განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020210017001860930
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-931-2017 21 ნოემბერი, 2017 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ი-----–-------ა
წარმომადგენელი - დ---------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს მისო ჯ------------–ი
წარმომადგენელი - ვ-–---------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ი-----–-------ას მოსარჩელე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------ის სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 1222,01 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხე ი-----–-------ას მოსარჩელე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------ის სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 5702,87 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ი-----–-------ას მოსარჩელე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------ის სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურება 409,92 ლარის ოდენობით. მოპასუხე ი-----–-------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 527,85 ლარის ანაზღაურება. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 11.06.2014 წელს მოსარჩელე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------ს და მოპასუხე ი-----–-------ას შორის გაფორმდა №A---- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიხსნა 1225 აშშ დოლარის ლიმიტის მქონე საკრედიტო ხაზი, 11.06.2014 წლიდან – 11.06.2018 წლამდე, კრედიტის წლიურ, მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა - 96 %. წინამდებარე ხელშეკრულებით ასევე მხარეთა მიერ განისაზღვრა შემდეგი პირობები: - მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული კრედიტის ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა განხორციელდეს საკრედიტო ხელშეკრულებისა და დაფარვის გრაფიკის შესაბამისად. კრედიტის დაფარვის გრაფიკი წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს (2.4. მუხლი); - მსესხებლის მიერ ყოველი საკრედიტო ხელშეკრულებით (კრედიტის დაფარვის გრაფიკით) გათვალისწინებული კრედიტის ძირითადი თანხისა თუ საპროცენტო სარგებლის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია დაარიცხოს, ხოლო ასეთ შემთხევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით (3.1. მუხლი); - მსესხებელი ცალსახად აცხადებს თანხმობას წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში დადებული შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და სხვა გადასახდელების გადახდის შემდეგ თანმიმდევრობაზე: პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარეგებელი, შემდეგ საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ კრედიტის ძირითადი თანხა და ბოლოს გადასახდელები. აღნიშნული რიგითობა შეიძლება შეიცვალიოს კერდიტორის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით (4.1 მუხლი). - წინამდებარე ხელშეკრულებითა და მის ფარგლებში დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მსესხებლის ვალდებულებები და კრედიტორის მოთხოვნები უზრუნველყოფილია კრედიტორსა და მსესხებელს (მესაკუთრეს) შორის დადებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის ხელშეკრულებით (შემდგომში უზრუნველყოფის ხელშეკრულება, 5.1. მუხლი). 2.2. 11.06.2014 წელს მოსარჩელემ ვალდებულების უზრუნველსაყოფად ი-----–-------ასთან გააფორმა გირავნობის ხელშეკრულება №A----, რომლითაც გირავნობის საგნად განისაზღვრა მოპასუხე ი-----–-------ას საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება - ,,სუბარუ ფორესტერი’’, რომლის მახასიათებლებია: გამოშვების წელი - 2001, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი: P------, ტიპი - უნივერსალი, ფერი - შავი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი: E-------1. წინამდებარე ხელშეკრულების 8.1. მუხლით განისაზღვრა, რომ დამგირავებელ - მესაკუთრის მიერ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებითა და მის ფარგლებში დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების ან/და პირობის ანდა განცხადებისა და გარანტიების დარღვევის, ასევე დამგირავებელ მესაკუთრის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების ანდა პირობის ანდა განცხადებისა და გარანტიების დარღვევის შემთხვევაში, მოგირავნე უფლებამოსილია უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით ანდა წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოქმედება, გირავნობის საგანზე გადახდევინების მიქცევისათვის. იმავე ხელშეკრულების 8.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანზე გადახდევინების მიქცევა იწყება დამგირავებელ/მესაკუთრის მიერ წინამდებარე, გენერალური საკრედიტო, ან მის ფარგლებში დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის მომენტიდან 14 დღის შემდეგ. 2.3 . 11.06.2014 წელს №A---- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------ს და მოპასუხე ი-----–-------ას შორის დაიდო №A----a საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე 11.06.2014 წლიდან 11.12.2016 წლამდე ვადით გაიცა კრედიტი 1224,1 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებლის - 72 %-ს დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის პროცენტის, ხოლო ბოლოს - 12.12.2014 წელს ძირი თანხის გადახდის პირობით. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რომლის ოდენობად დადგინდა გადაუხდელი თანხის, კერძოდ, მიმდინარე ნაშთის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების და ძირითადი ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ მსესხებელი კრედიტორის მიერ მიცემულ ვადაში ვერ უზრუნველყოფს მიმდინარე დავალიანების სრულად გასტუმრებას, კრედიტორი უფლებამოსილია შეწყვიტოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დარიცხვა და ერთჯერადად დააკისროს მსესხებელს ჯარიმა (პირგასამტეხლო) კრედიტის ძირითადი თანხის 15 %-ის ოდენობით (2.1. მუხლი). 2.4 .მსესხებლმა ი-----–-------ამ ჯეროვნად არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, კერძოდ, მან გადაიხადა მხოლოდ სამი თვის პროცენტი და 2014 წლის 10 ნოემბრიდან საერთოდ შეწყვიტა გადახდა. კრედიტის დაფარვის თაობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, დარღვევიდან 14 დღის ვადაში გირავნობის საგნის - სატრანსპორტო საშუალების გადაცემის მოთხოვნით მოსარჩელემ 2014 წლის 14 ნოემბრის შეტყობინებით მიმართა ი-----–-------ას, რაც ჩაბარდა მოპასუხეს 2014 წელს, თუმცა ამის მიუხედავად მისი მხრიდან გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის და 2015 წლის 12 მარტს აეღო გირავნობის მოწმობა №0-----, რისთვისაც 2014 წლის 15 დეკემბერს გასწია ხარჯი 50 ლარის ოდენობით. 2.5. მოსარჩელე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G----------მა გირავნობის მოწმობის აღსრულებისა და სატრანსპორტო საშუალების მისთვის გადაცემის მიზნით 2015 წლის 17 მარტს კერძო აღმასრულებელ რ----- ს---––-------- გააფორმა სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულება №45/2015-125, რისთვისაც გაიღო მომსახურების ხარჯი 594,82 ლარის ოდენობით, რაც დადასტურებულია 08.04.2015 წლის საგადახდო დავალებით. 2.6. 12.03.2015 წელს გაცემული გირავნობის მოწმობის საფუძველზე, მოსარჩელემ სატრანსპორტო საშუალება მოპასუხისაგან ჩაიბარა 2015 წლის აპრილის თვეში და გასწია შემდეგი ხარჯები: ავტოსადგომის ხარჯი - 88 ლარი; ,,თეგეტა მოტორსში’’ ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების ხარჯი - 15 ლარი და დამოუკიდებელი ექსპერტის მომსახურების ხარჯი - 75 ლარი. 2.7. ხელშეკრულების დარღვევიდან - 2014 წლის 10 ნოემბრიდან წლიდან 2015 წლის აპრილის თვემდე მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე ძირი თანხის სახით იყო 1222.01 აშშ დოლარი, პროცენტის სახით - 220,35 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს სახით - 1799,44 აშშ დოლარი, ჯამში 3241,8 აშშ დოლარი. 2.8. 2015 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გირავნობის საგანი, სატრანსპორტო საშუალება - ,,სუბარუ ფორესტერი’’ გაიყიდა 5250 ლარად, ექვივალენტი 2203,38 აშშ დოლარად. 2.9. მხარეთა შორის 11.06.2014 წელს გაფორმებული №A---- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 5.4. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გირავნობის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, მსესხებელი კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით (მათ შორის, იმ ქონებით, რაც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს). ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით 2203,38 აშშ დოლარით დაიფარა დავალიანებიდან პროცენტი და პირგასამტეხლო, ასევე აღსრულების ხარჯის ნაწილი, რის შედეგადაც მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე გააჩნია დავალიანება ძირი თანხის სახით - 1222,01 აშშ დოლარი, ხოლო იძულებითი აღსრულების გამო ფაქტობრივად გაწეულმა ხარჯებმა ჯამში შეადგინა 409,92 ლარი, საიდანაც სააღსრულებო მომსახურების ხარჯია - 181,92 ლარი, 50 ლარი არის გირავნობის მოწმობის საფასური, 15 ლარი - ტექნიკური დათვალიერების საფასური, 88 ლარი - ავტოსადგომის მომსახურების საფასური და 75 ლარი ექსპერტიზის მომსახურების თანხა. ზემოაღნიშნული თანხების გარდა, მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვს ხელშეკრულების დარღვევის გამო მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას 5702,87 აშშ დოლარის ოდენობით, რაც დაანგარიშებულია ხელშეკრულების დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე - 2017 წლის 20 მარტამდე. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოებები, რომ ხელშეკრულების დარღვევიდან - 2014 წლის 10 ნოემბრიდან 2015 წლის აპრილის თვემდე მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენდა 3241,8 აშშ დოლარს, საიდანაც 1222.01 აშშ დოლარი იყო ძირი თანხა, 220,35 აშშ დოლარი - პროცენტი, ხოლო 1799,44 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო. ასევე, სადავო არ არის გირავნობის საგნის - სატრანსპორტო საშუალების იძულებითი აღსრულების, გირავნობის მოწმობის გაცემის შედეგად მოსარჩელის მფლობელობაში გადაცემის, აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების გაღებისა და შემდგომ 2015 წლის 29 სექტემბერს მისი რეალიზაციის ფაქტები. ხარჯების გაღებით მოსარჩელის წინაშე დადგა ფაქტობრივი ზიანი, რაც საქმის მასალების თანახმად, რეალიზაციის შედეგად დარჩენილი სახით ჯამში შეადგენს 409,92 ლარს. ამასთან, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სახით დარჩენილია ძირი თანხაც - 1222,01 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გადაუხადოს მოპასუხემ მოსარჩელეს. 2.11. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით მოპასუხის პოზიციაა ის, რომ მის მიერ 198 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდით, მიუღებელი შემოსავალიც ანაზღაურებულია, ამიტომ არ ეთანხმება აღნიშნულ მოთხოვნასაც. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელშეკრულებაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ზიანის ანაზღაურების ორ შემადგენელ ნაწილს - დადებით ზიანს და ნაცდურ გამორჩენას (მიუღებელი შემოსავალი), ე.ი. იმ მოგებას, რომელიც უნდა მიეღო ხელშეკრულებით ერთ მხარეს, მეორე მხარეს თავისი ვალდებულება რომ შეესრულებინა. პირველ შემთხვევაში ზიანი ანაზღაურდება ფაქტიურად, რეალურად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, მეორე შემთხვევაში კი მიუღებელი შემოსავლისათვის. ორივე შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება მიმართულია დაზარალებულის ქონებრივი მდგომარეობის აღსადგენად, ზიანის მიმყენებლის ქონების ხარჯზე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ი-----–-------ამ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. მართალია, აპელანტმა გადაიხადა სამი თვის პროცენტი, მაგრამ შემდგომ გირავნობის საგნის რეალიზაციით სრულად დაფარა აპელანტის დავალიანება. 3.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა კერძოდ თითქოს ხელშეკრულების დარღვევიდან 2014 წლის 10 ნოემბრიდან 2015 წლის აპრილის თვემდე მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 3241.8 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი არის 1222.01 აშშ დოლარი. პროცენტი 220.35 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1799.44 აშშ დოლარი. 3.3. ვინაიდან ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით 2203.38 აშშ დოლარით მთლიანად დაიფარა არსებული დავალიანება. კრედიტორის მიერ გირავნობის საგნის საკუთრებად რეგისტრაციიდან 2015 წლის 17 მარტიდან მთლიანად შეწყდა ვალდებულებითი ურთიერთობა მხარეებს შორის. შესაბამისად სსკ-ს 403-ე მუხლის თანახმად პროცენტის დარიცხვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან 2014 წლის 11 დეკემბრიდან ვალდებულების შეწყვეტამდე 2015 წლის 17 მარტამდე, რაც შეადგენს ძირითად თანხას 1224 აშშ დოლარს პირგასამტეხლო 198.31, ხოლო პროცენტი 220.38 აშშ დოლარს, ჯარიმა 220.35 აშშ დოლარს, ჯამში 1862. 315 დოლარი, რაც ნაკლებია ვიდრე ავტომობილის რეალიზაციით მიღებული თანხა, აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხემ შეასრულა ვალდებულება მთლიანად. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიიღო, კერძოდ მან დაარღვია სსსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „გ“ და „დ“ პუნქტები. 3.5. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ს 319-ე მუხლი. როცა ის ამბობს რომ „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და განსაზრვრონ მისი შინაარსი“ ეს ნორმა უნდა განიმარტოს სსკ-ის 420-ე მუხლთან ერთად. 3.6. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, კერძოდ სსკ-ს 420-ე მუხლი, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. 3.7. აპელანტმა შეასრულა ვალდებულება გირავნობის საგნის მოსარჩელესათვის გადაცემისა და რეალიზაციის შედეგად, კრედიტორის მიერ გირავნობის საგნის საკუთრებად რეგისტრაციიდან 2015 წლის 17 მარტიდან მთლიანად შეწყდა ვალდებულებითი ურთიერთობა მხარეებს შორის. შესაბამისად 3.8. სსკ-ს 403-ე მუხლის თანახმად პროცენტის დარიცხვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან 2014 წლის 11 დეკემბრიდან ვალდებულების შეწყვეტამდე 2015 წლის 17 მარტამდე, რაც შეადგენს ძირითად თანხას 1224 აშშ დოლარს +პირგასამტეხლო 198.31 პროცენტი 220.38 აშშ დოლარს, ჯარიმა 220.35 აშშ დოლარს, ჯამში 1862.315 დოლარი. აღნიშნული თანხა ნაკლებია ვიდრე ავტომობილის რეალიზაციით მიღებული თანხა, აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხემ შეასრულა მისი ვალდებულება მთლიანად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2014 წლის 11 ივნისს ი-----–-------ამ სს მისო ჯ------------–ისაგან ისესხა 1224,1 აშშ დოლარი. 4.2. ხელშეკრულება დაიდო 6 თვით და სესხით სარგებლობისათვის აპელანტს უნდა გადაეხადა სარგებელი, სესხის თანხის წლიური 72%. 4.3. ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის უნდა გადაეხადა 1664,8 აშშ დოლარი. 4.4. ეს ვალდებულება აპელანტს უნდა შეესრულებინა პერიოდული გადახდებით. კერძოდ, საწყისი ხუთი თვის განმავლობაში უნდა გადაეხადა მხოლოდ სარგებელი, 73,45 აშშ დოლარი, ხოლო ბოლოს - დარჩენილი სარგებელი და სესხის ძირითადი თანხა - 1297,55 აშშ დოლარი. 4.5. ხელშეკრულების 2.1.9. ქვეპუნქტის თანახმად, ვადაგაცილების დროს აპელანტს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო მიმდინარე ნაშთის 1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 4.6. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა აპელანტის კუთვნილი ავტომობილი - “სუბარუ ფორესტერი”. 4.7. აპელანტმა სამი თვის განმავლობაში ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, თუმცა 2014 წლის 11 ოქტომბრიდან ვალდებულების შესრულება შეწყვიტა. 4.8. ვალდებულების დარღვევის გამო, 2014 წლის 16 ოქტომბერს მოსარჩელემ აპელანტისაგან გირავნობის საგანი გამოითხოვა. 4.9. 2015 წლის 16 აპრილს გირავნობის საგანი მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა. 4.9.1. მოსარჩელის განმარტებით, ამ დროისათვის აპელანტის დავალიანება მის წინაშე შეადგენდა 4042,73 აშშ დოლარს. აქედან, ძირითადი თანხა იყო 1222,01 აშშ დოლარი, პროცენტი - 454,4 აშშ დოლარი, აღმასრულებლის მომსახურების საფასური - 264,48 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2101,84 აშშ დოლარი, ხოლო სხვა სახის ხარჯი - 228 ლარი. 4.10. ამავდროულად, ავტომობილის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 2203,38 აშშ დოლარს. სამართლებრივი დასაბუთება 4.11. პალატა ეთანხმება აპელანტს, რომ მან კრედიტორის წინაშე ვალდებულება სრულად შეასრულა. 4.11.1. როგორც აღინიშნა, ავტომობილის კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის მომენტისათვის აპელანტის დავალიანება მოწინააღმდეგე მხარის მიმართ შეადგენდა 4042,74 აშშ დოლარს; თუმცა აქედან 2101,84 აშშ დოლარი იყო პირგასამტეხლო, ხოლო სესხის ძირითადი თანხის, დარიცხული სარგებლის, აღმასრულებლის მომსახურებისა და სხვა ხარჯების საერთო ღირებულება 1940,89+(228/2)=2054,89 აშშ დოლარს არ აღემატებოდა. 4.11.2. ამრიგად, არსებითად, აპელანტის ვალდებულება წარმოშობილი არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობით. 4.11.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. 4.11.4. როგორც აღინიშნა, ხელშეკრულებით მხარეებს შეთანხმებული ჰქონდათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ნაშთის 1%-ის, ე.ი. წლიური 365%-ის ოდენობით, რაც არსებულ ვალდებულებასთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალი იყო. 4.11.5. მით უმეტეს, რომ გარდა ამისა, სესხს წლიურად 72% სარგებელი ერიცხებოდა. 4.11.6. ამის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს, ყოველდღურად, სესხის ძირითადი თანხის 0,02%-ის ოდენობით. 4.11.7. ამის შესაბამისად, ავტომობილის კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის მომენტისათვის აპელანტის დავალიანება მის მიმართ იყო 1222,01+454,4+264,48+(1222,01X0,02%X156)+228/2=2093,01 აშშ დოლარი, ეს კი მისთვის გადაცემული ავტომობილის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებია. 4.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4.12.1. როგორც აღინიშნა, 2015 წლის 16 აპრილს გირავნობის საგანი მოსარჩელეს გადაეცა საკუთრებაში და მისი ღირებულება აპელანტის ვალს აღემატებოდა. 4.12.2. ეს კი ნიშნავს, რომ მოგირავნე, ანუ მოსარჩელე დაკმაყოფილებულია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის საფუძველზე აპელანტის ვალდებულება მის მიმართ 2015 წლის 16 აპრილიდან შეწყვეტილია. 4.13. ამის გამო, სარჩელი უსაფუძვლო იყო და რაიონულმა სასამართლომ შეცდომით დააკმაყოფილა იგი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ი-----–-------ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება და სს მისო ჯ------------–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, სს მისო ჯ------------–ს ი-----–-------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 758 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. ი-----–-------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. სს მისო ჯ------------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. სს მისო ჯ------------–ს ი-----–-------ას სასარგებლოდ დაეკისროს 758 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა