განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 130210017001932113
საქმე №2ბ/5081-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2017 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი – შპს „ჩ------------------- 2------------- ჯ------- მუდმივმოქმედი ფილიალი“
წარმომადგენელი - ოლეგ გრძელიძე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ--–---- ნ------ე
წარმომადგენელი - მანანა გელაშვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
მ--–---- ნ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------- 2------------- ჯ------- მუდმივმოქმედ ფილიალს'' (საიდენტიფიკაციო კოდი 404385385) მოსარჩელე მ--–---- ნ------ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------- 2------------- ჯ------- მუდმივმოქმედ ფილიალს'' (საიდენტიფიკაციო კოდი 404385385) მოსარჩელე მ--–---- ნ------ის სასარგებლოდ დაეკისრა 345 (სამას ორმოცდახუთი) ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის სანაცვლოდ; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------- 2------------- ჯ------- მუდმივმოქმედ ფილიალს'' (საიდენტიფიკაციო კოდი 404385385) მოსარჩელე მ--–---- ნ------ის სასარგებლოდ დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯის ნაწილის - 250 (ორასორმოცდაათი) ლარის, ხარჯთაღრიცხვის მომზადების ხარჯის ნაწილის - 100 (ასი) ლარის, და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის - 200 (ორასი) ლარის გადახდა;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1 მოსარჩელე მ--–---- ნ------ის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე უძრავ ნივთზე - 1215 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელ სახლსა და არასაცხოვრებელ შენობაზე.
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ.15-16
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2 სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მ--–---- ნ------ის სახლი და არასაცხოვრებელი შენობა დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით. მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მ--–---- ნ------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის და დამხმარე ნაგებობის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ასევე ასაკობრივი ცვეთით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად I –II ხარისხისაა, თუმცა, შენობის უკანა მხრიდან მიშენებულ ნაწილში წარმოქმნილი დაზიანებები III ხარისხისაა. I–II ხარისხში დაზიანებული შენობები შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა, საჭიროებენ დაკვირვებას. შენობაზე უკანა მხრიდან მიშენებული ნაწილის შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. საცხოვრებელ სახლზე შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება; აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარემ, გარდა შესაგებელში აღნიშნული არგუმენტებისა, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზიანებები მხოლოდ აფეთქებით სამუშაოებს არ გამოუწვევია და მათი მიზეზი ასაკობრივი ცვეთაც არის;
2.3 მოსარჩელე მ--–---- ნ------ის უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 19 697 ლარი და 92 თეთრი;
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------- 23-ე ბიუროს ჯ------- მუდმივმოქმედ ფილიალის'' მიერ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისას განხორციელებული აფეთქებებით;
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
სასამართლომ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებული იყო, რომ მ--–---- ნ------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის და დამხმარე ნაგებობის დაზიანება გამოწვეული იყო სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ასევე ასაკობრივი ცვეთით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდებოდა, რომ მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში იყო ნაწილობრივი, შესაბამისად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული ზიანის ოდენობა სრულად მოპასუხე მხარეს არ უნდა დაკისრებოდა;
2.4 სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რადგან ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ მასში აღწერილი დაზიანებები 2012 წელსაც არსებობდა, რაზეც ნივთის იმდროინდელ მესაკუთრეს პრეტენზია არ დაუყენებია და სარჩელი, აღნიშნულზე, ასეთი მოთხოვნებისათვის დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ აღიძრა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5 სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამათლოს განმარტა, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას;
სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში არ ეწერა, რომ უძრავი ნივთის დაზიანებები წარმოშობილი იყო 2012 წლამდე, - როგორც მოპასუხე აღნიშნავდა და მას შემდეგ ის აღარ დაზიანებულა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აფეთქებითი სამუშაოები ახლაც არ მიმდინარეობს და მოსარჩელის უძრავი ნივთი ახლაც არ ზიანდება. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობა დაიწყო 2017 წლის 17 იანვრიდან, - ექსპერტიზის დასკვნის შედგენის მომენტიდან, - როდესაც სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მეშვეობით, მოსარჩელემ შეიტყო, რომ დაზიანებები მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგი იყო;
სასამართლომ მიუთითა, რომ მ--–---- ნ------ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრე გახდა 2017 წლის 3 იანვრიდან და ნივთი უკვე დაზიანებული იყო, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე მ--–---- ნ------ის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა დაზიანებული იყო; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 19 697,92 ლარი, თუმცა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის და დამხმარე ნაგებობის დაზიანება გამოწვეული იყო სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ასევე ასაკობრივი ცვეთით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერი იყო მოპასუხის მიერ გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირებულიყო გონივრულ ოდენობამდე;
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------- 2------------- ჯ------- მუდმივმოქმედ ფილიალს'' მოსარჩელე მ--–---- ნ------ის სასარგებლოდ დაკისრებოდა 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1 აპელანტის განმარტებით, სასამართლო უთითებს, რომ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და ამის გარემოებად მითითებულია, რომ მ--–---- ნ------ე უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა 2017 წელს, სახლი უკვე დაზიანებული იყო და იგი არასათანადო მოსარჩელეა. ასევე მითითებულია, რომ გასულია დელიქტით გამოწვეული მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, რადგან საექსპერტო დასკვნის მიხედვით დაზიანებები უკვე არსებობდა 2012 წელს, რის შესახებაც იცოდა მესაკუთრემ, რომელსაც პრეტენზია აღნიშნულზე არ განუცხადებია. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გვერდი აუარა იმას, რომ აპელანტმა ასევე განაცხადა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელზე არსებული დაზიანებები მათი ბრალით არ იყო გამოწვეული და რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
აპელანტი უთითებს, რომ გადაწყვეტილების პუნქტი 3.2.1-ში საუბარია სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მოსარჩელე მ--–---- ნ------ის საცხოვრებელი სახლი და არასაცხოვრებელი შენობის დაზიანება თითქოსდა გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით. ასევე მოცემულია სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული სხვა გარემოებები. სასამართლო უთითებს, რომ თითქოსდა აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე მხარემ გარდა შესაგებელში აღნიშნული არგუმენტებისა, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზიანებები მხოლოდ აფეთქებით სამუშაოებს არ გამუწვევია და მათი მიზეზი ასაკობრივი ცვეთაც იყო, რაც აპელანტს არასწორად მიაჩნია. მისი განმარტებით, ექსპერტიზის მიერ არ იყო ახსნილი, რის საფუძველზე მივიდა იგი ხსენებულ დასკვნამდე და რის საფუძველზე დაადგინა 2017 წელში ანუ 5 წლის გასვლის შემდგომ, რომ დაზიანება აუცილებლად გამოწვეული იყო აფეთქების შედეგად და არა რომელიმე ბუნებრივი მოვლენებით. აპელანტი უთითებს, რომ ექსპერტს არ შეუმოწმებია და არ დაუდგენია აფეთქების მუხტების სიმძლავრე, არ გამოუთხოვია არანაირი დოკუმენტაცია მათი კომპანიიდან, რომლითაც მას შეეძლო დაედგინა მანძილი აფეთქების ეპიცენტრიდან კონკრეტულ ობიექტამდე, რაც ასევე არ გაუკეთებია თვითონაც. აპელანტი ასევე უთითებს, რომ ექსპერტს არ დაუდგენია აფეთქება საშიში ზონა და არ უწარმოებია რაიმე გაანგარიშებები და ვერ აწარმოებდა, ვინაიდან მას არ არ გააჩნდა დოკუმენტაცია და სეისმური აპარატურის მონაცემები, რომლებზეც ზუსტად იყო ასახული ნებისმიერი ბიძგი და მისი ძალა.
აპელანტი არ ეთანხმება გადაწყვეტილების მე-4 პუნქტს. მისი განმარტებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელის მხარის ზიანში იყო ნაწილობრივი, შესაბამისად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული ზიანის ოდენობა სრულად მოპასუხე მხარეს არ უნდა დაკისრებოდა, სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ 10 000 ლარი, რასაც აპელანტი არ ეთანმხება, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ზიანი მათ მიერ არის გამოწვეული.
აპელანტი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.1 პუნქტს. იგი უთითებს, რომ სასამართლო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში არ წერია, რომ უძრავი ნივთის დაზიანება წარმოშობილია 2012 წლამდე, როგორც მოპასუხე აღნიშნავს და მას შემდეგ ის არ დაზიანებულა. აპელანტი უთითებს, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აფეთქებითი სამუშაოები ახლაც არ მიმდინარებოს და რომ მოსარჩელის უძრავი ნივთი ახლაც არ ზინდება. რაც აპელანტის განმარტებით სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან თავად მ--–---- ნ------ემ სასამართლოს განუმარტა აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ სადავო საცხოვრებეული კომპანია „აი ელ ეფ“ დააყენებდა აფეთქებების ბიძგების განმსაზღვრელ სეისმოგრაფებს. სეისმოგრაფები კი დაყენებულ იქნა 2012 წლის ოქტომბრის თვეში. აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე კატეგორიულიადაა მითითებული სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 17 იანვრის N000250117 დასკვნაში, კერძოდ, აფეთქებების წარმოების თარიღად დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია 2012-2013 წლები.
აპელანტი უთითებს ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე. იგი განმარტავს, რომ მათი დაკვეთით ექსპერტიზა ჩაატარა აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელმა საერთაშორისო კომპანია „ექსორიქსმა“, რომლის მეშვეობითაც მათ დაადასტურეს, რომ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზიდ ეროვნული ბიუროს ზემოხსენებული დასკვნები არასწორია და მათი კომპანიის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე ნაგებობაზე არსებული დაზიანებების წარმოქმნაში.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. მან დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან სრულად არ შეაფასა საქმეში არსებული მასალები, შეაფასა ცალმხრივად მხოლოდ მოსარჩელის სასარგებლოდ, არ იმსჯელა მათი არგუმენტების შესახებ და საეჭვო სიტუაცია, რაც იმაში გამოიხატა, რომ ექსპერტიზის დასკვნა არის სავარაუდო და კატეგორულ სურათს ვერ იძლეობდა, მაინც გადაწყვიტა მოსარჩელის სასარგებლოდ, შესაბამისი კანონიერი საფუძვლის არსებობის გარეშე. გარდა იმისა, რომ მოსარჩელის სახლის და ნაგებობის დაზიანებაში მათ არანაირი ბრალი არ მიუძღოდათ, სასამართლოს არ დაუდგენია რა საფუძვლით დააკისრა სასამართლომ მოპასუხეს 10 000 ლარის გადახდა. მართალია სასამართლო გამოვიდა ექსპერტიზის დასკვნიდან თანხის დაკისრების თვალსაზრისით, მაგრამ არ იყო დასაბუთებული, რატომ დაეკისრა მოპასუხეს ზუსტად ეს ოდენობის თანხა. შესაძლებელლია იგი ყოფილიყო უფრო ნაკლები. რამდენაც დაუდგენელია დააზიანა თუ არა საერთოდ მოპასუხემ მ--–---- ნ------ის ქონება და თუ დააზიანა, რა ნაწილი და რა ოდენობით. აქედან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ შპს ,,ჩ------------------- 2------------- ჯ------- მუდმივმოქმედი ფილიალის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- მოსარჩელე მ--–---- ნ------ის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე უძრავ ნივთზე - 1215 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელ სახლსა და არასაცხოვრებელ შენობაზე.
- მოსარჩელე მ--–---- ნ------ის სახლი და არასაცხოვრებელი შენობა დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.
- მოსარჩელე მ--–---- ნ------ის უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 19 697 ლარი და 92 თეთრი;
4.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხობს, რომ პირს ვალდებულება წარმოეშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, მ--–---- ნ------ის მოთხოვნას წარმოადგენს შპს „ჩ------------------- 2------------- ჯ------- მუდმივმოქმედი ფილიალისთვის“ ზიანის სახით 19 697 ლარის დაკისრება, რადგან მოპასუხის ქმედებების შედეგად მისი სახლი დაზიანდა. თავად ზიანის მიყენების ფაქტი, რომ მ--–---- ნ------ის უძრავი ქონება, მდებარე, ხაშური, სოფ. ქვიშხეთი, დაზიანებულია, მხარეთა მიერ სადავო არაა. თუმცა მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელს და აღნიშნავს, რომ კომპანიის ბრალეულობა მ--–---- ნ------ის უძრავი ქონების დაზიანებაში არ იკვეთება, კერძოდ, იგი სადავოდ ხდის საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნას.
საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დასტურდება, რომ მ--–---- ნ------ის სახლისა და დამხმარე ნაგებობის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ასევე ასაკობრივი ცვეთით. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გამოკვლევის შედეგად დადგენილი იქნა, რომ ბზარების მდგომარეობა და სხვადასხვა მიმართულება მიუთითებდა იმაზე, რომ ისინი გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამური დატვირთვებით იყო გამოწვეული, როგორც იმავე სოფელში არსებული მრავალი სახლის დაზიარებისა, რომლებიც ექსპერტების მიერ იქნა შესწავლილი 2012-2013 წლებში. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია ექსპერტ ავთანდილ რომელაშვილის მიერ, რომელიც კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტის სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტია და აქვს სპეციალობით მუშაობის 29 წლის სტაჟი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნის მართებულობასა და სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
პალატა აღნიშნავს, რომ იმ გარემოებების მტკიცება, რომლებსაც მხარე სადავოდ ხდის, ეკისრება თავად მხარეს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი სადავოდ ხდის ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა მის მიერ არ იქნა სასამართლოში საპირისპიროს დამამტკიცებელი დოკუმენტაცია წარდგენილი. პალატა აქვე მიუთითებს, რომ აპელანტის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე ვერ იქნა დასაბუთებული ის გარემოება, თუ რატომ ვერ მოხდა სააპელაციო საჩივარზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნის პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მიმდინარეობისას წარდგენა, რის გამოც აღნიშნული დასკვნა როგორც დაუშვებელი მტკიცებულება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად, ამოღებულ იქნა საქმის მასალებიდან.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება ის გარემოება, რომ აპელანტის (მოპასუხის) ქმედებების (აფეთქებითი სამუშაოებისგან წარმოქმნილი დინამიური დატვირთვების) შედეგად მ--–---- ნ------ის კუთვნილი უძრავი ქონება დაზიანდა, რაც სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, დელიქტურ ვალდებულებას წარმოშობს. აქედან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტს უნდა დაეკისროს ზიანის ასანაზღაურებლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 ლარის ოდენობით.
4.3 პალატა ვერ გაიზიარებს ასევე აპელანტის მითითებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
პალატა უთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება უკავშირდება პირის უფლების დარღვევას, ხოლო დელიქტური ვალდებულების წარმოშობა ანუ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა მაშინ, როდესაც დაზარალებულმა პირმა შეიტყო ზიანის ფაქტის ან ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის თაობაზე.
საქმის მასალებით დგინდება, რომ სადავო ქონებაზე გაჩენილია ბზარები, რაც წლების განმავლობაში განაგრძობს ზრდას და გაჩენის დღიდან დღემდე აზიანებს მას. რაც გამორიცხავს მოთხოვნის ხანდაზმულობას, რადგანაც არაა გასული კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტს, რომ სახლი 2012 წელს უკვე დაზიანებული იყო და რადგან ადრინდელ მესაკუთრეს პრეტენზია არ განუცხადებია, მ--–---- ნ------ის სარჩელი ხანდაზმულად უნდა იქნეს მიჩნეული. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება ის გარემოება, რომელ წლებში დაზიანდა სახლი, აპელანტს არ წარმოუდგენია ასევე არანაირი მტკიცებულება, რომ აფეთქებითი სამუშაოები აღარ მიმდინარეობს ან/და რომელ წელს დასრულდა. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია მხოლოდ ის, რომ იმავე სოფელში მრავალი სახლი იქნა მათ მიერ შესწავლილი 2012-2013 წლებში და მათ მსგავსი დაზიანებები ჰქონდათ, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ გამორიცხავს, რომ მ--–---- ნ------ის სახლი უფრო გვიან დაზიანდა. რადგან საქმეში არსებული მასალებით შეუძლებელია იმის განსაზღვრა, კონკრეტულად როდის დაზიანდა მ--–---- ნ------ის ქონება, პალატას მიაჩნია, რომ ხანდაზმულობაზე აპელირებისას აღნიშნულის მტკიცების ტვირთი თავად აპელანტს უნდა დაეკისროს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა სათანადო მტკიცებულებით დადასტურებული, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რის გამოც სასამართლო აპელანტის მოსაზრებას ამ ნაწილშიც ვერ გაიზიარებს.
4.4 სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის არგუმენტები დაკისრებული თანხის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. აპელანტი უთითებს, რომ სასამართლოს არ დაუდგენია, რა საფუძვლით დააკისრა სასამართლომ მოპასუხეს 10 000 ლარის გადახდა და რატომ დაეკისრა მოპასუხეს ზუსტად ეს ოდენობის თანხა, შესაძლებელია იგი ყოფილიყო უფრო ნაკლები.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ მ--–---- ნ------ის ქონების დაზიანებაში აპელანტის ნაწილობრივი ბრალეულობა დაადგინა, რადგან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო, სახლის დაზიანებები აფეთქებით სამუშაოებთან ერთად ასაკობრივი ცვეთითაც იყო განპირობებული, რის გამოც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად დაანგარიშებული 19 697,92 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი შინაგანი რწმენისა და კანონის შესაბამისად. რადგან განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდებოდა კონკრეტულად შპს ,,ჩ------------------- 2------------- ჯ-------“ მიერ ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ოდენობა, სასამართლომ შინაგანი რწმენის საფუძველზე გონივრულ ოდენობამდე შეამცირა თანხა.
პალატას მიაჩნია, რომ როდესაც აპელანტი სადავოდ ხდის ზიანის ოდენობას და მიიჩნევს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად წარმოშობილი ზიანი ფულადი დაანგარიშებისას უფრო ნაკლები იქნებოდა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია წარმოადგინოს რაიმე მტკიცებულება, რაც აღნიშნულს დაადასტურებს, რაც აპელანტს არ განუხორცილებელია.
4.5 მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს და ნაცვლად მოპასუხე შპს „ჩ------------------- 2------------- ჯ------- მუდმივმოქმედი ფილიალისა“, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს შპს „ჩ------------------- 2------------- ჯგუფს“. გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ეფუძნება შემდეგ საფუძვლებს:
პალატა აღნიშნავს, რომ ფილიალის მიმართ სარჩელის აღძვრის საკითხზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2013 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაში (საქმე №2ბ/5236-13) განმარტა შემდეგი:
პალატამ განმარტა, რომ ფილიალი განცალკავებული ტერიტორიული ქვედანაყოფია, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის გარეთ, ემსახურება ძირითადი საწარმოს საქმიანობის განხორციელებას და მის ტერიტორიულ გაფართოვებას. საწარმოს წარმომადგენლობა სამოქალაქო ბრუნვაში გამოდის საწარმოს სახელით, წარმოადგენს მის ინტერესებს და ახორციელებს მათ დაცვას. საწარმოს ფილიალი ძირითადი საწარმოსაგან ტერიტორიულად დაშორებულია, მას გააჩნია ორგანიზაციული და ეკონომიკური დამოუკიდებლობა, თუმცა, იგი სამართლებრივად დამოკიდებულია ძირითად საწარმოზე.
ამდენად, მაშინაც როდესაც საწარმოს ფილიალი დამოუკიდებელ მხარედ გამოდის სამართალურთიერთობაში, აღნიშნული დამოუკიდებლობა განპირობებულია ძირითადი საწარმოს უფლებამოსილების დელეგირების ფარგლებით, შესაბამისად, ასეთ სამართალურთიერთობის დროსაც კი ფილიალი შეიძლება მონაწილეობდეს სასამართლო სამართალწარმოებაში, თუმცა, მხოლოდ ძირითადი საწარმოს წარმომადგენლის სტატუსით, ისიც მხოლოდ საამისო საპროცესო სამართლებრივი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში. ამდენად, ძირითადი საწარმო წარმოადგენს სამართალურთიერთობის მხარეს და შესაბამისად, პროცესის სუბიექტს, ხოლო ფილიალი, საამისო უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოდიოდეს მხოლოდ ძირითადი საწარმოს წარმომადგენლად.
პალატამ მიუთითა ასევე, რომ აღნიშნული სამართლებრივი მდგომარეობა არ იცვლება მაშინაც, როდესაც სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტი უცხოური საწარმოს ფილიალია. უცხოური საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია არ ემსახურება სამეწარმეო სამართლებრივ კონტექსტში მის ცალკე სამეწარმეო სუბიექტად განხილვის მიზანს. უცხოური საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია ემსახურება ისეთი მიზნებს, როგორიცაა შიდასახელმწიფოებრივი სამართლის რეგულირების რეჟიმში მოქცევა, გადასახადების გადახდა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და ა. შ., მაგრამ არამცდაარამც ფილიალის სამართალსუბიექტად ქცევას. განსხვავებული მიდგომა, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება საკორპორაციო სამართლის ძირითად პრინციპებს, მნიშვნელოვანი რისკის შემცველია სამოქალაქო ბრუნვაში, როგორც ძირითად საწარმოსა და ფილიალს შორის ურთიერთობის ფარგლებში, ასევე მესამე პირებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც. ნიშანდობლივია ყურადღების გამახვილება საწარმოს ფილიალის მიმართ დამდგარ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების სირთულეებზე. ასევე ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ძირითადი საწარმოს საპროცესო უფლება, მონაწილეობა მიიღოს მისი საქმიანობის განმახორციელებელი ტერიტორიული განაყოფის თაობაზე გამართულ სასამართლო სამართალწარმოებაში. აღნიშნული უფლების შეზღუდვამ, შედეგობრივი თვალსაზრისით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
პალატამ დამატებით ყურადღება გაამახვილა ისეთ გარემოებაზე, როდესაც უცხოური საწარმო საქართველოს ტერიტორიაზე მისი საქმიანობის განხორციელების მიზნით აარსებს დამოუკიდებელ საწარმოს ამა თუ იმ დამოუკიდებელ სამეწარმეო სამართლებრივი ფორმით, ასეთ ვითარებაში, საწარმოს სახელწოდებაში შეიძლება ფიგურირებდეს ფილიალი, თუმცა, სამართლებრივ ფორმაში მითითებული იყოს მაგალითად შპს, სს და ა. შ. ასეთ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ფუნქციურად უცხოური საწარმოს ფილიალთან, თუმცა, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საქართველოში დაარსებულ მეწარმე სუბიექტთან, რა დროსაც, იგი სამართალურთიერთობის დამოუკიდებელ სუბიექტად განიხილება და მის მიმართ, ფილიალისათვის დაწესებული სამართლებრივი რეჟიმი არ ვრცელდება. იგივე უნდა ითქვას, უცხო ქვეყნის საწარმოებზე, რომელთა საქმიანობის უწყვეტობის დაურღვევლად მოხდა რეგისტრაციის გადმოტანა საქართველოში (რედომიცილება).
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეა შპს „ჩ------------------- 2------------- ჯ------- მუდმივმოქმედი ფილიალი“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, მოპასუხის სამართლებრივი ფორმაა უცხოური საწარმოს ფილიალი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს უცხოური საწარმოს ფილიალთან და არა უცხოური საწარმოს მიერ თავისი საქმიანობის საქართველოში განსახორციელებლად დაფუძნებულ დამოუკიდებელ სუბიექტთან. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეში მოპასუხე ვერ გახდება სასამართლო წარმოებაში სამართალსუბიექტი.
მეტად საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შემოტანილი აქვს შპს „ჩ------------------- 2------------- ჯ-------“ წარმომადგენელს და არა მის ფილიალს, რაც სასამართლომ სრულიად მართებულად დაუშვა განსახილველად. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეხებოდა შპს „ჩ------------------- 2------------- ჯგუფს“ და მხოლოდ ის იყო უფლებამოსილი გამოსულიყო სასამართლოში როგორც აპელანტი მხარე. ამდენად, პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ ზიანის ანაზღაურება არ უნდა დაეკისრო ფილიალს. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება არა შინაარსობრივი თვალსაზრისით გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობას, არამედ საპროცესო ნორმების თანახმად გადაწყვეტილების მართებულობას, რის გამოც შპს „ჩ------------------- 2------------- ჯ------- მუდმივმოქმედი ფილიალის“ ნაცვლად ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად მიჩნეულ უნდა იქნეს შპს „ჩ------------------- 2------------- ჯგუფი“.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ჩ------------------- 2------------- ჯ------- მუდმივმოქმედი ფილიალის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება. მ--–---- ნ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შპს ,,ჩ------------------- 2------------- ჯგუფს“ მ--–---- ნ------ის სასარგებლოდ დაეკისროს 10 000 ლარის გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები
შპს ,,ჩ------------------- 2------------- ჯ------- მუდმივმოქმედი ფილიალის“ მიერ სახელმწიფო ბაჟი წინასწარ იქნა გადახდილი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ჩ------------------- 2------------- ჯ------- მუდმივმოქმედი ფილიალის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. მ--–---- ნ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს ,,ჩ------------------- 2------------- ჯგუფს“ მ--–---- ნ------ის სასარგებლოდ დაეკისროს 10 000 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი