განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080311217002161885 (3/ბ-58-18წ.)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 თებერვალი, 2018 წელი ქალაქ ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
საჩივრის ავტორი -ინდ.მეწარმე ,,მ----------------ი”
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური
მესამე პირი - ხ-----------------ე
დავის საგანი − ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია
გასაჩივრებული ბრძანება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის ბრძანება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული ბრძანების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება
2017 წლის 07 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის, ინდ.მეწარმე ,,მ----------------ის’’ აღიარებული საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად ხ-----------------ე ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია.
საგადასახადო ორგანოს აღნიშვნით, ინდ.მეწარმე ,,მ----------------ის’’ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 25 მაისის №0------ ბრძანებით ყადაღა დაედო ხ-----------------ის საგადასახადო გირავნობა-იპოთეკით დატვირთულ ქონებას. ინდ. მეწარმე ,,მ----------------ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს - 13 423.39 ლარს, მათ შორის ძირითადი - 131.73 ლარი, ჯარიმა-13 217.82 ლარი, საურავი - 73.84 ლარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის ბრძანებით დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და ღია აუქციონის წესით რეალიზაციას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის ინდ.მეწარმე ,,მ----------------ის“ დავალიანების დაფარვის მიზნით ხ-----------------ის ყადაღადადებული ქონება აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში.
ზემოაღნიშნულ ბრძანებაზე საჩივარი შეიტანა ინდ.მეწარმე ,,მ----------------მა“, რომელიც არ ეთანხმება გასაჩივრებულ ბრძანებას და ითხოვს მის გაუქმებას, რადგან სურს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების გაფორმება და მრავალშვილიანი დედის სტატუსის მიღება.
გასაჩივრებული ბრძანების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო სასამართლომ გააანალიზა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სსკ 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათაგან ერთ-ერთს. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება საგადასახადო ორგანოს უფლებაა და ამ უფლების რეალიზაცია ხდება მხოლოდ კანონით განსაზღვრული წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქონებისა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებს საგადასახადო ორგანო.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლით, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელის მიხედვით.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ მ----------------ი, საიდენტიფიკაციო კოდი - 1---------- იურიდიული მისამართი - ქუთაისი, ს---–--------- გამზირი №--, ბინა №-- ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2011 წლის 06 დეკემბრიდან (ს.ფ. 28).
საგადასახადო კოდექსის 239.1 მუხლით, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება საგადასახადო კოდექსის 241-242-? ???????? შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 25 მაისის №0------ ბრძანებით, ყადაღა დაედო ხ-----------------ის საკუთრებაში არსებულ, ინდ.მეწარმე ,,მ----------------ის’’ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს).
ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტში ჩამოთვლილია შემდეგი ქონება:
- უძრავი ქონება მდებარე ქ.ქუთაისში ს---–--------- გამზირის №---ში ს/კ. 0------------------.
2017 წლის 25 იანვრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ქ.ქუთაისში, ს---–--------- 63-ში მდებარე უძრავი ქონების, რომლის საკადასტრო კოდია 0------------------ მესაკუთრეა - ხ-----------------ე (ს.ფ. 29).
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის 2017 წლის 0-------------ის №0-------- დასკვნის თანახმად, ქ.ქუთაისში ს---–--------- გამზირის №---ში მდებარე უძრავი ქონების (ს.კ.0------------------) საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ დღეის მდგომარეობით შეადგინა 16 000 ლარი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი შედარების აქტით, 2018 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის 06 თებერვლის მდგომარეობით, ინდ.მეწარმე ,,მ----------------ის“ ს/კ. 1----------, აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა: ძირითადი თანხა - 407.66 ლარი, ჯარიმა-13 217.82 ლარი, საურავი - 87.27 ლარი.
ზემოთ მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტებს, რაც გააქარწყლებს შუამდგომლობის ავტორის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო ვალდებულების არსებობისა და ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად სხვა ვალდებული პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ. ამდენად, საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის ბრძანება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2123-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს
1. ინდ.მეწარმე ,,მ----------------ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის ბრძანება;
3. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე