განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.01.2018
საქმის ნომერი
330210017001670991
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
08.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001670991

საქმე №2ბ/5221-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2017 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი

სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ნ---- ლ-----ე

მოწინააღმდეგე მხარე - რ----- ღ-------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20 ივნისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - განქორწინება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 20 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ----- ღ-------ის (პირადი №56001017832) სარჩელი მოპასუხე ნ---- ლ-----ის (პირადი №56001015760) მიმართ. შეწყდა ქორწინება რ----- ღ-------ეს (დაბადებული 1963 წლის 21 სექტემბერს, პირადი №56001017832) და ნ---- ლ-----ეს (დაბადებული 1965 წლის 26 აპრილს, პირადი №56001015760) შორის რეგისტრირებული 1990 წლის 22 სექტემბერს (ქორწინების მოწმობა №64161000064, სააქტო ჩანაწერი №18); დაეკისრა მოპასუხე ნ---- ლ-----ეს მოსარჩელე რ----- ღ-------ის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა; გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით; განემარტა მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. რ----- ღ-------ე და ნ---- ლ-----ე 2011 წლის 25 თებერვლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო მეურნეობას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2017 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2017 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი).

 

2.2 მხარეები, რ----- ღ-------ე და ნ---- ლ-----ე საქორწინო ურთიერთობაში ყოფნის პერიოდში ცხოვრობდნენ ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხში. მხარეები 2006 წლიდან საცხოვრებლად გადმოვიდნენ თბილისში;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2017 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2017 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი).

 

2.3 მოპასუხე ნ---- ლ-----ე დასაქმებულია ფარმაცევტად ,,ავერსის“ აფთიაქში. მოპასუხე შვილებთან და ახლობელთან ერთად ცხოვრობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე; მოსარჩელე რ----- ღ-------ე ფინანსურად არ ეხმარება მოპასუხე ნ---- ლ-----ეს;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2017 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2017 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი).

 

2.4. რ----- ღ-------ე შრომისუნარიანია. ამჟამად, იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2017 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2017 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი).

 

2.5 მოსარჩელე რ----- ღ-------ეს და მოპასუხე ნ---- ლ-----ეს შორის დაძაბული ურთიერთობაა;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2017 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2017 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6 რ----- ღ-------ე და ნ---- ლ-----ე დაქორწინდნენ 1990 წლის 22 სექტემბერს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

_სსგს ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 21 ივნისს გაცემული ქორწინების მოწმობა №64161000064, აქტის ჩანაწერი №18 (ს.ფ. 15).

 

2.7 მოსარჩელე რ----- ღ-------ეს არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები;

 

სასამართლომ სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო ვერ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს გადატანილი სტრესის გამო ჰქონდა გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები და საჭიროებდა შესაბამის დახმარებას.

 

2.8 რ----- ღ-------ის და ნ---- ლ-----ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია;

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეები 2011 წლის 25 თებერვლიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე და მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხე შეეცადა ოჯახის შენარჩუნების მიზნით ურთიერთობის აღდგენას, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე ისევ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9 სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

სასამართლოს მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლზე, რომლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----- ღ-------ე და ნ---- ლ-----ე 2011 წლის 25 თებერვლიდან აღარ ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და არ ეწეოდნენ საერთო მეურნეობას. მხარეები, რ----- ღ-------ე და ნ---- ლ-----ე საქორწინო ურთიერთობაში ყოფნის პერიოდში ცხოვრობდნენ ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხში. მხარეები 2006 წლიდან საცხოვრებლად გადმოვიდნენ თბილისში. მოპასუხე ნ---- ლ-----ე 2006 წლიდან დასაქმებული იყო ,,ავერსის“ აფთიაქში ფარმაცევტად. იგი სრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობდა ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე და ყოველთვიურად იხდიდა ქირის სახით თანხას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა. რ----- ღ-------ის სარჩელის თაობაზე შესაგებელი მოპასუხემ წარმოადგინა 2017 წლის 01 თებერვალს და სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ მხარი კვლავ დაუჭირა სარჩელს. შესაბამისად, საქმის ზეპირ განხილვამდე მხარეები ვერ შეთანხმდნენ ოჯახის შენარჩუნების თაობაზე და მოსარჩელის პოზიცია განქორწინების საკითხის მიმართ არ შეცვლილა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე დაადასტურებდა. მხარეები 2011 წლიდან ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე და ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო აღნიშნული პერიოდის განმავლობაში. მართალია, მოპასუხე მიუთითებდა მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე ნ---- ლ-----ესთან ოჯახის შენარჩუნებისა. როგორც მოპასუხე მიუთითებდა, მოსარჩელეს ჰქონდა გადატანილი ფსიქოლოგიური სტრესი და ზეგავლენის გამო გარკვეულ ფაქტებს ვერ აცნობიერებდა. თუმცა საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდაა მოსარჩელე მხარის ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა ან ფსიქოლოგის შესაბამისი დახმარების აუცილებლობა . (3.2.2)

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მხოლოდ მოპასუხე მხარის ნება არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელე რ----- ღ-------ე და ნ---- ლ-----ე ერთ ოჯახად განიხილებოდნენ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარე ნ---- ლ-----ეს მეუღლედ აღარ აღიქვამდა, არ უშვებდა მასთან ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას და კატეგორიული წინააღმდეგი იყო საოჯახო მეურნეობის მასთან ერთად გაძღოლისა. სასამართლომ მიუთითა იმ პერიოდზეც, რა დროის განმავლობაშიც მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო. ექვსი წელია მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება აღარ არსებობდა. მათი საერთო შვილები სრულწლოვანები იყვნენ. ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ შესარიგებელი ვადის მიცემა მხარეთათვის, შედეგს ვერ გამოიღებდა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელი იყო.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქორწინო ურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს, მოსარჩელეს, არა ჰქონდა ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა, არ იყო საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. არ იკვეთებოდა მოსარჩელის ნება მოპასუხე ნ---- ლ-----ესთან ერთ ოჯახად ცხოვრებისა. მოსარჩელის ნების არ არსებობა მოპასუხესთან ქორწინების შენარჩუნებისა ცხადი იყო საქმის განხილვის სრული პერიოდის განმავლობაში.

 

სასამართლომ მიუთითა ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი.

 

სასამართლომ მიუთითა 1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლზე, რომლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან რ----- ღ-------ის და ნ---- ლ-----ის ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელი იყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ თითქოს მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მიიჩნია. მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული არასწორია, ვინაიდან, სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის საერთო შვილები ცხოვრობენ მოსარჩელესთან და მას სურვილი აქვს, შეურიგდეს თავის მეუღლეს და შეინარჩუნოს ოჯახი.

 

ნ---- ლ-----ის განცხადებით გადაწყვეტილება იურდიულად არ არის სწორად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ნ---- ლ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ნ---- ლ-----ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- რ----- ღ-------ე და ნ---- ლ-----ე 2011 წლის 25 თებერვლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო მეურნეობას.

- მხარეები, რ----- ღ-------ე და ნ---- ლ-----ე საქორწინო ურთიერთობაში ყოფნის პერიოდში ცხოვრობდნენ ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხში. მხარეები 2006 წლიდან საცხოვრებლად გადმოვიდნენ თბილისში;

-მოპასუხე ნ---- ლ-----ე დასაქმებულია ფარმაცევტად ,,ავერსის“ აფთიაქში. მოპასუხე შვილებთან და ახლობელთან ერთად ცხოვრობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე; მოსარჩელე რ----- ღ-------ე ფინანსურად არ ეხმარება მოპასუხე ნ---- ლ-----ეს;

- რ----- ღ-------ე შრომისუნარიანია. ამჟამად, იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი;

- მოსარჩელე რ----- ღ-------ეს და მოპასუხე ნ---- ლ-----ეს შორის დაძაბული ურთიერთობაა;

- რ----- ღ-------ე და ნ---- ლ-----ე დაქორწინდნენ 1990 წლის 22 სექტემბერს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი;

- მოსარჩელე რ----- ღ-------ეს არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები;

- რ----- ღ-------ის და ნ---- ლ-----ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია;

 

4.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო, როცა აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მხარეთა განსაქორწინებლად რაიმე სპეციალურ წინაპირობას და საფუძველს არ ადგენს, ამდენად თუკი ერთ-ერთ მხარეს სურს განქორწინება, სასამართლო ითვალისწინებს მხარის სურვილს, თუ არ არსებობს განქორწინების დაუშვებლობის საფუძველი, რაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლში, რომლის თანახმად, ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე. ამასთან, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შერიგების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, იგი უფლებამოსილია, მხარეეებს დაუწესოს ვადა შესარიგებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე რ----- ღ-------ის მიერ აღძრულ იქნა სარჩელი ნ---- ლ-----ესთან განქორწინების მოთხოვნით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეები 2011 წლის 25 თებერვლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო მეურნეობას. დადგენილია ასევე, რომ თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი: გიორგი ღ-------ე და ლაშა ღ-------ე, რომლებიც დღეის მდგომარეობით არიან სრულწლოვანები. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა და შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად უნდა გადაწყვიტოს, მიზენშეწონილია თუ არა მხარეთათვის შესარიგებელი ვადის მიცემა. შესარიგებელი ვადის დაწესების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი მიიჩნევს, რომ ვადის დაწესების შედეგად შესაძლებელი იქნება ქორწინების შენარჩუნება და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გადაჭრა.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ შესარიგებელი ვადის დაწესება შედეგს ვერ გამოიღებს. აღნიშნულის დასტურია მოსარჩელე რ----- ღ-------ის კატეგორიული მოთხოვნა, რომ მოპასუხე ნ---- ლ-----ესთან განქორწინდეს. იგი ყველანაირად გამორიცხავს აპელანტთან ქორწინების შენარჩუნების შესაძლებლობას და არ გამოთქვამს სურვილს, იქონიოს მასთან რაიმე სახის კავშირი. მხარეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობის დამადასტურებელია ასევე სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას წარმოთქმული მხარეთა ახსნა-განმარტებები, რაც სასამართლოს არწმუნებს იმაში, რომ მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე ქორწინების შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, შესარიგებლად დროის განსაზღვრა შედეგის მომტანი არ იქნება.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ რადგან მხარეებს ჰყავთ საერთო შვილები და აპელანტის სურვილია, შეურიგდეს მეუღლეს, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი უნდა გახდეს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, ქორწინებისთვის, ასევე ქორწინების შენარჩუნებისათვის აუცილებელი პირობაა მხარეთა ორმხრივი ნება. მისი არარსებობისას შეუძლებელია ქორწინების შენარჩუნება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე რ----- ღ-------ის ნება ნათელია, მას სურს ნ---- ლ-----ესთან განქორწინება. ხოლო ნ---- ლ-----ის სურვილი, შეურიგდეს ქმარს, არაა საკმარისი ოჯახის შენარჩუნებისთვის. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქორწინების შენარჩუნება თუ ოჯახური ურთიეთობის აღდგენა შეუძლებელია, დამატებითი ვადის განსაზღვრა შედეგს ვერ გამოიღებს, რაზეც მეტყველებს თავად მხარეთა ქმედებები და ახსნა-განმარტებანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ---- ლ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 75 ლარის ოდენობით, წინასწარ იქნა გადახდილი;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ---- ლ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი