განაჩენი

სისხლის სამართლის 02.02.2018
საქმის ნომერი
190100117002154702
ინსტანცია
თარიღი
02.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-----------------

საქმე №1ბ/1-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ელენე ხათაშვილის მდივნობით,პროკურორ - გ--------------------

მსჯავრდებულ - ნ-----------–-----,ადვოკატ - დ-----------–--–-–---–---

თარჯიმან - ა---------–---------ს მონაწილეობით,მსჯავრებულ ნ-----------–----- და მისი ადვოკატის დ-----------–--–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ნ-----------–----- მიმართ - დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-----------–------------------- მცხოვრები: მ--------–----------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქემთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით:

ნ-----------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

მასვე, 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა საქმიანობის (ავტომანქანის) მართვის უფლება.

ნ-----------–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-----------––---------------------- MERSEDES_BENZ-ის მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით A------, რომელსაც მართავდა ნ------------–---ი, დაარღვია რა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პუნქტი 1-ის და პუნქტი 2-ის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობა და შეეჯახა ველოსიპედისტს - ა------–--–------------ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ა------–--–------------მა მიიღო სიცოცხლისათვის საშიში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ-----------–---მა და მისმა ადვოკატმა დ-----------–--–-–---–მა, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს რუსთავის საქალქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ნ-----------–---მა დაკავებისთანავე აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის და მიეკუთვნება გაუფრთხილებელ დანაშაულს; გარდა ამისა, იგი შერიგებულია დაზარალებულთან, ამ უკანასკნელს მსჯავრდებულმა გაუწია ფინანსური დახმარება და დაუფარა მკურნალობის ხარჯები.

პროკურორმა მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ნ-----------–----- მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - მოწმეების: ა------–--–------------ის, დ----------–--–---–ის, ს---------------ის ჩვენებებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სქემასა და ფოტოსურეთებს; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს; სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას; სატრანსპორტ-ტრასოლოგიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას; ავტონაწილების საბითუმო მაღაზიის ვიდეო-თვალის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ-----------–----- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ-----------–----- მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ჯარიმით შეცვლასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ნ-----------–----- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ის გარემოებებიც, რომლებზეც აპელირებს დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში. აპელანტის განმარტებით, მსჯავრდებული შეურიგდა დაზარალებულს და აუნაზღაურა ზიანი, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე წერილობითი მტკიცებულება მას სასამართლოში არ წარმოუდგენია. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ვერ გახდება უფრო მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენების საფუძველი. სასამართლო მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისას მხედველობაში იღებს ასევე პროკურორის განმარტებას, რომლის თანახმადაც ნ-----------–---ი დამნაშავედ იქნა ცნობილი ასევე სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც და განესაზღვრა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნ-----------–---ს განესაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი დადგენილი სანქციის ფარგლებში და მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ნ-----------–----- და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამრთლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენი;

 

ნ-----------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

მასვე, 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა საქმიანობის, კერძოდ, ავტომანქანის მართვის უფლება.

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა ნ-----------–---ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 27 ნოემბრიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.კაპანაძე