გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.03.2020
საქმის ნომერი
820210019002913414
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N820210019002913414 (2-155/2019)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

12.03.2020 წელი ქ. ბათუმი

მოსარჩელე A---------------------------------I

წარმომადგენელი გ--–--------ე

მოპასუხე გ---------------------

წარმომადგენელი ჯ-----------------–-–---–ი

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ---------------------ს დაეკისროს 17,005.00 ლირის ექვივალენტი ლარის (გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად) გადახდა მზღვეველის A---------------------------------I-ის სასარგებლოდ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

2017 27 იანვარს თურქეთის მოქალაქე ბ---------–--ნ (პ.ნ. G--------), მოძრაობდა O------ის ფირმის ავტობუსით თურქეთის სახელმწიფო ნომრით 0---------- ბათუმიდან გ------ს მიმართულებით, ა--------------------–--–---------ლ შესახვევთან მიახლოებისას მას მოუახლოვდა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით M-----, რომელიც წინა მხარით შეეჯახა თურქულ ავტობუსს. ავტობუსი დაზღვეული გახლდათ თურქეთის რესპუბლიკაში, სადაზღვევო კომპანია A-------------A-ში. შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორმა დააფიქსირა სამართალდარღვევა და ავტოსატრანსპორტო საშუალების M----- მძღოლი გ--------------------- დააჯარიმა 250 ლარით მანევრირების წესების დარღვევისათვის, რასაც მოჰყვა შეჯახება. ადგილზე ჩატარებული ალკო-ტესტის მიხედვით არც ერთი მძღოლი არ იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში. თავის მხრივ გ---------------------მ საპატრულო პოლიციისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ იგი თავს ცნობს დამნაშავედ და განაცხადა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მზადყოფნა.

 

თურქეთის მოქალაქე ბ---------–--ნს A-------------A-მ აუნაზღაურა ზიანი მათ შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად. სადაზღვევო კომპანიის მიერ მზღვეველისთვის ანაზღაურებული თანხის ოდენობამ შეადგინა 17,005.00 თურქული ლირა. გადახდის დღეს არსებული ეროვნული კურსით 1 ლირა ღირდა 0.6710 ლარი, შესაბამისად ანაზღაურებული თანხის ეროვნულ ვალუტაში არის 11,410.35 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ--------------------- და მისი წარმომადგენელი წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელს არ ცნობენ, მიიჩნევენ რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს და მიუთითებენ, რომ ავტობუსის მძღოლსა და გ---------------------ს შორის შედგა მოლაპარაკება რომლის მიხედვით მძღოლმა უარი განაცხადა ავტომანქანის აქ შეკეთებაზე და მოითხოვა თანხა 4000 თურქული ლირა, რაც მაშინდელი 2017 წლის იანვრისთვის არსებული კურსით შეადგენდა 3000 ლარს. აღნიშნული თანხა გ--------------------ის მიერ მოწმეთა თანდასწრებით გადაცემული იქნა მძღოლზე და მას არავითარი პრეტენზია არ გააჩნდა, რაზეც დაწერა შესაბამისი ახსნა განმარტება. რამდენადაც მხარეთა შორის არ იყო სადავო, მანქანები პოლიციის მიერ არ იქნა გაჩერებული და გადაეცათ მეპატრონეებს. ავტობუსს არ გაჩნდა ისეთი დაზიანებები, რომ შემდგომში მისი შეკეთებისათვის საჭირო ყოფილიყო სარჩელით მოთხოვნილი თანხა. დაზიანება იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ის გადავიდა საზღვარზე, სადაც იმ მცირე დაზიანების გამო, რაც გააჩნდა ავტობუსის წინა ნაწილს, პოლიციამ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე აცნობა, რომ მხარეებს არ გააჩნდათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია. მას შემდგომაც არავის არ განუცხადებია აღნიშნულზე პრეტენზია და არ უცნობებია, რომ თანხა იყო გადასახდელი. არ არის დადგენილი, რომ წარმოდგენილი ქვითრით გადახდილი თანხა ნამდვილად ამ დაზიანების ანაზღაურებისთვისაა გადახდილი, რადგან თანხა გადახდილია 30.03/2017 წლის დაზიანებიდან გამომდინარე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 27 იანვარს თურქეთის მოქალაქე ბ---------–--ნ (პ.ნ. G--------), მოძრაობდა O------ის ფირმის ავტობუსით თურქეთის სახელმწიფო ნომრით 0---------- ბათუმიდან გ------ს მიმართულებით. ა--------------------–--–---------ლ შესახვევთან მას შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით M-----/A--------, რომელსაც მართავდა მოპასუხე გ---------------------.

 

შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორმა დააფიქსირა სამართალდარღვევა და ავტოსატრანსპორტო საშუალების M----- მძღოლი გ--------------------- დააჯარიმა 250 ლარით მანევრირების წესების დარღვევისათვის. ავტობუსის მძღოლსა და გ---------------------ს შორის შედგა მოლაპარაკება რომლის მიხედვით მძღოლმა უარი განაცხადა ავტომანქანის საქართველოში შეკეთებაზე და მოითხოვა თანხა 4000 თურქული ლირა, რაც მაშინდელი 2017 წლის იანვრისთვის არსებული კურსით შეადგენდა 3000 ლარს. აღნიშნული თანხა გ--------------------ის მიერ მოწმეთა თანდასწრებით გადაცემული იქნა მძღოლზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 27 იანვრის სქემა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ

-ბ---------–--ნის ახსნა-განმარეტბა

-გ--------------------ის ახსნა-განმარტება

-2016 წლის 27 იანვრის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

-მხარის ახსნა განმარტება

-მოწმეთა ჩვენებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკაში მოსარჩელე - მიერ ბ---------–--ნის მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსის შეკეთებისათვის 17,005 თურქული ლირის იმ დაზიანებისთვის გადახდა, რაც მიყენებული იქნა 2016 წლის 27 იანვარს სოფ გ------ში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, შესაბამისად სადავოა გარემოება, რომ ავტომანქანა ამ დროისათვის იყო დაზღვეული და ითვალისწინებდა საქართველოში მომხდარ შემთხვეაზე ზიანის ანაზღაურებას, ისეთ პირობებში, როცა მძღოლზე ზიანი სრულად იქნა ანაზღაურებული.

 

მოპასუხე ამტკიცებს, რომ ავტომანქანას ჰქონდა იმდენად მსუბუქი დაზიანება, რომ ის საზღვარზე თავისუფლად გადავიდა, მძღოლს შესაკეთებლად მოთხოვნილი თანხა სრულად გადაუხადა და არ გააჩნდა არავითარი პრეტენზია. წარმოდგენილ გადახდის ქვითარში არ არის მითითებული თუ რა დაზიანებები იქნა შეკეთებული და მხარეს არ აქვს დასკვნა მიყენებული ზიანის შესახებ, ქვითარში აღნიშნულია, რომ ზიანის ანაზღაურება მოხდა 2017 წლის 30 მარტის დაზიანებიდან გამომდინარე, სინამდვილეში კი ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოხდა 2016 წლის 27 იანვარს.

 

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანია მოსარჩელე A---------------------------------I (,,ან------–------------------------------–-------ი) მოპასუხე გ---------------------მ უნდა აუნაზღაუროს მისი ბრალეულობით დაზიანებული ა. მანქანის შეკეთების გადახდილი სადაზღვევო თანხა, რამდენადაც, აღნიშნული ავტომანქანა დაზღვეული იყო სადაზღვევო კომპანია ა-------–------------ას მიერ და მან გადაუხადა მზღვევლს აღნიშნული თანხა, შესაბამისად, უფლება აქვს ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი ხანდაზმულია თუ არა, ამ საკითხს სჭირდება სამართლებრივი შეფასება, მაგრამ მოთხოვნის წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გასული ვადა ფაქტობრივი გარემოებაა. ამიტომ ხანდაზმულობის სამართლებრივ შეფასებას, აუცილებლად სჭირდება დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობისა და სარჩელის აღძვრის პერიოდები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--------------------ის ბრალეულობით მომხდარი ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებისათვის 17 005 ლირის სადაზღვევო თანხის გადახდასთან დაკავშირებული გარემოებების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ 2017 წლის 31 მარტს N 1-------- პოლისის საფუძველზე მოქ. მ--------------–--ის სახელზე გადარიცხული 17 005 ლირა გადახდილია 2016 წლის 27 იანვარს საქართველოში, სოფ გ------ში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ბ---------–--ნის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის დაზღვევის გამო.

 

მოსარჩელე მხარე თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად მიუთითებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, დაზღვევის პოლისზე, თანხის გადახდის ანგარიშ ფაქტურაზე და ქვითარზე. აღნიშნულით მოსარჩელის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ სადაზღვევო კომპანია ა-------–უ ნამდვილად იქნა გადახდილი სადაზღვევო თანხა, კომპენსაცია 17 005 ლირა.

 

მოპასუხე მხარე გარდა თავისი ახსნა განმარტებისა, მიუთითებს საქმეში არსებულ ახსნა განმარტებებზე, რიტაც ამტკიცებს რომ ავარიის შემდგომ მძღოლს ბ---------–--ნის ზიანი აუნაზღაურდა და არავითარი პრეტენზია არ გააჩნია. აღნიშნული დაადასტურეს მოპასუხის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა, პოლიციის თანამშრომლებმა რომლებიც უშუალოდ აწარმოებდნენ მოკვლევას აღნიშნულ ფაქტზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მირ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. წინამდებარე შემთხვევაში შესაფასებელია წარმოდგენილი დაზღვევის პოლისი, ფაქტურა და ქვითარი.

 

დაზღვევის პოლისი N--------, რომელიც მოსარჩელის მტკიცებით წარმოადგენს სადაზღვევო ხელშეკრულებას, შედგენილია 2017 წლის 27 მარტს, დაზღვევის საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალება ავტობუსი სახ N-----------. ამავე დღეს, 27 მარტს გადახდილია წინასწარი სადაზღვევო შენატანი 1 686 ლირა.

 

2017 წლის 01 მარტს შედგენილია ფაქტურა N----- რითაც დგინდება, რომ ან------–------------------------------–-------ი-ს N-------- ზიანის ანაზღაურების საქმესთან დაკავშირებით გადაიხადა 17005.48 ლირა.

 

2017 წლის 31 მარტს გაცემული ქვითარის მიხედვით, N-------- პოლისის თანახმად, ან------–------------------------------–-------ი-მ 30.03.2017 წლის დაზიანებიდან გამომდინარე მ--------------–--ს გადაუხადა კომპენსაციის თანხა 17,005.00 ლირა. პოლისის დაწყების და დასრულების თარიღია 27/03/2016-27/03/2017.

 

მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, რომ 2017 წლის 31 მარტს N 1-------- პოლისის საფუძველზე მოქ. მ--------------–--ის სახელზე გადარიცხული 17 005 ლირა გადახდილია 2016 წლის 27 იანვარს საქართველოში, სოფ გ------ში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ბ---------–--ნის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის დაზღვევის გამო. დგინდება, რომ პოლისი შედგენილია, ანუ სადაზღვევო ხელშეკრულება გაფორმებულია შემთხვევიდან დაახლოებით ორი თვის შემდგომ, და ასევე დგინდება, რომ კომპენსაცია გადახდილია 30.03 2016 წ. დაზიანებიდან გამომდინარე და არა სოფ გ------ში 2016 წლის 27 იანვარს მომხდარ დაზიანებიდან გამომდინარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა განმარტებები

-მოწმეთა ჩვენები

-ახსნა განმარტებები

-დაზღვევის პოლისი

-ფაქტურა

-ქვითარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, მოსარჩელე და მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა ახსნა-განმარტების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 832-ე 992-ე მუხლები.

საქარველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის თანახმად თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

 

სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ურთიერთობებში დამკვიდრებული მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადასვლის მექანიზმს (სუბროგაციის პრინციპი). ასეთ შემთხვევაში მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მოცემული მუხლით პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი ერთმანეთს უკავშირებს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. დამზღვევმა ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა რომ დააყენოს უნდა არსებობდეს დაზღვევის ხელშეკრულება.

 

6.2. ზემოთ, სადავო ფაქტობრივ გარემოებათა განხილვისას აღინიშნა, რომ მოსარჩელეს დაზღვევის ხელშეკრულება არ წარმოუდგენია, თუმცა მიუთითა რომ დაზღვევის არსებობა დასტურდება წარმოდგენილი სადაზღვევო პოლისით. დადგენილი იქნა, რომ სადაზღვევო პოლისი, რომლის საფუძველზეც ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მოსარჩელე, შედგენილია 2016 წლის 27 მარტს. კომპენსაციის თანხა გაცემულია 30.03.2017 წლის დაზიანებიდან გამომდინარე და თანხა მიეცა არა ბ---------–--ნს, როგორც სარჩელშია აღნიშნული, არამედ მ--------------–--ს.

 

ასევე უდავოდაა დადგენილი , რომ თურქეთის მოქალაქე ბ---------–--ნის მართვის ქვეს O------ის ფირმის ავტობუსს, თურქეთის სახელმწიფო ნომრით 0---------- ბათუმიდან გ------ს მიმართულებით, ა--------------------–--–---------ლ შესახვევთან 2016 წლის 27 იანვარს შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით M-----/A--------, რომელსაც მართავდა მოპასუხე გ---------------------.

 

დგინდება, რომ ამ დროისათვის არ არსებობდა სადაზღვევო ხელშეკრულება, შესაბამისად მზღვეველი არ აუნაზღაურებდა ამ პერიოდისათვის მიყენებულ ზიანს და მძღოლმა ადგილზე გამოართვა მანქანის შესაკეთებლად (მიყენებული ზიანი) 3000 ლარი.

 

შესაბამისად მოპასუხეს არ გააჩნია მოსარჩელის მიმართ არც ხელშეკრულებითა და არც დელიქტით გამოწვეული ვალდებულება, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოპასუხეს ვერ დაეკისრება, რადგანაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. A---------------------------------I-ის წარმომადგენლის გ--–--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 240.72 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N358) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხულოს მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე