გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.01.2020
საქმის ნომერი
330310019003178723
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე № 3/6957-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

15 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ელენე არდაზიშვილი

მოსარჩელე - ნ-----–-----–-----ი

წარმომადგენელი - შ-----------–-----ი

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ქ------------------ე

მესამე პირი - ე---–-----–----ია

წარმომადგენელი - ა---------–------ე

მესამე პირები - ი-----–---–-----ა, მ-------------ე

მესამე პირი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ----–---------------------“

თავმჯდომარე - ე---–-----–----ია

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტდა 01.11.2019 წ. სასამართლო სხდომაზე)

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 24 ნოემბრის №8------------03 გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ბ---------------------ში მდებარე უძრავი ქონების (ს.კ. 0---------------) რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების თაობაზე;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირები - ე---–-----–----ია (ასევე როგორც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ----–---------------------“-ის თავმჯდომარე) და ი-----–---–-----ა არ დაეთანხმნენ სარჩელს.

 

3.2. მესამე პირს - მ-------------ეს პოზიცია არ წარმოუდგენია;

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2011 წლის 7 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ბ-------------ის სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისში, ვ----–---------------------------ში უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციოდ მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა 1997 წლის 1 ივლისს შედგენილი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც ბ-------------ემ ტ---------------------–------საგან შეიძინა ლიტერ „ა“-ში 2/3 წილიდან საცხოვრებელი ფართი 19.52 კვ.მეტრი.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2011 წლის 14 მარტის №8-----------03 გადაწყვეტილებით ბ-------------ის უფლება დარეგისტრირდება ქ. თბილისში, ვ. ბ---------------------ში მდებარე უძრავ ნივთზე.

 

რეგისტრაციის შედეგად გაცმულ ამონაწერში ბ-------------ის საკუთრების უფლება აისახა შემდეგი მონაცემებით: ლიტ „ა“ 2/3 ნაწილი საცხოვრებელი ფართით 19.52 კვ.მეტრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარეგისტრაციო განცხადება (ს.ფ. 77-78);

- ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება (ს.ფ. 82-83);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2011 წლის 14 მარტის №8-----------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 87);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 88-89);

 

4.2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2011 წლის 25 აგვისტოს №8------------03 გადაწყვეტილებით ბ-------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება ხ--------–-----ის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2011 წლის 25 აგვისტოს №8------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 98);

 

4.3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2011 წლის 22 ნოემბრის №8------------03 გადაწყვეტილებით განმცხადებლის - ე---–-----–----იას მოთხოვნით საჯარო რეესტრის რეგისტრირებულ ჩანაწერებში გასწორდა ტექნიკური ხარვეზი.

 

რეგისტრაციის შედეგად გაცმულ ამონაწერში ბ-------------ის საკუთრების უფლება აისახა შემდეგი მონაცემებით: ლიტ „ა“ 2/3 ნაწილიდან საცხოვრებელი ფართით 19.52 კვ.მეტრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2011 წლის 22 ნოემბრის №8------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 108);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 109-110);

 

4.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2012 წლის 26 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილებით ბ-------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება ნ-----–-----–-----ის სასარგებლოდ მხარეებს შორის გაფორმებული ცესიის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2012 წლის 26 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 191);

- სარეგისტრაციო წარმოება (ს.ფ. 184-190);

 

4.5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2012 წლის 25 სექტემბრის №8------------03 გადაწყვეტილებით იძულებითი აღსრულების შედეგად გამოცემული განკარგულების საფუძველზე ბ-------------ის საკუთრებაში არსებული ქონება, ლიტ „ა“ 2/3 ნაწილიდან საცხოვრებელი ფართით 19.52 კვ.მეტრი აღირიცხა ნ-----–-----–-----ის საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2012 წლის 25 სექტემბრის №8------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 206);

- სარეგისტრაციო წარმოება (ს.ფ. 201-205);

 

4.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2015 წლის 5 მარტის №M---------- გადაწყვეტილებით ნ-----–-----–-----ის საკუთრებაში არსებულ ლიტ. „ა“ 2/3 ნაწილიდან საცხოვრებელი ფართით 19.52 კვ.მეტრ ფართს მიენიჭა ნომერი, კერძოდ აღირიცხა №8 ბინად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2015 წლის 5 მარტის №M---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 219).

 

4.7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2012 წლის 6 თებერვლის №8------------09 გადაწყვეტილებით ედიშერ და ი-----–---–-----ების საკუთრებად, მემკვიდრეობის საფუძველზე დარეგისტრირდა: ე---–-----–----იას სახელზე - შენობა-ნაგებობა №5-ში II სართულზე ფართით 86,51 კვ.მ., ხოლო №5-დან სარდაფი ფართით 67,93 კვ.მ. და შენობა-ნაგებობიდან №3-დან ფართით 10,95 კვ.მ. ი-----–---–-----ასთან თანასაკუთრებაში; ი-----–---–-----ას სახელზე - შენობა-ნაგებობა №5-ში I სართულზე ფართით 58,35 კვ.მ., ხოლო №5-დან სარდაფი ფართით 67,93 კვ.მ. და შენობა-ნაგებობიდან №3-დან ფართით 10,95 კვ.მ. ი-----–---–-----ასთან თანასაკუთრებაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარეგისტრაციო წარმოება (ს.ფ. 113-176);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2012 წლის 6 თებერვლის №8------------09 გადაწყვეტილება (ს.ფ. 177):

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 178-179).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი; საჯარო რეეტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

7.2. „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით.

 

საქმეში დაცული ტექნიკური აღრიცხვის არქივის დოკუმენტაციის, ასევე მათ საფუძველზე გაცემული ცნობა-დახასიათებების თანახმად, 1997 წლის 1 ივლისს შედგენილი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ბ-------------ემ ტ---------------------–------საგან შეიძინა ლიტერ „ა“-ში 2/3 წილიდან საცხოვრებელი ფართი 19.52 კვ.მეტრი. 2011 წლის 7 მარტს წარდგენილი განაცხადით ბ-------------ემ უფლების რეგისტრაციისათვის უფლების დამდგენ დოკუმენტაც წარადგინა 1997 წლის 1 ივლისს შედგენილი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, სადაც აღწერილია ბ-------------ის მიერ შეძენილი ფართის მახასიათებლები, კერძოდ ლიტერ „ა“-ში 2/3 წილიდან საცხოვრებელი ფართი 19.52 კვ.მეტრი.

 

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2011 წლის 14 მარტის №8-----------03 გადაწყვეტილებით ბ-------------ის უფლება დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ვ. ბ---------------------ში მდებარე უძრავ ნივთზე. რეგისტრაციის შედეგად გაცმულ ამონაწერში ბ-------------ის საკუთრების უფლება აისახა შემდეგი მონაცემებით: ლიტ. „ა“ 2/3 ნაწილი საცხოვრებელი ფართით 19.52 კვ.მეტრი.

 

დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2011 წლის 24 ნოემბრის №8------------03 გადაწყვეტილებით განმცხადებლის - ე---–-----–----იას მოთხოვნით საჯარო რეესტრის რეგისტრირებულ ჩანაწერებში გასწორდა ტექნიკური ხარვეზი. რეგისტრაციის შედეგად გაცმულ ამონაწერში საკუთრების უფლება აისახა შემდეგი მონაცემებით: ლიტ. „ა“ 2/3 ნაწილიდან საცხოვრებელი ფართით 19.52 კვ.მეტრი.

 

ამდენად, ე---–-----–----იას მოთხოვნა თავისი შინაარსით წარმოადგენდა საჯარო რეესტრის რეგისტრირებულ მონაცემებში არსებული ტექნიკური ხარვეზის გასწორების მოთხოვნას, ვინაიდან ბ-------------ის სახელზე რეგისტრირებული მონაცემი არ ასახავდა მისი საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტში შეძენილი უძრავი ნივთის ზუსტ მახასიათებლებს, კერძოდ ნაცვლად ლიტ „ა“ 2/3 ნაწილიდან საცხოვრებელი ფართით 19.52 კვ.მეტრი, აღრიცხული იყო - ლიტ „ა“ 2/3 ნაწილი საცხოვრებელი ფართით 19.52 კვ.მეტრი;

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2011 წლის 24 ნოემბრის №8------------03 გადაწყვეტილებით გასწორდა რეგისტრაციის დროს დაშვებული ტექნიკური უზუსტობა, რომელიც დაშვებული იყო ბ-------------ის უფლების რეგისტრაციისას და საჯარო რეესტრის მონაცემებში უფლება აისახა იგივე მონაცემით, როგორც იგი აღწერილია საკუთრების უფლების დამდგენ - ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში.

 

7.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნისნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტარციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას არ აქვს ადგილი, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 24 ნოემბრის №8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-13, 32-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა

 

1. ნ-----–-----–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის №7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე