საპირისპირო მოძრაობის ზოლში, ნაწილობრივ მარცხენა გვერდულზე, ხოლო ნაწილობრივ გზის სავალ ნაწილზე. მიკროავტობუსი ფორდი მოძრაობდა თავის სამოძრაო ზოლში, ავტომობილ მერსედესთან მიახლოებისას საჭე მიმართა მარჯვნივ, რა დროსაც თავის წინა მარცხენა ნაწილით შეეჯახა ავტომობილ მერსედესს წინა მარცხენა ნაწილში ისე, რომ მიკროავტობუსს წინა მარჯვენა საბურავი ჰქონდა წყლის არხში. ავტომობილი მერსედესი შეჯახების შემდეგ გადაადგილდა უკან და მარჯვნივ, ხოლო მიკროავტობუსი ფორდი, თავისი დარჩენილი კინეტიკური ენერგიის ხარჯზე გადაადგილდა წინ და მარჯვნივ, თავისი მარჯვენა ორივე საბურავით მოხვდა წყლის არხში და საბოლოოდ წინა მარჯვენა ნაწილით არხში არსებულ წინააღმდეგობასთან კონტაქტის შეხვედრის დროს მისმა უკანა ნაწილმა დაიწყო გადაადგილება მარცხნივ, შესაბამისად, უკანა საბურავები ნაწილობრივ გადაადგილდა მარცხნივ და გაჩერდა. ზემოაღნიშნული პროცესის დროს, კერძოდ ფორდის წყლის არხში მოხვედრის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ამოისხა ტალახიანი წყალი. მერსედესის და ფორდის შეჯახების შემდეგ, როდესაც მათ დაიწყეს განცალკევება, გზის მთელ ზედაპირზე თანაბრად გაიფანტა მინის, მიწის და პლასტმასის ჩამონაყარი. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სრულად იქნა დადასტურებული სასამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების ირაკლი სადრაძის და თემურ დავითიძის ჩვენებებით.

2.24. სასამართლო სხდომაზე ექსპერტ ირაკლი სადრაძის ჩვენებით დადგენილია, რომ ჩაატარა ავტოტექნიკური და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური-ექსპერტიზა, რის შედეგადაც გასცა დასკვნა. მოწმემ განმარტა, რომ მან დაათვალიერა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილები და გასცა დასკვნა ავტომობილებზე არსებული დაზიანებების შესახებ. ამასთან, ვინაიდან ავტოტექნიკური ექსპერტიზის გასაცემად საჭირო იყო დადგენილიყო რა მანძილიდან შეეძლო მიკროავტობუსის მძღოლს მერსედესის დანახვა და კონკრეტულად გზის სავალი ნაწილის რა ადგილას იყო გაჩერებული მერსედესი, არ მოხდა დასკვნის გაცემა და გამომძიებელს განესაზღვრა საკითხები, რაც უნდა დადგენილიყო. გამომძიებლის მიერ ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი და განისაზღვრა მანძილი, რის შემდეგაც დასკვნა გასცა თემურ დავითიძემ. შემდეგ დაინიშნა კომისიური ექსპერტიზა, შსს, სამხარაულის და დამოუკიდებელ ექსპერტ თენგიზი ჭიჭინაძის მონაწილეობით, განხილვისას ვერ მოხდა შეთანხმება და დასკვნები გაიცა ცალ-ცალკე, რის შემდეგაც 2019 წლის 19 სექტემბერს მან და თემურ დავითიძემ გასცეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც მათ ავტოსაგზაო შემთხვევაში გაამტყუნეს ფორდ ტრანზიტის მძღოლი გოდერძი მახარაშვილი და ასევე მიუთითეს, რომ ნიკოლოზ მანჯავიძე მართალია არღვევდა საგზაო მოძრაობის კანონს, თუმცა შეჯახების თავიდან აცილება არ იყო მასზე დამოკიდებული. ექსპერტმა განმარტა, რომ ყველა ექსპერტი შეთანხმდა ავტომობილების შეჯახების კუთხეზე და მათი ერთმანეთთან ურთიერთმოდებაზე, ავტომობილების დაზიანებებზე და იმაზე, რომ ფორდ ტრაზიტის ავტომანქანა მარჯვენა მხრიდან დაეჯახა მერსედესს და დაჯახებისთანავე ჩავარდა არხში, ხოლო ვერ თანხმდებოდნენ შეჯახების ადგილზე და იმაზე, მოძრაობდა მერსედესი თუ იყო გაჩერებულ მდგომარეობაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. მოწმის ჩვენებით, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო მასალიდან ირკვევა, გზის სავალი ნაწილის რომელიმე კონკრეტულ ნაწილში მინის, მიწის და პლასტმასის ინტენსიური ჩამონაყარი არ აღინიშნება. არც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში და არც სქემაზე არ არის მითითებული ინტენსიური ჩამონაყარის ადგილი. წვრილი ჩამონაყარი, მინის და პლასტმასის გაბნეულია მთელ ზედაპირზე თანაბრად. ის ფაქტი, რომ გაჩერებულ მანქანას დაეჯახა მოძრაობაში მყოფი ავტომანქანა, ყველაფერი იყო თანხვედრაში, შესაბამისად, ჩამონაყარი მანქანებს შორის უნდა ყოფილიყო გაშლილი. მოწმის განმარტებით, ექსპერტი დავით გველესიანი ამბობდა, რომ შეჯახების ადგილი იყო 13-14 მეტრით უკან მერსედესის გაჩერების ადგილიდან, იგი შეჯახების ადგილად უთითებდა გაჩერებული მიკროავტობუსის უკანა ნაწილს. თავის მხრივ, ექსპერტი თენგიზ ჭიჭინაძე უთითებდა, რომ შეჯახების ადგილი იყო მერსედესის საბოლოო გაჩერების ადგილას, მერსედესის ქვეშ, შეჯახების ინტენსიური ჩამონაყარი კი იმიტომ არ ჩანდა, რომ იყო მერსედესის ქვეშ მოქცეული ან მერსედესის უკან, მაგრამ რა მანძილში, ამის განსაზღვრა არ შეუძლია. მოწმის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან, მასზე დართული ფოტოსურათებიდან და საქმიდან ჩანდა, რომ არ იყო ინტენსიური ჩამონაყარი. მოწმის განმარტებით, მას და თემურ დავითაძეს ჰქონდათ თანმხვედრი მიდგომა იმის შესახებ, რომ გაჩერებულ მერსედესის მარკის ავტომანქანას დაეჯახა ფორდ ტრანზიტის მიკროავტობუსი, რასაც ასევე ადასტურებდნენ თავად ფორდ ტრანზიტის მიკროავტობუსის მძღოლი პირველი გამოკითხვის დროს, მერსედესის მარკის ავტომანქანის მძღოლი და იქვე მდგომი ლევან ქინძოძე. სქემის თანახმად, ადგილზე ჩამონაყარი იყო მთელ გზაზე გაბნეული. შესაბამისად, ფაქტი იყო ის, რომ ადგილზე არ იყო ინტენსიური ჩამონაყარი, რის გამოც ვერცერთმა ექსპერტმა ვერ დაადგინა ინტენსიური ჩამონაყარის კონკრეტული ადგილი. მოწმემ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნის გაცემის დროს მათთან იყო საქმის მასალები მთლიანად, კერძოდ,-საქმეზე გამოკითხული პირები აფიქსირებდნენ, რომ მერსედესი იყო გაჩერებული, იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა, სადაც მითითებული იყო მხოლოდ ჩამონაყარის შესახებ მანქანებს შორის, 6 მეტრია სავალი ნაწილი, 3-3 მეტრი თითოეული სამოძრაო ზოლი, ხოლო 10 მეტრი მანძილია მითითებული მანქანებს შორის, შეჯახების კუთხე, რომელიც შეადგენდა 5-10 გრადუსს. საქმის მასალის ერთობლიობაში შეფასებიდან და მისი სპეციალური ცოდნიდან გამომდინარე, მან დაადგინა, რომ მერსედესის ავტომანქანა იყო გაჩერებული დაჯახების მომენტში და ფორდ ტრანზიტის მძღოლის, გოდერძი მახარაშვილის ქმედება არ შეესაბამებოდა კანონს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“. ასევე, მოწმემ განმარტა, რომ თუ საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომობილების ერთმანეთთთან შეჯახება მოხდება წინა ნაწილებით, რასაც ექსპერტი დავით გველესიანი და თენგიზი ჭიჭინაძე ამტკიცებენ, შეჯახების დროს ისინი იწყებენ ტრიალს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით და იმ ადგილზე, სადაც ხდება შეჯახება, გამორიცხულია, რომ არ იყოს ინტენსიური ჩამონაყარი, შეჯახების კუთხე იყოს ასეთი მცირე, 5 გრადუსი და ასეთ მდგომარეობაში საბოლოოდ გაჩერებულიყვნენ ავტომობილები. ექსპერტმა განმარტა, რომ ამ შემთხვევაში ავტომობილები სულ სხვა მიმართულებით იყვნენ გაჩერებულები, ხოლო თუ ორივე ავტომობილი იქნებოდა მოძრაობაში, ისინი ჩაჭიდების შემდეგ დაიწყებდნენ ტრიალს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით და როდესაც დაიწყებდნენ დაშორებას, ისინი გაჩერდებოდნენ წინა მხრით ცხვირით შეჯახების ადგილისკენ, ცენტრისკენ. ხოლო ასეთი სახით გაჩერება მოძრავი მერსედესის შემთხვევაში იქნებოდა სხვაგვარი. თუნდაც აღნიშნულ ავტომანქანებს იმ სიჩქარით რომ ემოძრავათ, რა სიჩქარესაც მიუთითებდა დაცვის მხარე, მაშინ რამდენიმე ბრუნი შეიძლება გაკეთებულიყო. ყველა შემთხვევაში, მოძრაობაში მყოფი ორი ავტომანქანის შეჯახების შედეგად გამორიცხულია, რომ მერსედესი ისეთ მდგომარეობაში გაჩერებულიყო, როგორც ჩანს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართულ ფოტოსურათებზე. შესაძლებელია, ერთი მთლიანი ბრუნი არა, მაგრამ ერთ ბრუნამდე იქნებოდა მისული. მოწმე ექსპერტმა ინტენსიურ ჩამონაყართან დაკავშირებით განიხილა სამი ვარიანტი. პირველი ვარიანტში, ინტენსიური ჩამონაყარი არ რჩება მაშინ, როდესაც ორი ავტომობილი ინტენსიურად მოძრაობს თანმხვედრი მიმართულებით, ისინი კონტაქტის დროს აგრძელებენ ერთად მოძრაობას, მაგ. იღებენ რაღაც ჩამონაყარს, მაგრამ ეს ჩამონაყარი იფანტება მათი მიმართულებით; მეორე ვარიანტში, როდესაც ორი ავტომობილი მოძრაობს შემხვედრად და ხდება ავტომობილების ერთი გვერდით მეორე გვერდზე გასმითი შეჯახება, ამ დროს ნაწილაკები იმგვარად გაიფანტება, რომ ინტენსიურ ჩამონაყარს არ იძლევა; მესამე ვარიანტში, როდესაც ერთი ავტომობილი გაჩერებულია, მეორე მოძრავი ავტომობილი ეჯახება, ისინი კონტაქტის დროს აგრძელებენ ერთად მოძრაობას, მათი ერთმანეთისაგან დაშორების შემდეგ შეჯახების ჩამონაყარი გაიფანტება და არ რჩება ინტენსიური ჩამონაყარი, აქაც რჩება რაღაც ჩამონაყარი, მაგრამ ეს ჩამონაყარი იფანტება მათი მიმართულებით. მოწმემ აღნიშნა, რომ კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, როდესაც ერთი ავტომობილი იყო გაჩერებული, ხოლო მეორე ავტომობილი მოძრაობდა წინ, ამ შემთხვევაში ჩამონაყარი გაიფანტება შეჯახების შემდეგ და არ რჩება მასიური, ინტენსიური ჩამონაყარი, ხოლო ინტენსიური ჩამონაყარი რჩება მაშინ, როგორც აღნიშნა, როდესაც ორივე ავტომობილი მოძრაობს შემხვედრად და ჩაჭიდება ხდება წინა ნაწილებით, შეჯახების შემდეგ ავტომობილები იწყებენ ტრიალს და განცალკევების დაწყებისას რჩება მასიური ჩამონაყარი. ამ შემთხვევაში, ვინაიდან შეჯახება მოხდა გაჩერებულ ავტომობილზე, ჩამონაყარი გაიბნა ფორდის მოძრაობის მიმართულებით. მოწმის განმარტებით, ის ვერ დაეთანხმა ექსპერტებს იმ საკითხზე, რომ 5 მეტრიანი მერსედესის მანქანას მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლში, რომლის სიგანეა 3 მეტრი, მოესწრო გადასვლა და შემდეგ 5 გრადუსიანი კუთხით, ფორდის ავტომობილის მიმართ გასწორება 10-12 მეტრში, რა მოცემულობაც იყო მიწოდებული დაცვის მხარის მიერ, რომ ორივე ავტომობილი 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, მათ შორის მანძილი იყო 20-25 მეტრი, რა დროსაც მერსედესმა დაიწყო საწინააღმდეგო მოძრაობის ზოლში გადასვლა და 10-12 მეტრში, მან გვერდით გადაადგილება მოახდინა სამ მეტრში, შემდეგ გასწორდა 5 გრადუსიანი კუთხით და აიღო საჭე მცირედით მარჯვნივ, რა დროსაც მოხდა მასზე შეჯახება. მოწმემ ირაკლი სადრაძემ აღნიშნა, რომ ყოვლად წარმოუდგენელია, რომ ამ ტექნიკური მონაცემების მქონე მერსედესის ავტომობილს მოესწრო სულ 12 მეტრში განივრად 3 მეტრით გადაადგილება და გასწორება. ხოლო თუ მერსედესი იმოძრავებდა ამ მოცემულობით, მაშინ შეჯახების კუთხე უნდა ყოფილიყო დაახლოებით 40, 50 გრადუსი და ავტომობილების დაზიანება იქნებოდა სხვაგვარი, შეიძლება შეჯახება მომხდარიყო მარცხენა ნაწილებით, მაგრამ დაზიანებების მიმართულებები იქნებოდა სხვა. ექსპერტმა განმარტა, რომ მათთვის გადამწყვეტი არ იყო მოწმეთა ჩვენებები. მართალია, მათ ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია ჩვენებებით მიწოდებული, თუმცა გადამწყვეტი იყო ტრასოლოგიური დასკვნა ავტომობილების დაზიანებებზე, ასევე ფოტომასალა, სადაც გარკვევით ჩანდა შეჯახების შემდეგ არსებული სურათი, გაბნეული ჩამონაყარი და ავტომობილების საბოლოო განლაგება.

ექსპერტმა განმარტა, რომ აღნიშნული უტყუარი მონაცემების გათვალისწინებით, მან და თემურ დავითიძემ დაადგინეს, თუ როგორ განვითარდა შეჯახების მექანიზმი. კერძოდ, ავტომობილი მერსედესი გაჩერებული იყო ფორდის სამოძრაო ზოლში სწორხაზოვნად, გვერდულიდან დაახლოებით 30, 40 სმ-ში სავალ ნაწილზე. გვერდულის ხაზი არ არის გამოყოფილი. ზუსტ ვერსიას, ზუსტად სად იდგა მერსედესი გვერდულიდან, ვერ ამბობს, არსებობს ცდომილება, თუმცა ამ ცდომილებას შედეგისთვის არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ფორდის ავტომობილი მოძრაობდა და გაჩერებულ მერსედესის ავტომობილთან მიახლოებისას ფორდის მძღოლმა აიღო საჭე მარჯვნივ, რა დროსაც მოხდა მათი წინა მარცხენა ნაწილებით შეჯახება, გასმა, მოდება იყო მცირე, 20 სმ., ხოლო შემდეგ ფორდის ავტომობილის ქვეითებთან ურთიერთკონტაქტი. ავტომობილი ფორდი მისი მარჯვენა საბურავებით შეჯახებისთანავე, თითქმის ერთდროულად ხვდება მარჯვნივ არსებულ არხში, შემდეგ ხდება ფორდის გადაადგილება არხში, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ არხში მას ხვდება წინაღობა, რა დროსაც უკანა მარჯვენა საბურავი ამოვიდა ტალახიანი ზედაპირიდან და მოხდა ტალახიანი წყლის ამოსხმა და აღნიშნულ მდგომარეობაში გაჩერება, ფორდ ტრანზიტის ავტომანქანას თავიდან შეიძლება არ დაეტოვებინა კვალი, ეს დამოკიდებული იყო იმაზე თუ რა მოცულობის წყალი იყო არხში იმ მომენტში და იმ ადგილას. ასევეე, როგორც ფოტოსურათებიდან ჩანს, ველური ხეებია, ხე-ბუჩქნარია არხის გაყოლებაზე. ფოტოსურათებიდან იკვეთება ბუჩქნარის ზედაპირის შეცვლილი შეფერილობა, სწორედ იმ ადგილას, სადაც უკვე უნდა მომხდარიყო ფორდ ტრანზიტის ავტომანქანის შემხებლობა ხე-ბუჩქნართაც, რაც შეიძლება ყოფილიყო ფორდ ტრანზიტის გავლის შედეგად დატოვებული კვალი, თუმცა აღნიშნულის ზუსტად დადგენა მას არ შეულია. ფორდ ტრანზიტის ავტომობილსაც გაეჭედა წინა მარცხენა საბურავი, მაგრამ შეიძლებოდა მარცხენა მხარეს ფორდს არ დაეტოვებინა კვალი, რადგან ფორდის მარჯვენა საბურავები იყო არხში, მთლიანი სიმძიმე გადანაწილდა მარჯვენა მხარეზე, ხოლო მარცხენა მხარეს ფორდს ასფალტზე არ უმოძრავია, შესაბამისად, ფორდი ვერ დატოვებდა კვალს. მიწიან ზედაპირზე შესაძლოა კვალი იყოს დატოვებული, თუმცა ვიზუალურად ის არ ჩანდეს. ხოლო მერსედესი, რომელსაც მარცხენა წინა საბურავი დაუზიანდა და გაიჭედა, შეჯახების შემდეგ იწყებს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობას უკან, მარცხნივ და ჩერდება. ექსპერტმა განმარტა, რომ შეჯახების შემდეგ ფორდი წინა მარჯვენა ნაწილით არის გვერდულზე და არხში, აგრძელებს წინ მსვლელობას მარჯვენა საბურავებით არხში, გარკვეული მანძილის გავლის დროს წინაღობის შემდეგ არხიდან ამოვარდა ფორდის უკანა მარჯვენა საბურავი. ექსპერტმა განმარტა, რომ ფორდის გავლილი მანძილის ნახევრიდან იწყება წყლის ამონასხამი ტრასები, თავიდან ცოტა, ხოლო შემდეგ საბურავის ამოვარდნის გამო ინტენსიური ტალახის ამონასხამი. ექსპერტმა განმარტა, რომ მერსედესი რა მანძილით გადაადგილდა უკან ამის ზუსტად დადგენა შეუძლებელია, გადაადგილდებოდა დაახლოებით ნახევარი, ერთი მეტრით. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ გვერდული არ იყო ზუსტად განსაზღვრული, ამიტომ მერსედესის მძღოლის მითითება - რა მანძილში იქნებოდა გვერდულზე, არის არაზუსტი და პირობითი. ფაქტია, რომ მერსედესი გაჩერებული იყო და გზის მიმართ დახრილი არ იყო. მოწმის განმარტებით, ფოტოსურათებზე დაფიქსირებულია მერსედესის ქვეშ ჩამონაღვენთი და წინ რაღაც წვეთებიც ნახეს, მაგრამ კარგად არ ჩანდა და ვერ იტყვიან რისი წვეთები იყო. ექსპერტის განმარტებით, ის არ ეთანხმება როგორც დავით გველესიანის, ასევე თენგიზ ჭიჭინაძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. მოწმემ აღნიშნა, რომ გამორიცხული იყო მერსედესის მიერ იმ მანევრის შესრულება, რაზეც მიუთითებდნენ დასახელებული ექსპერტები, ხოლო თუ თენგიზ ჭიჭინაძის ჩვენებით, შეჯახების ადგილია ფოტოსურათზე არსებული ავტომობილ მერსედესის ქვეშ არსებული მოთეთრო ფერის კვალი, მაშინ გამოდის, რომ შეჯახება მოხდა მერსედესის სამოძრაო ზოლში და მერსედესი არ გადასულა ფორდ ტრანზიტის სამოძრაო ზოლში. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ იმისათვის, რომ შეფასდეს მძღოლის ხილვადობა, საჭიროა ჩატარდეს ექსპერიმენტი და დადგინდეს ობიექტური მონაცემი, რაც იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დამნაშავე მძღოლი უნდა ღებულობდეს მონაწილეობას, რადგან შეიძლება მძღოლმა პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ათმა პირმა შეიძლება დაინახოს, დამნაშავე მძღოლმა განაცხადოს, რომ ვერ ხედავს, რაც არ არის ობიექტური მონაცემი. ექსპერტმა ასევე კატეგორიულად განაცხადა, რომ გამომძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ან შედგენილი დოკუმენტი, ასევე მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ არის აუცილებლად გასაზიარებელი და საკუთარი სპეციალური ცოდნის საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან შეიძლება გამომძიებლის ან მოწმის მიერ აღქმული არ მოდიოდეს შესაბამისობაში უტყუარ ფაქტებთან, რაც ამ შემთხვევაში სახეზე იყო. მოწმემ განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ამ შემთხვევაში დაეყრდნო ისეთ უტყუარ მონაცემებს, როგორიც იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა, ფოტოსურათები, ავტომობილების დაზიანებები, შეჯახების კუთხე, ინტენსიური ჩამონაყარის არ არსებობა, ტალახის ამონასხამი და ავტომობილების საბოლოო გაჩერების ადგილი.

2.25. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თემურ დავითიძის ჩვენებით მთლიანად დადასტურებულია ირაკლი სადრაძის ჩვენება და მის მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნა. მოწმემ აჩვენა, რომ კომისიური ექსპერტიზის ჩატარების დროს წარმოდგენილი მასალების მიხედვით ფორდის მძღოლი გოდერძი მახარაშვილი იძლეოდა პირველი ჩვენებისგან განსხვავებულ ჩვენებას, რომ მერსედესი გაჩერებული კი არ იყო, არამედ გადავიდა მის სამოძრაო ზოლში და მოძრაობდა. ექსპერტი დავით გველესიანი ამტკიცებდა, რომ შეჯახება მოხდა ფორდის მიკროავტობუსის უკანა მხარეს, ხოლო მერსედესი იმ მანძილით, რაც დაშორებული იყო ფორდის უკანა მხრიდან წინ გადაადგილდა 5 მეტრით და გაჩერდა. მათი პოზიცია იყო ის, რომ შეჯახების ადგილი უნდა გამოკვეთილიყო. ისინი ვერ დაეთანხმნენ დაცვის მხარის პოზიციას, რომ მერსედესი შეჯახების მომენტში მოძრაობდა, რადგან მოცემულ შემთხვევაში, რაც უდავოდ არის დადგენილი 5 გრადუსი შეჯახების კუთხე, ვერანაირად ვერ იქნებოდა. ასევე, თუ ავტომობილი მერსედესი გადავიდოდა ფორდის სამოძრაო ზოლში და მათ შორის მანძილი იყო 20-25 მეტრი, ორივე ავტომობილი მოძრაობდა ერთი და იმავე 40 კმ/სთ სიჩქარით და შეჯახების კუთხე არის 5 გრადუსი, ავტომანქანებს უნდა გაევლოთ შემხვედრი მიმართულებით 10-12 მეტრი მანძილი, ავტომობილებზე დაზიანებები უტყუარად არის დადგენილი და თუ მოხდებოდა შეჯახება ამავე ნაწილებში, ორივე მანქანის მოძრაობის შემთხვევაში, კუთხე იქნებოდა 40 გრადუსი. თუ მერსედესი იყო მოძრაობაში და მას გააჩნდა კინეტიკური ენერგია, მისი წინა მარჯვენა საბურავი იყო ჩაჭედილი, მოხდებოდა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა, შეიძლებოდა ერთი სრული ბრუნი არ გაეკეთებინა, მაგრამ გზის პერპენდიკულარულად გაჩერდებოდა და ღერძულა ხაზიდან ასე მცირედ არ გადაიხრებოდა. მოცემულ შემთხვევაში, შესაძლებელია ფორდის მძღოლმა აიღო საჭე მარჯვნივ. თითოეული სამოძრაო ზოლი სამ მეტრიანია, ფორდის წინა მარცხენა ნაწილი არის მოძრაობაში გაჩერებული მერსედესის წინა მარცხენა ნაწილთან. შეჯახების შედეგად მერსედესის წინა მარცხენა საბურავი ჩაიჭედა, რის გამოც მერსედესის უკანა ნაწილი გადაადგილდა ნაწილობრივ მარცხნივ, ზუსტად იმავე მანძილით მოხდებოდა მისი გადაადგილება, რა მანძილითაც არის გადასული ღერძულა ხაზიდან. ეს საბურავი ერთი მეტრით რომ გადმოვწიოთ, მერსედესი ისევ ისე დადგება, როგორც თავდაპირველად იყო გაჩერებული. თუ მერსედესს ექნებოდა დახრა მაშინ გრძივ ღერძულა ხაზს შორის ამსახველი კუთხე იქნებოდა მეტი ვიდრე 5-10 გრადუსი. მოწმის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში არის უტყუარი მტკიცებულებები - ავტომობილების დაზიანებები, მათ შორის შეჯახების კუთხე, შემდეგ უკვე მათი საბოლოო გაჩერება და მათ შორის არსებული ჩამონაყარი. ჩამონაყარი რაც არის ავტომანქანებს შორის ზუსტად შეესაბამება იმ მექანიზმს, რომ მერსედესი იყო გაჩერებული და მას დაეჯახა ფორდი, რადგან როდესაც ხდება ავტომობილზე გასმითი ხასიათის შეჯახება (20-30სმ.), რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, ამ დროს ინტენსიური ჩამონაყარი არ არის. ინტენსიური ჩამონაყარი არის მაშინ, როდესაც ხდება არა გასმითი ხასიათის შეჯახება, არამედ შეჯახება ხდება ერთ წერტილში კუთხეებით, რაც იწვევს მათ ბრუნვით მოძრაობას და სწორედ ინტენსიური ჩამონაყარი არის ამ დროს შეჯახების წერტილში. მოწმემ როგორც აღნიშნა, მოცემულ შემთხვევაში ინტენსიური ჩამონაყარის კვალი შემთხვევის ადგილზე არ არის. სქემის მიხედვით, ავტომობილებს შორის იყო 10 მეტრი მანძილი და იყო მითითება, რომ იყო ჩამონაყარი. ცხადია ეს ჩამონაყარი იქნებოდა, მაგრამ რაიმე ინტენსიური ჩამონაყარი რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა დაფიქსირებული. ჩამონაყარი მონიშნულია ორივე ავტომობილს შორის გაშლილი სახით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო გასმითი ხასიათის შეჯახება და შემდეგ მოხდა ნაწილაკების გაშლა. რაც უფრო პატარაა ნაწილაკი, მით უფრო მეტ მანძილზე გადაადგილდება. შეჯახების მომენტში ნებისმიერი ნაწილაკი იღებს იმ სიჩქარეს, რაც გააჩნია შემჯახებელ ობიექტს. ფოტოსურათებზე ჩანს ავტომობილებს შორის ჩამონაყარი პლასტმასის და მინის ნაწილაკების სახით. ფორდს დაზიანებული ჰქონდა მარცხენა მინა, რაც მოწმის განმარტებით, საეჭვო იყო რომ ეს დაზიანება განვითარებულიყო შეჯახების შედეგად, რადგან მას აქვს სხვა მიმართულება. ეს დაზიანება ფორდს შეიძლება ჰქონოდა შეჯახებამდე ან შეჯახების შემდეგ და ის სხვა დაზიანებების განვითარებების მექანიზმთან თანხვედრაში არ მოდის. მოწმემ ასევე განიხილა მერსედესის ქვეშ არსებული თეთრი კვალი და განმარტა, რომ ისინი ექსპერტიზის დროს ამ კვალსაც განიხილავდნენ, მაგრამ რადგან ეს კვალი არ იმეორებდა ავტომობილ მერსედესის ტრაექტორიას და ვერანაირად ვერ ჯდებოდა საბოლოო გაჩერებასთან, ამიტომ მათ დაადგინეს რომ ის კავშირში არ იყო აღნიშნულ შემთხვევასთან. თუ მაინც დაუშვებდნენ, რომ აღნიშნული თეთრი კვალი დატოვებული იქნებოდა მერსედესის მიერ, მაშინ შეჯახების ადგილი მერსედესთან უნდა ყოფილიყო მერსედესის სამოძრაო ზოლში. მოწმის განმარტებით, დაცვის მხარის ვერსია იყო ყოვლად უსაფუძვლო, რომ მანქანებს შორის 20-25 მეტრ მანძილში, 40 კმ/სთ მოძრავი მერსედესის ავტომანქანა შემხვედრად გადასულიყო სხვის სამოძრაო ზოლში, გასწორებულიყო, ამას სჭირდებოდა დრო, 1 წმ-ში გაივლიდნენ ავტომანქანები 25 მეტრს, რის გამოც თითოეულ მანქანას ამ მანძილის ნახევარი 10-12 მეტრი არანაირად არ ეყოფოდათ, ამ მანძილში მერსედესი ვერანაირად ვერ დაიწყებდა მანევრს, გასწორებას და შემდეგ მარჯვნივ საჭის აღებას, უფრო მეტიც შეჯახების ადგილზე მისვლასაც ვერ მოასწრებდა. ის რომ შეჯახების ადგილამდე მისულიყო, ჯერ ხომ გვერდულად უნდა გადაადგილებულიყო. იმ დროს, როდესაც დაისვა საკითხი ფორდის მძღოლს რა მანძილში შეეძლო დაენახა გაჩერებული ავტომობილი, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იჯდებოდა საჭესთან. მთავარი იყო, ჩატარებულიყო ექსპერიმენტი, რა დროსაც არა ერთი, არამედ რამდენიმე პიროვნება ღებულობს მონაწილეობას თუ რა მანძილშია შესაძლებელი ავტომანქანის დანახვა და ამგვარად ხდება მონაცემის მოწოდება. აქ არ იგულისხმება, რომ მაინც და მაინც იგივე მძღოლი უნდა იჯდეს, რომელიც იჯდა შემთხვევის დროს საჭესთან. შეიძლება მან ობიექტურად არ დააფიქსიროს თუ რა მანძილიდან დაინახავს გაჩერებულ ავტომობილს და თქვას, რომ ვერ ხედავს მაშინ, როდესაც ყველა ხედავს. მათთვის მნიშვნელობა ჰქონდა არა გიორგი მახარაშვილი როგორ დაინახავდა, არამედ ობიექტურად მხედველობის არე რას შეადგენდა. მოწმის განმარტებით, მართალია, მათ ექსპერტის დასკვნაში ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმის აღწერის დროს მითითებული აქვთ, რომ მერსედესი გაჩერებული იყო ნაწილობრივ მარცხენა გვერდულზე, ხოლო ნაწილობრივ საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში სავალ ნაწილზე, რაც იყო დადგენილი გამოძიების ეტაპზე მოწმეთა გამოკითხვის ოქმებიდან, თუმცა 147 მეტრი მხედველობის არე გაიზიარეს, რადგან ამ შემთხვევაში მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა არა ავტომობილის სიგანეს ან მისი დგომის ადგილს, არამედ იმას, თუ რა მანძილში შეეძლო ფორდის მძღოლს მის სამოძრაო ზოლში არსებული დაბრკოლების დანახვა. მოცემულ შემთხვევაში ფორდს მიმართულება აქვს ისეთი როგორც მოძრაობდა, შემდეგ მარჯვნივ გადაადგილდა, დაზიანება არის მარცხენა კუთხესთან, რაც იძლევა იმ გარემოების დადგენის საფუძველს, რომ ფორდი მოძრაობდა თავის სამოძრაო ზოლში, პირდაპირ და შეჯახებამდე საჭე აიღო მარჯვნივ. ფორდი მერსედესზე შეჯახებისთანავე მარჯვენა საბურავებით ჩავადა არხში. როგორც ფოტოსურათებიდან ჩანს, ამონაყარი ქვები ყრია არხთან. ფორდი ქვედა ნაწილით გადაადგილდა იმ ზედაპირზე კონტაქტით, სადაც ქვებია ამოყრილი და ფორდის მარცხენა საბურავები შეიძლება ჰაერში არ იყო, თუმცა ძალა არ ჰქონდა, გვერდულზე გაცურდა, საბურავებზე დაწოლა აღარ იყო, რადგან კონტაქტი და ჩავარდნა ერთდროულად მოხვდა, შესაბამისად, მარცხენა საბურავების კვალი არ აღიბეჭდებოდა. ბრუნვით გადაადგილებული საბურავები კვალს არ დატოვებდა.

მოწმის ჩვენებით, შესაძლებელია მოწმე ნიკოლოზ მანჯავიძეს პირობითად აღექვა გვერდულზე გადასვლა და მიეთითებინა რაიმე მანძილი, მაგრამ ექსპერტებისთვის ექსპერტიზის ჩატარების დროს მთავარი იყო ის გარემოება, რომ ის გადავიდა უწყვეტი ღერძულა ხაზიდან საწინააღმდეგო მოძრაობის ზოლში, რითაც დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის მოთხოვნები, მაგრამ თავად შეჯახების მექანიზმისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა მოწმის ნიკოლოზ მანჯავიძის ჩვენებას იმ ნაწილში, თუ რა მანძილით იყო გადასული გვერდულა ხაზზე, რადგან როგორც აღნიშნა, საქმეზე წარმოდგენილი ფოტომასალიდან და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მას მიაჩნია, რომ მერსედესი გაჩერებული იყო არა მოხრეშილ გზაზე, არამედ მოხრეშილი გვერდულიდან რამდენიმე სანტიმეტრით, ასფალტის სიღრმეში, სადაც მოხდა შეჯახება. მოწმე ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ ის დაეთანხმა ექსპერტს ირაკლი სადრაძეს სწორედ მერსედესისა და ფორდის გადაადგილების მიმართულებიდან, მათ შორის მოდების მანძილიდან, რაც შეადგენდა 22-30 სმ-ს, ღერძულა ხაზებს შორის არსებული 5 გრადუსიანი კუთხიდან და გასმითი შეჯახებიდან გამომდინარე, რომ მერსედესი იყო გაჩერებული გვერდულის სიახლოვეს, სავალ ნაწილზე. მოწმემ აღნიშნა, რომ მერსედესის მარცხენა საბურავების გაჩერების ადგილი შეიძლება ვიღაცამ გვერდულად ჩათვალოს ან არ ჩათვალოს, რადგან არ იყო გამოყოფილი გვერდულის ხაზი, მოხრეშვა, მიწა გადმოდიოდა ასფალტიან გზაზეც და მოწმეების მიერ გარკვეული გარემოებების აღქმა არის პირობითი. ის მთლიანად დაეთანხმა ირაკლი სადრაძეს, რომ მოძრავ მერსედესი რომ გადმოსულიყო საწინააღმდეგო მიმართულების ზოლში, მისულიყო შეჯახების ადგილამდე, რაზეც დაცვის მხარე მიუთითებს, შემდეგ გასწორებულიყო და მარჯვნივ აეღო საჭე, ვერანაირად ვერ მოასწრებდა 12 სმ-ში დაჯახებამდე და თუ მოასწრებდა, მაშინ შეჯახების კუთხე იქნებოდა არა 5-10 გრადუსამდე, არამედ 40-50 გრადუსამდე, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის ვერსია ვერ განვითარდებოდა. მოწმის განმარტებით, ქვეითები იმყოფებოდნენ მერსედესის მარცხენა მხარეს და არხს შორის, რა დროსაც მოხდა ჯერ ერთ ქვეითთან კონტაქტი, ხოლო შემდეგ მეორე ქვეითთან.

2.26. დაცვის მხარის მიერ დანიშნული 2019 წლის 17 აპრილის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N39/29 დასკვნის თანახმად ექსპერტს დაესვა შეკითხვები: 1. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ფოტომასალის მიხედვით ავტომობილი „მერსედესი“ იმყოფებოდა თუ არა მოძრაობაში და 2. გოდერძი მახარაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, რომელ მძღოლზე იყო დამოკიდებული ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან არიდება. მოცემულ კონკრეტულ პირობებში, მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი შეჯახების მომენტში იმყოფებოდა მოძრაობაში. მოცემულ კონკრეტულ პირობებში, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება დამოკიდებული იყო ავტომობილ „მერსედესის“ მძღოლის მოქმედებაზე, თუ იგი მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე დანართის 1.1 პუნქტის, ამავე კანონის მეოცე მუხლის მეორე პუნქტის და ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად იმოქმედებდა, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლს, გოდერძი მახარაშვილს ტექნიკური თვალისაზრისით მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თენგიზი ჭიჭინაძემ.

2.27. სასამართლო სხდომაზე ექსპერტ თენგიზ ჭიჭინაძის ჩვენებით დადგენილია, რომ მას ექსპერტიზის ჩასატარებლად პირველი ექსპერტის დასკვნის გასაცემად წარედგინა დამცველის მიერ წარდგენილი განმარტება მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, შედგენილი ბრალდებულის, მიკროავტობუსის მძღოლის, გოდერძი მახარაშვილის ინფორმაციით და ფოტოსურათები, რომლებზეც არ ჩანდა შეჯახების ადგილი, ჩამონაყარი. შეჯახების ადგილი უნდა ყოფილიყო მერსედესის უკან, რაც იმას ნიშნავს, რომ შეჯახების შემდეგ მერსედესი გადაადგილდა წინ, რადგან მერსედესი იყო შეჯახების დროს მოძრაობის მდგომარეობაში, მისი კინეტიკური ენერგიის ნაწილი დაიხარჯა შეჯახების დროს, ხოლო დანარჩენი ენერგიით გადაადგილდა წინ, ამიტომ დაადგინა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლს ჰქონდა ძალიან მცირე დრო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად და მის მოქმედებაზე არ იყო დამოკიდებული შემთხვევის თავიდან აცილება. ამის შემდეგ მას წარედგინა სისხლის სამართლის საქმის გარკვეული მასალები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სქემა, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ მისი ვარაუდი, თუ სად უნდა ყოფილიყო შეჯახების ადგილი, პირდაპირ ეწერა სქემაში ჩამონაყარის სახით. მან მეორე დასკვნაც გასცა. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე სამუხრუჭე კვალი არ არის დატოვებული. ის 35 წელია, რაც მუშაობს ექსპერტად და შეჯახების ადგილად ყოველთვის მიჩნეულია ინტენსიური ჩამონაყარი. ტექნიკური თვალსაზრისით, თუ მერსედესი მოძრავ მდგომარეობაში იყო შეჯახების დროს, ამ დროს სხვა შედეგი დადგებოდა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ინტენსიური ჩამონაყარი იყო ალბათ იქ, სადაც გამომძიებელმა აღნიშნა სქემაზე ან ჩამონაყარი მოხვდებოდა ფოტოსურათებზე მოცემული საბოლოოდ გაჩერებული მერსედესის ქვეშ. მოწმის განმარტებით, როცა ავტომობილები ერთმანეთს ეჯახებიან, იქ არის ინტენსიური ჩამონაყარი, რომელიც მანქანას მიჰყვება მის საბოლოო გაჩერებამდე, ოდნავ მოგვიანებით კი იღვრება ზეთი, ანტიფრიზი. როგორც ფოტოსურათებიდან ჩანს, კვალი მიემართებოდა მერსედესის გაჩერების ადგილისაკენ, კვალი წვეთების სახით მიემართებოდა იმ ადგილისაკენ, სადაც იყო მანქანის ჩამონაყარი. მერსედესის მანქანის წინ იყო წვეთები. მოწმის განმარტებით, ზეთის ან ანტიფრიზის ჩამონაღვარი რამდენადმე გვიან ჩამოიღვრება, რა დროსაც ავტომობილი ასწრებს გადანაცვლებას. მერსედესის წინა მარცხენა ნაწილთან ავტომობილის დაზიანებების მიდამოს ქვეშ აღინიშნება სითხის (ზეთის) ჩამონაღვარი. მოცემულ შემთხვევაში, შეჯახების ადგილი არის გაცილებით უკან, ვიდრე მერსედესის მანქანა დგას. ავტომანქანების დაზიანების ხარისხით მან დაადგინა, თუ როგორ უნდა ყოფილიყო შეჯახება, რა ნაწილებით იყო ავტომობილები შემხებლობაში, კერძოდ, შეხება, მოდება იყო 20 სმ, ხოლო მათ შორის, გრძივ ღერძებს შორის იყო კუთხე 5 გრადუსი. შეჯახების ადგილი უნდა ყოფილიყო მერსედესის ქვეშ ან უკან, მაგრამ მერსედესი შეჯახების შემდეგ წინ რა მანძილით გადაადგილდებოდა, ამის დადგენა ზუსტად არ შეუძლია. მოწმის განმარტებით, მერსედესის ქვეშ არსებული თეთრი კვალი შეიძლება იყოს შეჯახების შედეგად დატოვებული. მოწმემ აღნიშნა, რომ ბრალდებულს არ ჰქონდა დრო იმისათვის, რომ გაეჩერებინა ავტომობილი, რადგან როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, მან 25 მეტრში დაინახა, თუ როგორ გადმოვიდა მის სამოძრაო ზოლში მერსედესი. მოწმემ მიუთითა, რომ მერსედესის უკან სქემაზე მითითებული იყო და ეწერა, რომ იყო ჩამონაყარი, რაც მისი აზრით, იყო ინტენსიური. ექსპერტმა განმარტა, რომ პირველი ექსპერტიზა გასცა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და სქემის გარეშე და საქმის სხვა მასალების გარეშე, ხოლო შემდეგი დასკვნის გაცემისას წარედგინა საქმის მასალები. ექსპერტის განმარტებით, მერსედესის ტრაექტორია შეჯახებისას იყო შემდეგი: მერსედესი გადავიდა თავისი სამოძრაო ზოლიდან ფორდ ტრანზიტის სამოძრაო ზოლში და ისე, რომ ვერ მოასწრო გასწორება, ამ დროს მოხდა შეჯახება. ექსპერტის განმარტებით, ფორდის წყალში გადაადგილების შედეგად სითხის ამოსხმა არ მოხდებოდა, რადგან სითხე მოხვდებოდა ავტომობილის ძირს და ვერ ამოისხმებოდა

2.28. დაცვის მხარის მიერ დანიშნული 2019 წლის 3 ივლისის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური N004597219 დასკვნის თანახმად, ექსპერტს დაესვა შეკითხვები: ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ფოტომასალის მიხედვით ავტომობილი „მერსედესი“ იმყოფებოდა თუ არა მოძრაობაში და რომელი მძღოლის სამოძრაო ზოლშია მომხდარი შეჯახება. მოცემულ შემთხვევაში თუ შეჯახების მომენტში ავტომობილი “მერსედესი“ იქნებოდა გაჩერებული იგი ან შეჯახების ადგილზე დარჩებოდა ან უკან გადაინაცვლებდა გარკვეული მანძილით, რასაც ადგილი არ ჰქონია. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ორივე სატრანსპორტო საშუალება იმყოფებოდა მოძრაობაში. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი უნდა განვითარებულიყო შემდეგნაირად: უშუალოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ ავტომობილი „ფორდ-ტრანზიტი“ მოძრაობდა სოფელ მუხრანის მხრიდან, სოფელ ქსოვრისის ცენტრის მიმართულებით თავის სამოძრაო ზოლში, ხოლო „მერსედეს-ბენცი“ კი მის შემხვედრად. სოფელ ქსოვრისში გამავალ საავტომობილო გზაზე მსვლელობისას, აღნიშნული ავტომობილები, ავტომობილ „ფორდ-ტრანზიტის“ სავალ ზოლში წინა მარცხენა ნაწილებით შეეჯახნენ ერთმანეთს. ავტომობილები ერთმანეთში შეიჭრნენ თავიანთი წინა მარცხენა ნაწილებით, შეჭრისას მიმდინარეობდა ავტომობილების მარცხენა გვერდითი ნაწილების მკაცრი თელვა და ურთიერთმოდებაში მყოფი დეტალების დაზიანება. შეჯახების დროს განვითარებული დინამიური ძალების ზემოქმდების შედეგად, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილები დაშორდენენ ერთმანეთს, რა დროსაც ცხადია გზის სავალ ნაწილზე მოხდა კონტაქტში მოსული დაზიანებული დეტალების ნამტვრევების გაფანტვა. ავტომობილმა „ფორდ-ტრანზიტმა“ შეიცვალა მოძრაობის მიმართულება და გადაადგილდა წინ და მარჯვნივ საავტომობილო გზის მიღმა, ხოლო ავტომობილი „მერსედეს-ბენცი“ კი ჭარბი კინეტიკური ენერგიის ხარჯზე, გარკვეული გრადუსით დატრიალდა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, გააგრძელა მოძრაობა წინა და მარცხნივ და 13-14 მეტრი მანძილის გავლის შემდეგ გაჩერდა იმ კოორდინატებში, როგორც ეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში და მასთან თანდართულ სქემაზეა მოცემული. აღნიშნული დასკვნის სისწორე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის დავით გველესიანის მიერ.

2.29. 2019 წლის 19 დეკემბერის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N008841519 დასკვნის თანახმად, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლს გოდერძი მახარაშვილს, ტექნიკური თვალსაზრისით, მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „მერსედესის“ მძღოლის, ნიკოლოზ მანჯავიძის მიერ უგულებელყოფილი იქნა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე დანართის 1.1 პუნქტის, მე-20 მუხლის მეორე პუნქტის და ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

2.30. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დავით გველესიანმა დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე და აჩვენა, რომ პირველი დასკვნა მის მიერ გაცემული იქნა ადვოკატის მომართვის საფუძველზე, შემდეგ კომისიური ექსპერტიზის ჩატარების დროს. პირველი ექსპერტიზის დროს იხელმძღვანელა საქმის მასალებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემით, ფოტოილუსტრაციითა და გამოკითხვის ოქმებით. ექსპერტი არის სპეციალური ცოდნის პირი, ის ვალდებული არ არის გაიზიაროს რომელიმე მოწმის ჩვენება და რასაც მისი სპეციალური ცოდნიდან გამომდინარე დაადგენს, ის მიიჩნიოს სწორად. აღნიშნული მასალების საფუძველზე ის მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მომხდარი შემთხვევა არ იყო დამოკიდებული ფორდ ტრანზიტის მძღოლზე. კომისიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის დროს იხელმძღვანელა ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილის ჩვენებით, რომ მერსედესი მოძრაობაში იყო. ფოტომასალის მიხედვით, შეჯახების კვალი არის იქ, სადაც ფორდ ტრანზიტი ჩავიდა არხში და ამოასხა წყალი. ფორდ ტრანზიტმა გააგრძელა მოძრაობა, დაეჯახა ქვეითებს, გაზის მილზე შეჯახების შემდეგ უკანა მარჯვენა თვალი ამოვარდა და ამოიტანა წყალი. არხში პირველი ჩასვლა ხდება წინა მარჯვენა საბურავით. მერსედესი სადაც არის გაჩერებული მის წინ არის ზეთის გუბე, ხოლო მერსედესის წინ არის წერტილების კვალი. საქმეზე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტი, სადაც მოწმე ადასტურებს, რომ ავტომობილი გზის პირიდან 50 სმ იდგა გვერდულზე. გზის პირიდან არხის იქით ბუჩქებამდე არის 2,5 მეტრი. თუ 50 სმ-ში შემოვიდა მერსედესი, გამოვიდა, რომ ფორდ ტრანზიტს დარჩა 2 მეტრი, გამოდის რომ ფორდ ტრანზიტი მოძრაობდა მარჯვენა თვალით ბუჩქნარის მხარეს, ხოლო არხი იყო ავტომობილის შუაში, სხვანაირად ავტომობილი ვერ დაეტეოდა, ვინაიდან ფორდ ტრანზიტის სიგანე 2 მეტრია. ჩამონაყარი არის ფორდ ტრანზიტის სამოძრაო ზოლში. ფოტომასალის მიხედვით, გზის საერთო სიგანე 6 მეტრი, ასედან 3-3 მეტრი სავალი ნაწილი. ჩამონაყარი არის ფორდის სამოძრაო ზოლში. მოწმეთა ჩვენებები არის ტყუილი. მერსედესის მძღოლის და მოწმის ჩვენებები არის აბსტრაქტული, სიცრუე. ასეთ შემთხვევაში, ფორდის კვალი გვექნებოდა არხში. ავტომობილებზე დაზიანებებს თუ გავითვალისწინებთ, ფორდ ტრანზიტზე და მერსედესზე ორივე თვალი არის უკან გადაწეული. თითოეული მანქანის სიჩქარე არის 40-50 კმ/სთ. შეიძლება მერსედესი უფრო ჩქარა მოძრაობდა - 50 კმ/სთ-ით, ვინაიდან შეჯახების ადგილიდან ის უფრო შორს არის გაჩერებული ფორდ ტრანზიტისგან განსხვავებით. იმ კოორდინატებში, რომ მერსედესი 50 სანტიმეტრით იდგა გვერდულზე, ვერანაირად ვერ გაეტეოდა ფორდი იმ ადგილას. ფორდის სამოძრაო ზოლში, სადაც არის ჩამონაყარი იქ მოხდა შეჯახება. ორივეს აუჩქარდა მარჯვენა ნაწილი. ფორდ ტრანზიტი გადავიდა მარჯვნივ და მარჯვენა წინა და უკანა საბურავებით ჩავარდა არხში. ჩავარდნის ადგილას წყალი არის ამოსხმული, სადაც შეჯახება უკვე მომხდარი იყო. მერსედესს შეუმუხრუჭდა მარცხენა ნაწილი. შეჯახების დროს სიჩქარის ნაწილი დაკარგა, დარჩენილი კინეტიკური ენერგიით მოძრაობა გააგრძელა წინ და ასფალტის ზედაპირზე მიწის ჩამონაყარის სახით დატოვა კვალი. მერსედესი წავიდა მარჯვნივ და გაჩერდა ისე, როგორც დგას ფოტოსურათებზე, ხოლო ფორდი შეჯახებამ გადააგდო არხისკენ. ფორდი იყო თავის სამოძრაო ზოლში, როცა დაშორდნენ, მაშინ ჩავარდა არხში და გააგრძელა მოძრაობა. შეჯახებამდე ფორდი არ ჩავარდნილა არხში. შეჯახების კუთხე არის ხუთი გრადუსი, ღერძები არის ერთმანეთის პარალელური. მერსედესი, რომელიც გადავიდა ფორდის სამოძრაო ზოლში, გასწორდა და შემდეგ ისევ გააგრძელა მოძრაობა მარცხნიდან მარჯვნივ, რა დროსაც ფორდი უნდა ყოფილიყო პარალელურად. ტექნიკური თვალსაზრისით როდესაც 25 მეტრი არის ერთმანეთს შორის მანძილი, ორივე მოძრავმა მანქანამ უნდა დაფაროს 12,5 მანძილი ერთ წამში. გამოძიებით დადგინდა, რომ გაიქცნენ ქვეითები, ფორდის საქარე მინაზე არის დაზიანებები. პირველი მზის სხივისებური დაზიანება არის მძღოლის მხარეს, რაც გამოწვეულია ქვეითთან დაჯახებით. ქვეითები უნდა ყოფილიყვნენ მოძრაობაში, ფორდის მიმართ ზურგით. მეორე დაზიანება არის პირველ დაზიანებასთან შედარებით ოდნავ ზევით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მეორე ქვეითს მაღალზე უნდა ევლო. ვერ გამორიცხავს, რომ ცალ-ცალკე მოვიდა კონტაქტში ქვეითებთან. მოწმის განმარტებით, ორივე სატრანსპორტო ავტომობილი იყო მოძრავ მდგომარეობაში, ფორდმა დაიწყო მარჯვნივ გადაადგილება, კონტაქტში მოვიდა 1 მეტრ მანძილში ქვეითებთან. ერთი აღმოჩნდა არხის იქით, რომელიც მისი აზრით უფრო მაღალი ბავშვი უნდა ყოფილიყო ან იმყოფებოდა შემაღლებულ გორაკზე, მეორე ნახეს გზის გვერდულზე.

2.31. სამედიცინო ექსპერტიზის N007330718 დასკვნის თანახმად, ბადრი ქინძოძის სიკვდილის მიზეზია ქალა - ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, სისხლჩაქცევები თავის ტვინის, ნათხემის, მოგრძო ტვინის რბილ გარსში და ნივთიერებაში, თავის ტვინის ნივთიერების შეშუპებით და მკვეთრი დარბილებით. სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით, ბადრი ქინძოძის ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 18.10.2018 წ. 17:45 სთ-ზე. გვამის გამოკვლევის მონაცემები არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღსა და დროს. გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლჩაქცევები თავის მფარავ რბილ საფარში, სისხლჩაქცევები თავის ტვინის, ნათხემის, მოგრძო ტვინის რბილ გარსებში და ნივთიერებაში, ტვინის ნივთიერების მკვეთრი დარბილებით და შეშუპებით, სამედიცინო დოკუმენტაციით კეფის და თხემის არეში მრავლობითი კანქვეშა ჰემატომები, სისხლჩაქცევები მარჯვენა ფილტვში, სისხლჩაქცევები ნაწლავების ჯორჯალში, ელენთის სარეცელში და რეტროპერიტონეალურ სივრცეში მარჯვნივ, მარჯვენა თირკმლის ცხიმოვან კაფსულაში, ექსკორაციები სხეულზე (მარჯვენა დუნდულაზე, ზედა კიდურებზე, ორივე წვივზე), სამედიცინო დოკუმენტაციით, მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის უკანა ზედაპირზე ზედაპირული ჭრილობა (გვამის გამოკვლევით დანეკროზებული კიდეებიანი, ზედაპირული ჭრილობა დაფარული მოყვითალო-მორუხო ნადებით). სხეულზე მრავლობითი ექსკორაციები, მარჯვენა დიდი და მცირე წვივის ძვლის დისტალური ბოლოს მოტეხილობა ცდომით, მარჯვენა ფერდის არეში მრავლობითი ექსკორაციები და ნაკაწრები, ელენთის რუპტურა ჰემორაგიებით, ჰემოპერიტონიუმი. ხაზოვანი ფორმის ნაჭდევები (ნაკაწრები) განვითარებული უნდა იყვნენ რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, დანარჩენი დაზიანებები, გარდა მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის უკანა ზედაპირზე არსებული ზედაპირული ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია, ვინაიდან შეხორცებით და ნეკროზული ცვლილებების გამო წაშლილია ჭრილობის სრული მორფოლოგიური სურათი. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ ტრამვის მიღების თარიღს და მიზეზობრივ კავშირში არიან დამდგარ შედეგთან სიკვდილთან. გარდაცვლილის სისხლში არ აღმოჩნდა ალკოჰოლი, ასევე ნარკოტიკული საშუალებები და მომწამვლავი ნივთიერებები. აღნიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - დავით გრიგოლიამ და მედეა ჭიჭიკოშვილმა.

2.32. სამედიცინო ექსპერტიზის N003712019 დასკვნის თანახმად, მოქ. ლევან ქინძოძე 2018 წლის 27 სექტემბრიდან 2018 წლის 04 ოქტომბრის ჩათვლით მკურნალობას გადიოდა სტაციონარულ კლინიკაში შემდეგი დიაგნოზით პოლიტრავმა, მარჯვენა დიდი და მცირე წვივის ძველების ღია დიზოფერული მოტეხილობა ცდომით, მარჯვენა ლატერალური გოჯის მოტეხლობა ცდომის გარშე, მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირის მიდამოს ჭრილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, საშარდე გზების ინფექცია, მრავლობითი ექსკორაციები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე, ცხვირის ძვლის გამრუდება, ცხვირის ქვედა ნიჟარების ჰიპერტროფია. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. აღნიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - კონსტანტინე ცქიტიშვილმა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო საქმეში არ მოიპოვება კანონიერი, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა მისი ბრალეულობა განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებაში, რადგან ასეთი პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გოდერძი მახარაშვილმა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სიცოცხლის მოსპობა.

3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დისპოზიციის ყველა შემადგენელი ნიშანი დადასტურებულია ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.

3.3. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით კრიმინალიზებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება და სიცოცხლის მოსპობა. დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ერთი მხრივ ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უშიშროება, ხოლო მეორე მხრივ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის გაუფრთხილებელი ქმედება (თვითიმედოვნება ან დაუდევრობა), რასაც შედეგად მოჰყვა მეორე ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან/და სიცოცხლის მოსპობა.

3.4. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა მოიცავს: 1) ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას; 2) მძიმე შედეგს, კერძოდ, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას; სიცოცხლის მოსპობას; 3) მიზეზობრივ კავშირს წესების დარღვევის ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის.

3.5. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტი არის ის, ვინც მართავს სატრანსპორტო საშუალებას.

3.6. მხარეების მიერ სადავოდ არ გამხდარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რაც ასევე დადასტურებულია სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით,- კერძოდ, - მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების - ფორდ ტრანზიტის მარკის მიკროავტობუსის სახელმწიფო ნომრით YQY-953 მართვის, აღნიშნული მიკროავტობუსისა და ნიკოლოზ მანჯავიძის მართვის ქვეშ მყოფი მერსედესის მარკის ავტომანქანის და ასევე, მიკროავტობუსის ლევან და ბადრი ქინძოძეებზე დაჯახების ფაქტები, ავტომობილების გრძივ ღერძებს შორის მათი ურთიერთკონტაქტის კუთხე 5-10 გრადუსი, ავტომობილების ერთმანეთთან კონტაქტში მოსვლა წინა მარცხენა ნაწილებით, როცა ურთიერთმოდება შეადგენს 20-25 სმ., ავტომობილებზე არსებული დაზიანებები და ავტომანქანების საბოლოო გაჩერების ადგილები.

3.7. ასევე, მხარეების მიერ არ გამხდარა სადავოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნები, რომლებითაც დადგენილია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად ლევან ქინძოძის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ბადრი ქინძოძის სიცოცხლის მოსპობის ფაქტები. სამედიცინო ექსპერტის N007330718 დასკვნისა და ექსპერტების დავით გრიგოლიას და მედეა ჭიჭიკოშვილის ჩვენებების თანახმად, ბადრი ქინძოძის სიკვდილის მიზეზია ქალა - ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, სისხლჩაქცევები თავის ტვინის, ნათხემის, მოგრძო ტვინის რბილ გარსში და ნივთიერებაში, თავის ტვინის ნივთიერების შეშუპებით და მკვეთრი დარბილებით. სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით, ბადრი ქინძოძის ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 18.10.2018 წ. 17:45 სთ-ზე. გვამის გამოკვლევის მონაცემები არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღსა და დროს. გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, რომლებიც ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს და მიზეზობრივ კავშირში არიან დამდგარ შედეგთან სიკვდილთან, ხოლო სამედიცინო ექსპერტის N003712019 დასკვნისა და ექსპერტ კონსტანტინე ცქიტიშვილის ჩვენების თანახმად, ლევან ქინძოძე 2018 წლის 27 სექტემბრიდან 2018 წლის 04 ოქტომბრის ჩათვლით მკურნალობას გადიოდა სტაციონარულ კლინიკაში შემდეგი დიაგნოზით პოლიტრავმა, მარჯვენა დიდი და მცირე წვივის ძველების ღია დიზოფერული მოტეხილობა ცდომით, მარჯვენა ლატერალური გოჯის მოტეხლობა ცდომის გარშე, მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირის მიდამოს ჭრილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, საშარდე გზების ინფექცია, მრავლობითი ექსკორაციები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე, ცხვირის ძვლის გამრუდება, ცხვირის ქვედა ნიჟარების ჰიპერტროფია. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

3.8. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას, ბრალდებულმა გოდერძი მახარაშვილმა დაადასტურა მის მიერ მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის, მისი ავტომობილით მარცხენა მხრიდან მერსედესის ავტომობილზე დაჯახების, დაჯახებისთანავე მარჯვენა მხარეს არსებულ არხში მანქანის ჩავარდნის და შემდეგ ქვეითებზე დაჯახების ფაქტები, რაც ასევე დადასტურებულია საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით: კერძოდ, ალკოტესტის შემოწმების ოქმით, რომლის მიხედვით მძღოლ გოდერძი მახარაშვილს 2018 წლის 27 სექტემბერს 20:53:28 საათზე შემოწმების შედეგად დაუდგინდა 0,135 % ალკოჰოლური თრობა, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N006854218 დასკვნით, რომლის მიხედვით გოდერძი მახარაშვილის სისხლის ნიმუშში აღმოჩენილი 0.79% ეთილის სპირტი შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს, რაც მთლიანად დაადასტურეს სასამართლო პროცესზე ექსპერტებმა გური მენაბდიშვილმა და ნათია კახაბრიშვილმა სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით მიცემული ჩვენებებით; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, რომლის მიხედით, 2018 წლის 27 სექტემბერს გამოძიება დაიწყო შსს მცხეთის რაიონული სამართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში, მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე; 2018 წლის 27 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლის მიხედვით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა 2018 წლის 27 სექტემბერს, 20:15 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში. შემთხვევის ადგილს წარმოადგენს მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში გამავალი საავტომობილო გზა. საავტომობილო გზა არის ასფალტირებული, უდეფექტო, გზას გასდევს უწყვეტი ღერძულა ხაზი, გზის სიგანეა 6 მეტრი, საავტომობილო გზაზე სოფელ ქსოვრისიდან მუხრანის მიმართულებით გზის მარცხენა მხარეს, წინა მხრით მუხრანის მიმართულებით გაჩერებულია მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომლის წინა მარცხენა მხარე გაჩერებულია ქსოვრისიდან მუხრანის მიმართულებით სავალი გზის უკიდურეს მარცხენა მხრიდან 1 მეტრში, ხოლო უკანა მარჯვენა საბურავი გზის გამყოფ ღერძულა ხაზიდან მარცხენა მხარეს 20 სანტიმეტრში. ავტომანქანის წინა მხარეს მუხრანის მიმართულებით 45,1 მეტრში დგას სიჩქარის შემზღუდველი და ე. წ. „ბუგაროკის“ მაჩვენებელი ნიშანი, ხოლო 20 მეტრში არის სიჩქარის შემზღუდველი ე. წ. „ბუგაროკი“. აღნიშნული ა/მანქანის უკანა მხარეს ქსოვრისის მიმართულებით 10 მეტრში ქსოვრისიდან მუხრანის მიმართულებით, სავალი გზის მარცხენა მხარეს არსებულ წყლის არხში დგას "ფორდ ტრანზიტი"-ს მარკის მიკროავტობუსი, წინა მხრით ქსოვრისის მიმართულებით. მერსედესი“-ს და ფორდ ტრანზიტი"-ს ავტომანქანებს შორის მთელს გზაზე ყრია მინისა და პლასტმასის ჩამონაყარი. მერსედესის მარკის ავტომანქანას დაზიანებული აქვს წინა მარცხენა ფრთა, მაშუქი და ძრავის სახურავი, ხოლო ფორდ ტრანზიტის მარკის მიკროავტობუსს წინა ორივე ფრთა, მაშუქები, ძრავის სახურავი, კარებები და წინა საქარე მინა. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის სქემა. ასევე ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება და ფოტომასალა დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების კანონთან შესაბამისად ჩატარება და მისი შედეგები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თორნიკე გახოკიძემ, ბაქარ ჯალაღონიამ და გამომძიებელმა შალვა რევაზიშვილმა; სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შალვა რევაზიშვილის ჩვენებით, რომლის მიხედვით ის შემთხვევის დროს მუშაობდა შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს მუხრანის პოლიციის განყოფილებაში. შეტყობინების შესვლის შემდეგ ფაქტზე დაიწყო გამოძიება და გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. მოწმის განმარტებით, ადგილზე მისვლისას დახვდა ორი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ავტომობილი, სადაც მოათავსეს დაზიანებული პირები და გადაიყვანეს სამედიცინო დახმარების გასაწევად. მან მოახდინა შემთხვევის ადგილის დაცვა და დათვალიერებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოიძახა ექსპერტები. ექსპერტების ადგილზე მისვლის შემდეგ მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და სქემის შედგენა. ადგილზე ორივე ავტომანქანას შორის, იგულისხმება მერსედესის უკანა ნაწილიდან ფორდის უკანა ნაწილამდე მანძილი იყო 10 მეტრი და მანქანებს შორის მთელ რადიუსზე და „მერსედესის“ წინა მარცხენა საბურავის წინ შეჯახების შედეგად გაბნეული იყო ჩამონაყარი. ადგილზე არ ყოფილა ინტენსიური ჩამონაყარი, რაც ასევე დაფიქსირებულია სქემაზე და ფოტომასალაზე. მერსედესის ავტომანქანის გვერდზე იყო მერსედესის მხედველობის სარკე. მერსედესის წინა ნაწილიდან ბუგაროკამდე იყო 20 მეტრი. ე. წ. ბუგაროკთან იყო სიჩქარის შემზღუდველი ნიშანი, „შეანელე სვლა 40 კმ/სთ-მდე“, რაც მან სქემაზე აღნიშნა პირობითი ფორმის ნიშნით; 2018 წლის 17 ოქტომბრის ავტოტექნიკური და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1437/ა დასკვნით, რომლის მიხედვით, წარმოდგენილ მიკროავტობუს „ფორდ ტრანზიტის“ მარცხენა მხარეს არსებული დაზიანებები და ავტომობილ „მერსედესის“ მარცხენა მხრეს არსებული დაზიანებები წარმოქმნილნი არიან მათი ურთიერთშეჯახების შედეგად. დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით, მიკროავტობუს „ფორდ ტრანზიტი“-ის სახ. YQY-953 ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მას წინა მარცხენა მხარეს აღენიშნება ავარიული სახის მექანიკური დაზიანებები, კერძოდ, წინიდან უკან მოქმედი ძალით დაზიანებულია წინა ბამპერი, წინა მოპირკეთება, ძრავის სახურავი, მარცხენა წინა ფრთა და მარცხენა კარი, წინა მარცხენა სახურავი გადავარდნილია დისკოდან, ხოლო სხვა საბურავები დაბერილ მდგომარეობაშია. ზემოაღწერილი დაზიანებები ნაჭდევი სახისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის. მიკროავტობუსის ძრავის სახურავზე, როგორც მარჯვენა მხარეს, ისე შუა ნაწილში აღინიშნება წინიდან უკან მოქმედი ძალით განვითარებული დაზიანების ოვალური ცენტრები, რის შედეგად საქარე მინა მთლიანად დაბზარულია და ჩაწეულია სალონისაკენ. ზემოაღწერილი დაზიანებები განლაგებულნი არიან ერთ ზოლში, შესაძლებელია წარმოქმნილიყვნენ ერთი რაიმე კონკრეტული შემთხვევის დროს და თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) შესახებ ურთიერთქმედებისათვის. ავტომობილ „მერსედესი“-ის სახ. N TT-529-WW ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მას წინა მარცხენა მხარეს აღენიშნება ავარიული სახის მექანიკური დაზიანებები, კერძოდ, წინიდან უკან მოქმედი ძალით დაზიანებულია: წინა ბამპერი, წინა მოპირკეთება, ძრავის სახურავი და მარცხენა წინა ფრთა. ავტომობილზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი სახისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის. წარმოდგენილი ავტომობილების დაზიანებული ნაწილების წარმოსახვით ურთიერთშეთავსებისას მივდივართ დასკვნამდე, რომ ავტომობილი „ფორდ ტრანზიტი“ წინა მარცხენა ნაწილით მოსულია კონტაქტში ავტომობილ „მერსედესი“-ს წინა მარცხენა ნაწილთან. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ირაკლი სადრაძემ.

3.9. ამასთან, ბრალდებული გოდერძი მახარაშვილი არ დაეთანხმა ბრალდების ფაბულაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გოდერძი მახარაშვილი თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსით არ მოძრაობდა დიდი სისწრაფით, ის მოძრაობდა 40 კმ.სთ. სიჩქარით, რა დროსაც შეეჯახა არა მის სამოძრაო ზოლში გაჩერებულ ნიკოლოზ მანჯავიძის კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, არამედ იმ დროს, როდესაც მანქანით გადავიდა ე. წ. ბუგაროკზე, მან შენიშნა მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომელიც პირდაპირ მოძრაობდა შემხვედრ, საპირისპირო ზოლში. გზის პირად იდგნენ ბავშვები. მის და მერსედესის მარკის ავტომობილებს შორის მანძილი იყო დაახლოებით 20-25 მეტრი, დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა „მერსედესის“ მარკის ავტომობილმა გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი და გადავიდა მის სამოძრაო ზოლში. შეჯახების თავიდან არიდების მიზნით მან საჭე აიღო მარჯვნივ, თუმცა დაეჯახა მერსედესის ავტომობილს მარცხენა ნაწილში, შემდეგ თავისი ავტომანქანის წინა მარჯვენა თვლით ჩავარდა არხში, დარტყმა და არხში ჩავარდნა ერთი იყო, მან მანქანა ვერ დაიმორჩილა და ამ სრიალში, ხოხვაში დაეჯახა ბავშვებს, რის შემდეგაც გაჩერდა. ბრალდებულის განმარტებით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს იმიტომ, რომ ნიკოლოზ მანჯავიძე გადავიდა მის სავალ გზაზე, დააკარგვინა მართვა და შემდეგ დაეჯახა ბავშვებს, თუმცა მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს, რადგან ნასვამი იჯდა საჭესთან.

3.10. სასამართლო, პირველ რიგში, სამართლებრივად აფასებს ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სარწმუნოობას და დაცვის მხარის მიერ განვითარებული ვერსიის თავსებადობის შემოწმებას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.

3.11. სასამართლო მთლიანად ეთანხმება ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილის ჩვენებაში მითითებული ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმი არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებებთან და თავის მხრივ, არ არის დადასტურებული არც ერთი სხვა მტკიცებულებით.

3.12. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნიკოლოზ მანჯავიძის მართვის ქვეშ მყოფი მერსედესის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით TT-529-WW დაჯახების მომენტში იყო არა მოძრავ, როგორც ბრალდებულის ჩვენებასა და დაცვის მხარის პოზიციაშია განვითარებული, არამედ გაჩერებულ მდგომარეობაში, რასაც ადასტურებს გარდა მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის უშუალოდ თვითმხილველი პირები, ასევე აღნიშნულ პირობებში შეჯახების ალბათობას კატეგორიულად უარყოფს ირაკლი სადრაძის და თემურ დავითიძის მიერ გაცემული 2019 წლის 19 სექტემბერის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N1213/ა დასკვნა, რაც მთლიანად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხვისას ექსპერტებმა.

3.13. სასამართლო პროცესზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემსწრე, უშუალოდ თვითმხილველმა პირებმა, მოწმე ირაკლი მანჯავიძემ და დაზარალებულმა ლევან ქინძოძემ არ დაადასტურეს ბრალდებულის ჩვენებაში მითითებული ზემოაღნიშნული ფაქტი, რომ მერსედესის ავტომანქანა მოძრაობდა, როგორც მომხდარი შემთხვევიდან რამდენიმე საათში გამოკითხვისას, ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხვისას. კერძოდ, ლევან ქინძოძის ჩვენებით, ის ბიძაშვილთან ბადრი ქინძოძესთან ერთად სოფელ მუხრანის მხრიდან მიდიოდა სოფელ ქსოვრისის ცენტრის მიმართულებით. მან განმარტა, რომ ის და გარდაცვლილი ბადრი ქინძოძე მოძრაობდნენ გზის მარჯვენა მხარეს, ქვეითების სავალ გზაზე. ამ დროს შესახვევიდან ავტომანქანით გამოვიდა ნიკოლოზ მანჯავიძე, რომელიც გადავიდა სავალი გზის საპირისპირო მხარეს, გააჩერა ავტომობილი, გამორთო ძრავი და დაიწყეს საუბარი. ნიკოლოზ მანჯავიძეს მაშუქები არ ჩაურთავს, რადგან იყო დღის საათები და ამის საჭიროება არ იყო, თუმცა ჩართული ჰქონდა ავარიულები. ნიკოლოზ მანჯავიძე ავტომობილიდან არ გადმოსულა, თავად გაჩერდა მძღოლის მარცხენა კართან, ხოლო ბადრი ქინძოძე წინა მარცხენა ფრთასთან და სახით იყო მისი მიმართულებით. მათ რამოდენიმე მანქანამ აუარა გვერდი, როგორც ახსოვს სატვირთომ და „ფორდმა“. შემდეგ მანქანით დაეჯახა გოდერძი მახარაშვილი; ლევან ქინძოძის მიერ მიცემული ჩვენება სრულად შეესაბამება მისი მონაწილეობით ჩატარებულ 2019 წლის 14 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომლის მიხედვით ლევან ქინძოძემ მიუთითა კონკრეტულად ის ადგილი, სადაც მათი თანასკოლელი ნიკოლოზ მანჯავიძე გაჩერდა სავალი გზის საპირისპირო ზოლში ასფალტიანი გზიდან მარცხენა მხარეს, სადაც ესაუბრებოდნენ ის და ბადრი ქინძოძე მანქანაში მჯდომ ნიკოლოზ მანჯავიძეს; ირაკლი მანჯავიძის ჩვენებით, სოფლის გასასვლელში შეხვდნენ მეგობრები ბადრი და ლევან ქინძოძეები და მათთან გასაუბრების მიზნით გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, უკიდურეს მარჯვენა მხარეს. გააჩერა ავტომობილი, ჩააქრო და ჩართო ავარიულები, ისინი საუბრობდნენ დაახლოებით 15-20 წუთი, რა დროსაც დაახლოებით ორმა მანქანამ გაუარა გვერდით. მოგვიანებით გამოჩნდა გოდერძი მახარაშვილის ავტომობილი; ირაკლი მანჯავიძემ მთლიანად დაადასტურა ეს გარემოება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს, რომ მისი მანქანა იყო გაჩერებულ მდგომარეობაში საპირისპირო მოძრაობის ზოლში, რა დროსაც მის მანქანას მარცხენა კუთხეში დაეჯახა გოდერძი მახარაშვილი მისი მართვის ქვეშ მყოფი ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანით.

3.14. სასამართლოს მიაჩნია, რომ მერსედესის მიერ შეჯახებამდე გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნას ადასტურებს ასევე შეჯახების შემდგომ მერსედესის მარკის ავტომანქანის წინ წვეთების სახით და ავტომანქანის ქვეშ, წინა მხარეს ასფალტზე დატოვებული სითხის კვალი, რაც თავის მხრივ, მეტყველებს მოწმე ნიკოლოზ მანჯავიძის ჩვენების სარწმუნოებაზე, რომ შეჯახების შემდეგ, ზუსტად არ იცის რამდენი მეტრით, მაგრამ მისი ავტომობილი მერსედესი გადაადგილდა უკან და მარჯვნივ ერთი ან ორი მეტრით, ისე რომ უკანა მარჯვენა საბურავი იყო ღერძულა ხაზთან. ის როდესაც ავტომობილიდან გადმოვიდა, მან დაინახა, რომ მისი თავდაპირველი გაჩერების ადგილიდან იწყებოდა და მიედინებოდა ზეთის კვალი წვეთებით და უკვე ზეთის გუბე იყო იმ ადგილზე, სადაც საბოლოოდ გაჩერდა. გამომძიებელ შალვა რევაზიშვილის ჩვენებითაც, ეს კვალი იყო მანქანის ზეთი, რაც ასევე ჩანს ფოტოსურათებიდან და მითითებულია დაცვის მხარის მიერ დანიშნული 2019 წლის 3 ივლისის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური N004597219 ექსპერტის დასკვნაში, რომელიც დაადასტურა სასამართლო პროცესზე ექსპერტმა თენგიზ ჭიჭინაძემ, რომ მერსედესის წინა მარცხენა ნაწილთან ავტომობილის დაზიანებების მიდამოს ქვეშ აღინიშნებოდა სითხის (ზეთის) ჩამონაღვარი. სწორედ ექსპერტ თენგიზ ჭიჭინაძის განმარტება, რომ ზეთის ჩამონაღვარი, რამდენადმე გვიან ჩამოიღვრება, რა დროსაც ავტომობილი ასწრებს გადანაცვლებას ადასტურებს მოწმე ნიკოლოზ მანჯავიძის ჩვენებას, რომ ზეთის გუბე იყო იქ, სადაც საბოლოოდ გაჩერდა მისი მერსედესის მარკის ავტომობილი. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის პოზიციის მიხედვით, თუ საბოლოოდ გაჩერებული მერსედესის ავტომობილიდან რამდენიმე მეტრით უკან იყო შეჯახების ადგილი, მაშინ ვერანაირად ვერ აღმოჩნდებოდა ჯერ ზეთის კვალი წვეთების სახით მერსედესის ავტომობილის წინ, რაზეც მიუთითებს მოწმე ნიკოლოზ მანჯავიძე და რაც აშკარად ჩანს ფოტოილუსტრაციით და ამასთან, ავტომობილი მერსედესის უკან გადანაცვლების შემდეგ, სწორედ საბოლოო გაჩერების ადგილას არის ჩამოღვრილი ზეთის გუბე.

3.15. ამასთან, სასამართლო დამაჯერებლად ვერ მიიჩნევს ექსპერტ თენგიზ ჭიჭინაძის განმარტებას, რომ რადგან მერსედესის წინა მარცხენა ნაწილთან ავტომობილის დაზიანებების მიდამოს ქვეშ აღინიშნებოდა სითხის (ზეთის) ჩამონაღვარი, ამიტომ მერსედესის ავტომობილზე დაჯახება მოხდა მის უკან და შემდეგ მოხდა მისი წინ გადანაცვლება, რადგან ექსპერტმა შეფასების გარეშე დატოვა მომხდარი შემთხვევიდან, რამდენიმე საათში მერსედესის ავტომობილის მძღოლის, ნიკოლოზ მანჯავიძის გამოკითხვის ოქმში მითითებული ის გარემოება, რომ მისი ავტომობილი მერსედესი გადაადგილდა უკან და მარჯვნივ ერთი ან ორი მეტრით, ისე, რომ უკანა მარჯვენა საბურავი იყო ღერძულა ხაზთან, ხოლო მისი ავტომობილის თავდაპირველი გაჩერების ადგილიდან იწყებოდა და მიედინებოდა ზეთის კვალი წვეთებით და უკვე ზეთის გუბე იყო იმ ადგილზე, სადაც საბოლოოდ გაჩერდა, რაც ასევე აშკარად ჩანდა ფოტოსურათებიდან.

3.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ გარემოების დასადასტურებლად, თუ რა მდგომარეობაში იყო მერსედესის ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილ იქნა ერთმანეთის საწინააღმდეგო ექსპერტიზის დასკვნები. კერძოდ, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური N004597219 და N008841519 ექსპერტების დასკვნები და ბრალდების მხარის მიერ - 2019 წლის 19 სექტემბერის ავტოტექნიკური ექსპერტის N1213/ა დასკვნა.

3.17. სასამართლოს მიაჩნია, რომ მართალია დაცვის მხარემ, მათი ვერსიის დასადასტურებლად წარმოადგინა მათი მიმართვის საფუძველზე ექსპერტების დავით გველესიანის და თენგიზ ჭიჭინაძის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად გაცემული დასკვნები, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ მათი ჩვენებები და მათ მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნები წინააღმდეგობაში მოდის როგორც ერთმანეთთან, ასევე ზემოთმითითებული თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებთან და საქმეზე თავად მხარეების მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემობებთან, (გოდერძი მახარაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ფორდ ტრანზიტის მარკის მიკროავტობუსისა და ნიკოლოზ მანჯავიძის მართვის ქვეშ მყოფი მერსედესის მარკის ავტომანქანისა და ასევე, მიკროავტობუსის ლევან და ბადრი ქინძოძეებზე დაჯახების ფაქტები, ავტომობილების გრძივ ღერძებს შორის მათი ურთიერთკონტაქტის კუთხე 5-10 გრადუსი, ავტომობილების ერთმანეთთან კონტაქტში მოსვლა წინა მარცხენა ნაწილებით, როცა ურთიერთმოდება შეადგენს 20-25 სმ., ავტომობილებზე არსებული დაზიანებები და ავტომანქანების საბოლოო გაჩერების ადგილები), რაც ასევე მთლიანობაში იქნა შეფასებული ექსპერტების ირაკლი სადრაძის და თემურ დავითიძის მიერ ჩატარებული ექსპერტიზების დროს და მათ მიერ კატეგორიულად გამოირიცხა ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილის ჩვენებაში მითითებული გარემოებების პირობებში ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმის განვითარება.

3.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები დავით გველესიანი და თენგიზ ჭიჭინაძე ჩვენებებში ავითარებენ მსგავს აზრს მერსედესის მიერ საწინააღმდეგო უწყვეტი ხაზის გადაკვეთასთან დაკავშირებით, დავით გველესიანის მიერ შესაბამისი დასკვნის მიღების განმაპირობებელი ფუნდამენტური ფაქტობრივი გარემოებანი, როგორიცაა მერსედესის მიერ ფორდის სამოძრაო ზოლში გასწორება, წყლის ამოსხმის კვალი, სხვაგვარადაა ინტერპრეტირებული თენგიზ ჭიჭინაძის დასკვნაში. დავით გველესიანმა კატეგორიულად განაცხადა, რომ შეჯახებამდე მერსედესი უნდა გადასულიყო ფორდის სამოძრაო ზოლში, გასწორებულიყო და შემდეგ დაეწყო თავის სამოძრაო ზოლში გადასვლა, ხოლო თენგიზი ჭიჭინაძის ჩვენებით, შეჯახებამდე მერსედესს ვერ უნდა მოესწრო ფორდის სამოძრაო ზოლში გასწორებაც კი. ექსპერტმა დავით ჭიჭინაძემ ასევე მომხდარ შემთხვევას არ დაუკავშირა და გამორიცხა დავით გველესიანის მიერ გავითარებული ვერსიით ფორდის წყალში გადაადგილების შედეგად სითხის ამოსხმა, რადგან სითხე მოხვდებოდა ავტომობილის ძირს და ვერ ამოისხმებოდა.

3.19. ამდენად, თავად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნები არის არათანმიმდევრული და მათი გამცემი ექსპერტების დავით გველესიანის და თემურ ჭიჭინაძის ჩვენებებში არის არსებითი სახის წინააღმდეგობანი.

3.20. სასამართლო სხდომაზე ექსპერტებმა ირაკლი სადრაძემ და თემურ დავითიძემ გამოირიცხეს ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილის ჩვენებაში მითითებული გარემოების პირობებში ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმის განვითარება.

3.21. ექსპერტებმა უარყვეს, რომ მერსედესი შეჯახების მომენტში მოძრაობდა, ვინაიდან აღნიშნული იქნებოდა უდავოდ დადგენილი 5-10 გრადუსიანი შეჯახების კუთხის უარყოფა. ირაკლი სადრაძის ჩვენებით, თუ ავტომობილი მერსედესი გადავიდოდა ფორდის სამოძრაო ზოლში და მათ შორის მანძილი იყო 20-25 მეტრი, ორივე ავტომობილი მოძრაობდა ერთი და იმავე 40 კმ/სთ სიჩქარით და შეჯახების კუთხე იყო 5-10 გრადუსი, ავტომანქანებს უნდა გაევლოთ შემხვედრი მიმართულებით 10-12 მეტრი მანძილი და თუ მოხდებოდა შეჯახება ამავე ნაწილებში, რაც დაზიანებებით უტყუარად არის დადგენილი, შეჯახების კუთხე იქნებოდა 40, 50 გრადუსი. ექსპერტის განმარტებით, თუ დაცვის ვერსიის თანახმად, მერსედესი იყო მოძრაობაში და მას გააჩნდა კინეტიკური ენერგია, მისი წინა მარჯვენა საბურავი იყო ჩაჭედილი, მოხდებოდა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა, შეიძლებოდა ერთი სრული ბრუნი არ გაეკეთებინა, მაგრამ გზის პერპენდიკულარულად გაჩერდებოდა და ღერძულა ხაზიდან ასე მცირედ არ გადაიხრებოდა. მოცემულ შემთხვევაში, შესაძლებელია ფორდის მძღოლმა აიღო საჭე მარჯვნივ. თითოეული სამოძრაო ზოლი სამ მეტრიანია, ფორდის წინა მარცხენა ნაწილი არის მოძრაობაში გაჩერებული მერსედესის წინა მარცხენა ნაწილთან. შეჯახების შედეგად მერსედესის წინა მარცხენა საბურავი ჩაიჭედა, რის გამოც მერსედესის უკანა ნაწილი გადაადგილდა ნაწილობრივ მარცხნივ, ზუსტად იმავე მანძილით მოხდებოდა მისი გადაადგილება, რა მანძილითაც არის გადასული ღერძულა ხაზიდან. ეს საბურავი ერთი მეტრით რომ გადმოვწიოთ, მერსედესი ისევ ისე დადგება, როგორც თავდაპირველად იყო გაჩერებული. თუ მერსედესს ექნებოდა დახრა მაშინ გრძივ ღერძულა ხაზს შორის ამსახველი კუთხე იქნებოდა მეტი, ვიდრე 5-10 გრადუსი.

3.22. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ განვითარებულ მსჯელობას ამყარებს უტყუარი მტკიცებულებები - ავტომობილების ზემოაღნიშნული დაზიანებები; მათ შორის შეჯახების კუთხე 5-10 გრადუსი; მათი საბოლოო გაჩერების ადგილები, -საავტომობილო გზაზე სოფელ ქსოვრისიდან მუხრანის მიმართულებით გზის მარცხენა მხარეს, წინა მხრით მუხრანის მიმართულებით გაჩერებული იყო მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომლის წინა მარცხენა მხარე გაჩერებული იყო ქსოვრისიდან მუხრანის მიმართულებით სავალი გზის უკიდურეს მარცხენა მხრიდან 1 მეტრში, ხოლო უკანა მარჯვენა საბურავი გზის გამყოფ ღერძულა ხაზიდან მარცხენა მხარეს 20 სანტიმეტრში. აღნიშნული ა/მანქანის უკანა მხარეს ქსოვრისის მიმართულებით 10 მეტრში ქსოვრისიდან მუხრანის მიმართულებით, სავალი გზის მარცხენა მხარეს არსებულ წყლის არხში იდგა ,,ფორდ ტრანზიტი"-ს მარკის მიკროავტობუსი, წინა მხრით ქსოვრისის მიმართულებით და მათ შორის მთელ რადიუსზე, 10 მეტრში არსებული ჩამონაყარი. ჩამონაყარი რაც არის ავტომანქანებს შორის, ზუსტად შეესაბამება იმ მექანიზმს, რომ მერსედესი იყო გაჩერებული და მას დაეჯახა ფორდი, რადგან როდესაც ხდება ავტომობილზე გასმითი ხასიათის შეჯახება (20-25სმ.), რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, ამ დროს ინტენსიური ჩამონაყარი არ არის.

3.23. ინტენსიური ჩამონაყარი, რითაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გამცემი ექსპერტების დავით გველესიანისა და თენგიზ ჭიჭინაძის მიერ დადგინდა ფორდ ტრანზიტის მარკის მიკროავტობუსსა და მერსედესის მარკის ავტომანქანას შორის შეჯახების ადგილი, არ გამომდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან და ეწინააღმდეგება შემთხვევის დათვალიერების ოქმზე თანდართულ სქემას, ფოტოსურათებს, ასევე გამომძიებელ შალვა რევაზიშვილის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას. 2018 წლის 27 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, „მერსედესის“ და "ფორდ ტრანზიტის" ავტომანქანებს შორის, რომელიც არის 10 მეტრი, მთელს გზაზე ყრია მინისა და პლასტამასის ჩამონაყარი. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოსურათებით ირკვევა, რომ წვრილი ჩამონაყარი გაშლილია მთელ ზედაპირზე თანაბრად, გზის სავალი ნაწილის რომელიმე კონკრეტულ ნაწილში მინის, მიწის და პლასტმასის ინტენსიური ჩამონაყარი არ აღინიშნება. შალვა რევაზიშვილის ჩვენებით, მან მოახდინა შემთხვევის ადგილის დაცვა და შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოიძახა ექსპერტ-კრიმინალისტები. ექსპერტების ადგილზე მისვლის შემდეგ მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და სქემის შედგენა. ადგილზე ორივე ავტომანქანას შორის და „მერსედესის“ წინა მარცხენა საბურავის წინ იყო შეჯახების შედეგად გაბნეული ჩამონაყარი. ადგილზე არ ყოფილა ინტენსიური ჩამონაყარი, რაც ასევე დაფიქსირებულია ფოტომასალაზე. გამომძიებელმა განმარტა, რომ იგი პროფესიით არ არის მხაზველი, შესაბამისად, მაქსიმალური მიახლოებით სცადა აღენიშნა ადგილზე არსებული უძრავი საგნები და ავტომობილების განლაგება, ხოლო ოქმში დააფიქსირა დეტალები. ზემოთჩამოთვლილი მტკიცებულებათა ერთობლიობის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2019 წლის 19 სექტემბერის ავტოტექნიკური ექსპერტის N1213/ა დასკვნა ჩატარებულია საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან ზუსტი თანხვედრით და სასამართლო სხდომაზე ექსპერტ ირაკლი სადრაძემ ზედმიწევნით განიხილა ინტენსიური ჩამონაყარის არარსებობის სამი შესაძლო ვარიანტი. პირველი ვარიანტში, ინტენსიური ჩამონაყარი არ რჩება მაშინ, როდესაც ორი ავტომობილი ინტენსიურად მოძრაობს თანმხვედრი მიმართულებით, ისინი კონტაქტის დროს აგრძელებენ ერთად მოძრაობას, ვიღებთ რაღაც ჩამონაყარს, მაგრამ ეს ჩამონაყარი იფანტება მათი მიმართულებით; მეორე ვარიანტში, როდესაც ორი ავტომობილი მოძრაობს შემხვედრად და ხდება ავტომობილების ერთი გვერდით მეორე გვერდზე გასმითი შეჯახება, ამ დროს ნაწილაკები იმგვარად გაიფანტება, რომ ინტენსიურ ჩამონაყარს არ გვაძლევს; მესამე ვარიანტში, როდესაც ერთი ავტომობილი გაჩერებულია, მეორე მოძრავი ავტომობილი ეჯახება, ისინი კონტაქტის დროს აგრძელებენ ერთად მოძრაობას, მათი ერთმანეთისაგან დაშორების შემდეგ შეჯახების ჩამონაყარი გაიფანტება და არ რჩება ინტენსიური ჩამონაყარი, აქაც ვიღებთ რაღაც ჩამონაყარს, მაგრამ ეს ჩამონაყარი იფანტება მათი მიმართულებით.

3.24. ინტენსიურ ჩამონაყართან დაკავშირებით თანმხვედრი მსჯელობა განავითარა ექსპერტმა თემურ დავითიძემ, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ინტენსიური ჩამონაყარი არის მაშინ, როდესაც ხდება არა გასმითი ხასიათის შეჯახება, არამედ შეჯახება ხდება ერთ წერტილში კუთხეებით, რაც იწვევს მათ ბრუნვით მოძრაობას და სწორედ ინტენსიური ჩამონაყარი არის ამ დროს შეჯახების წერტილში. მოცემულ შემთხვევაში ინტენსიური ჩამონაყარის კვალი შემთხვევის ადგილზე არ არის. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართული სქემის მიხედვით, ავტომობილებს შორის იყო 10 მეტრი მანძილი და იყო მითითება, რომ იყო ჩამონაყარი. ცხადია ეს ჩამონაყარი იქნებოდა, მაგრამ რაიმე ინტენსიური ჩამონაყარი რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა დაფიქსირებული. ჩამონაყარი მონიშნულია ორივე ავტომობილს შორის გაშლილი სახით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო გასმითი ხასიათის შეჯახება და შემდეგ მოხდა ნაწილაკების გაშლა. რაც უფრო პატარაა ნაწილაკი, მით უფრო მეტ მანძილზე გადაადგილდება. შეჯახების მომენტში ნებისმიერი ნაწილაკი იღებს იმ სიჩქარეს, რაც გააჩნია შემჯახებელ ობიექტს.

3.25. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, როდესაც ერთი ავტომობილი იყო გაჩერებული, ხოლო მეორე ავტომობილი მოძრაობდა წინ, ამ შემთხვევაში ჩამონაყარი გაიფანტა შეჯახების შემდეგ და არ დარჩა მასიური, ინტენსიური ჩამონაყარი, რადგან ინტენსიური ჩამონაყარი რჩება მაშინ, როგორც აღნიშნეს ექსპერტებმა ირაკლი სადრაძემ და თემურ დავითიძემ, როდესაც ორივე ავტომობილი მოძრაობს შემხვედრად და ჩაჭიდება ხდება წინა ნაწილებით, შეჯახების შემდეგ ავტომობილები იწყებენ ტრიალს და განცალკევების დაწყებისას რჩება მასიური ჩამონაყარი. ამ შემთხვევაში, ვინაიდან შეჯახება მოხდა გაჩერებულ ავტომობილზე, ჩამონაყარი გაიბნა ფორდის მოძრაობის მიმართულებით.

3.26. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემთხვევის შემსწრე მოწმეების ლევან ქინძოძის და ნიკოლოზ მანჯავიძის ჩვენებებში არსებობს გარკვეული სახის აღქმის ხარვეზი იმასთან დაკავშირებით, თუ ზუსტად სად იდგა მერსედესის მარკის ავტომანქანა შეჯახების მომენტში. ლევან ქინძოძის ჩვენებით, როგორც ახსოვს, მერსედესის ავტომანქანა გაჩერებული იყო გვერდულზე, დაახლოებით 50 სანტიმეტრით, ხოლო დანარჩენი ნაწილით ავტომობილი იყო გზის სავალ ნაწილზე. ნიკოლოზ მანჯავიძის ჩვენებით, დაახლოებით, ორი მეტრის სიგანის მერსედესის მარკის ავტომობილის ძირითადი ნაწილი იდგა სავალ გზაზე, ხოლო, როგორც ახსოვს, ავტომობილის მარცხენა საბურავები იდგა გრუნტიან გვერდულზე 5-10 სმ-ში ასფალტიდან. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტორი განპირობებული იყო კონკრეტული შემთხვევის ადგილზე არსებული ასფალტის საფარის სავალი ნაწილისა და გვერდულის განუსაზღვრელობით. რასაც ადასტურებს შემთხვევის ადგილზე მისული გამომძიებელი შალვა რევაზიშვილი სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, - შემთხვევის ადგილზე მოასფალტებული გზის საფარის გვერდით ქვეითებისათვის განკუთვნილი ბილიკი მან სქემაზე იმიტომ აღნიშნა ორ ზოლად, რომ ასფალტიდან იწყებოდა ქვიშის გვერდული და შემდეგ იყო ნაგავი ამონაყარი არხიდან. პირველი ნაწილი იყო დაახლოებით 1 მეტრი სიგრძის, ხოლო არხის მხარეს, მეორე ნაწილზე იყო, როგორც აღნიშნა, არხიდან ამოყრილი გარკვეული ნარჩენები, ქვის და ქვიშის გრანულები. ასევე, სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ირაკლი სადრაძემ განმარტა, რომ იმ ადგილას, სადაც კონკრეტულად მოხდა შეჯახება, გვერდული არ იყო ზუსტად განსაზღვრული, ამიტომ მერსედესის მძღოლის და მოწმის მითითება - რა ადგილას იყო მერსედესის მარცხენა მხარე გაჩერებული, არის არაზუსტი და პირობითი. ფაქტია, რომ მერსედესი გაჩერებული იყო და გზის მიმართ დახრილი არ იყო. ექსპერტების ირაკლი სადრაძის და თემურ დავითიძის ჩვენებებით, ფოტოსურათებზე დაფიქსირებული, გვერდულის ხაზი არ არის გამოყოფილი. ზუსტ ვერსიას, ზუსტად სად იდგა გვერდულიდან მერსედესის ავტომობილი ვერ ამბობენ, არსებობს ცდომილება, თუმცა ამ ცდომილებას შედეგისთვის არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ფორდის ავტომობილი მოძრაობდა და გაჩერებულ მერსედესის ავტომობილთან მიახლოებისას ფორდის მძღოლმა აიღო საჭე მარჯვნივ, რა დროსაც მოხდა მათი წინა მარცხენა ნაწილებით შეჯახება, გასმა, მოდება იყო სულ მცირე, 20-25 სმ., ხოლო შემდეგ ფორდის ავტომობილის ქვეითებთან ურთიერთკონტაქტი. თემურ დავითიძის ჩვენებით, შესაძლებელია მოწმე ნიკოლოზ მანჯავიძეს პირობითად აღექვა გვერდულზე გადასვლა და მიეთითებინა რაიმე მანძილი, მაგრამ ექსპერტებისთვის ექსპერტიზის ჩატარების დროს მთავარი იყო ის გარემოება, რომ ის გადავიდა უწყვეტი ღერძულა ხაზიდან საწინააღმდეგო მოძრაობის ზოლში და გაჩერდა, რითაც დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის მოთხოვნები, მაგრამ თავად შეჯახების მექანიზმისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა მოწმის ნიკოლოზ მანჯავიძის ჩვენებას იმ ნაწილში, თუ რა მანძილით იყო გადასული გვერდულა ხაზზე, რა მოცემულობაც მიუთითეს ექსპერტის დასკვნის კვლევით ნაწილში, თუმცა როგორც აღნიშნა, საქმეზე წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შეჯახება მოხდა გაჩერებული მერსედესის ავტომობილზე, რომელიც გაჩერებული იყო არა მოხრეშილ გზაზე, არამედ ასფალტირებულ გზაზე, მოხრეშილი გვერდულიდან რამდენიმე სანტიმეტრით, ასფალტის სიღრმეში.

3.27. ამასთან, ექსპერტ დავით გველესიანის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან გზის პირიდან ბუჩქამდე არის 2,5 მეტრი და იმ პირობებში, რომ ზემოთაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით მერსედესის ავტომანქანა გაჩერებული იყო გვერდულიდან 50 სმ-ში, ორი მეტრის სიგანის ფორდის მარკის ავტომანქანა დარჩენილ ნაწილში ვერ გაეტეოდა და მოწმეები ტყუილს ამბობენ, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ჯერ ერთი, ნიკოლოზ მანჯავიძის ჩვენებით, რასაც დაერთო სასამართლო პროცესზე მის მიერვე შედგენილი ნახაზი, მისი ავტომანქანის მარცხენა ბორბლები გადასული იყო მოხრეშილ გვერდულზე 5-10 სმ-ით, ამასთან, მოწმეების მიერ იმის აღქმა, თუ ზუსტად სად იდგა მერსედესის ავტომანქანა მოხრეშილ გვერდულზე ასფალტიდან 5-10 სმ-ში თუ პირიქით, მოხრეშილი გვერდულიდან ასფალტის შიგნით, სავალ ნაწილზე, რაც დაადასტურეს ექსპერტებმა ირაკლი სადრაძემ და თემურ დავითიძემ, იყო პირობითი, რადგან გვერდულის ხაზი არ ჩანდა და ის დაფარული იყო მიწის ზედაპირით, მაგრამ იმის დაშვებითაც, რომ მერსედესი გადასული ყოფილიყო მოხრეშილ გვერდულზე 5-10 სმ-ით, ხოლო შეჯახების შედეგად მანქანებს შორის მოხდა გადაფარვა 20-25 სანტიმეტრით, ორი მეტრის სიგანის ფორდის ავტომობილი ცალსახაა გაივლიდა დარჩენილ ორ მეტრზე მეტ მანძილში.

3.28. სასამართლოს სხდომაზე, ექსპერტმა ირაკლი სადრაძემ აჩვენა, რომ შემთხვევის ადგილის ფოტოსურათებზე, რაც მას წარედგინა ჩვენების მიცემის დროს, აშკარად ჩანს შეჯახების ადგილის გადასწვრივ, არხის მხარეს ველური ხეები, ხე-ბუჩქნარია არხის გაყოლებაზე. ამასთან, მას იმის თქმა ზუსტად არ შეუძლია, ხე-ბუჩქნარზე არსებული მინალესი დატოვებულია თუ არა ფორდ ტრანზიტის გავლის შედეგად.

3.29. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებაზე, კერძოდ, - ფოტოსურათებზე აშკარად იკვეთება ბუჩქნარის ზედაპირის შეცვლილი შეფერილობა სწორედ იმ ადგილას, სადაც უკვე უნდა მომხდარიყო ფორდ ტრანზიტის ავტომანქანის შემხებლობა ხე-ბუჩქნართან, რაც ერთხელ კიდევ მიუთითებს იმაზე, თუ სად მოხდა შეჯახება და შემდეგ არხში ფორდის ავტომანქანის ჩავარდნა.

3.30. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს და ერთობლიობაში აფასებს რა იმ გარემოებებს, რომ ექსპერტ დავით გველესიანის ჩვენებით, შეჯახების შემდეგ, მოძრავ მდგომარეობაში მყოფმა მერსედესის ავტომანქანამ წინ გადაინაცვლა 13-14 მეტრით, ბრალდებულის ჩვენებით, მერსედესის ავტომობილზე შეჯახებისთანავე ჩავარდა არხში, შეჯახება და ჩავარდნა ერთი იყო, დავით გველესიანის ჩვენებით, როგორც კი ჩავარდა ფორდის ავტომობილი არხში, მაშინვე მოხდა ტალახის ამოსხმა და მიგვითითა ფოტოსურათებზე, სადაც ეს კვალი არის ფორდის ავტომობილის უკან რამდენიმე მეტრში და ეს კვალი არის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით გაჩერებულ ავტომობილებს შორის 10 მეტრ მანძილში, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით ე. წ. ბუგაროკიდან მერსედესის წინა ნაწილამდე არის 20 მეტრი, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილის ჩვენებასთან, რომ ის როდესაც მანქანით გადავიდა ე. წ. ბუგაროკზე, მან შენიშნა მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომელიც პირდაპირ მოძრაობდა შემხვედრ, საპირისპირო ზოლში. მის და მერსედესის მარკის ავტომობილებს შორის მანძილი იყო დაახლოებით 20-25 მეტრი, დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა „მერსედესის“ მარკის ავტომობილმა გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი და გადავიდა მის სამოძრაო ზოლში. შეჯახების თავიდან არიდების მიზნით მან საჭე აიღო მარჯვნივ, თუმცა დაეჯახა მერსედესის ავტომობილს მარცხენა ნაწილში, შემდეგ თავისი ავტომანქანის წინა მარჯვენა თვლით ჩავარდა არხში, დარტყმა და არხში ჩავარდნა ერთი იყო. სასამართლო განმარტავს, რომ თუ ფორდის და მერსედესის მარკის ავტომობილებს შორის მანძილი იყო დაახლოებით 20-25 მეტრი ფორდის ავტომობილის ე. წ. ბუგაროკიდან გადასვლის შემდეგ, ორივე მანქანა მოძრაობდა, შესაბამისად, ერთ მანქანას მინიმუმ 10-12 მეტრი უნდა გაევლო ერთმანეთის მიმართულებით, დავით გველესიანის ჩვენებით, შეჯახების შემდეგ მერსედესის ავტომობილმა გაიარა 13-14 მეტრი, მაშინ ვერანაირად ვერ იქნებოდა დარჩენილი ე. წ. ბუგაროკიდან, შეჯახების შემდეგ საბოლოოდ გაჩერებული მერსედესის წინა ნაწილამდე 20 მეტრი და შესაბამისად, როგორც ბრალდებული გოდერძი მახარაშვილი, ასევე ექსპერტი დავით გველესიანი მოდიან ერთმანეთთან წინააღმდეგობაში, რაც გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე მთლიანად არადამაჯერებელს ხდის მათ ჩვენებებს.

3.31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილის ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ მერსედესის ავტომანქანა შეჯახების მომენტში მოძრაობდა, ავტომობილმა გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი და გადავიდა მის სამოძრაო ზოლში, რის გამოც მან საჭე აიღო მარჯვნივ და მოხდა შეჯახება, ვინაიდან ბრალდებულის ჩვენებაში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება სასამართლოს მიერ უტყუარად დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს.

3.32. სასამართლო ეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ ბრალდებულმა არ განახორციელა ობიექტურად შესაძლებელი ქმედება, რაც გამოიხატა წინდახედულობის ნორმის - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევაში, დაუდევრობის სახით.

3.33. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლი წარმოადგენს სპეციფიკურ - ბლანკეტურ ნორმას, რომელიც მოითხოვს მითითებას სხვა კანონის ნორმაზე და რომლის გარეშეც ეს დანაშაული არ არსებობს. ასეთი კანონი არის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ხოლო ასეთი ნორმა არის მისი 33-ე მუხლი, რომლის მეორე ნაწილის თანახმად სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს. ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 33-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია დაიცვას აგრეთვე გვერდითი ინტერვალი. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მძღოლს უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო აუცილებელი ცოდნა.

3.34. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დარღვევებით, სადაც ნაცვლად იმისა, რომ გამოკითხულიყო „ფორდ-ტრანზიტის“ მძღოლი გოდერძი მახარაშვილი და საჭიროების შემთხვევაში გაყვანილიყო შემთხვევის ადგილზე ჩვენების ადგილზე შესამოწმებლად, ნიკოლოზ მანჯავიძის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ გოდერძი მახარაშვილს თავის სამოძრაო ზოლში გაჩერებული ავტომობილი მერსედესი შეეძლო დაენახა 147 მეტრში და რომ გაურკვეველია ექსპერიმენტში მონაწილე პირთა რომელი და ასევე ვინ არის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი პირი. სასამართლო ეთანხმება ბრალდების მხარეს იმაში, რომ 2018 წლის 19 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც ჩატარდა ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე და რომლითაც დადგინდა ხილვადობის არე, არ არის უგულებელყოფილი კანონით დადგენილი მოთხოვნები. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება არ იყო ჩატარებული ბრალდებულის ან მისი ადვოკატის შუამდგომლობით. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-17 ნაწილის თანახმად, ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ პირი, რომლის ინფორმაციაც (ჩვენებაც) უნდა შემოწმდეს, ხოლო მხარეებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო ექსპერიმენტში. კანონით გიორგი მახარაშვილისა და მისი ადვოკატისთვის მინიჭებული ზემოაღნიშნული უფლების განხორციელების მიზნით მოწმე შალვა რევაზიშვილი, სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების მიხედვით, დაუკავშირდა ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილს და მის დამცველს, ასევე ნიკოლოზ მანჯავიძეს და მის დამცველს, ადგილზე გამოცხადნენ ზემოაღნიშნული პირები, თუმცა გოდერძი მახარაშვილის დამცველმა უარი განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც მან დაცვის მხარის მონაწილეობის გარეშე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი.

3.35. საგამოძიებო ექსპერიმენტი მიზნად ისახავდა ობიექტურად არსებული ხილვადობის არის დადგენას კონკრეტული შემთხვევის ადგილის მიმართ, იმავე ამინდის პირობებში, როგორიც იყო შემთხვევის დროს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ობიექტური ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, სადაც მონაწილეობას ღებულობდა არა ერთი, არამედ რამდენიმე პიროვნება ექსპერტ-კრიმინალისტების ჩათვლით, თუ რა მანძილში იყო შესაძლებელი ავტომანქანის დანახვა და ამგვარად მოხდა მონაცემის დადგენა. ილია ქურდაძისა და მამუკა როშნიაშვილის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა გამომძიებელმა შალვა რევაზიშვილმა, რაც ასევე დაადასტურა მას სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს. მათ უნდა დაედგინათ მანქანებს შორის მანძილი ხედვის არეალის განსაზღვრის მიზნით. მერსედესი იყო გაჩერებული. ფორდ ტრანზიტის ავტომობილი დაიძრა შორიდან, რათა მასში მსხდომ პირებს - გამომძიებელს, ექსპერტ-კრიმინალისტს მამუკა როშნიაშვილს და მძღოლს დაედგინათ ხილვადობა გაჩერებული მერსედესის მიმართ. როდესაც გაჩერდა ფორდ ტრანზიტის ავტომანქანა და მასში მსხდომი პირები გადმოვიდნენ, სამივე მათგანმა თქვეს, რომ დაინახეს მერსედესი. შემდეგ მოხდა მანძილის გაზომვა. ექსპერტ-კრიმინალისტი ილია ქურდაძე ახდენდა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის ფოტოგრაფირებას.

3.36. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რაც სასამართლოს დაუდასტურეს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - გამომძიებელმა შალვა რევაზიშვილმა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ილია ქურდაძემ და მამუკა როშნიაშვილმა, ნიკოლოზ მანჯავიძემ, ვაჟა ყირმიზოვმა და, ასევე, ნუგზარ კვინიკაძემ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე არსებული მისი ხელმოწერის სახით. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით განსაზღვრული ხილვადობის არეალის მონაცემი - 147 მეტრის სახით. ის გარემოება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში არ არის მითითებული, თუ ვინ იყო ოქმის შემდგენი პირი, სასამართლოს მიაჩნია ტექნიკური ხასიათის დარღვევად, რაც საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგზე ვერ იქონიებს გავლენას, რადგან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმის შინაარსის სისწორე, მასზე ხელმოწერები და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შედგენა შალვა რევაზიშვილის მიერ მთლიანად დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა სასამართლო სხდომაზე ჩვენებების მიცემის დროს.

3.37. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა ირაკლი სადრაძემ და თემურ დავითიძემ მთლიანად დაადასტურეს ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ზემოაღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილი მონაცემების საფუძველზე მათ მიერ გაცემული ექპერტების დასკვნის სისწორე, რითაც ახსნილი იქნა მძღოლის, გოდერძი მახარაშვილის მიერ უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტის არსებობა - გოდერძი მახარაშვილის განკარგულებაში იყო 147 მეტრი, რაც მიღებულია მძღოლის ტექნიკური თვალსაზრისით ავტომანქანის წინა მარცხენა კუთხეზე შეჯახების თავიდან აცილების შესაძლებლობიდან გამომდინარე. 147 მეტრიდან მძღოლი ვალდებული იყო მიეღო ყველა ზომა, რომ ავტომანქანას არ დასჯახებოდა. ყველა ზომაში იგულისხმება სიჩქარის შემცირება მანქანის სრული დამუხრუჭების მიზნით, რისთვისაც 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლი განახორციელებდა 27 მეტრში, სრული გაჩერებისთვის საჭირო მანძილი მინიმუმ 5-ჯერ ნაკლებია გამოძიების მიერ ექსპერიმენტით დადგენილ მძღოლ გოდერძი მახარაშვილის განკარგულებაში არსებულ მანძილზე, აღნიშნულიდან გამომდინარე მის სამოძრაო ზოლში გაჩერებული მერსედესი წარმოადგენდა დაბრკოლებას და გოდერძი მახარაშვილს როგორც სიჩქარის თანაბარი შენელებით, ასევე მარცხნიდან გვერდის ავლით შეეძლო მის სამოძრაო ზოლში არსებულ დაბრკოლებაზე შეჯახების თავიდან აცილება.

3.38. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი უფრო მეტად გასაკიცხ და საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაულად განიხილავს ავტოსაგზაო შემთხვევას მთვრალ მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ, თუ ამას მოჰყვა ნაკლებად მძიმე, მძიმე ჯანმრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, რის გამოც განყენებულ კონტექსტში არ უნდა იქნეს განხილული მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა ზეგავლენას ახდენს მოძრაობის კოორდინირებაზე, ქცევის გაკონტროლებასა, რეაქციის მოხდენის დროზე. საქმეში წარმოდგენილი ალკოტესტის შემოწმების ოქმით, მძღოლ გოდერძი მახარაშვილს ალკოტესტის შემოწმების ოქმებით, მძღოლ გოდერძი მახარაშვილს 2018 წლის 27 სექტემბერს 20:53:28 საათზე შემოწმების შედეგად დაუდგინდა 0,135 % ალკოჰოლური თრობა, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N006854218 დასკვნის თანახმად, „გოდერძი მახარაშვილის სისხლის ნიმუშში“ აღმოჩენილი 0.79% ეთილის სპირტი შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს. ალკოჰოლური თრობა იწვევს ფსიქიკური ფუნქციების გაღიზიანებას, უარესდება მძღოლის სიფხიზლე, იგი კარგავს სწორი ანგარიშის უნარს, ხდება დაუდევარი, ირღვევა მოძრაობის კოორდინირება, ქცევაზე კარგავს კონტროლს, იზრდება რეაქციის მოხდენის დრო. ამ დროს მძღოლის ყველაზე საშიში მტერი კი რეაქციის დროის გადიდებაა, რაც პირდაპირ კავშირშია ავტოსაგზაო შემთხვევებთან (MANUAL FOR LAWYERS ON FORENSICS PSYCHIATRY AND TRAFFIC ACCIDENT RECONSTRUCTION გამომცემლობა „მერიდიანი“ თბილისი 2014 წ.).

3.39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მძღოლმა გოდერძი მახარაშვილმა დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 33-ე მუხლის მეორე პუნქტი, მართავდა სატრანსპორტო საშუალებას მთვრალ მდგომარეობაში, მძღოლს დაბრკოლების არსებობის პირობებში უნდა შეემცირებინა სიჩქარე და გაეზარდა დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის სამოძრაო ზოლში, სავალ ნაწილზე მყოფ სატრანსპორტო საშუალებასთან, მაგრამ სიჩქარე არ შეუნელებია, როდესაც შეეძლო 147 მეტრის მანძილიდან შეენიშნა მის სამოძრაო ზოლში არსებული დაბრკოლება, გაჩერებული ავტომანქანის სახით, რომელსაც ჩართული ჰქონდა ავარიული მაშუქები, მძღოლი ვალდებული იყო მისი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე დაეწყო სიჩქარის შემცირება და შეერჩია უსაფრთხო გადაადგილების სწორი გადაწყვეტილება სრული დამუხრუჭების ან უსაფრთხო გვერდითი მანევრის გზით.

3.40. მიუხედავად იმისა, რომ 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით ვალდებული იყო ყველა შესაძლო ზომა მიეღო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეემცირებინა სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერებულიყო - გოდერძი მახარაშვილს არ შეუსრულებია უსაფრთხოების დაცვის აღნიშნული წესი, არც სიჩქარე შეამცირა, არც დაამუხრუჭა და არც გვერდი აუარა დაბრკოლებას - გაჩერებულ ავტომანქანას უსაფრთხო გვერდითი ინტერვალით, დაეჯახა მოძრავი ავტომობილით ნიკოლოზ მანჯავიძის კუთვნილ ავტომანქანასა და ბადრი და ლევან ქინძოძეებს

3.41. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოძრაობის უსაფრთხოების წესი დარღვეულია.

3.42. სასამართლო, შედეგის თავიდან აცილების ობიექტური შესაძლებლობაზე მსჯელობისას, ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის მიხედვით, უმოქმედობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელების ან კონკრეტული საფრთხის შექმნის აუცილებელ პირობად, როდესაც პირს ეკისრებოდა მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, ჰქონდა ასეთი მოქმედების შესაძლებლობა და სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული.

3.43. სასამართლოს მიაჩნია, რომ მძღოლს გოდერძი მახარაშვილს 147 მეტრიდან უნდა შეერჩია სწორი გადაწყვეტილება, შეენელებინა სიჩქარე ან უნდა დაეწყო გვერდითი მანევრი, რითაც დაბრკოლების მარცხნიდან შემოვლის გზით, მის მიერ შესაძლებელი და სავალდებულო მოქმედებით შეჯახება არ მოხდებოდა და შედეგი - ლევან ქინძოძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების და ბადრი ქინძოძის გარდაცვალების სახით თავიდან იქნებოდა აცილებული.

3.44. ამდენად, ბრალდებულმა გოდერძი მახარაშვილმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა დაუდევრობით. კერძოდ, მას გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა მისი გათვალისწინება ევალებოდა და შეეძლო კიდეც. საქმის მასალებით, ბრალდებულმა გოდერძი მახარაშვილმა ვერ მოახდინა სწორი რეაგირება, დაეჯახა მანქანასა და ქვეითებს, რასაც მოჰყვა ბადრი ქინძოძის გარდაცვალება, ხოლო ლევან ქინძოძის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა ზემოთ აღნიშნული წინდახედულობის ნორმის (ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის აკრძალვის, უსაფრთხო მანევრის, მოძრაობის შენელების) დაცვის, რის გამოც ბრალდებულმა გოდერძი მახარაშვილმა ჩაიდინა ობიექტურად დასაძრახი და ინდივიდუალურად გასაკიცხი ქმედება. მან თავისი უყურადღებობით არ გაითვალისწინა მართლსაწინააღდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა - გაჩერებულ ავტომობილზე შეჯახება, რასაც ობიექტური პირის თვალსაწიერიდან, შესაძლოა მოჰყოლოდა თვით ამ გაჩერებულ ავტომანქანაში მსხდომ ან მანქანასთან მდგომ პირთა სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა.

3.45. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საქმე არ არის დაქვემდებარებული და რომ იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის მოქმედი სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე N34 ბრძანების (რომელიც გაუქმდა 2019 წლის 25 დეკემბრის N474 ბრძანებით და ამოქმედდა 2020 წლის 1 იანვრიდან) მე-2 მუხლის მიხედვით, პოლიციელის დანაშაულის თაობაზე საქმეები მიეკუთვნება პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას.

3.46. სასამართლო განმარტავს, რომ საკითხის სამართლებრივი შეფასება იმასთან დაკავშირებით არსებითად დაირღვა თუ არა კანონის მოთხოვნები მტკიცებულებათა მოპოვების და საპროცესო დამაგრების დროს წარმოადგენს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის კომპეტენციას. არსებითი განხილვის ეტაპზე, გარდა კანონით მკაცრად განსაზღვრული სხვა შემაჯამებელი ან საპროცესო გადაწყვეტილებებისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს გამოაქვს შემაჯამებელი გადაწყვეტილება - განაჩენი სახით, რომელიც შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი, ან ზოგ ეპიზოდში გამამტყუნებელი, ხოლო ბრალდების სხვა ეპიზოდში – გამამართლებელი. ამასთან, არსებითი განხილვის პირველი ინსტანციის მოსამართლეს არ გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილება სააპელაციო, ან საკასაციო წესით შეაფასოს, შეცვალოს ან გააუქმოს იმავე ინსტანციის, ან სააპელაციო ინსტანციის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც კანონიერ ძალაშია შესული და მათი კანონით გათვალისწინებული წესით გაუქმება ან შეცვლა არ მომხდარა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

3.47. თუმცა მიუხედავად ამისა სასამართლო იმსჯელებს აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალწარმოების მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის ჭრილში, ვინაიდან საქმეში არსებული მასალები იძლევა ადვოკატის პოზიციის შეფასების შესაძლებლობას.

3.48. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2018 წლის 27 სექტემბერს დაწყებული იყო 2018 წლის 27 სექტემბრის ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე და არა რომელიმე კონკრეტული პიროვნების მიმართ. 2018 წლის 13 ნოემბერს მიღებულ იქნა ავტოტექნიკური ექსპერტიზის N1650/ა დასკვნა, რომლის მიხედვით მძღოლ გოდერძი მახარაშვილის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა, ხოლო მძღოლ ნიკოლოზ მანჯავიძის მოქმედება მართალია არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის ბ-დ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, თუმცა აღნიშნული მიზეზობრივ კავშირში არ იყო მომხდარ შემთხვევასთან და მას მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო.

3.49. სასამართლო განმარტავს, რომ იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის მოქმედი სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე N34 ბრძანების დანართის მეორე პუნქტის თანახმად პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმე: პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მიხედვით დანაშაული არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. გამოძიება პროკურატურის გამომძიებლის მიერ წარიმართება მაშინ, როდესაც კონკრეტული სუბიექტის - პოლიციელის ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ნიკოლოზ მანჯავიძის ქმედება - „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის ბ-დ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევა, რაც მიზეზობრივ კავშირში არ არის მომხდარ შემთხვევასთან, - იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას.

3.50. სასამართლო ეთანხმება დაცვის მხარეს იმაში, რომ გამომძიებელმა გამოძიება უნდა აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. გამომძიებელ შალვა რევაზიშვილის ჩვენებით, მას შემდეგ რაც ავტოტექნიკურმა ექსპერტიზამ გასცა შესაბამისი დასკვნა, რომ პოტენციური დამნაშავე იყო გოდერძი მახარაშვილი, მან არ ჩათვალა საჭიროდ ნიკოლოზ მანჯავიძეზე მოეძია მასალები, გამოძიება წავიდა გოდერძი მახარაშვილის მიმართულებით და პროკურორის მიერ გოდერძი მახარაშვილი მიცემული იქნა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში. ამასთან, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N1650/ა დასკვნის მიღების - ესე იგი 2018 წლის 13 ნოემბრის შემდგომაც გოდერძი მახარაშვილის ბრალდებულად ცნობამდე - 2019 წლის 25 ივნისამდე, კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებანი, სამედიცინო ბარათის ამოღება, მოწმეთა გამოკითხვები, საგამოძიებო ექსპერიმენტები, რომელთა მიხედვით არ დგინდება პოლიციელის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ნიშნები. შესაბამისად, გამოძიების დროს გამოძიების დაწყების შემდეგ ან მიმდინარეობის დროს არცერთი მტკიცებულება არ იძლეოდა საფუძველს, რათა დადგენილიყო, რომ სისხლის სამართლის საქმე სხვა საგამოძიებო უწყების ტერიტორიულ ან უწყებრივ ქვემდებარეობას განეკუთვნება, რის გამო გამომძიებელს, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმე ქვემდებარეობის საკითხის გადასაწყვეტად წარედგინა პროკურორისთვის, რომელიც გამოიტანდა დადგენილებას სისხლის სამართლის საქმის ქვემდებარეობით გადაგზავნის შესახებ. ამდენად, სასამართლოს არ აქვს საქმეზე განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობის მიკერძოებულ და არაობიექტურ სამართალწარმოებად შეფასების სამართლებრივი საფუძველი.

3.51. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; საქმეში არ მოიპოვება ისეთი საპროცესო ხასიათის არსებითი დარღვევა, რომელიც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, რომელიმე მტკიცებულების სისწორეში და სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

3.52. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლომ, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული უტყუარი და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გოდერძი მახარაშვილის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვლისწინებული დანაშაულის (2019 წლის 1-ელ აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სიცოცხლის მოსპობა - ჩადენა.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული დაუდევრობის სახით, მრავალშვილიანია, პირველად არის სამართალში, ჰქონდა დაზარალებულთან შერიგების მცდელობა, დაზარალებულ მხარეებს გაუწია ფინანასური დახმარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილს არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, მისი ქმედების სიმძიმეს.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

5.4. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

5.5. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, ასევე მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გოდერძი მახარაშვილს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

5.6. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულ გოდერძი მახარაშვილს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისი მუხლის ნაწილის სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გოდერძი მახარაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

2. გოდერძი მახარაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

3. გოდერძი მახარაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

4. გოდერძი მახარაშვილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 24 ივნისიდან.

5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: სისხლის ნიმუშები, მიკრონაწილაკები, მანქანის საზურგის და სავარძლის ამონაჭერები განადგურდეს, ფორდ-ტრანზიტის მარკის სატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით YQY-953 და მანქანის სავარძლის ხის დასაფენი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ნიკოლოზ მანჯავიძის ტანსაცმელი და ავტომანქანა მერსედესი სახელმწიფო ნომრით TT-529-WW დაუბრუნდეს ნიკოლოზ მანჯავიძეს, გოდერძი მახარაშვილის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო სდ დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია ოშხარელი