განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.02.2018
საქმის ნომერი
330310017002070131
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
თარიღი
02.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3/ბ-2661-17 02 თებერვალი, 2018 წელი

№ 330310017002070131 ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ა-------ი კ--–---–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ოქტობრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა------- კ--–---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის 2017 წლის 7 აგვისტოს N------ ცნობის თანახმად, ა-------ი კ--–---–---–ის მიმართ 1998 წლის ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს 125,06 ლარს, პრემია - 133,17 ლარს, დანამატი - 23,91 ლარს, კვების კომპენსაცია - 188,80 ლარს. 1999 წლის ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს 215,50 ლარს, პრემია - 237 ლარს, დანამატი - 35,34 ლარს, კვების კომპენსაცია -283,20 ლარს. 2000 წლის ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს 222,14 ლარს, დანამატი - 35,34, კვების კომპენსაცია - 283.20 ლარს.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 16 აგვისტოს M---------------- წერილით დგინდება, რომ ა------- კ--–---–---–ს მისი 2017 წლის 04 აგვისტოს N------ წერილის საპასუხოდ ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ იყო გამოყოფილი, მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინათ მისი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

მოცემულ შემთხვევაში ა-------ი კ--–---–---–ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე და მოითხოვს მოპასუხეს დაევალოს მის სასარგებლოდ 1998-2000 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც შეადგენს 1782,66 ლარს.

 

2.3. საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად ის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და შრომით- სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ხოლო, მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს.

 

აღნიშნული მუხლი ასევე მიუთითებს, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რაც თავისთავად გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერ ვალდებულებას გასცეს შრომითი გასამრჯელი, ხელფასი.

 

ამდენად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა და სწორედ ამ კანონის 37-ე მუხლით ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოხელეთა შრომითი გასამრჯელოს ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მიუღებელ ხელფასს 1998-1999-2000 წლების პერიოდზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, მოსარჩელის მიმართ ხელფასის პრემიისა და დანამატის ნაწილში უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული მოსარჩელის მოთხოვნა – კვების კომპენსაცია წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამდენად, მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ასევე ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ა-------ი კ--–---–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, შესაბამისად მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. სასამართლომ დადაგენილად ცნო ის გარემოება, რომ იგი შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან. აპელანტი მიუთითებს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გადაეხედა შრომით გასამჯელოზე და ამაზე გავლენა არ უნდა მოეხდინა საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირებას, მაგრამ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანო გაათავისუფლა ამ ვალდებულებისაგან და მიიჩნია, რომ სახელფასო დავალიანების მოთხოვნის ნაწილში გასულია 10 წელი. აპელამტს მიაჩნია, რომ სასამართლოს დასაბუთება ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული და იმდენად დაუსაბუთებელია სამართლებრივი არგუმენტები, რომ სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძველია.

 

3.2. აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გამოავლინოს ხანდაზმულობის საკითხი, ამის შესახებ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს. აღნიშნულიდან გამომდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად. ხოლო სასამართლოს მხრიდან ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით ილახება მხარეთა უფლებები, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას, ასევე შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, სარჩელი არ არის ხანდაზმული, რადგან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება გასცეს შრომითი გასამჯელო მოსამსახურეზე, რათა მათ შესრულებული სამუშაოსათვის მიიღონ ანაზღაურება. აღნიშნული მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

 

3.4. აპელანტი აღნიშნავს, რომ „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-4 მუხლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ იმ უფლებების გამოყენების დროს, რომლებსაც ესა თუ ის სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ პაქტის თანახმად, აღნიშნულ სახელმწიფოს შეუძლია ეს უფლებები დაუქვემდებაროს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შეზღუდვებს, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს შეთავსებადია ამ უფლებათა ბუნებასთან, და მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით.

 

ამავე პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები. აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ „ევროპის სოციალური პაქტის „ მეოთხე მუხლი ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარეები აღიარებენ მუშაკის მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების უზრუნველ დონეს.

 

საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები, გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება და აღნიშნული დამსაქმებლის კანონიერ ვალდებულებას წარმოადგენს. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოხელისთვის შესრულებელი სამუშაოს ანაზღაურებისაგან პასუხისმგებლობის აცილების მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ისე სასამართლოს მხარისგან, რადგან ეს ეწინააღმდეგება სასამართლოს ზოგად პრინციპებს-სამართალურთიერთობის სტაბილურობას, კეთილსინდისიერებას და კანონიერებას.

 

სასამართლომ დაუსაბუთებლად იმსჯელა ხანდაზმულობის ვადაზე, არ შეაფასა ადმინისტრაციული ორგანოს წერილი, სახელფასო დავალიანების აღიარების შესახებ.

 

3.5. აპელანტი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლზე, რომლის მიხედვითაც თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არც ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა და შრომის უფლების დაცვის ნაცვლად, დაუსაბუთებლად და არგუმენტების გარეშე დაურღვია მას შრომის უფლება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი, ამასთან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის 2017 წლის 7 აგვისტოს N------ ცნობის თანახმად, ა-------ი კ--–---–---–ის მიმართ 1998 წლის ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს 125,06 ლარს, პრემია - 133,17 ლარს, დანამატი - 23,91 ლარს, კვების კომპენსაცია - 188,80 ლარს. 1999 წლის ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს 215,50 ლარს, პრემია - 237 ლარს, დანამატი - 35,34 ლარს, კვების კომპენსაცია -283,20 ლარს. 2000 წლის ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს 222,14 ლარს, დანამატი - 35,34, კვების კომპენსაცია - 283.20 ლარს.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 16 აგვისტოს M---------------- წერილით დგინდება, რომ ა------- კ--–---–---–ს მისი 2017 წლის 04 აგვისტოს N------ წერილის საპასუხოდ ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ იყო გამოყოფილი, მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინათ მისი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ. ( ს.ფ. 13-14)

 

4.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტმენტის 2007 წლის 28 დეკემბრის N------ წერილის თანახმად ა------- კ--–---–---–ს ეცნობა, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდება ამ მიზნებისთვის, სახელფასო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდება დავალიანების ანაზღაურების საკითხი განხილვას. ( ს.ფ. 87)

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

4.4. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. ის, რომ შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება, საყოველთაოდ ცნობილი დამსაქმებლის კანონისმიერი ვალდებულებაა. შრომითი უფლებები და შრომის სამართლიანი ანაზღაურება აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითაც (საქართველო შეუერთდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის №655 დადგენილებით), რომლის 23-ე მუხლის თანახმად, ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

 

დავის საგანს წარმოადგენს ა------- კ--–---–---–ისათვის 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

 

4.5. პალატა მიუთითებს, გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მიერ 2017 წლის 07 აგვისტოს გაცემულ ცნობაზე N------, რომლითაც დასტურდება, რომ აპელანტ ა------- კ--–---–---–ის 1998 წლის ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს 125,06 ლარს, პრემია - 133,17 ლარს, დანამატი - 23,91 ლარს, კვების კომპენსაცია - 188,80 ლარს. 1999 წლის ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს 215,50 ლარს, პრემია - 237 ლარს, დანამატი - 35,34 ლარს, კვების კომპენსაცია -283,20 ლარს. 2000 წლის ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს 222,14 ლარს, დანამატი - 35,34, კვების კომპენსაცია - 283.20 ლარს. სულ 1782.66 ლარი.

 

4.6. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილია სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი გარანტიები. ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 11.2. ,,თ” მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება ვრცელდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ დადგენილი არ არის.

 

4.7. პალატა მიუთითებს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), მე-4 პუნქტის თანხმად კი, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. ამავე კანონის გარდამავალი ნორმის შემცვლელი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან განთავისუფლებისას) დანაწესის თანახმად, 2005 წლის 01 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპესაციისა) გაცემა განხორციელდება წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებული იქნა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება.

 

პალატა აქვე, მიუთითებს ასევე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლზე(მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი. პალატა, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოქმედი კანონი არ შეიცავს სპეციალურ დათქმას 2005 წლამდე წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულების შესახებ. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მსჯელობისას, პალატის მოსაზრებით, გამოყენებული უნდა იქნეს სარჩელის საერთო ხანდაზმულობის ვადები.

 

4.10. საქართველოს სამოქალაო კოდექსის 128 მუხლის პირველი ნაწილის თანახმდ, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

138-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

სააპელაციო საჩივარზე დართული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტმენტის 2007 წლის 28 დეკმბრის N------ წერილით ირკვევა, რომ ა------- კ--–---–---–მა მიიღო დაპირება, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში მოხდებოდა მისი დაკმაყოფილება. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იწყება, იმ დღიდან, როცა წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. ამ შემთხვევაში, ხანაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2007 წლის 28 დეკემბრიდან, როდესაც ა------- კ--–---–---–მა თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტისგან მიიღო გარანტია, შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან დაიწყო ხანდაზმულობის ათწლიანი ვადის ათვლა. სარჩელი შეტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 11 სექტემბერს. წერილის მიღებიდან სარჩელის აღძვრამდე გასული არ არის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, აქედან გამომდინარე ა------- კ--–---–---–ს მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არ არის ხანდაზმული.

 

4.8. დამატებით, პალატა მიუთითებს "საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონზე (მე-20 მუხლი), რომლის საფუძველზე, წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა შესაძლებელია გამოიყენონ მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება.

 

4.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

4.10. ზემოთ აღნიშნულ გარემოებებზე, დაყრდნობით, სააპელაციო პალატა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნას ა------- კ--–---–---–ის სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება გამოტანილია საქმის გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასების, სადავო ურთიერთობისთვის კანონის ნორმის არასწორი შეფარდების საფუძველზე, რაც იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებს. სსკ–ის 386–ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. პალატის მოსაზრებით, ა------- კ--–---–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1. მუხლის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა------- კ--–---–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ა------- კ--–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს ა------- კ--–---–---–ის სასარგებლოდ ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება - 562.7 ლარის ოდენობით, პრემიის თანხის ანაზღაურება - 370.17 ლარის ოდენობით, დანამატი - 94.59 ლარის ოდენობით, კვების კომპენსაცია - 755.2 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი