გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210020003446672
№2/35-2020
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30.03.2020 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ინდივიდუალური მეწარმე მ------- ტ--------ე
წარმომადგენელი: დ----- ხ------ი, კ------- ხ-----------ე
მოპასუხე: ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტი (მერია)
წარმომადგენელი: შ------- ო---------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოსარჩელის - ინდივიდუალური მეწარმე მ------- ტ--------ის (ს/კ 3----------) წარმომადგენელმა მომართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტის (მერია) (ს/კ239393811) მიმართ.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში 2019 წლის 19 აპრილს მოპასუხესთან დაიდო ხელშეკრულება N68 , რომლის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით. მოსარჩელის განმარტებით მათ სამუშაოები განახორციელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, მაგრამ მოპასუხემ მაინც დაარიცხა პირგასამტეხლო 28130 ლარის ოდენობით, 97 დღით გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო. ისინი იძულებული გახდნენ თანხმობა განეცხადებიათ იმ ეტაპზე გაქვითვასთან დაკავშირებით, რათა მიეღოთ სამუშაოს ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში უარს უცხადებდა მოპასუხე ანგარიშსწორებაზე. ისინი ზედმიწევნით ასრულებდნენ სამუშაოებს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მათ ასევე 2019 წლის 16 მაისს გააფორმეს მოპასუხესთან N81 ხელშეკრულება. სამუშაოები ამჯერადაც ვადაში შეასრულეს 2019 წლის 13 სექტემბრამდე და მოპასუხეს არ გააჩნია პრეტენზიები სამუშაოს ხარისხთან მიმართებაში. მოპასუხემ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებშიც მოახდინა პირგასამტეხლოს დარიცხვა 12062 ლარისა და 51 თეთრის ოდენობით. აღნიშნული თანხაც გაიქვითა და მოპასუხე უარს აცხადებს თანხის ანაზღაურებაზე.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე- ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტს (მერია) დაეკისროს ინდივიდუალური მეწარმე მ------- ტ--------ის სასარგებლოდ 28130 ლარის გადახდა N68 ხელშეკრულების ფარგლებში. ასევე მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე - ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტს (მერია) დაეკისროს ინდივიდუალური მეწარმე მ------- ტ--------ის სასარგებლოდ 12062 ლარის და 51 თეთრის გადახდა N81 ხელშეკრულების ფარგლებში .
1.2.წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი-1206 ლარი.
2.მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე მიუთითებს, რომ სარჩელს არ ცნობს განმარტავს, რომ ხელშეკრულებების მე-3 მუხლის შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებული იყო შეესრულებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულებაზე თანდართული , სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხის განმარტებით ხელშეკრულებათა მე-13 მუხლში ცალკე პუნქტად არის მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლო, ხოლო ცალკე პუნქტად არის მითითებული პირგასამტეხლო სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის დარღვევის გამო.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოპასუხის წარმომადგენელს სწორად მიაჩნია პირგასამტეხლოს დარიცხვა და მისი ოდენობა, შესაბამისად ასანაზღაურებელი თანხის გაქვითვა მოხდა შეთანხმებიდან გამომდინარე.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის საჩხერის მუნიციპალიტეტსა და ინდივიდუალურ მეწარმეს მ------- ტ--------ეს შორის 2019 წლის 19 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №68 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერის(№NAT190004129) საშუალებით საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ დუნთის საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. კლასიფიკატორის კატეგორიის კოდი-45200000. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 189999,91 ლარს.
მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განეხორციელებინა ორ ეტაპად . პირველი ეტაპის სამუშაოები თანხით არანაკლებ 200000 ლარი მოსარჩელეს უნდა განეხორციელებია 2019 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოების ვადა განისაზღვრება 2020 წლის 30 ივლისის ჩათვლით. მიმწოდებელი ასევე ვალდებული იყო სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის მიხედვით.
ხელშეკრულების მოქმედების ვადაა ორივე ეტაპისათვის 2020 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.14-23).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის საჩხერის მუნიციპალიტეტსა და ინდივიდუალურ მეწარმეს მ------- ტ--------ეს შორის 2019 წლის 16 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №81 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერის(№NAT190005649) საშუალებით საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხამში ეთო-ეხვევის უბნიდან მეფრინველეობის ფაბრიკისაკენ საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. კლასიფიკატორის კატეგორიის კოდი-45200000. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 524457 ლარს.
მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განეხორციელებინა ორ ეტაპად . პირველი ეტაპის სამუშაოები თანხით არანაკლებ 200000 ლარი მოსარჩელეს უნდა განეხორციელებია 2019 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოების ვადა განისაზღვრება 2020 წლის 30 ივლისის ჩათვლით. მიმწოდებელი ასევე ვალდებული იყო სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის მიხედვით.
ხელშეკრულების მოქმედების ვადაა ორივე ეტაპისათვის 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.66-75)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.3. დადგენილია, რომ N68 და N81 ხელშეკრულების მე-13 მუხლის შესაბამისად შესაბამისად ხელშეკრულების გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა) შესრულებისათვის დამრღვევი ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელშეკრულებები(ს.ფ.14-23 და 66-75 ).
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.4. დადგენილია, რომ ერთის მხრივ მ------- ტ--------ესა და მეორეს მხრივ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 07 მაისის N53/1256 ბრძანებით შექმნილ სამშენებლო სამუშაოებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს შორის 2019 წლის 06 სექტემბერს შედგა სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი მათ დაადასტურეს, რომ N68 ხელშეკრულების შესაბამისად ინდივიდუალური მეწარმე მ------- ტ--------ემ შეასრულა სოფელ დუნთაში ციხე მოდინახედან სკოლის მიმართულებით მისასვლელი საავტომობილო გზის და სოფელ დუნთაში საკირედან სასაფლაომდე მისასვლელი საავტომობილო გზის რკინა ბეტონის საფარის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები . სამუშაოები შესრულებულია 2019 წლის 19 აპრილიდან 2019 წლის 17 აგვისტომდე. მიმწოდებლის მიერ სრულად და შესაბამისი ხარისხით იქნა შესრულებული ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვებით განსაზღვრული სამუშაოები. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილია ფორმა ორების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება განისაზღვრება 200000 ლარით.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე 2019 წლის 20 სექტემბერს მიმართავს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს იმის თაობაზე, რომ დარღვეულია N68 ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკის სამუშაოების შესრულება 97 დღით, რის გამოც გაანგარიშებული უნდა იქნას პირგასამტეხლო და გაიქვითოს ასანაზღაურებელი თანხიდან. ანალოგიური ხასიათის წერილით მიმართავს მერს საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი.
დადგენილია, რომ 2019 წლის 02 ოქტომბრის წერილით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი აცნობებს მ------- ტ--------ეს, რომ N68 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას დაერიცხა პირგასამტეხლო 28130 ლარის ოდენობით.
საქმეში წარმოდგენილი მ-------ი ტ--------ის 2019 წლის მიმართვით მ------- ტ--------ე თანახმაა დაქვითული იქნას დარიცხული პირგასამტეხლო ასანაზღაურებელი თანხიდან, თუმცა იგი არ დათანხმებულა პირგასამტეხლოს დარიცხვის მართებულობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი(ს.ფ.61)
- წერილი(ს.ფ.62)
-წერილი(ს.ფ.64)
- წერილი(ს.ფ.65)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.4. დადგენილია, რომ 2020 წლის 20 იანვარს მ------- ტ--------ემ მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს და ითხოვა თუ რა თანხით მოხდა მასზე პირგასამტეხლოს დარიცხვა N81 ხელშეკრულებიდან გამომდინარე გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო. ასევე უთითებს, რომ ანაზღაურებული იქნა 177937,49 ლარი და უნდა ანაზღაურებულიყო 200000 ლარი. 2020 წლის 22 იანვრის წერილით დადგენილია, რომ მოსარჩელეს N81 ხელშეკრულებიდან 23 დღით გეგმა გრაფიკის დარღვევის გამო მოსარჩელე დაჯარიმდა 12062 ლარითა და 51 თეთრით.
2019 წლის 15 ოქტომბრის აქტით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 07 მაისის N53/1256 ბრძანებით შექმნილ სამშენებლო სამუშაოებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფი ადასტურებს, რომ 2019 წლის 15 ივნისიდან 2019 წლის 10 აგვისტომდე არსებული დღეებიდან 32 დღე იყო დრო , რომლის განმავლობაშიდაც შეუძლებელი იყო სამუშაოების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მიღება-ჩაბარების აქტი(ს.ფ.97
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.5. დადგენილია, რომ ერთის მხრივ მ------- ტ--------ესა და მეორეს მხრივ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 07 მაისის N53/1256 ბრძანებით შექმნილ სამშენებლო სამუშაოებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს შორის 2019 წლის 03 ოქტომბერს შედგა სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი მათ დაადასტურეს, რომ N81 ხელშეკრულების შესაბამისად ინდივიდუალური მეწარმე მ------- ტ--------ემ შეასრულა სოფელ სავანეს მეფრინველეობის ფაბრიკიდან ეთო-ეხვევის ცენტრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რკინა ბეტონის საფარის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები . მიმწოდებლის მიერ სრულად და შესაბამისი ხარისხით იქნა შესრულებული ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვებით განსაზღვრული სამუშაოები. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილია ფორმა ორების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება განისაზღვრება 200000 ლარით.
დადასტურებულია და მხარეები არ დაობენ იმ ფაქტს, რომ სამუშაოები შესრულდა ამჯერადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი(ს.ფ.97)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.სასამართლო თვლის, რომ ინდივიდუალური მეწარმე მ------- ტ--------ის სარჩელი ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტის (ს/ნ. 239393811) მიმართ დაკმაყოფილდეს:
4.1.1.ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტს(მერია) ინდივიდუალური მეწარმე მ------- ტ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 28130 (ოცდარვაათასასოცდაათი) ლარის გადახდა.
4.1.2. ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს(მერია) ინდივიდუალური მეწარმე მ------- ტ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 12062 (თორმეტიათასსამოცდაორი) ლარისა და 51(ორმოცდათერთმეტი) თეთრის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე,629-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.2.სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.3.სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.4. დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის საჩხერის მუნიციპალიტეტსა და ინდივიდუალურ მეწარმეს მ------- ტ--------ეს შორის 2019 წლის 19 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №68 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერის(№NAT190004129) საშუალებით საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ დუნთის საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. კლასიფიკატორის კატეგორიის კოდი-45200000. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 289999,91 ლარს.
მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განეხორციელებინა ორ ეტაპად . პირველი ეტაპის სამუშაოები თანხით არანაკლებ 200000 ლარი მოსარჩელეს უნდა განეხორციელებია 2019 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოების ვადა განისაზღვრება 2020 წლის 30 ივლისის ჩათვლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა ორივე ეტაპისათვის 2020 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
6.5.დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეულის საჩხერის მუნიციპალიტეტსა და ინდივიდუალურ მეწარმეს მ------- ტ--------ეს შორის 2019 წლის 16 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №81 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერის(№NAT190005649) საშუალებით საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხამში ეთო-ეხვევის უბნიდან მეფრინველეობის ფაბრიკისაკენ საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. კლასიფიკატორის კატეგორიის კოდი-45200000. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 524457 ლარს.
მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განეხორციელებინა ორ ეტაპად . პირველი ეტაპის სამუშაოები თანხით არანაკლებ 200000 ლარი მოსარჩელეს უნდა განეხორციელებია 2019 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოების ვადა განისაზღვრება 2020 წლის 30 ივლისის ჩათვლით. მიმწოდებელი ასევე ვალდებული იყო სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოების შესრულების გეგმა გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა ორივე ეტაპისათვის 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
6.6.სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.7. დადგენილია, რომ ერთის მხრივ მ------- ტ--------ესა და მეორეს მხრივ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 07 მაისის N53/1256 ბრძანებით შექმნილ სამშენებლო სამუშაოებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს შორის 2019 წლის 06 სექტემბერს შედგა სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი მათ დაადასტურეს, რომ N68 ხელშეკრულების შესაბამისად ინდივიდუალური მეწარმე მ------- ტ--------ემ შეასრულა სოფელ დუნთაში ციხე მოდინახედან სკოლის მიმართულებით მისასვლელი საავტომობილო გზის და სოფელ დუნთაში საკირედან სასაფლაომდე მისასვლელი საავტომობილო გზის რკინა ბეტონის საფარის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები . სამუშაოები შესრულებულია 2019 წლის 19 აპრილიდა 2019 წლის 17 აგვისტომდე. მიმწოდებლის მიერ სრულად და შესაბამისი ხარისხით იქნა შესრულებული ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვებით განსაზღვრული სამუშაოები. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილია ფორმა ორების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება განისაზღვრება 200000 ლარით.
6.8. დადგენილია, რომ ერთის მხრივ მ------- ტ--------ესა და მეორეს მხრივ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 07 მაისის N53/1256 ბრძანებით შექმნილ სამშენებლო სამუშაოებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს შორის 2019 წლის 03 ოქტომბერს შედგა სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი მათ დაადასტურეს, რომ N81 ხელშეკრულების შესაბამისად ინდივიდუალური მეწარმე მ------- ტ--------ემ შეასრულა სოფელ სავანეს მეფრინველეობის ფაბრიკიდან ეთო-ეხვევის ცენტრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რკინა ბეტონის საფარის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები . მიმწოდებლის მიერ სრულად და შესაბამისი ხარისხით იქნა შესრულებული ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვებით განსაზღვრული სამუშაოები. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილია ფორმა ორების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება განისაზღვრება 200000 ლარით.
დადასტურებულია და მხარეები არ დაობენ იმ ფაქტს, რომ სამუშაოები შესრულდა ამჯერადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში
6.9.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
6.10.სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
6.11. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
6.12. მოპასუხის პოზიციით N68 ხელშეკრულებიდან დაეკისრა პირგასამტეხლო 28 130 ლარით , ხოლო N 81 ხელშეკრულებიდან დაერიცხა პირგასამტეხლო 12062 ლარისა და 51 თეთრის ოდენობით. მ------- ტ--------ემ თანხმობა გამოთქვა დაქვითული ყოფილიყო (N68 ხელშეკრულება) დარიცხული პირგასამტეხლო ასანაზღაურებელი თანხიდან, თუმცა იგი არ დათანხმებულა პირგასამტეხლოს დარიცხვის მართებულობას. მას უარი არ უთქვამს სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლების გამოყენებით სასამართლოსთვის მიმართვაზე.
6.13. დადგენილია, რომ N68 და N81 ხელშეკრულების მე-13 მუხლის შესაბამისად შესაბამისად ხელშეკრულების გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა) შესრულებისათვის დამრღვევი ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით.
6.14. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
6.15.სასამართლო თვლის, რომ ცალსახაა ხელშეკრულების მე-13 მუხლში ნების გამოვლენა პირგასამტეხლოსთან მიმართებაში. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს გაანგარიშების წესს, რადგან გარიგების შინაარსი სრულიად ნათლად წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ პირგასამტეხლო გამოიანგარიშება მთლიანი შესასრულებელი სამუშაოს ვადა გადაცილებიდან და არა ინდივიდუალური სამუშაოების მიხედვით. ამიტომ მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს გაქვითვა არ შეესაბამება ხელშეკრულებას, მითუმეტეს, რომ არ არსებობს სამუშაოს ხელშეკრულების ვადაში დაუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.
6.16.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე გათვალისწინება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან მხოლოდ სამუშაოთა ნაწილის არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტ–რივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. სუსგ. #ას-164-160-2016წ, 28.07.2016წ; #ას-581-2019, 31.07.2019წ). მოცემულ საქმეში მიღება-ჩაბარების აქტები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ სამუშაოები შესრულებულია ხელშეკრულების ვადაში , ჯეროვნად. მოსარჩელის ქმედებით დარღვევის ფაქტი ხელშეკრულების ფარგლებში არ არსებობს, მაშასადამე არ არსებობს პირგასამტეხლო და არ არსებობს თანხის გაქვითვის საფუძველი.
6.17.ამდენად სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის შესაბამისად , ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ზემოთ მითითებული ნორმების შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულებულია სამუშაოები , ხოლო მოსარჩელეს ანაზღაურება არ მიუღია მთლიანად. აქედან გამომდინარე სასამართლო თვლის , რომ მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მთლიანად მოსარჩელეს მის მიერ შესრულებული სამუშაოს თანხა N68 და N81 ხელშეკრულების ფარგლებში.
.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილებულია , ხოლო ბაჟის სახით გადახდილია 1206 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1206 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.ინდივიდუალური მეწარმე მ------- ტ--------ის სარჩელი ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტის (ს/ნ. 239393811) მიმართ დაკმაყოფილდეს:
1.1.ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტს(მერია) ინდივიდუალური მეწარმე მ------- ტ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 28130 ლარის გადახდა.
1.2. ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტს(მერია) ინდივიდუალური მეწარმე მ------- ტ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 12062 ლარისა და 51 თეთრის გადახდა .
2. ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტს(მერია) ინდივიდუალური მეწარმე მ------- ტ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1206 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი