განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160141318002661564
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
#1/267-18 4 ნოემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031260918002)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - თამთა როყვა, ვერიკო ნინიაშვილი,ცაცა ებრალიძე, დიანა ქოჩორაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი სახიაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ნანი აბრამიშვილი, ოთარ სუყაშვილი
ბრალდებული: ი-–---- შ----–---ი
მამის სახელი: მ-----ა
დაბადებული: 1-----–-–--------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, სოფელი ე-----დი
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი, ნაილი იბრაგიმოვა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი-–---- შ----–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ე-----დში, ი-–---- შ----–---ის მშობლების საცხოვრებელ სახლში, ყოფითი ხასიათის საკითხებზე შელაპარაკების ნიადაგზე, ი-–---- შ----–---მა მუშტის მარცხენა თვალბუდის, ცხვირის არეში არაერთჯერადად ჩარტმით, თავის კარადაზე მირტყმის გზით, მუცლისა და მარჯვენა კოჭის არეში ფეხის ჩარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ჟ--–- შ----–---ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ი-–---- შ----–---ის მიერ ჟ--–- შ----–---ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი- 03.08.2015 წელს დაბადებული მ----- შ----–---ა.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2018 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ენიქენდში, ი-–---- შ----–---ს მეუღლის - ჟ--–- შ----–---ას მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილის - მ----- შ----–---ას თანდასწრებით ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი არ განუხორციელებია.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის თანხმად, არასრულწლოვანი არის პირი რომელსაც არ შესრულებია 18 წელი.
მ----- შ----–---ას დაბადების მოწმობის თანახმად, მშობლის გრაფაში მამა მითითებულია - ი-–---- შ----–---ი და გრაფაში დედა მითითებულია- ჟ--–- შ----–---ა. მ----- შ----–---ას დაბადების თარიღია: 2015 წლის 3 აგვისტო და შესაბამისად იგი არის არასრულწლოვანი.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ი-–---- შ----–---ი და ჟ--–- შ----–---ა იმყოფებიან ქორწინებაში, ჰყავთ შვილი (03.08.2015წ.) მ----- შ----–---ა და ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.
დაზარალებულმა ჟ--–- შ----–---ამ (ბრალდებულის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
სასამარლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ფ------ ი------–ევი. მან განაცხადა, რომ ჟ--–- შ----–---ა არის მისი შვილი, ხოლო ი-–---- შ----–---ი - სიძე. 2018 წელს, თვე და რიცხვი არ ახსოვს, დაახლოებით ღამის ორ საათზე, მასთან სახლში მივიდა ჟ--–- შ----–---ა, ბავშვთან ერთად. ჟ--–- შ----–---ა გამოიყურებოდა ცუდად, კერძოდ, ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი. ჟ--–- შ----–---ამ, ფ------ ი------–ვეს განუმარტა, რომ იჩხუბა ი-–---- შ----–---თან და ჩხუბის მიზეზი იყო ფულადი თანხა. ფ------ ი------–ევმა განმარტა, რომ ჟ--–- შ----–---ას და ი-–---- შ----–---ის ჩხუბი პი------დ არ დაუნახავს.
2018 წლის 26 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენა) ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილია მარნეულის რაიონის სოფელი ე-----დი, ჟ--–- შ----–---ას საცხოვრებელი სახლი. საგამოძიებო ექსპერიმენტში მოანწილეობას იღებდნენ ჟ--–- შ----–---ა, ბ---- ა-–-----------ი, გაბილ გაფაროვი და ვასიფ პარაბაშოვი. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ჟ--–- შ----–---ამ მიუთითა საძინებელ ოთახზე, სადაც ქმარმა ი-–---- შ----–---მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღდგენილი იქნა მოქმედებები, თუ როგორ მიაყენა ჟ--–- შ----–---ას ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლე - ი-–---- შ----–---მა, რაც იქნა აღბეჭდილი ფოტოებზე.
2018 წლის 26 სექტემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, ვიზუალურად დათვალიერებული იქნა ჟ--–- შ----–---ა. დათვალიერების დროს ჟ--–- შ----–---ას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები: ცხვირზე ჰქონდა ნაკაწრი, მუცლის არეში დალურჯებული და მარჯვენა ფეხის კოჭზე ნაკაწრი.
2018 წლის 26 სექტემბრის დაკავების ოქმის თანახმად, ი-–---- შ----–---ი დაკავებული იქნა მარნეულის რაიონის, სოფელ ე-----დში - 10:40 საათზე. 2019 წლის 17 აპრილს ი-–---- შ----–---ს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთ 10 000(ათი ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ბ----ი ა-–-----------ი, რომელმაც სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს პოლიციაში მივიდა მოქალაქე ჟ--–- შ----–---ა. მას ცხვირზე აღენიშნებოდა დაზიანება. ჟ--–- შ----–---ამ, ბ---- ა-–-----------ს განუმარტა, რომ მეუღლემ - ი-–---- შ----–---მა მიაყენა მრავალჯერადი ფიზიკური შეურაცხყოფა, მათი 3 წლის შვილის თანდასწრებით. აღნიშნულის თაობაზე დაწყებული იქნა გამოძიება და დაზარალებულთან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი.
სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უბნის-ინსპექტორ გამომძიებელმა გაბილ გაფაროვამა განმარტა, რომ საქმეზე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო -ექსპერიმენტში, რომელიც ჩატარდა ი-–---- შ----–---ის და ჟ--–- შ----–---ას საცხოვრებელ სახლში. შემთხვევის ადგილზე მივიდა გამომძიებელთან - ბ----ი ა-–-----------თან ერთად, დაახლოებით 11-12 საათზე. ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდა თარჯიმანი - ვასიფ პარაბაშოვი. გაბილ გაფაროვს არ ახსოვს, შედგა თუ არა ადგილზე საგამოძიებო-ექსპერიმნეტის ოქმი და მოაწერა თუ არა მასზე ხელი.
მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა ეკა ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომ საქმეზე მოახდინა ჟ--–- შ----–---ას ვიზუალური დათვალიერება და შეადგინა თანხმობის ოქმი. ჟ--–- შ----–---ას ვიზუალური დათვალირებისას აღენიშნებოდა ცხვირზე და ფეხზე ნაკაწრი. ჟ--–- შ----–---ას განმარტებით დაზიანებები მიაყენა მუღლემ. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა თარჯიმანი. საქმეზე ძირითადი გამომძიებელი იყო ბ---- ა-–-----------ი. ეკა ბუცხრიკიძემ დამატებით განმარტა, რომ ჟ--–- შ----–---ას ვიზუალური დათვალიერების ოქმზე, მითითებულია ბ---- ა-–-----------იც, რაც წარმოადგენს ტექნიკური შეცდომას და ბ---- ა-–-----------ს აღნიშნულ ვიზუალურ დათვალიერებაში მონაწილოება არ მიუღია.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა თარჯიმანი ვასიფ პარაბაშოვი. მან განაცხადა, რომ სექტემბრის თვეში, დილის საათებში გამომძიებელთან - ბ---- ა-–-----------თან და დაზარალებულთან ერთად წავიდა შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილი იყო ერთსართულიანი საცოხვრებელი სახლი, დათვალიერდა ოთახი, სადაც მოხდა შემთხვევა. საგამოძიებო მოქმედების დროს დაზარალებული თვითონ მიუთითებდა მომხდარზე. დაზარალებული იყო პატარა, შავგვრემანი გოგო და მას ცხვირზე ჰქოდნა დაზიანება. შემთხვევა ეხებოდა ფიზიკური ძალადობის ფაქტს, კერძოდ, ქმარმა სცემა მეუღლეს. ვასიფ პარაბაშოვი თარგმნას ახორციელდბა აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე. მოწმემ საგამოძიებო მოქმედების დროს შემდგარ ოქმს ხელი მოაწერა.
თარჯიმანმა ლალი კახნიაშვილმა, რომელიც სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაადსატურა საქმეზე მიღებულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილობა და განმარტა, რომ თარგმნას ახორციელებდა ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე. ლალი კახნიაშვილმა დამატებით მიუთითა, რომ ესწრებოდა ჟ--–- შ----–---ასა და მისი მამის გამოკითხვას.
სამედიცინო ექსპერტიზის N006824818 დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებით (26.09.2018წ) ჟ--–- შ----–---ას აღენიშნება სისხლჩაქცევები მარჯვენა მხარის ზემო მესამედი უკანა ზედაპირზე, მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე, მუცლის წინა ზედაპირზე მარცხნივ, მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის გარეთა ზედაპირზე და მარჯვენა ლოყის ლორწოვანზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმფრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულბით არ ეწინააღმდგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის N007202518 დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებით (27.09.2018წ) ი-–---- შ----–---ს აღენიშნება ნაჭდევები ორივე მტევნის უკანა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი -ბლაგვი საგნის მოქმდებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდზმულობით არ ეწინააღმდგება წინასწარ ცნობებეში მითითებულ თარიღს.
სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა სამედიცინო ექსპერტიზის ჩამატარებელი ექსპერტი გიორგი ოქრუაშვილი, რომელმაც დაადასტურა გაცემული დასკვნების სისწორე.
სხდომაზე დაიკითხა დაცვის მხარის მოწმე მ-----ა შ----–---ი, რომელმაც სასამართლოს მოახსენა შემდეგი: ი-–---- შ----–---ი არის მისი შვილი, ხოლო ჟ--–- შ----–---ა რძალი. მათ ჰყავთ ერთი ბავშვი, რომელიც იძინებს მასთანმის საძინებელში, მოგვიანებით კი დედას მიჰყავს თავის ოთახში. შემთხვევის დღესაც, ბავშვს ეძინა მასთან, მივიდა ჟ--–- შ----–---ა, ბავშვი აიყვანა და უთხრა, რომ თავის სახლში უნდა წაეყვანა. ამ დროს იყო ღამე. ი-–---- შ----–---ი იმყოფებოდა სახლში. მ-----ა შ----–---ის განმარატებით ყველა ცხოვრობს ერთ სახლში და კონფლიქტის შემთხვევაში ხმას აუცილებლად გაიგებდა. მოწმის განცხადებით, ჟ--–- შ----–---ასათვის მას დაზიანება არ შეუნიშნავს.
სხდომაზე დაიკითხა დაცვის მხარის მოწმე ი------ ხ--–--–--ვა, ბარლდებულ ი-–---- შ----–---ის დედინაცვალი. მან განაცხადა, რომ 25-26 სექტემბერს, მეუღელსთან ერთად ეძინ. მათთან ეძინა შვილიშვილსაც. ამ დროს, მივიდა ჟ--–- შ----–---ა, ბავშვი აიყვანა და წავიდა. შემდეგ, სახლში პოლიციელებთან ბ----თან და გაბილთან ერთად დაბრუნდა. მათ ოთახი დაათვალიერეს, ხოლო ი------ ხ--–--–--ვა არ შეუშვეს ოთახში. ი------ ხ--–--–--ვამ მათგან შეიტყო, რომ ი-–----მა სცემა - ჟ--–- შ----–---ა. მოწმემ აღნიშნა, რომ ღამით ხმაური არ გაუგონია და არც რძლისთვის შეუმჩნევია რაიმე.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ი-–---- შ----–---ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ი-–---- შ----–---ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ი-–---- შ----–---ის მხრიდან დაზარალებულ ჟ--–- შ----–---ას მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ე-----დში, ი-–---- შ----–---ს მეუღლის -ჟ--–- შ----–---ას მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილის -მ----- შ----–---ას თაბდასწრებით ძალადობა არ განუხორციელებია, რომელიც ფიზიკურ ტკივილს გამოიწვევდა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ი-–---- შ----–---ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ი-–---- შ----–---ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არცერთი პირდაპირი მოწმე და არ გამოკვლეულა არცერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ი-–---- შ----–---ის მიერ 2018 წლის 26 სექტემბერს მეუღლის - ჟ--–- შ----–---ას მიმართ, არასრულწლოვანი შვილის - მ----- შ----–---ას თანდასწრებით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მოწმეები:ფ------ ი------–ევი, ბ---- ა-–-----------ი, გაბილ გაფაროვი წარმოადგენე ირიბ მოწმეებს და სასამართლო საფუძვლად ვერ დაუდებს მხოლოდ მათ ჩვენებებს ი-–---- შ----–---ის მიმართ გამოამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ჟ--–- შ----–---ამ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად ჟ--–- შ----–---ას აღენიშნებოდა - პირადი გასინჯვის მონაცემებით (26.09.2018წ) ჟ--–- შ----–---ას აღენიშნება სისხლჩაქცევები მარჯვენა მხარის ზემო მესამედი უკანა ზედაპირზე, მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე, მუცლის წინა ზედაპირზე მარცხნივ, მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის გარეთა ზედაპირზე და მარჯვენა ლოყის ლორწოვანზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმფრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულბით არ ეწინააღმდგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. თუმცა დაზიანების არსებობის ფაქტიც ამ პირობებში ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა.
გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განცდილი ძალადობის შედეგად განაცხადოს ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი და სხვა პირის განმარტება ტკივილის განცდასთან დაკავშირებით (ძალადობის შედეგად პირმა შეიძლება თუ არა განიცადოს ტკივილი) არარელევანტურია და სასამართლოს მხრიდან არ შეიძლება იქნეს გაზიარებული. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ი-–---- შ----–---ის დამნაშავედ ცნობისათვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, ი-–---- შ----–---ი მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული ი-–---- შ----–---ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ი-–---- შ----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 10 000 (ათი ათასი) ლარი დაუბდრუნდეს მის შემტანს მ-----ა შ----–---ს (პ/ნ 2----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ი-–---- შ----–---ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე