განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010610018002286297 (3/ბ-110-18 წ)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)
გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის VII1 თავით დადგენილი წესით, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შპს ,,ნ-----------------------ის“ დირექტორის პ------–---------ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის ბრძანების კანონიერებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 02 თებერვალს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და შპს ,,ნ-----------------------ის“ სამეწარმეო საქმიანობის შემოწმებული პერიოდის ხელახალი თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანების გაცემა მოითხოვა.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–--------------ის №----- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,ნ-----------------------ის” სამეწარმეო საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება თანდართული პროგრამის მიხედვით. ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2014 წლის 01 იანვრიდან - 2017 წლის 01 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგად 2017 წლის 2------------ს შედგა შპს ,,ნ-----------------------ის” საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ჯამურად დაერიცხა 202 803 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 132 355 ლარი და ჯარიმა - 70 448 ლარი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის N0----------- საქმე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებისა და დიდი ოდენობით გადასახადის გადახდისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას ინფორმაციით, შპს ,,ნ-----------------------ის” მიერ, 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, გამოწერილ ცალკეულ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებში მითითებული სასაქონლო ოპერაციები არ განხორციელებულა. კერძოდ, გადამხდელის მიერ 2017 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში დოკუმენტით რეალიზებულია ნაჭუჭგაცლილი კაკალი, რომელზეც გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები. ზედნადებებში მითითებული პროდუქციის სარეალიზაციო თანხა დღგ-ის გარეშე ჯამურად შეადგენს 925 519 ლარს, ხოლო რეალიზაციის საშუალო ფასნამატი 10%-ს. ბიუჯეტის წინაშე გადამხდელის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დადგენისა და განსაზღვრის მიზნით, საჭიროა მეწარმის საქმიანობის უკვე შემოწმებული პერიოდის ხელახალი თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება 2014 წლის 01 იანვრიდან - 2017 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში.
შუამდგომლობის ავტორი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII1 თავით დადგენილი პროცედურის დაცვით, ითხოვს - ნება დაერთოს სსიპ შემოსავლების სამსახურს, განახორციელოს შპს ,,ნ-----------------------ის” (ს/ნ 4--------) იურიდიული მისამართი (ქ.ბათუმი, თ------------ გამზირი №--) საქმიანობის უკვე შემოწმებული პერიოდის ხელახალი საგადასახადო შემოწმება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 თებერვლის ბრძანებით შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნება დაერთო ჩაატაროს შპს ,,ნ-----------------------ის“ (ს/ნ 4--------, იურიდიული მისამართი: ქ.ბათუმი თ------------ გამზირი N--) საქმიანობის, გასვლითი საგადასახადო შემოწმებით უკვე შემოწმებული პერიოდის ხელახალი თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2014 წლის 01 იანვრიდან - 2017 წლის 01 ოქტომბრამდე. ბრძანების მოქმედების და შემოწმების ვადა განისაზღვროს შემოწმების დაწყებიდან 15 (თხუთმეტი) დღით.
საქალაქო სასამართლოს ბრძანება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა შპს ,,ნ-----------------------ის“ დირექტორმა პ------–---------ემ. მომჩივნის აღნიშვნით, უსაფუძვლოა შემოსავლების სამსახურის მოსაზრება გამოძიების მასალებზე დაყრდნობით შემოწმების განმეორებით ჩატარების შესახებ, რადგან დოკუმენტის სიყალბე არ არის დადგენილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება/გადაწყვეტილებით, ეს მხოლოდ გამოძიების ვარაუდია, მითუმეტეს, რომ კომპანიის დირექტორს ან სხვა უფლებამოსილ პირს ბრალიც კი არ აქვს წარდგენილი სავარაუდო დანაშაულის ჩადენის გამო ყალბი დოკუმენტის შექმნასა და გამოყენებაზე. ამდენად, მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე უკვე შემოწმებული საწარმოს თავიდან შემოწმების მოთხოვნა დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, წარმოდგენილ მასალებში საუბარია 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე, რა პერიოდშიც გამოიწერა თითქოსდა ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტი, ხოლო შემოწმებას რატომღაც ითხოვენ 2014, 2015, 2016 წლებზეც, რაც ასევე დაუსაბუთებელია.
გასაჩივრებული ბრძანების გაუქმებისა და შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება
სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა, გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ შპს ,,ნ-----------------------ის“ დირექტორის პ------–---------ის საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება გააკონტროლოს მხოლოდ მაკონტროლებელმა ორგანომ. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მეწარმის სამეწარმეო საქმიანობის შემოწმების წინადადებით სხვა სახელმწიფო ორგანომ შეიძლება მიმართოს მაკონტროლებელ ორგანოს ან სასამართლოს. ამავე კანონის 3.7 მუხლის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრული საკითხის მოსამართლის მიერ განხილვისა და გადაწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 211 მუხლის მიხედვით, ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ან მაგისტრატი მოსამართლე მეწარმის ადგილსამყოფლის მიხედვით.
2018 წლის 02 თებერვალს შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და შპს ,,ნ-----------------------ის“ სამეწარმეო საქმიანობის შემოწმებული პერიოდის ხელახალი თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანების გაცემა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის ბრძანებით შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შემოსავლების სამსახურს ნება დაერთო ჩაატაროს, შპს ,,ნ-----------------------ის“ (ს/ნ 4-------- იურიდიული მისამართი: ქ.ბათუმი თ------------ გამზირი N--) საქმიანობის, გასვლითი საგადასახადო შემოწმებით უკვე შემოწმებული პერიოდის ხელახალი თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2014 წლის 01 იანვრიდან - 2017 წლის 01 ოქტომბრამდე.
ზემოაღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა შპს ,,ნ-----------------------ის“ დირექტორმა პ------–---------ემ, რომელმაც გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება მოითხოვა.
საქმეში დაცული 2018 წლის 2--------ის N7--------- სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ 2017 წლის 2------------ს შედგა შპს ,,ნ-----------------------ის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ჯამურად დაერიცხა - 202 803 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 132 355 ლარი და ჯარიმა - 70 448 ლარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილით, რომელიც 2018 წლის 18 იანვარს ფოსტის მეშვეობით მიიღო შემოსავლების სამსახურმა, მათთვის ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე N0----------- ყალბი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებისა და დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე გამოძიებით გაირკვა, რომ შპს ,,ნ-----------------------ის“ მიერ 2017 წლის საანგარიშო პერიოდში გამოწერილ ცალკეულ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებში მითითებული სასაქონლო ოპერაციები რეალურად არ განხორციელებულა, კერძოდ, გადამხდელის მიერ 2017 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის თვეებში დოკუმენტით რეალიზებულია ნაჭუჭგაცლილი კაკალი, რომელზეც გამოწერილია სავარაუდოდ ყალბი სასაქონლო ზედნადებები. ზემოაღნიშნულ ზედნადევბებში მითითებული პროდუქციის სარეალიზაციო თანხა, დღგ-ის გარეშე, ჯამურად შეადგენს 925 519 ლარს, ხოლო რეალიზაციის საშუალო ფასნამატი 10%-ს.
საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ 1-----2010წ რეგისტრირებული საწარმოს - შპს ,,ნ-----------------------ის“ საიდენტიფიკაციო ნომერია 4--------, იურიდიული მისამართი - საქართველო, ბათუმი,თ------------ გამზირი N--. კომპანიის 100% წილის მესაკუთრე და დირექტორია - პ------–---------ე (პ/ნ. 6----------).
შპს ,,ნ-----------------------ის“ დირექტორის პ------–---------ის მოსაზრებით, წარმოდგენილ მასალებში საუბარია 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე, როცა თითქოსდა ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტი აღმოაჩინეს, ხოლო შემოწმებას ითხოვენ 2014, 2015, 2016 წლებზე, თუმცა რატომ, _ ეს არ არის დასაბუთებული, რაც ადასტურებს, რომ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა კომპანიის განმეორებით საგადასახადო შემოწმების ნებართვის გაცემის შესახებ არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლის განხორციელება. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება. 255-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლი ხორციელდება მოსამართლის ბრძანების გარეშე, გარდა ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებულ პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი. 263-ე მუხლის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე. კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე. თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას, კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს.
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.3 მუხლის მიხედვით, მოსამართლე ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაკონტროლებელი ორგანო მას წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვით მეწარმის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა შეიცავს შესაბამის ინფორმაციას დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვით მეწარმის მიერ 2017 წლის იანვრიდან - იმავე წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაძლო დარღვევის შესახებ. ამდენად, სააპელაციო პალატის აზრით, სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და სსიპ შემოსავლების სამსახურს ნება უნდა დაერთოს განახორციელოს შპს ,,ნ-----------------------ის’’ (ს/ნ 4--------, იურიდიული მისამართი: ქ.ბათუმი თ------------ გამზირი N--) 2017 წლის 01 იანვრიდან - 2017 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში საქმიანობის ხელახალი თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 212 - 213 მუხლებით
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს
1. შპს „ნ-----------------------ის“ საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის ბრძანება;
3. სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - ნება დაერთოს სსიპ შემოსავლების სამსახურს განახორციელოს შპს „ნ-----------------------ის“ (ს/ნ. 4--------, იურიდიული მისამართი: ქ. ბათუმი, თ------------ გამზირი N--) საქმიანობის შემოწმებული პერიოდის ნაწილის (2017 წლის 01 იანვრიდან - 2017 წლის 01 ოქტომბრამდე) ხელახალი თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N7---------, 2-----2018 წერილში მითითებული საკითხის შესწავლის მიზნით;
4. შემოწმების პერიოდი განისაზღვროს 2017 წლის 01 იანვრიდან - 2017 წლის 01 ოქტომბრამდე;
5. ბრძანების მოქმედებისა და მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადა განისაზღვროს შემოწმების ფაქტობრივად დაწყებიდან 15 (თხუთმეტი) დღით;
6. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი