განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210014671482
საქმე №2ბ/2578-15
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები - ლევან გვარამია, ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი – ნატო მახარაშვილი
აპელანტი - შპს ,,ჯ----–------ი’’
წარმომადგენელი- ვ-------------------ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,გ-------–--–-----
წარმომადგენელი - დ------------–-------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
აღწერილობითი ნაწილი
1. შპს ,,ჯ----–------მა’’ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 360 000 ლარის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ჯ----–------მა’’2013 წლის 15 აგვისტოდან 2014 წლის 17 ოქტომბრამდე მოპასუხე მხარეს მიაწოდა 1 543 924.93 ლარის ღირებულების პროდუქცია, ხოლო შპს ,,გ---------------მა’’ გადაიხადა მხოლოდ თანხის ნაწილი, შესაბამისად მას ასანაზღაურებელი დარჩა 360 000 ლარი.
2. მოპასუხე , შპს ,,გ-------–--–-----, არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხე მხარის განმარტებით, მართალია, შ.პ.ს ,,ჯ----–------ი’’ აწვდიდა ნავთობის ბიტუმს 2013 წლის აგვისტოს თვიდან, თუმცა, შ.პ.ს. ,,გ-------–--–----- კეთილსინდისიერად იხდიდა მიწოდებული საქონლის ღირებულებას და მას მოსარჩელე მხარის მიმართ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დავალიანება არ გააჩნია.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 92910.89 ლარის გადახდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
4. მხარეებებს შორის დადებული არ იყო ერთიანი ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება ნავთობის ბიტუმის ნასყიდობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამავე კოდექსის 477-ე მუხლით ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.
სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად ჩაითვალოს აუცილებელია მხარეები შეთნხმდენენ მის არსებით პირობებზე, ნასყიოდბის ხელშეკრულებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლიდან გამომდინარე კანონისმიერ არსებით პირობას წარმოადგენს შეთნხმებას ფასზე, ფასზე შეუთანხმებლობის, ასევე ნასყიდობის ფასის განსაზღვრაზე შეუთანხმებლობის შემთვევაში ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად არ ითვლება. მოსარჩელე მხარე სარჩელით და ახსნა-განმარტებით უთითებს, რომ მხარეებს შორის დადებული იყო ერთიანი ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება ნავთობის ბიტუმის მიწოდებაზე რის ფარგლებშიც მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაოდენობის და ღირებულების ნავთობის ბიტუმი, თუმცა ვერ უთითებს როდის დაიდო მხარეებს შორის ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება და რა ვადით, ასევე მოსარჩელე მხარე ვერ უთითებს ერთიანი ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ერთიან შეთნხმებაზე ნასყიდობის საგნის ფასთან მიმართებით ან მისი განსაზღვრის წესზე შეთანხმებაზე და ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ ნასყიდონის საგნის მიწოდება ხორციელდებოდა მოპასუხის მოთხოვნით, მოთხოვნილ დროში და მოთხოვილი ოდენობით, რა დროსაც სასაქონლო ზედდებულთან ერთდ ხდებოდა სპეციალური საგადასახდო ანგარიშფაქტურის ელექტრონული წესით გამოწერა, სადაც ფიქსირდებოდა ნასყიდობის საგნის რაოდენობა და მიწოდებული პროდუქციის ღირებულება რაც მიეწოდებოდა მოპასუხეს მის მიერ განსაზღვრულ ადგილზე, რასაც იგი იბარებდა, ხოლო სპეცაილურ საგადასახდო ანგარიშფაქტურას ელექტრონულად ადასტურებდა. შესაძლებელია სხვადასხვა დროს მიწოდებული ნავთობის ბიტუმს სხვადასხვა ფასი ქონდა. მოპასუხე მხარე უარყოფს მოსარჩელესთან ერთიანი ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებით ბიტუმის შესყიდვას.
სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რის გამოხატულებაცაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლი რომლითაც თვითვეულ მხარეს ეკისრება სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემებების მტკიცების ტვირთი. იმის მტკიცების ტვირთი, რომ მხარეებს შორის დადებული იყო ერთიანი ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება რის ფარგლებშიც მოქმედებდა მოსარჩელე მოდის მოსარჩელეზე (პოზიტიური გარემოების მტკიცება), რომელმაც ვერ დაამტკიცა სარჩელში მითითებული აღნიშნული ფაქრობრივი გარემოება, რის გამოც მხარეთა წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მხარეებს შორის ერთიანი ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება არ არსებობდა მოსარჩელე მხარის მიერ თვითვეული მიწოდების დროს მხარეებს შორის იდებოდა დამოუკიდებელი ნასყიდობის ხელშეკრულებები.
5. მხარეებს შორის 08.07.2014 წელს დაიდო ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე როგორც გამყიდველი, მოპასუხეს როგორც მყიდველს მოპასუხის მიერ განსაზღვრულ ადგილას მიაწვდიდა მოპასუხის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ნასყიოდბის საგანს ნავთობის ბიტუმს, მოსარჩელესთან მის მიერ საგადასახდო ანგარიშფაქტურის გამოწერის დროს არსებული ნავთობის ბიტუმის ფასის შესაბამისად. კერძოდ უნდა მიეწოდებინა 27860.18 ლარის ღირებულების 21875 კგ ნავთობის ბიტუმი, რაც მოსარჩელემ შეასრულა, ხოლო მოპასუხემ მიიღო და აღნიშნულ ნასყიდონის ხელშეკრულებაზე გააჩნია მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება.
სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რის გამოხატულებაცაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლი რომლითაც თვითვეულ მხარეს ეკისრება სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემებების მტკიცების ტვირთი. იმის მტკიცების ტვირთი, რომ მხარეებს შორის 08.07.2014 წელს დაიდო ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელე მოდის მოსარჩელეზე (პოზიტიური გარემოების მტკიცება), რომელმაც სასამართლოს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა სპეციალურის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების არსებობა მარტო ელექტრონული საგადასახდო ანგარიშფაქტურებით არ შეიძლება დადასტურდეს, ვინაიდან ანგარიშფაქტურა წარმოადგენს საგადასახადო დოკუმენტს დამატებითი ღირებულების გადასახდის და ბიუჯეტთან ანგარისსწორებისათვის. მხოლოდ საგადასახდო ანგარიშფაქტურით ხელშეკრულების პირობები არ შეიძლება იქნეს დადგენილი, ვინაიდან მასში არ მიეთითება ნასყიდობის ერთეული ფასი არამედ მიეთითება საქონლის ოდენობა და საქონლის ღირებულების ერთიანი ფასი. ამასთან ელექტრონული საგადასახდო ანგარიშფაქტურას ამოწერს გამყიდველი, რისი დადასტურების ვალდებულებაც აქვს მყიდველს თუ იგი მიიღებს გამყიდველისაგან ნასყიდობის საგანს, რათა მშემდგომში მოხდეს გამყიდველის მიერ გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნება ან ჩათვლა. ამდენად იმის მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხე მხარემ დაადასტურა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, მოდის მოსარჩელე მხარეზე, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა მოპასუხისათვის ნასყიდობის საგნის მიწოდების ფაქტობრივი გარემოება და მოპასუხის მიერ ელექტრონული საგადასახდო ანგარიშფაქტურის დადასტურების მტკიცებულება. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ რაც შეეხება საქონლის მიწოდებას-ვალდებულების შესრულებას ნასყიდობის საგნის გადაცემასთან დაკავშირებით იგი შეიძლება დადასტურდეს თუ მხარეები იურიდიული პირები არიან სასაქონლო ზედებულით, რომელიც ასევე წარმოადგენს საბუღალტრო დოკუმენტს, რის გარეშეც ტვირთის ტრანპორტირება აკრძალულია და საქონლის მიღებისას იგი დასტურდება მიმღების მიერ ხელმოწერით რაც ორივე მხარესთან ინახება და რაც ასევე მოსარჩელე მხარეს არ წარმოადგინა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხე მხარემ აღიარა მოსარჩელის მიმართ არსებული შეუსრულებელი ვალდებულება 08.07.2014 წელს #1----- საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული 27860.18 ლარის ოდენობით, რის გამოც სასამართლოს აღნიშნული გარემოება მასში მითითებული ოდენობით მოპასუხის აღიარებიდან გამომდინარე დადასტურებულად მიაჩნია.
6. მხარეებს შორის 17.10.2014 წელს დაიდო ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება,რომლითაც მოსარჩელე როგორც გამყიდველი, მოპასუხეს როგორც მყიდველს მოპასუხის მიერ განსაზღვრულ ადგილას მიაწვდიდა მოპასუხის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ნასყიოდბის საგანს ნავთობის ბიტუმს, მოსარჩელესთან მის მიერ საგადასახდო ანგარიშფაქტურის გამოწერის დროს არსებული ნავთობის ბიტუმის ფასის შესაბამისად. კერძოდ უნდა მიეწოდებინა 32943.56 ლარის ღირებულების 24420 კგ და 32107.15 ლარის ღირებულების 23800 ლარის ღირებულების ნავთობის ბიტუმი, რაც მოსარჩელემ შეასრულა, ხოლო მოპასუხემ მიიღო და აღნიშნულ ნასყიდონის ხელშეკრულებაზე გააჩნია მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება. სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რის გამოხატულებაცაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლი რომლითაც თვითვეულ მხარეს ეკისრება სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემებების მტკიცების ტვირთი. იმის მტკიცების ტვირთი, რომ მხარეებს შორის 17.10.2014 წელს დაიდო ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელე მოდის მოსარჩელეზე (პოზიტიური გარემოების მტკიცება), რომელმაც სასამართლოს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა სპეციალურის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების არსებობა მარტო ელექტრონული საგადასახდო ანგარიშფაქტურებით არ შეიძლება დადასტურდეს, ვინაიდან ანგარიშფაქტურა წარმოადგენს საგადასახადო დოკუმენტს დამატებითი ღირებულების გადასახდის და ბიუჯეტთან ანგარისსწორებისათვის. მხოლოდ საგადასახდო ანგარიშფაქტურით ხელშეკრულების პირობები არ შეიძლება იქნეს დადგენილი, ვინაიდან მასში არ მიეთითება ნასყიდობის ერთეული ფასი არამედ მიეთითება საქონლის ოდენობა და საქონლის ღირებულების ერთიანი ფასი. ამასთან ელექტრონული საგადასახდო ანგარიშფაქტურას ამოწერს გამყიდველი, რისი დადასტურების ვალდებულებაც აქვს მყიდველს თუ იგი მიიღებს გამყიდველისაგან ნასყიდობის საგანს, რათა მშემდგომში მოხდეს გამყიდველის მიერ გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნება ან ჩათვლა. ამდენად იმის მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხე მხარემ დაადასტურა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, მოდის მოსარჩელე მხარეზე, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა მოპასუხისათვის ნასყიდობის საგნის მიწოდების ფაქტობრივი გარემოება და მოპასუხის მიერ ელექტრონული საგადასახდო ანგარიშფაქტურის დადასტურების მტკიცებულება. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ რაც შეეხება საქონლის მიწოდებას-ვალდებულების შესრულებას ნასყიდობის საგნის გადაცემასთან დაკავშირებით იგი შეიძლება დადასტურდეს თუ მხარეები იურიდიული პირები არიან სასაქონლო ზედებულით, რომელიც ასევე წარმოადგენს საბუღალტრო დოკუმენტს, რის გარეშეც ტვირთის ტრანპორტირება აკრძალულია და საქონლის მიღებისას იგი დასტურდება მიმღების მიერ ხელმოწერით რაც ორივე მხარესთან ინახება და რაც ასევე მოსარჩელე მხარეს არ წარმოადგინა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხე მხარემ აღიარა მოსარჩელის მიმართ არსებული შეუსრულებელი ვალდებულება 17.10.2014 წელს #1----- და #1----- სადადასახადო ანგარიშფაქტურებში მითითებული 32943.56 ლარის და 32107.15 ლარის ოდენობით, რის გამოც სასამართლოს აღნიშნული გარემოება მითითებული მოდენობებით მოპასუხის აღიარებიდან გამომდინარე დადასტურებულად მიაჩნია.
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დააკმაყოფილებაზე უარის ნაწილში (267089.11 ლარი) სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ჯ----–------მა’’. აპელანტის განმარტებით:
7.1 სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა ერთიანი ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება ბიტუმის შესყიდვის თაობაზე. სასამართლომ არასწორად მიუთითა ასევე ასევე იმ გარემოებაზე, რომ თითქოსდა მოპასუხე მხარე უარყოდა ნასყიდობის ხელშეკრულებისა და პროდუქციის (ნავთობპროდუქტების) სპეციალური საგადასახდო ანგარიშფაქტურებით მიწოდების ფაქტს. აპელანტის განმარტებით, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე წარმოდგენილ შესაგებელში აპელანტის მიერ მითითებულ პირველ ფაქტობრივ გარემოებაზე მოპასუხე მხარემ მიუთითა და დაადასტურა ის გარემოება, რომ შპს ,,ჯ----–------ი’’ 2013 წლის აგვისტოს თვიდან მართლაც ახდენდა მათთვის პროდუქციის მიწოდებას, ხოლო ეს უკანასკნელი კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, მხარემ განმარტა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში აპელანტს მისგან მიღებული აქვს სოლიდური თანხები. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეს არც ახსნა-განმარტების ეტაპზე უარყვია მხარეთა მიერ ერთიანი ზეპირი ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, ამასთან, ამ ეტაპზე მხარეს სადავოდ არ გაუხდია სარჩელში მითითებული პროდუქციის მიწოდების ფაქტი. (სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურები)
7.2 სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა არ შეიძლება დადგენილ იქნეს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურით, ვინაიდან, მასში არ არის მითითებული ერთეულის ფასი, ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახდო ანგარიშფაქტურის დადასტურების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს, ხოლო მან სასამართლოს ვერ წარუდგინა მოპასუხისათვის ნასყიდობის საგნის მიწოდების ფაქტობრივი გარემოება და მოპასუხის მიერ ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის დადასტურების მტკიცებულება. სასამართლოს მიერ არ იქნა გაანალიზებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურების ამოწერის/გაცემის სამართლებრივი წინაპირობები/რეგულაციები; კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურების ბუნება და მის გაცემასთან დაკავშირებული თავისებურებები; აპელანტის განმარტებით, განსხვავებით საგადასახდო ანგარიშფაქტურებისაგან, რომელზედაც კეთდება პროგრამულად აღნიშვნა ,,დადასტურებულია’’, ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშფაქტურები ექვემდებარება სპეციალურ აღრიცხვას და მასზე არ ხდება მითითება ,,დადასტურებულია’’, შესაბამისად, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო და არ განასხვავა სპეციალური და არასპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელიც საჭიროებს აღრიცხვისა და დადასტურების განსხვავებულ ეტაპებს; აპელანტი განმარტავს, რომ საგადასახადო რეგულაციებისა და ინსტრუქციის თანახმად, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, მინიჭებული აქვს უნივერსალური/მაიდენტიფიცირებელი შვიდრიცხვიანი შტრიხ კოდი. აღნიშნული კოდი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას ენიჭება შემოსავლების სამსახურის სპეციალური პროგრამის მიერ ავტომატურად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეორე მხარის (საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიმღების) მიერ განხორციელდა შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის პროგრამული დადასტურება, ამასთან, მხოლოდ მეორე მხარის მიერ საგადასახო ანგარიშფაქტურის დადასტურების შემდეგ ხდება პროგრამულად ტრანსპორტირების დაწყების ელექტროული ველის გააქტიურება და შესაბამისი თარიღის მითითება. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთაც მინიჭებული აქვთ დამოუკიდებელი განსხვავებული შტრიხ კოდი და ტრანსპორტირების დაწყების დრო/თარიღი, შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი თითოეული ანგარიშფაქტურა და მასში მითითებული პროდუქცია მხარის მიერ მიღებულ-დადასტურებულია.
7.3 აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ ასევე არასწორად იქნა ანმარტებული ის გარემოება, რომლის თანახმად ანგარიშფაქტურაში არ არის მოცემული და დაუდგენელია ნასყიდობის საგნის ერთეულის ფასი. წარმოდგენილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებში მოცემულია კონკრეტული, მიწოდებული საქონლის დასახელება, პროდუქციის ზომის ერთეული, მიწოდებული საქონლის რაოდენობა და ჯამური ღირებულება, შესაბამისად, დადგენადია მხარეთა მიერ თითოეული ერთეული შესყიდვისათვის განსაზღვრული ფასიც.
7.4. სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მხარის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხის მიერ სადავოდ არ გამხდარა მისთვის მოსარჩელის მიერ პროდუქციის მიწოდების ფაქტი, უფრო მეტიც, მხარემ თავად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ჯ----–------ი’’ მას 2013 წლის აგვისტოდან აწვდიდა პროდუქციას და მას გადახდილი აქვს მოსარჩელისათვის ხოლიდური თანხმები. სასასამართლომ მხარის პოზიცია არასწორად განმარტა იმგვარად, თითქოს მოპასუხე მხარეს მიეწოდა მხოლოდ 92 910.89 ლარის ღირებულების პროდუქცია, რომლის ღირებულებაც მის მიერ არ იქნა გადახდილი, შესაბამისად, თუ მხარეს საერთოდ არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება მასსა და მოპასუხეს შორის არსებული ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მაშინ გაურკვეველია, თუ რომელი სოლიდური თანხების გადახდაზე საუბრობდა მოპასუხე საქმის მოსამზადებელ ეტაპზე წარმოდგენილ შესაგებელში.
სამოტივაციო ნაწილი
8. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილეს, უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
9. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისად არ ყოფილა გამოკვლეული, ამასთან საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მიეცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სასამართლოს მიერ გაკეთდა არასწორი სამართლებრივი დასკვნები და საბოლოოდ მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.
10. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე მხარეებს შორის რა სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა. ამ თვალსაზრისით პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. წარმოდგენილი სარჩელი ეფუძნება მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და მოსარჩელის მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლია.აღნიშნული მუხლის სისტემური, ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად, მყიდველს შესასყიდი საქონლის საფასურის გადახდის ვალდებულება მას შემდეგ წარმოეშობა, რაც გამყიდველი საქონლის ანდა საქონელთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მყიდველისათვის გადაცემის ვალდებულებას შეასრულებს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
განსახილველ შემხთვევაში, აპელანტმა მტკიცებულებების სახით წარმოადგინა სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლითაც ის ამტკიცებს ერთიანი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ მის მიმართ შესასრულებელი დარჩენილი ვალდებულების - 267 089.11 ლარის არსებობას.
პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ელექტრონული ანგარიშფაქტურების საფუძველზე ვერ დადგინდება მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობისა და მის საფუძველზე მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტის არსებობა იმ საფუძვლით, რომ ანგარიშფაქტურა წარმოადგენს მხოლოდ საგადასახადო დოკუმენტს დამატებითი ღირებულების გადასახადისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისათვის და ამასთან, მასში არ მიეთითება ნასყიდობის ერთეული ფასი.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის არ მომხდარა ერთიანი ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. აღნიშნული მოსაზრება ემყარება იმ გარემოებას ,რომ ელექტრონულ-ანგარიშფაქტურაში არ არის მოცემული ნასყიდობის საგნის ერთეულის ფასი, შესაბამისად არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის აუცილებელ არსებით პირობაზე-ფასზე. პალატა განმარტავს, რომ მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლიდან გამომდინარე, ნასყიდობის ფასზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში ნასყიდობის ხელშკერულება დადებულად არ ითვლება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურები ასახავს როგორც მიწოდეული საქონლის დასახელებას, ასევე მის რაოდენობასა და ჯამური ღირებულებას. შესაბამისად, დადგენადია ნავთობის ბიტუმის ერთეულის ფასი.
პალატა მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველ ნაწილს რომლის თანახმად, საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა. საგადასახადო ანგარიშფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით. ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშფაქტურას, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტად არ მიიჩნევა. ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა დადგენილი წესით დადასტურებას საჭიროებს. ელექტრონული ფორმით საგადასახადო ანგარიშფაქტურის დასადასტურებლად პირი შემოსავლების სამსახურების ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა იყოს ავტორიზებული, ანუ პირს უნდა ჰქონდეს ელექტრონულ სისტემის წვდომისათვის საჭირო ინფორმაცია: პირადი ნომერი და პაროლი, რაც მხოლოდ მომხმარებლისათვის არის ცნობილი.საგადასახადო ანგარიშფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით. ანგარიშფაქტურა საგადასახადო-სამართლებრივ ურთიერთობებში ცვლის როგორც სასაქონლო ზედნადებს, ისე საგადასახადო ანგარი-ფაქტურას (მათ შორის, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს) და მისი გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რომლებიც სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურების) გამოწერისას/გამოუწერლობისას. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სერვისი მოიცავს საქონლისა და მომსახურების მიწოდების რთული პროცესების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგიკური ჯაჭვით. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამომწერი (გამყიდველი), ასევე, მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ანგარიშ-ფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას. (იხ. სუს ას-599-574-2016 23.09.2016)
პალატა სრულად იზიარებს აპელანტის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელიც საჭიროებს აღრიცხვისა და დადასტურების განსხვავებულ ეტაპებს. მოცემულ დავაზე წარმოდგენილ ანგარიშფაქტურებს მინიჭებული აქვს უნივერსალური/მაიდენტიფიცირებული შვიდრიცხვიანი შტრიხ კოდი. აღნიშნული კოდი კი საგადასახადო ანგარიშფაქტურას ენიჭება შემოსავლების სამსახურის სპეციალური პროგრამის მიერ ავტომატურად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეორე მხარის (საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიმღების)მიერ განხორციელდა შესაბამისი ანგარიშფაქტურის პროგრამული დადასტურება. ამასთან, მხოლოდ მეორე მხარის მიერ საგადასახადო ანგარიშფაქტურის დადასტურების შემდეგ ხდება პროგრამული ტრანსპორტირების დაწყების ელექტრონული ველის გააქტიურება და შესაბამისი თარიღის მითითება.
პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, როგორც მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტის, ისე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების დადასტურება. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.
პალატამ შეისწავლა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, როგორც მტკიცებულება, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, ამასთან, პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი ელექტრონული ანგარიშფაქტურებით შესაძლოა დადასტურებულ იქნას მხარის მიერ ნასყიდობის ხელშკერულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით- საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, დასტურდება მყიდველის მიერ ნავთობის ბიტუმის მიღება. საქმეში წარმოდგენილ ყველა ელექტრონულ ანგარიშ-ფაქტურას მინიჭებული აქვს ინდივიდუალური, მაიდენტიფიცირებელი შტრიხკოდი, რომლის მინიჭების წინაპირობას წარმოადგენს მყიდველის მიერ შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის პროგრამული დადასტურება, რომელსაც შედეგად მოჰყვება საქონლის ტრანსპორტირება. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილ ელექტრონულ ანგარიშ-ფაქტურებზე არსებული ინდივიდუალური შტრიხკოდები წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული ანგარიშფაქტურები დადასტურებულ იქნა მოპასუხე მხარის მიერ ელექტრონულად, რასაც შედეგად მოჰყვა მის მიერ ნავთობის ბიტუმის მიღება.
11. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების (ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისა და ამის საფუძველზე მოპასუხე მხარის მიერ შესასრულებელი ვალდებულების წარმოშობის) დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება- ელექტრონული ანგარიშფაქტურა. მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში პალატა მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლების თაობაზე მოპასუხის ვალდებულებაზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ვერ გაართვა თავი აღნიშნული ვალდებულების შესრულებას: მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მას არ წარმოუდგენია საპირისპირო ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნული გარემოება კი, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საკმარისი წინაპირობაა.
12. საპროცესო ხარჯები. აპელანტის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იქნა წინასწარ. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში ბაჟის სახით შეტანილი (212.68 + 7000) 7212.68 ლარის გადახდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანხმად.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ჯ----–------ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს რუსთავის საქაალქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს ,,გ---------------ს’’ დაეკისროს შპს ,,ჯ----–------ის’’ სასარგებლოდ 267 089.11 ლარის გადახდა.
4. შპს ,,გ---------------ს’’ დაეკისროს შპს ,,ჯ----–------ის’’ სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში (212.68 + 7000) 7212.68 ლარის გადახდა.
5. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /დიანა ბერეკაშვილი /
მოსამართლეები: /ლევან გვარამია/
/ვანო წიკლაური /