განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010141318700052459 N1/აგ-127-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
მურმან ისაევი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ-------------ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ზ-------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ზ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 15000 ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ზ-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლის ვადით პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ-------------ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით. ზ-------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 16 დეკემბრიდან, ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;
ზ-------------ეს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 05 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ზ-------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ზ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა 05 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 05 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
ზ-------------ეს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. ზ-------------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი - 2013 წლის 04 სექტემბრიდან 2013 წლის 07 სექტემბრის ჩათვლით.
2018 წლის 01 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ზ-------------ემ, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვა და მიუთითა, რომ არის ნასამართლობის მქონე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ძველი რედაქციით.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ზ-------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 თებერვლის განაჩენით, ზ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით თერთმეტ წლამდე, შესაბამისად, განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით (ვებგვერდი 17/07/2015 სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.017866) ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლით გათვალისწინებული სანქცია არის შეცვლილი და ითვალისწინებს ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ვინაიდან, კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებამ არსებითად გააუმჯობესა მსჯავრდებულ ზ-------------ის სამართლებრივი მდგომარეობა, მისი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ, ზ-------------ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია). რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, იგი უნდა დარჩეს უცვლელი, ვინაიდან ზ-------------ისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა შესაბამისობაშია ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება - მჯავრდებულ ზ-------------ის ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია), ხოლო სხვა ნაწილში, განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ-------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 თებერვლის განაჩენში ზ-------------ის მიმართ, შევიდეს ცვლილება:
მსჯავრდებულ ზ-------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
მურმან ისაევი