გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.03.2020
საქმის ნომერი
010310017002235597
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
13.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310017002235597

№3-860/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე – თე-------------–--ე

წარმომადგენელი - ირ---–------–--ე

მოპასუხე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - ზუ-------–----ე

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1.1. თე-------------–--ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

- კომისიის 2017 წლის 20 ნოემბრის №--- განკარგულებისა ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა.

 

1.1.თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 20 ნოემბრის №--- განკარგულებით, თე-------------–--ეს უარი ეთქვა ქ. ბ------–-----------–--–ის დასახლებაში მდებარე, 335.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე.

მოთხოვნაზე უარის თქმის მოტივად, განკარგულებაში მითითებულია შემდეგი გარემოებები: კომისიამ მიიჩნია, რომ განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ხის მასალის დროებითი კონსტრუქციები, რომლებიც არ არის მიწასთან მყარად დაკავშირებული და ავტოფარეხი, ამასთან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ.

კომისიის ეს მოსაზრება მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ: მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი, მართალია ხის მასალისაგან ნაშენი, მაგრამ ის მყარადაა დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან, ამასთან საკუთრებასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თე-------------–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს და თავისი ფართობით ნაკლებია, თე-------------–--ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რაც ნათლად ჩანს ასევე მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმიდან და საკადასტრო აზომვითი ნახაზიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თე-------------–--ის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და კომისიის მიერ საკითხის შესწავლა განხორციელდა ზერელედ, არ იქნა ზუსტად გამოკვლეული წარმოდგენილი დოკუმენტაცია და თვით მიწის ნაკვეთის რეალური ადგილმდებარეობა, შესაბამისად კი, მიღებული იქნა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რის გამოც სახეზეა სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის აშკარა სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

 

2.1.მოპასუხე მხარის, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მუნიციპლიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლის სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომიის მიერ შესწავლილი და განხილული იქნა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 დეკემბრის №------ წერილობითი შუამდგომლობა, ქ. ბათუმში და----–------------–---–ში მდებარე 335.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, თე-------------–--ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

ადმინისტრაციულიული წარმოების ფარგლებში კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ თე-------------–--ის განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ავტოფარეხი და ხის მასალის დროებითი შენიბა-ნაგებობები, რომლებიც არ არის მიწასთან მყარად დაკავშირებული. ამასთან, საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს, დაინტერესებული პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მულის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად შენობა არის – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა. ხოლო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 28 მარტის №--- დადგენილებით დაუშვებელია ქალიქს სხვადასხვა ტიპის უსახური, მოძველებული, დროებიტი შენობა ნაგებობებისა და მათ შორის ავტოფარეხების მოწყობა-განთავება ქალაქის პერსპექტიული განვითარებისა და განაშენიანების გეგმების მოთხოვნათა დარღვევით.

რაც შეეხება, მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ უფლებააღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ - არ დასტურდება. თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილ მიწის ნაკვეთის სიტუაციურ გეგმაზე მითითებულ თე-------------–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: 0--3-.0-.2-- თე-------------–--ის სახელზე რეგისტრირებულია, 2012 წლის 16 ნოემბერს, ხოლო საკუთრებაზე უფლებადამდგენ დოკუმენტებს წარმოადგენს ბმა „4----------ის“ №--------- კრების ოქმი, დამოწმების თარიღი - 2012 წლის 20 მარტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 17 ივლისის დამოწმებული, №--- საკუთრების მოწმობა.

აქედან გამომდინარე, თე-------------–--ე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვერ იქნება უფლებააღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებელი.

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგენილი გარემოებების შეფასების შედეგად კომისიას მიაჩნია, რომ თე-------------–--ე ვერ ჩაითვლება უფლებააღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად. კომისია მოქმედებდა კანონის შესაბამისად, მან გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და კანონმდებლობის დაცვით გამოსცა სადავო აქტი, რომლის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე თე-------------–--ეს საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრებაში ერიცხება ქ. ბათუმი, მეჯინისწყლის დასახლებაში, 368 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 0--3-.0-.2--.) განთავსებულ №11 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, 92,27 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი: 0--3-.0-.2--.01/501. ასევე, საკუთრებაში ერიცხება, ქ. ბათუმში, მ. შარაშიძის 1-ლი ჩიხის №20-ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 1708 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №------ წერილი;

- საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 20 ნოემბრის №--- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. მოსარჩელე თე-------------–--ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქალაქ ბ------–-----------–--–ის დასახლებაში მდებარე 335,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზედ განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის მიერ 2016 წლის 13 დეკემბრის №------ წერილობითი შუამდგომლობით გადაეგზავნა თე-------------–--ის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განსახილველად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №------ წერილი;

- საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 20 ნოემბრის №--- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 20 ნოემბრის №--- განკარგულებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №--- დადგენილებით განსაზღვრულ წესებს.

კერძოდ, მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ხის მასალის დროებითი კონსტრუქციები, რომლებიც არ არის მიწასთან მყარად დაკავშირებული და ავტოფარეხი. ამასტან, მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ.

მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი, ან დამხმარე შენობა-ნაგებობა, რომელიც მიწასთან მყარად იქნება დაკავშირებული. ამასთან, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას არ შეიძლება დაექვემდებაროს მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ავტოფარეხით, რაც მოქმედი ნორმების შესაბამისად, დემონტაჟს ექვემდებარება.

ამდენად, თე-------------–--ე ვერ ჩაითვლება საკუთრების უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 20 ნოემბრის №--- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. 2017 წლის 27 დეკემბერს თე-------------–--ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, კომისიის 2017 წლის 20 ნოემბრის №--- ოქმის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თე-------------–--ის სასარჩელო განცხადება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სრულყოფილად გამოიკვლია და შეაფასა საკითხი, საკუთრების უფლებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის სახეობისა და მის კონსტრუქციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარებისათვის მნიშვნელოვანი ის სხვა გარემოებები, რაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით არის დადგენილი, დაინტერესებული პირის მოთხოვნის განხილვისას.

კერძოდ, სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტურებულად სადავო ადმინისტრაციულ აქტში გაკეთებულ დასკვნას, რომ თე-------------–--ის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა წარმოადგენს ხის დროებით კონსტრუქციას, რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწასთან.

როგორც მოსარჩელე მხარე განმარტავს და მის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებით მიუთითებს, შენობა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ააგო, როგორც საცხოვრებელი სახლი, ხოლო შემდეგ ოჯახს სხვა საცხოვრებელი გაუჩნდა, ეს შენობა კი დამხმარე სათავსოდ დაიტოვა და მთელი ამ წლების განმავლობაში შეუზღუდავად სარგებლობდა მისით. მისივე მტკიცებით, შენობა არის კაპიტალური და არა, მსუბუქი კონსტრუქცია. კომისიამ ადგილზე გასვლის დროს შენობა იმავე სახით ნახა, როგორც ეს მოჩანს საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე, რომლებითაც მოსარჩელის მოსაზრებით აშკარად დასტურდება, რომ იგი არაა ასაწყობი კონსტრუქციისგან აშენებული, არამედ კაპიტალურად ნაშენია და მიწასთან მყარად არის დამაგრებული.

მოპასუხე მხარე არც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიუთითებს და ვერც საქმის სასამართლო განხილვის დროს დააკონკრეტა, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომ თე-------------–--ის განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა წარმოადგენს ხის დროებით კონსტრუქციას, რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწასთან. მოპასუხე მხარემ ვერ წარმოუდგინა სასამართლოს მყარი არგუმენტები, სპეციალისტის დასკვნა, ან მოსაზრება, შენობის სახეობასა და კონსტრუქციასთან დაკავშირებით, ასევე, სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მოპასუხის პოზიციის დასადასტურებლად გამოდგებოდა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენიული, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.

ამავე კოდექსის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად არ გააჩნია შესაბამისი დამადატურებელი მტკიცებულებები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კომისიის 2017 წლის 20 ნოემბრის №--- განკარგულება;

- ფოტოსურათები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თე-------------–--ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

-„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №--- დადგენილება.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 20 ნოემბრის №--- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, მისი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით, რისთვისაც საკმარისი არ არის მისი ფორმალური კანონშესაბამისობა, არამედ გასაჩივრებული აქტის კანონიერება უნდა განისაზღვროს მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც, უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა კანონისმიერი საფუძველი, მიწის ნაკვეთზე თე-------------–--ის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე უარის თქმისათვის, ამავე გადაწყვეტილებაში მითითებული კონკრეტული საფუძვლით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №--- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №--- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

6.3. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №--- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოქმედი რედაქციით განსაზღვრული რეგულაციის შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად მართლზომიერად ფლობდა, ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი.

კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი:

ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული;

გ) თვითნებურად დაკავებული.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით განსაზღვრულია თვითნებურად დაკავებული მიწა, როგორც – ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

6.4. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ თე-------------–--ემ 2017 წლის 2 დეკემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის აჭარის რეგიონულ ოფისს, მის სარგებლობაში არსებულ, ქალაქ ბ------–-----------–--–ის დასახლებაში მდებარე 335,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, თვითნებური დაკავების საფუძვლით.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად,1. თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.

2.კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებამდე მოუსმინოს შუამდგომლობის ავტორს.

კანონის აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თე-------------–--ის განცხადება და თანდართული საბუთები 2017 წლის 13 დეკემბრის №------ მიმართვით, კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაუგზავნა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

აღნიშნული კომისიის 2017 წლის 20 ნოემბრის №--- განკარგულებით თე-------------–--ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის №--- დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა წარმოადგენს ხის დროებით კონსტრუქციას, რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწასთან, ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისთვის ძირითადი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ საკუთრების აღიარების კომისიას ზუსტად უნდა განესაზღვრა და გაეანალიზებინა კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობა, რაც დაკავშირებული იყო თე-------------–--ის საკუთრების უფლების აღიარების სასარგებლო ან საწინააღმდეგო კონკრეტულ ფაქტორებთან.

კერძოდ, ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რაც სადავო აქტშია გადმოცემული, კომისიას სრულად უნდა შეესწავლა და გამოეკვლია მიწის ნაკვეთზე თე-------------–--ის საკუთრების აღიარების უფლების გამომრიცხავი გარემოებები, როგორიცაა აღიარების კანონისმიერი შეუსაბამობა, არსებულ მოცემულობებთან.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით განსაზღვრულია თვითნებურად დაკავებული მიწა, როგორც – ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის დანაწესი საკუთრების უფლების აღიარებისათვის აკეთებს სავალდებულო დათქმას, რომ დაინტერესებულ პირს საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი უჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მიწის ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა მითითებული კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, აღიარების შესახებ მოთხოვნა კანონით განსაზღვრულ სხვა აუცილებელ პირობებსაც უნდა აკმაყოფილებდეს.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულად ჩაითვლება ისეთი მიწის ნაკვეთი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს დაკავებული და ამასთან, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

სასამართლო განმარტავს, მომიჯნავეობის ქვეშ ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე ზოგადად იგულისხმება ის მდგომარეობა, როდესაც ერთი ნაკვეთი მეორეს უშუალოდ ესაზღვრება. კანონის მიზანს ამ შემთხვევაში წარმოადგენს ის, რომ თუ პირს მართლზომიერ მფლობელობაში ან საკუთრებაში გააჩნია ძირითადი მიწის ნაკვეთი, ხოლო მის გაგრძელებასა ან დანამატზე მიუხედავად მისი ფაქტობრივი სარგებლობისა, რაღაც მიზეზების გამო ვერ მოიპოვა ასეთივე უფლება, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ ის იღებს კანონისმიერ შესაძლებლობას, მიწის რეფორმის სახით სახელმწიფოსაგან მიიღოს და მომიჯნავე ნაკვეთზეც გავრცელდეს, საკუთრების უფლება.

თე-------------–--ის შემთხვევაში რაც შეეხება მიწის ნაკვეთების მომიჯნავეობის საკითხს, საქმის სასამართლო განხილვის პროცესში სასამართლოს მიერ გამოთხოვილი დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში დღეისათვის რიცხულ, 1708 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი, 335,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი არ ესაზღვრება, ანუ არ არსებობს მომიჯნავეობა. თე-------------–--ეს საკუთრებაში ერიცხება მეჯინისწყლის დასახლებაში, 368 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 0--3-.0-.2--.) განთავსებულ №11 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, 92,27 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი: 0--3-.0-.2--.01/501., თუმცა, სასამართლო განმარტავს, რომ ეს 368 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს არა თე-------------–--ის, არამედ ამხანაგობის საკუთრებას, ამიტომ, ამ ნაკვეთთან საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი, 335,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავეობა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესიდან გამომდინარე, კონკრეტული შემთხვევისათვის არ განიხილება.

ამდენად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოპასუხის მიერ გაკეთებული დასკვნა, რომ თე-------------–--ის მიერ თვითნებურად დაკავებული ნაკვეთი არ ჩაითვალა, მის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთად, არის საფუძვლიანი და დადასტურებული.

 

6.6. სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოპასუხე მხარის მტკიცება, საკუთრების უფლებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის სახეობისა და მის კონსტრუქციის განსაზღვრასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლო დადასტურებულად არ თვლის სადავო ადმინისტრაციულ აქტში გაკეთებულ დასკვნას, რომ თე-------------–--ის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა წარმოადგენს ხის დროებით კონსტრუქციას, რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწასთან და რომელიც არ უნდა ჩაითვალოს ისეთ ნაგებობად, რომელიც არ გამოდგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით განსაზღვრული, თვითნებური დაკავების გზით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კრიტერიუმად.

სასამართლო განმარტავს, რომ ხის მასალისგან აშენების გამო, არ შეიძლება შენობა დროებით ნაგებობას, ან ასაწყობ კონსტრუქციას მიეკუთვნოს. აქ მნიშვნელოვანია შენობა-ნაგებობის საინჟინრო კონსტრუქცია და დანიშნულება, თუ რა მახასიათებლები გააჩნია ამ მხრივ. ზოგადად, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოში ისტორიულად და დღეის მდგომარეობითაც საცხოვრებელი სახლების მნიშვნელოვანი ნაწილი, ხის შენობებს წარმოადგენს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ თუ ხის შენობის საძირკველი არ არის ბეტონით გამყარებული, ის არ ჩაითვლება მიწასთან მყარად დაკავშირებულად. ამ ტერმინის ქვეშ უფრო მეტად იგულისხმება, გადასატანი ნაგებობები, რომლის დანიშნულებაც შესაბამისია და არა, მუდმივი საცხოვრებელი.

როგორც მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, ხის შენობა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში არის აშენებული, რომელიც ოჯახის საცხოვრებლად გამოიყენებოდა, ხოლო შემდეგ თე-------------–--ეს სხვა საცხოვრებელი გაუჩნდა და ეს შენობა, დამხმარე სათავსოდ დაიტოვა.

საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია კონკრეტული გარემოებები - შენობის აშენების პერიოდი, მისი დანიშნულება, ნაგებობის საინჟინრო კონსტრუქციის მახასიათებლები და მასთან დაკავშირებით სპეციალისტის მოსაზრება.

მოპასუხე მხარე არც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიუთითებს და ვერც საქმის სასამართლო განხილვის დროს დააკონკრეტა, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომ თე-------------–--ის განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა წარმოადგენს ხის დროებით კონსტრუქციას, რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთი დასკვნა შენობის სახეობის შესახებ, უნდა ემყარებოდეს სრულყოფილ სპეციალურ გამოკვლევა-შეფასებას.

მოპასუხე მხარემ ვერ წარმოუდგინა სასამართლოს სპეციალისტის დასკვნა, ან მოსაზრება, შენობის სახეობასა და კონსტრუქციასთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, ამ შენობის დანიშნულების და გამოყენების მხრივ, მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობის მესაკუთრეთა განმარტებები, ასევე, სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მოპასუხის პოზიციის დასადასტურებლად გამოდგებოდა.

ამასთან, კომისიის მიერ არ არის შეფასებული, უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მდებარე მეორე შენობის, ავტოფარეხის არსებობის ფაქტიც, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისიის 2017 წლის 20 ნოემბრის №--- განკარგულება ამ მხრივ მოკლებულია დასაბუთებას, რამდენადაც ის ემყარება ისეთ გარემოებას და არგუმენტს, რომელიც არ ყოფილა სრულყოფილად შესწავლილი, გამოკვლეული და შესაბამისად, სამართლებრივად შეფასებული, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

სასამართლო ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ კომისიას დასახელებული გარემოების კონკრეტული ფაქტობრივი და სწორი სამართლებრივი ანალიზი უნდა მოეხდინა და ისე უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. მოპასუხემ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონშესაბამისად არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად და რაც მთავარია, სწორედ ეს გარემოება გახდა აღიარებაზე უარის საფუძველი.

საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის საკითხის სრულყოფილი გამოკვლევა მით უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე და დღემდე მისით სარგებლობა, კომისიის მიერ სადავო არ გამხდარა.

 

6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №--- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია გადაამოწმოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დარწმუნდეს მის უტყუარობაში და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება.

ასევე, კომისია ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებანი, მოახდინოს უფლებასაღიარებელი უძრავი ქონების დათვალიერება, გამოითხოვოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია, გამოიყენოს სპეციალისტის დასკვნები.

სასამართლო აღნიშნავს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ იქნა სამართლებრივად დასაბუთებული, თუ რატომ მიიჩნია კომისიამ, რომ თე-------------–--ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად და რაც მას ევალებოდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

 

6.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2017 წლის 20 ნოემბრის №--- განკარგულება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №--- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.

სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის, და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

6.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 3--ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 20 ნოემბრის №--- განკარგულება და მოპასუხე მხარეს, საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას უნდა დაევალოს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თე-------------–--ის მოთხოვნაზე, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

 

6.11. სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებით მნიშვნელობას ანიჭებს საქმეზე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას და მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ თე-------------–--ის განცხადების თავიდან განხილვის დროს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ზუსტად უნდა განისაზღვროს და დადგინდეს, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის საკითხთან ერთად, მასზე განთავსებული შენობის კონსტრუქციის სახეობისა და მიწასთან კავშირის სიმყარის შესახებ გარემოებები, რომლის თაობაზე მიღებული დასკვნა უნდა ემყარებოდეს სრულყოფილ სპეციალურ გამოკვლევა-შეფასებას.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თე-------------–--ის მოთხოვნა, თვითნებური დაკავების საფუძვლით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ყველა სხვა გარემოებების შესწავლისა და სრულყოფილი გამოკვლევის პირობებში. სრულყოფილად და ამომწურავად უნდა იქნას გამოკვლეული საკითხი, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელობასთან და მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის სახეობასა და კუთვნილებასთან დაკავშირებით.

კომისიამ აღნიშნული გარემოებების სრულყოფილი შესწავლის, გამოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების გზით უნდა შეამოწმოს, საკუთრების უფლების აღიარების მიზნით თე-------------–--ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს თუ არა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №--- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოთხოვნებს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თე-------------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 20 ნოემბრის №--- განკარგულება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი (გადაწყვეტილება) თე-------------–--ის განცხადებაზე, ქ. ბ------–-----------–--–ის დასახლებაში მდებარე 335,0 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.

კომისიამ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სრულყოფილ სპეციალური გამოკვლევა-შეფასების საფუძველზე ზუსტად უნდა დაადგინოს საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებული მიწის სტატუსის განმსაზღვრელი ის გარემოება, რაც რეგლამენტირებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ) პუნქტით, კერძოდ, თე-------------–--ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის დრო, ასევე, შენობა-ნაგებობის სახეობისა და კონსტრუქციის ის მახასიათებელი ნიშნები, რაც აუცილებელია იმის განსაზღვრისათვის, შენობა არის თუ არა მყარი კონსტრუქციის და მყარად დამაგრებული მიწასთან, რის შესაბამისადაც უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება, თე-------------–--ის მოთხოვნაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს თე-------------–--ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, 23-ე, 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თე-------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ:

2. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 20 ნოემბრის №--- განკარგულება ,,თე-------------–--ეს მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“.

3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), თე-------------–--ის განცხადებაზე, ქ. ბ------–-----------–--–ის დასახლებაში მდებარე 335,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.

4. მოპასუხე მხარეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, 50 ლარი.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე