განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700053115
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1აგ/151-18
23 თებერვალი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ-------------ის შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 სექტემბრის განაჩენით:
ნ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ნ-------------ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
2018 წლის 08 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ნ-------------ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ნ-------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ნ-------------ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელ შეფარდებული პირის მიერ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 თებერვლის მომართვის თანახმად, ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის N--------- განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც ნ-------------ეს (--------------- დაეკისრა ჯარიმის 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
აღნიშნულ საქმეზე ამოღებულია დაკისრებული თანხის ნაწილი - 423 (ოთხას ოცდასამი) ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი დავალიანების ამოღების მიზნით ნ-------------ე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ მიმდინარეობს „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი სააღსრულებლო მოქმედებები.
ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეეუსაბამობა, (იხ.გადაწყვეტილება) მსჯავრდებული ნ-------------ე უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისგან; მასვე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ნ-------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ-------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ნ-------------ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ლევან თევზაძე