გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.08.2019
საქმის ნომერი
330310019003043020
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
06.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310019003043020

საქმე №---------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

6 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მ-------–---------–---–-

 

მოპასუხე - დ---------–------

წარმომადგენელი - ზ-----------------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე დ---------–------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართით, მდებარე: ქ-------–------–-------------, №0---------------------- საკადასტრო კოდით (შენობა №1-ის 18.85 კვ.მ.) არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც შეადგენს: 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით, ჯამში 1953 ლარს, 2014 წლისთვის ჯამში 1608 ლარს, 2015 წლისსთვის ჯამში 2064 ლარს, 2016 წლისთვის ჯამში 2148 ლარს, 2017 წლისთვის ჯამში 2268 ლარს, ხოლო 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის 21 ივნისამდე ჯამში 1075 ლარს, სულ - 11 116 ლარს.

 

მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება მდებარე ქ-------–------–-------------, №0---------------------- საკადასტრო კოდით 2011 წლიდან წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც (შენობა №1-ის 18.85 კვ.მ.) არამართლზომიერად სარგებლობს და სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს დ---------–------.

 

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- დასკვნითს მიხედვით, შენობა №1-ის 18.85 კვ.მ. ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს: 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით 126 ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 134 ლარს, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 172 ლარს, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 179 ლარს, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 189 ლარს, ხოლო 2018 წლის იანვრიდან 187 ლარს.

 

მოპასუხეს გაეგზავნა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილები, რომლებითაც ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა შესაბამისი საფასური და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.

 

მოპასუხეს ეკისრება სამეწარმეო საქმიანოსთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც შეადგენს: 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით, ჯამში 1953 ლარს, 2014 წლისთვის ჯამში 1608 ლარს, 2015 წლისსთვის ჯამში 2064 ლარს, 2016 წლისთვის ჯამში 2148 ლარს, 2017 წლისთვის ჯამში 2268 ლარს, ხოლო 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის 21 ივნისამდე ჯამში 1075 ლარს, სულ - 11 116 ლარს.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - დ---------–-----ის განმარტებით, იგი არ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით. რაც შეეხება ფართში არსებულ ინვენტარს, მათ წლების განმავლობაში მხოლოდ უვლიდა.

 

დ---------–-----ის წარმომადგენლის ზ-----------------ს განმარტებით, მოპასუხის და, რომელიც სტომატოლოგი იყო გარდაიცავლა. საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებში ასახულია დ---------–-----ის დის მიერ დატოვებული ძვირადღირებული ინვენტარი, რომელსაც მოპასუხე მხარე უვლიდა და აღნიშნული ფართით სამეწარმეო საქმიანობისთვის ც-----ეს არასდროს არ უსარგებლია. ამასთან დ---------–------ არც ინდ. მეწარმეა და არც შპს-ს ფორმით არ არის რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში. შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა თანხის დასკისრების თაობაზე არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

(იხ. 26.07.2019წ. სხდომის ოქმი)

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–------–----------------, საკადასტრო კოდი №0---------------------- დაზუსტებული ფართობი 1603.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 20.04.2011 წლიდან ირიცხება სახელმწიფოს სახელზე, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №1-№15-ის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15).

 

3.2 2018 წლის 19 მარტს შედგენილი იქნა დათვალიერების აქტი, რომლის შესაბამისადაც დგინდება, რომ სსიპ სახელმწფიო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ადგილზე შეამოწმა და დააგინა, რომ ქ-------–-–----–-----------ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ 0------------------) არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებდა ფიზიკური პირი - ც-----ე დარეჯანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 19.03.2018წ. ადგილზე დათვალიერების აქტი (ს.ფ. 31);

 

3.3. დ---------–------ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 მარტის №------- და 26.06.2018 წლის №------- წერილებით გაეგზავნა გაფრთხილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის თაობაზე და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 მარტის №------- და 26.06.2018 წლის №------- წერილები (ს.ფ. 39-41).

 

3.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ივნისის №--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ-------–--–----–--------------–- №0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტირებული მთლიანი 187.71 კვ.მ უძრავი ქონებიდან 18.85 კვ.მ. ფართის მთლიანი ყოველთვიური საჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 17 სექტემრბიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით მთლიან 18.85 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენდა 126 ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 18.85 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენდა 134 ლარს, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 18.85 კვ.მ-ზე 172 ლარს, ხოლო 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 18.85 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენს 179 ლარს, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 18.85 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენს 189 ლარს, ხოლო 2018 წლის იანვრიდან დღემდე მთლიან 18.85 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენს 187 ლარს.

ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ შესაფასებელი ობიექტი წარმოადგენს ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ ფართს, რომელშიც მოწყობილია ორი ოთახი. ობიექტი იმყოფება სუფთა მდგომარეობაში. მისი ფრონტაჟი გადის ლიბანის ქუჩაზე. ინსპექტირების თარიღისთვის ობიექტში ფუნქციონირებდა სტომატოლოგიური კლინიკა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ივნისის №--------- ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 20-28)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია დავების ჩამონათვალი, რაც შეიძლება განხილულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, რადგან იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

ადმინისტრაციული სამართალი, როგორც საჯარო ინტერესის დამცველი და საჯარო სამართლის შემადგენელი ნაწილი, არეგულირებს ურთიერთობებს სახელმწიფოსა და ფიზიკურ პირებს შორის.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამეთუ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შემთხვევაში, მოსარგებლის მიერ საზღაურის გადახდა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს საჯარო ინტერესი დაცულია კანონით.

 

6.3. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის ,,შ’’ პუნქტის თანახმად კი, საპრივატიზებო საფასური არის სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ., იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადგილზე დათვალიერების აქტით და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ივნისის №--------- ექსპერტის დასკვნით ცალსახად დგინდება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილით, კერძოდ ქ-------–--–----–------------- №0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 18.85 კვ.მ ფართით, 2018 წლის 19 მარტიდან 2018 წლის 21 ივნისამდე არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა დ---------–------, რადგან სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტოებში (ს.ფ. 39-36, 73-74) ასახული მდგომარეობა მიუთითებს, რომ სტომატოლოგიური კაბინეტი ფუნქციონირებდა, ახროციელებდა პაციენტთა მომსახურებას და არ ასახავს სამედიცინო ინვენტარის შენახვის მიზნით მისი დაკავების ფაქტს. აღნიშნულ დასკვნას ასევე ამყარებს ექსპერტიის დასკვნაის ჩანაწერი, რომ ინსპექტირების თარიღისთვის ობიექტში ფუნქციონირებდა სტომატოლოგიური კლინიკა (ს.ფ. 79). სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2018 წლის 19 მარტამდე პერიოდში, დ---------–-----ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერ ფლობას და არამართლზომიერ ფლობასთან ერთად სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტს დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და დ---------–------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მისამართი ქ-------–------–-------------, №0---------------------- საკადასტრო კოდით (შენობა №1-ის 18.85 კვ.მ.) არამართლზომიერი ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების გამო, 2018 წლის 19 მარტიდან 2018 წლის 21 ივნისამდე უნდა დაეკისროს 573,46 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამდენად, რადგან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე მხარეს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 17,20 ლარის ოდენობით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და 41.1. მუხლის „დ“ ქვეპუნქტი).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. დ---------–-----ეს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი ქ-------–------–-------------, №0---------------------- საკადასტრო კოდით (შენობა №1-ის 18.85 კვ.მ.)) 2018 წლის 19 მარტიდან - 2018 წლის 21 ივნისამდე არამართლზომიერი ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 573,46 (ხუთას სამოცდაცამეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა;

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს.

 

4. დ---------–------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 17,20 (ჩვიდმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლეილა გოგიშვილი