განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №200210016001299099
საქმე №2ბ/724-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
15 თებერვალი 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: გოგიტა თოთოსაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
აპელანტი _ დ--–---–-----–---;
წარმომადგენელი- ს---------–---;
მოწინააღმდეგე მხარე – მ----------–----–---–-,დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;
განიხილა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელე მ----------–----–---–-ს სარჩელი მოპასუხე დ--–---–-----–---ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.
- მოპასუხე დ--–---–-----–---ს მოსარჩელე მ----------–----–---–- სასარგებლოდ დაეკისრა 5500 (ხუთიათასხუთასი) აშშ დოლარის გადახდა.
- მხარეებს განემარტათ, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ--–---–-----–---მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
სააპელაციო სასამართლო გაეცნო სააპელაციო საჩივარსა და საქმის მასალებს და თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიულია და გასაჩივრების 14 დღიანი ვადის გაგრძელებას არ ითვალისწინებს.
საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ (იხ. ტ.1, ს.ფ 253) დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დ--–---–-----–---ს წარმომადგენელს ბ-------------–--–---–- ჩაბარდა პირადად 2018 წლის 16 იანვარს. (რწმუნებულება ტ.1, ს.ფ 106)
პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა კონკრეტულ შემთხვევაში იწყება 2018 წლის 17 იანვრიდან, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აღნიშნული 14 დღიანი ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს 2018 წლის 30 იანვარი ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით .
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარი აპელანტის მიერ შეტანილ იქნა 2018 წლის 31 იანვარს (იხ. ტ I, ს.ფ 271), კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 374-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ--–---–-----–---ს სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემრბის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს (თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი 7ა) მეშვეობით, განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში.
მოსამართლე: გოგიტა თოთოსაშვილი