გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/36872-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ქეთევან კუჭავა
სხდომის მდივანი: თამარ პოღოსოვი
მოსარჩელე: "-------------------------------------------------------------------------–---------------------–----------------------------------–---------
წარმომადგენლები: და------–------ე, ალ-------------------ე
მოპასუხე: შპს "ა-----"
წარმომადგენლები: გი------------–--ე, ვა-–------------
დავის საგანი: სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, კონტრაფაქციული საქონლის განადგურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სარჩელის მოთხოვნა:
1.1. აეკრძალოს მოპასუხე შპს ა-----“-ს სასაქონლო ნიშან - „ Selpak“- ით მარკირებული, შეფუთული და წარმოებული კონტრაფაქციული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე;
1.2. დაევალოს შპს „ა-----“-ს მის მფლობელობაში არსებული სასაქონლო ნიშან „Selpak“-ით შეფუთული (მარკირებული) კონტრაფაქციული საქონლის განადგურება;
სარჩელის საფუძვლები:
1.3. მოსარჩელე „I--------------------------- A.S.” (სახელწოდების შეცვლის შემდგომ "-------------------------------------------------------------------------–---------------------–----------------------------------–--------- წარმოადგენს სასაქონლო ნიშან - „Selpak“-ის განსაკუთრებული უფლების მფლობელს. აღნიშნულ კომპანიას რეგისტრირებული აქვს სასაქონლო ნიშანი „Selpak“-ი საქონლის/მომსახურების ნიცის საერთაშორისო კლასიფიკატორის 03, 05 და 16 კლასებისთვის. მათ შორის, კლასებში შემავალი შემდეგი საქონლისათვის: სარეცხი და საწმენდი საშუალებები საოჯახო მეურნეობისთის, ქაღალდის ხელსახოცი, ტუალეტის ქაღალდი და ა.შ.
აღნიშნული დადასტურებულია ამონაწერით სასაქონლო ნიშნების მონაცემთა ბაზიდან, ასევე ამონაწერით კომპანიის შესახებ თურქეთის სავაჭრო რეესტრიდან;
1.4. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე საქართველოს ტერიტორიაზე მისი ნებართვის გარეშე უკანონოდ ახორციელებს სასაქონლო ნიშან „Selpak”-ით მარკირებული კონტრაფაქციული საქონლის რეალიზაციას, რაც ეწინააღმდეგება „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონს და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ასევე აღნიშნული ქმედება მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს აყენებს მოსარჩელეს;
1.5. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, შეეწყვიტა სასაქონლო ნიშანი „Selpak”-ით მარკირებული, წარმოებული კონტრაფაქციული პროდუქციის რეალიზაცია, ამ კანონიერ მოთხოვნას მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
შესაგებლის საფუძვლები
2.1. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა, შპს „ა-----“-ს უნდა აეკრძალოს სასაქონლო ნიშან „სელპაკ“-ით მარკირებული შეფუთული და წარმოებული კონტრაფაქციული პროდუქციის რეალიზება საქართველოს ტერიტორიაზე, საფუძველს მოკლებულია. შპს „ა-----“-ს არ შემოუტანია კონტრაფაქციული საქონელი, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოში შემოტანილი საქონელი არის ორიგინალი, ნაყიდია უშუალოდ ამ საქონლის მწარმოებლისგან. შესაბამისად, ადგილი არა აქვს სხვისი სამარკო ნიშნის უნებართვო გამოყენებას.
მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მოითხოვს შპს „ა-----ს“ დაევალოს მის მფლობელობაში არსებული სასაქონლო ნიშნის „სელპაკ“-ით შეფუთული კონტრაფაქციული საქონლის განადგურება, აღნიშნული მოთხოვნის დასაბუთებისას კი მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქონელი არის კონტრაფაქციული, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნებოდა აღნიშნული საქონლის განადგურების მოთხოვნის უფლება, რამდენადაც სწორედ კონტრაფაქციული საქონლის რეალიზაცია აყენებს ზიანს მწარმოებელს და არა მის მიერ ნაწარმოები ორიგინალი საქონლის რეალიზაცია. მოპასუხე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი არის ორიგინალი და მწარმოებლის მიერ დამზადებული.
მოპასუხე შესაგებლით ასევე არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ პოზიციას „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტზე,, ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nას-1285-1223-2014 გადაწყვეტილებაზე, მოპასუხის მითითებით, აღნიშნული გადაწყვეტილება და მითითებული კანონის ნორმები ეხება იმ გარემოებას, როდესაც საქონელი დამზადებულია და შეფუთულია ისეთი მეწარმის მიერ, რომელსაც არ გააჩნია ამა თუ იმ სამარკო ნიშნის გამოყენების უფლება, საქონელი მიმსგავსებულია და შეფუთვა იწვევს აღრევას, კონკრეტულ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ ითქვა, შპს „ა-----“-ის მიერ საქართველოში სარეალიზაციოდ შემოტანილია უშუალოდ მწარმოებლის და სამარკო ნიშნის მფლობელი მწარმოებლის მიერ დამზადებული ორიგინალი საქონელი, ასეთ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციის აკრძალვის მოთხოვნის უფლებაც კი არ გააჩნია მოსარჩელეს. მას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომ საქონელი არის კონტრაფაქციული, ეს არის მხოლოდ მისი მოსაზრება, რაც ემსახურება საქართველოს ე.წ. ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციის შექმნას, მათ ასეთი მიდგომით თავისუფლად შეუძლიათ დაამყარონ მონოპოლია კონკრეტული ერთი ფირმის სასარგებლოდ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე, "Eczacibasi T--------------------------------------------eti" K--------------------et A.S.” (სახელწოდების ცვლილებამდე „I--------------------------- A.S.“) წარმოადგენს სასაქონლო ნიშან „Selpak“-ის განსაკუთრებული უფლების მფლობელს.
კომპანიას რეგისტრირებული აქვს სასაქონლო ნიშანი - „Selpak”-ი საქონლის/მომსახურების ნიცის საერთაშორისო კლასიფიკატორის 03, 05 და 16 კლასებისთვის, მათ შორის, კლასებში შემავალი შემდეგი საქონლისათვის: სარეცხი და საწმენდი საშუალებები საოჯახო მეურნეობისთვის, ქაღალდის ხელსახოცი, ტუალეტის ქაღალდი და ა.შ.
კომპანია ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს სხვადასხვა საოჯახო, სამეურნეო, ჰიგიენური, თუ საწმენდი საშუალებების წარმოების სფეროში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- რეგისტრაციის სერთიფიკატი და საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობა (ს.ფ.45-58).
- საქმიანობის სერთიფიკატი (ს.ფ.188-189);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.2. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის #35043 ბრძანების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადით შეჩერებულ იქნა მოპასუხე შპს „ა-----ის“ მიერ 2017 წლის 22 დეკემბრის N11116/C13192 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის ნაწილის (7500 ცხვირსახოცი, გამოსახულებით სასაქონლო ნიშნით „SELPAK”) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის გაფორმებული პროცედურები, რის შესახებაც ეცნობა მოსარჩელე მხარეს;
აღნიშნულს საფუძვლად დაედო შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში საბაჟო დეპარტამენტის 2016 წლის 13 მაისის #12947 ბრძანებით რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის „SELPAK” უფლების სავარაუდო დარღვევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება (ს.ფ. 24).
- საბაჟო დეპარტამენტის მიმართვა (ს.ფ. 25)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, მისი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტის დადასტურება.
სასამართლოს აღნიშნული დაკსვნა ეფუძნება შემდეგ დასაბუთებას:
მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის გამოყენებას იმაზე მითითებით, რომ მის მიერ განხორციელდა არა კონტრაფაქციული საქონლის, არამედ ორიგინალი პროდუქციის იმპორტი, რომელიც შეძენილია საქონლის უშუალო მწარმოებლისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილია ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები, რომლებითაც ირკვევა, რომ სასაქონლო ნიშნით „Selpak” შეფუთული საქონელი, მათ შორის, ქაღალდის ხელსახოცები და ტუალეტი ქაღალდი, სს „რა-----------------–--------------–-მას“ მიერ შეძენილია იფექ ქაღითისაგან (მოსარჩელე იურიდიული პირის თავდაპირველი სახელწოდება) (ს.ფ.105, 108), სს „რა-----------------–--------------–-მასაგან“ პროდუქციის მიყიდვა განხორციელებულია შპს „გო------------------------------ჯ-ისათვის (ს.ფ.111, 120, 132), ამ უკანასკნელისაგან პროდუქციის შეძენა მოხდა შპს „აქ-----–----–---------------–-------–-------------–-----------------იჯ“-ის მიერ (ს.ფ.128, 129-130), რომლისგანაც საბოლოოდ საქონელი შეიძინა მოპასუხე შპს „ა-----მა“ (ს.ფ. 123, 126).
საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია თავად მოსარჩელე კომპანიის 05.11.2018წ. წერილი, რომლითაც იგი ადასტურებს პროდუქციის პირველი გამყიდველი იურიდიული პირის უფლებამოსილებას, კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ კომპანია „რა-----------------–--------------–-მა“ უფლებამოსილია განახორციელოს მათი პროდუქციის დისტრიბუცია ცენტრალურ ანატოლიაში, იგი უფლებამოსილია აქტიურად განახორციელოს მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის შემცველი საქონლის რეალიზაცია იმ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, სადაც მას გააჩნია საქონლის გაყიდვის უფლებამოსილება.
ამდენად, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას მასზედ, რომ მან განახორციელა არა კონტრაფაქციული (სხვა პირის მიერ წარმოებული და მოსარჩელის სასაქონლო ნიშნით მარკირებული), არამედ ორიგინალი, მოსარჩელის მიერ წარმოებული პროდუქციის იმპორტი. აღნიშნული გარემოების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
2. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი, ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენცია (შემდგომში ,,კონვენცია“), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, ,,შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“, საქართველოს კანონი ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ (შემდგომში ,,სპეციალური კანონი“), საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
4. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.
,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა, ხოლო მე-6 მუხლით, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა.
,,კონვენციის“ 10bis მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კავშირის ქვეყნები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტიანი დაცვით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ.
“სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს სპეციალური კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (ინტელექტუალური საკუთრება), ხოლო „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „ინტელექტუალური საკუთრება შემოქმედებითი მოღვაწეობის ობიექტივირებული შედეგია“.
ამდენად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლით, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ან/და მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.
„ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების (TRIPS) პირველი მუხლის მე-2 პუნქტით თანახმად, „ტერმინი „ინტელექტუალური საკუთრება“ ეხება ინტელექტუალური საკუთრების ყველა კატეგორიას, რომლებიც II ნაწილის 1_7 კარის განხილვის ობიექტს წარმოადგენს. და მათ შორისაა, სასაქონლო ნიშნებიც. ამავე შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი და მომსახურება სხვა საწარმოს საქონლისა და მომსახურებისაგან განასხვავოს.
,,სპეციალური კანონის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებას მათი ,,საქპატენტში" რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს. ,,რეგისტრაციით ხდება დაცვის ობიექტის ნამდვილი არსობრივი ფარგლების დაფიქსირება; ამასთან ერთად, რეგისტრაციით აღინუსხება საქონლის ის წრე, რომელთა მიმართ გამოსაყენებლდაც არის განკუთვნილი სასაქონლო ნიშანი. რეგისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ,,საქპატენტის" მიერ ყველა რეგისტრირებული ნიშნის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნება, რაც ნიშნის მფლობელის კონკურენტებისათვის გაფრთხილებას წარმოადგენს" (იხ. სუსგ Nას-472-453-2016, 30/08/2016 წელი).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ ,,ქონებას“ წარმოადგენს, შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ, სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, ECHR2007-I/.) (იხ. სუსგ Nას 1285-1223-2014, 01/12/2015წ.; №ას-62-56-2015; 28 ივლისი, 2016 წელი).
სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიური ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს ”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონი ( 1-ლი მუხლი).
”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი, ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა, ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.
”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე, "Eczacibasi T--------------------------------------------eti" K--------------------et A.S.” (სახელწოდების ცვლილებამდე „I--------------------------- A.S.“) წარმოადგენს სასაქონლო ნიშან „Selpak“-ის განსაკუთრებული უფლების მფლობელს. კომპანიას რეგისტრირებული აქვს სასაქონლო ნიშანი - „Selpak”-ი საქონლის/მომსახურების ნიცის საერთაშორისო კლასიფიკატორის 03, 05 და 16 კლასებისთვის, მათ შორის, კლასებში შემავალი შემდეგი საქონლისათვის: სარეცხი და საწმენდი საშუალებები საოჯახო მეურნეობისთვის, ქაღალდის ხელსახოცი, ტუალეტის ქაღალდი და ა.შ. ასევე უდავოა, რომ კომპანია ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს სხვადასხვა საოჯახო, სამეურნეო, ჰიგიენური, თუ საწმენდი საშუალებების წარმოების სფეროში.
ზემოთმითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზით ირკევა, რომ სასაქონლო ნიშნის ერთ-ერთ ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მომხმარებლის მიერ განსხვავებული იქნეს ერთი საწარმოს პროდუქცია სხვა საწარმოს მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქციისაგან, განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს პროდუქციის ინდივიდუალიზაცია, კერძოდ, უკავშირებს თუ არა მომხმარებელი წარმოებულ პროდუქციას კონკრეტულ საწარმოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობა, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების საკითხებს შეეხება, იცავს სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებას, ნებართვის გარეშე არ გამოიყენოს მისი სასაქონლო ნიშანი სხვამ, ამ უკანასკნელის, ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ წარმოებული პროდუქციის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანისას და მომხმარებლისათვის სხვა საქონლის შეთავაზება არ მოხდეს უფლების მფლობელის კუთვნილი სამარკო (სასაქონლო) ნიშნის იდენტური თუ აღრევამდე მსგავსი ნიშნის უკანონო დატანით.
ინტელექტუალური საკუთრების სამართალში კონტრაფაქცია გულისხმობს ინტელექტუალური საკუთრების უფლების უნებართვო გამოყენებას. „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონტრაფაქციული პროდუქცია არის ნებისმიერი საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც კანონიერად არის რეგისტრირებული ამ საქონელთან დაკავშირებით ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან, და აქედან გამომდინარე, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებებს.
ამდენად, საქონლის კონტრაფაქციულად მიჩნევისათვის კუმულაციურად უნდა არსებობდეს შემდეგი პირობები: 1) საქონელი უნდა იყოს იმ საქონლის იდენტური ან მსგავსი (შედიოდეს იმ საქონლის ჩამონათვალში), რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი; 2) საქონელზე მოთავსებული უნდა იყოს ამ საქონელთან დაკავშირებით რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშანი; 3) იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშანი მოთავსებული უნდა იყოს უნებართვოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქონლის კონტრაფაქციულად მიჩნევისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს უფლების მფლობელის თანხმობის გარეშე მისი კუთვნილი ნიშნის სხვის მიერ წარმოებულ პროდუქტზე/შეფუთვაზე დატანა, ნიშანდება.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლი განსაზღვრავს რა სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს, თავის მხრივ, აკეთებს ჩამონათვალს იმ ქმედებებზე, თუ რა ჩაითვლება აღნიშნული უფლების დარღვევად, კერძოდ, ამ მუხლის შინაარსი მიუთითებს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი ფორმით გამოყენების (ნიშანდების) აკრძალვაზე.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით დადგენილ იქნა, მოპასუხის მიერ განხორციელდა არა მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის გამოყენება, სხვა პირის მიერ წარმოებული პროდუქციის იმპორტის გზით, რომელზედაც დატანილია მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის იდენტური ან აღრევამდე მსგავსი ნიშანი, არამედ, შპს „ა-----ის“ მიერ სარეალიზაციოდ იმპორტირებული იქნა უშუალოდ მოსარჩელის მიერ წარმოებული და მის მიერვე ნიშანდებული საქონელი. აღნიშნული ქმედება კი არ წარმოადგენს სასაქონლო ნიშნების მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას და მასზე არ ვრცელდება სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონით დაწესებული აკრძალვები.
დასახელებული კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება:
ა) სასაქონლო ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე;
ბ) ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით.
ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, არ დადგინდა მოპასუხის მიერ სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენება, არამედ მან განახორციელა თავად განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლის იმპორტი, არ არსებობს ინტელექტიალური საკუთრების სამართალზე დაყრდნობით, პროდუქციის რეალიზაციის აკრძალვისა და მისი განადგურების მოთხოვნის სახით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, რაც რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მოცემულ სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.12.2017წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. "----------------------------------------------------------------------------–---------------------–----------------------------------–--------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.12.2017წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც: ყადაღა დაედო შპს ,,ა-----’’-ის (---------- მფლობელობაში არსებულ სასაქონლო ნიშან - ,,Selpak’’-ით შეფუთულ (მარკირებულ) კონტრაფაქციულ პროდუქციას, რომელიც განთავსებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონა ,,თბილისი-2’’-ში შემდეგ მისამართზე: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსასვლელი გზის 36-ე კმ.; ასევე, აეკრძალა მოპასუხეს სასაქონლო ნიშან - ,,Selpak’’-ით მარკირებული (შეფუთული) კონტრაფაქციული პროდუქციის იმპორტი, დასაწყობება, დისტრიბუცია, გასაყიდად შეთავაზება და რეალიზაცია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან კუჭავა