განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.01.2018
საქმის ნომერი
330310015001033606
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბაჟო-საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებით , დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
12.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3ბ/2038-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ილონა თოდუა

 

მოსამართლეები: შოთა გეწაძე, გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი: თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ლ---- ს------ა (გ------ ს------ას უფლებამონაცვლე);

წარმომადგენელი - რ----–----------–-ძე;

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი

წარმომადგენელი - მ------–-------ე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ლ---- ს------ას (გ------ ს------ას უფლებამონაცვლე) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ( ტ.1. ს.ფ.144-155)

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. 2015 წლის 28 აპრილს გ------ ს------ამ განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა, გაიცეს საბუთი ან ცნობა, რათა ისარგებლოს შეღავათით ა-----------ის გ----–-------ვის, რომელიც მას ეკუთვნის, როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეს.

 

განცხადებაში აღინიშნა, რომ 2015 წლის თებრვლის პირველ რიცხვებში იმყოფებოდა შემოსავლების სამსახურში, სადაც გარკვევით განუმარტეს, რომ გ------ ს------ას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ბრძანებულებებით შეეძლო ესარგებლა ა-----------ის განსაბაჟებლად ერთჯერადი შეღავათით, ვინაიდან არის როგორც რ------ის, ასევე საქართველოს მოქალაქეც. შეღავათი მდგომარეობდა იმაში, რომ ა-----------ის განბაჟების საფასური გადასახდელი არ ექნებოდა. რის შემდეგაც გადაწყვიტა შეეძინა ა-----------ა, ვინაიდან შეეძლო ესარგებლა შეღავათით, 2015 წლის 15 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძინა ავტომანქნაა, რომელიც 15 აპრილს ჩამოვიდა საქართველოში. საჭიროების შემთხვევაში წარდგენდა ყველა საჭირო დოკუმენტის.

 

2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 06 მაისის N2------------- წერილით, გ------ ს------ას მისი 28.04.2015 წლის N6---------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის "დ.ე" ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ ,,საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის. ფიზიკურ პირს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული შეღავათით საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას. ორმაგი მოქალაქეობა გ------ ს------ამ მიიღო 2009 წლის 12 ივნისს და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლებაც მიიღო 2009 წელს (გასულია თითქმის 6 წელი). განცხადებაში მითითებული ინფორმაცია ვერ აკმაყოფიელბს სსკ-ის 199-ე მუხლის "დ.ე" ქვეპუნქტითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის N290-ე ბრძანების მე-20 მუხლით გათვალისიწნებულ მოთხოვნებს. საბაჟო დეპარტამენტი მოკლებული გახლდათ შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა.

 

2.3. 2015 წლის 20 მაისს გ------ ს------ამ ადმინისტარციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს და მოითხოვა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 06 მაისის N2----------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 2) დაევალოს შემოსავლების სამსახურს, მისი 2015 წლის 01 აპრილის განცხადებისა და თანდართული მასალების საფუძველზე, გასცეს ცნობა მის მიერ 2015 წლის 15 თებერვალს პირადი მოხმარებისათვის შეძენილ ა-----------აზე კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე.

 

2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 22 ივნისის N2---- ბრძანების (გ------ ს------ას 2015 წლის 20 მაისის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) თანახმად, გ------ ს------ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განიმარტა ბრძანების გასაჩივრების წესი და ვადა.

 

ბრძანებაში აღინიშნა, რომ გ------ ს------ამ 2015 წლის 28 აპრილს N6---------- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საგადასახადო შეღავათით გავრცელება და იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199–ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 6 მაისის N2-------------- წერილით გ------ ს------ას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 199–ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის საფუძველს. რასაც არ დაეთანხმა საჩივრის ავტორი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199–ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის. შესაბამისად, ფიზიკურ პირს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული შეღავათით საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის N290–ე ბრძანების „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე–20 მუხლის მე–10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199–ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად, არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ იმ საქონელზე, რომელიც შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე პირისთვის იგზავნება საქართველოში მუდმივი ცხოვრების დღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგენს ,,საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ", ხოლო არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს. შესაბამისად 2015 წლის 28 აპრილის N6---------- განცხადებაში მითითებული ინფორმაცია ვერ აკმაყოფილებდა ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთანავე „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე–20 მუხლის მე–10 პუნქტით განსაზღვრულია პროცედურული საკითხი და უკუძალა არ გააჩნია. წარმოდგენილი ინფრომაციიდან ირკვეოდა, რომ მომჩივანმა საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება მიიღო 2009 წლის 22 ივლისს, რაც დასტურდებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით – პირადობის მოწმობით. ავტოსატრანსპორტო საშუალება კი, როგორც გაცხადებული აქვს, შეძენილია მის მიერ არა საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას, არამედ 2015 წლის 15 თებერვალს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 60.4. მუხლის თანახმად, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან. ამ კოდექსის 195 -ე მუხლით, იმპორტის გადასახადის გადამხდელია პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღბარზე გადაადგილებს საქონელს, გარდა ექსპორტის. ამავე კოდექსის 196-ე მუხლით, იმპორტის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას საქონლის საბაჟო ღირებულება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მიეთითა ამ კოდექსის 199.,,დ.ე." მუხლსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის N290–ე ბრძნაების მე–20 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებზე. საჩივრის მოტივების და მითითებული გარემოებების, წარმოდგენილი დოკუმენტების და მოთხოვნების გათვალისწინებით, ფაქტობრივი გარემოებების და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა სრულად გაიზიარა საბაჟო დეპარტამენტის, როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები სადავო საკითხებთან მიმართებაში და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199–ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის N290–ე ბრძანების მე–20 მუხლის მე–10 და მე–11 პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებისათვის დადგენილი სავალდებულო წინაპირობები. ამდენად, შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივანის მოთხოვნა უსაფუძვლოა და საჩვარი არ დაკმაყოფილდა.

 

2.5. საქმეში წარმოდგენილია ქალაქ ნიუ-იორკის ავტოსატრანსპორტო საშუალების დეპარტამენტის მიერ გაცემული ზედნადების ნოტარიუსის მიერ დადასტურებული თარგმანის თანახმად, ა-----------ა ( 1----------------- წელი - 13, მ------------s, მ------–-------, ს-–--------, ც--–-------------, მაქსიმალური მთლიანი წონა - 4D, ფერი - შავი) შეძენილ იქნა - 2015 წლ----------ერვალს.

 

2.6. 2015 წლის 22 სექტემბერს, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს უფროსმა წერილობით მიმართა ამავე სამსახურის დავების დეპარტამენტის სასამართლო დავების სამმართველოს უფროსს და ამავე წლის 09 სექტემბრის №1-------- სამსახურებრივი ბარათის პასუხად, წერილში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით აცნობა შემდეგი: 1) მოსარჩელე გ------ ს------ამ (პ/ნ 6----------) საქართველოს მოქალაქეობა მიიღო 2009 წლის 12 ივნისს და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლებაც მიიღო 2009 წელს, რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (პირადობის მოწმობა გაცემულია 22.07.2009). ავტოსატრანსპორტო საშუალება (შასის №I----------------) კი, როგორც გაცხადებულია, შეძენილია მის მიერ არა საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას, არამედ 2015 წლის 15 თებერვალს, ხოლო მისი შემოყვანა განხორციელდა 15 აპრილს (გასულია 6 წელი). რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290-ე ბრძანების მე-20 მუხლში, მიმდინარე წლის 24 თებერვალს ფინანსთა მინისტრის №56 ბრძანებით, განხორციელებულ ცვლილებებს, არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ საქონელზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ”დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად ვადებთან დაკავშირებით დადგენილ იქნა შეზღუდვები ამავე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად. ზემოაღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდგომ, აღნიშნულ პირებზე შეღავათები არ გავრცელებულა.

 

2) ცვლილების განხორციელების შემდეგ განსხვავებული გადაწყვეტილებები არ მიღებულა, ხოლო რაც შეეხება წინა პერიოდს - შეღავათით სარგებლობდა - პირი, რომელიც მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას აცხადებდა შემოტანილი საქონლის შესახებ, ასევე შეღავათის გავრცელების მოთხოვნას და წარმოადგენდა საქონელს. ამასთან, კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების მართებულად გამოყენების შესწავლის მიზნით მიმდინარეობს გაშვების შემდგომი შემოწმების პროცედურები.

 

3) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის განმარტება ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის 290-ე ბრძანების მე-20 მუხლში ცვლილებების განხორციელებამდე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განმარტებული არ ყოფილა. როგორც წესი, შეღავათით სარგებლობდა - პირი, რომელიც მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას აცხადებდა შემოტანილი საქონლის შესახებ, ასევე შეღავათის გავრცელების მოთხოვნას და წარმოადგენდა საქონელს.

 

4) საბაჟო დეპარტამენტს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დაპირება არ გაუცია.

 

2.7. საქართელოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 ივნისის N315 ბრძანებულების - უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ - თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა გ------ ს------ას, რ------ის ფედერაციის მოქალაქეს, დაბადებულს 1941 წლის 16 მაისს საქართველოში, ქ. ს------–ი.

 

2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 დეკემბრის განჩინებით წინამდებარე, ადმინისტრაციულ საქმეზე N3-------- შეჩერდა საქმის წარმოება მოსარჩელე გ------ ს------ას სარჩელის გამო, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე“ - მოსარჩელე მხარის, გ------ ს------ას (პ/ნ 6----------) გარდაცვალების გამო, მოსარჩელე მხარე გ------ ს------ას (პ/ნ 6----------) საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.

 

2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე N3--------, მოსარჩელე გ------ ს------ას სარჩელთან დაკავშირებით , მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ა და ამავე სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით, განახლდა წინამდებარე საქმის წარმოება და აწ გარდაცვლილი გ------ ს------ას (პ/ნ 6----------) უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა მისი შვილი ლ---- ს------ა (პ/ნ 6----------).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94.1. მუხლის თანახმად, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი, ხოლო,მე -3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადებისაგან განთავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით.

 

3.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

ამ კოდექსის 22.1. მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

3.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1.,,დ“ მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 06 მაისის N2------------- გადაწყვეტილება და ამავე სამსახურის 2015 წლის 22 ივნისის N2---- ბრძანება გ------ ს------ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1.,,დ“ მუხლით რეგლამენტირებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შემოწმდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით მოცემული დავის ფარგლებში.

 

3.4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამ კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

 

ამ კოდექსის 5.1. მუხლის შესაბამისად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო -სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.

 

ამ კოდექსის 6.1. მუხლის შესაბამისად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. ამ ნორმის მე–3 ნაწილით, საერთო -სახელმწიფოებრივი გადასახადებია ამ კოდექსით დაწესებული გადასახადები, რომელთა გადახდაც სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ხოლო მე–5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო - სახელმწიფოებრივ გადასახადებს მიეკუთვნება – იმპორტის გადასახადი.

 

ამ კოდექსის 43.4. მუხლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ამ კოდექსის 60.1. მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო - სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადისაგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანით. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-4 ნაწილით, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.

 

ამ კოდექსის 61.1. მუხლის შესაბამისად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის დარიცხვის საფუძველია: ა) საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

 

ამ კოდექსის 195-ე მუხლის თანახმად, იმპორტის გადასახადის გადამხდელია პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს საქონელს, გარდა ექსპორტისა.

 

ამ კოდექსის 196-ე მუხლის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას საქონლის საბაჟო ღირებულება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამ კოდექსის 199-ე მუხლის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია: დ) ფიზიკური პირის მიერ: დ.ე) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

 

3.5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე - პირველი მუხლის თანახმად, დამტკიცდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.

 

მითითებული ,,ინსტრუქციის" 20.3. მუხლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა- მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.

 

ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის 10 ნაწილის (შეტანილია ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის N56 ბრძანებით) თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ იმ საქონელზე, რომელიც: ა) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების შემდგომ პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არა უგვიანეს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან 30 კალენდარული დღისა) მასთან ერთად არ გადაადგილდება, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა; ბ) შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე პირისათვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირი საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან: ბ.ა) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგენს „საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ“ (დანართი №IV-06); ბ.ბ) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს;

 

ამ ნორმის მე-11 პუნქტის (შეტანილია ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის N56 ბრძანებით) შესაბამისად, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდება იმ საქონელზეც, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და დეკლარირდება სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციით, თუ ამ საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენა განხორციელდა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების ან საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამრიგად, სასამართლო ითვალისწინებს

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ------ ს------ამ საქართველოს მოქალქეობა მიიღო 2009 წლის 22 ივნისს, მის მიერ ავტომობილი შეძენილი იქნა 2015 წლის 15 თებერვალს ა––-–-. ავტომობილი საქართველოში შემოვიდა 2015 წლის 15 აპრილს (საქართველოს მოქალაქეობის მიღებიდან 6 წლის შემდეგ). ამრიგად, 2015 წლის 15 აპრილისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199.,,დ.ე." მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-10 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტების, აგრეთვე ამავე ნორმის მე-11 ნაწილის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად, მოსარჩელე არ სარგებლობს იმპორტის გადსახადისაგან გათავისუფლებისათვის კანონმდებლობით დაწესბული შეღავათებით, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიაზიარა მოპასუხე მხარეთა წარმომადგენლის მოსაზრება აღნიშნულზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გააჩნდა კანონისმიერი ვალდებულება იმპორტის გადასახადის გადახდისა.

 

3.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლით იმპერატიულად განისაზღვრა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

 

ამ კოდექსის 601.1. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

3.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტები - სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 06 მაისის N2------------- გადაწყვეტილება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 22 ივნისის N2---- ბრძანება არ ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიულ და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მათი ბათილად ცნობის გაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონედ ის გარემოება, რომ გ------ ს------ამ ა-----------ის შეძენამდე 2015 წლის თებერვლის თვის დასაწყისში მიმართა შემოსავლების სამსახურის საკონსულტაციო განყოფილებას, სადაც მას ადმინისტრაციული ორგანოს საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომელების მიერ განემარტა, რომ მას, როგორც ყოფილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც მიღებული ჰქონდა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება, ეკუთვნოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული ერთჯერადი შეღავათი.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად და საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ ის გარემოება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურსა და მისი საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 24 თებერვლამდე არსებულ პრაქტიკაში (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290-ე ბრძანების მე-20 მუხლში შეტანილი ცვლილების მიღებამდე არსებულ პრაქტიკაში) გ------ ს------ასთან გათანაბრებული სამართლებრივი სტატუსის მქონე მოქალაქეებზე ვრცელდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის "დ.ე." ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღვათები. კერძოდ, ისინი, მათ შორის ერთჯერადად თავისუფლდებოდნენ არაეკონომიკური საქმიანობის მიზნით იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალების იმპორტის გადახდის მოვალეობისაგან.

 

სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანხმად, არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. გარდა ამისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის (კანონის წინაშე თანასწორობა) მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძველის არსებობისა. ამავე კოდექსის 601 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს ბათილად სცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.2. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.4. პალატა განმარტავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 20.3. მუხლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა- მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.

 

ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის 10 ნაწილის (შეტანილია ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის N56 ბრძანებით) თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ იმ საქონელზე, რომელიც: ა) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების შემდგომ პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არა უგვიანეს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან 30 კალენდარული დღისა) მასთან ერთად არ გადაადგილდება, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა; ბ) შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე პირისათვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირი საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან: ბ.ა) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგენს „საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ“ (დანართი №IV-06); ბ.ბ) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს;

 

ამ ნორმის მე-11 პუნქტის (შეტანილია ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის N56 ბრძანებით) შესაბამისად, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდება იმ საქონელზეც, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და დეკლარირდება სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციით, თუ ამ საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენა განხორციელდა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების ან საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამრიგად, სასამართლო ითვალისწინებს

 

4.5. ზემოაღნიშნული დანაწესის გათვალიწინებით პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე გ------ ს------ამ საქართველოს მოქალქეობა მიიღო 2009 წლის 22 ივნისს, მის მიერ ავტომობილი შეძენილი იქნა 2015 წლის 15 თებერვალს ა––-–-. ავტომობილი საქართველოში შემოვიდა 2015 წლის 15 აპრილს (საქართველოს მოქალაქეობის მიღებიდან 6 წლის შემდეგ). ამრიგად, 2015 წლის 15 აპრილისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199.,,დ.ე." მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-10 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტების, აგრეთვე ამავე ნორმის მე-11 ნაწილის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად, მოსარჩელე არ სარგებლობს იმპორტის გადსახადისაგან გათავისუფლებისათვის კანონმდებლობით დაწესებული შეღავათებით, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიაზიარა მოპასუხე მხარეთა წარმომადგენლის მოსაზრება აღნიშნულზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გააჩნდა კანონისმიერი ვალდებულება იმპორტის გადასახადის გადახდისა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია გასაჩივრებული აქტების, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 06 მაისის N2------------- გადაწყვეტილებისა და ამავე სამსახურის 2015 წლის 22 ივნისის N2---- ბრძანების, კანონშესაბამისობის თაობაზე მართებულია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის დასკვნები სარჩელის არ დაკმაყოფილების თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტ ლ---- ს------ას სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- ს------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: ილონა თოდუა

 

მოსამართლეები: შოთა გეწაძე

 

გიორგი გოგიაშვილი