გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.02.2020
საქმის ნომერი
330310019003333307
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/9560-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ს------–---------------ი

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - ლ-------–-–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 ნოემბრის N1--------- გადაწყვეტილება;

 

1.2. მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება ს------–---------------ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1 ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ ს------–---------------მა (S------------------, დაბ: 24.02.1973 წელი) 2019 წლის 18 ნოემბერს N1--------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა.

 

ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც მას ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov.ge და http://psh.gov.ge.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (იხ.ს.ფ. 59-62);

- სამახსოვრო ბარათი (იხ.ს.ფ. 63-64).

 

3.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის N1---------/7 გადაწყვეტილებით ს------–---------------ს ეცნობა, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება ეთქვას უარი, იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე; ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის), შესაბამისად, განმცხადებლის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკიდან წარმოსადგენია, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული ცნობა, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის შესახებ.

 

ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელს დაევალა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2019 წლის 27 ნოემბრამდე.

 

განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, უფლებამოსილია გამოსცემს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

 

ამავე წერილით დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge-ზე განთავსება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის N1---------/7 გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 52-53).

 

3.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 ნოემბრის N1--------- გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის 2019 წლის 18 ნოემბრის N1--------- განცხადება საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 ნოემბრის N1--------- გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 38-39).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს უფლებას თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 ნოემბრის N1--------- გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი 2019 წლის 18 ნოემბრის N1--------- განცხადება საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის - ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების შესაბამისად და შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის უფლებებსა და მოვალეობებს. ვინაიდან სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).

 

სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

 

ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს------–---------------მა (S------------------, დაბ: 24.02.1973 წელი) 2019 წლის 18 ნოემბერს N1--------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც მას ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov.ge და .

 

6.3. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა.

 

სასამართლო მიუთითებს „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილების მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.

 

საქმის მასალების თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის N1---------/7 გადაწყვეტილებით ს------–---------------ს დაევალა ირანის ისლამური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის წარდგენა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2019 წლის 27 ნოემბრამდე. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, უფლებამოსილია გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

 

ამავე წერილით დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge-ზე განთავსება.

 

6.4. „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ პირმა სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში (2019 წლის 27 ნოემბრამდე) არ უზრუნველყო იმ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტების მიწოდება, რომელიც დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოსათვის წარმოსადგენად, შესაბამისად, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 27 ნოემბერს, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიიღო N1--------- გადაწყვეტილება, რომლითაც ს------–---------------ის 2019 წლის 18 ნოემბრის N1--------- განცხადება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 ნოემბრის N1--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს------–---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე