განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.01.2018
საქმის ნომერი
120310016001232315
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
26.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1203100160012-2-15

საქმე №3ბ/1168-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - თ------ თ----------–--ე

წარმომადგენელი - მ------- ქ-------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ ახალციხის მერია

წარმომადგენელი - თ------- ბ--------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებით თ------ თ----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2014 წლის 10 ნოემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს გ------- კ-----ეს განცხადებით მიმართა თ------ თ----------–--ემ და მიუთითა, რომ ქ. ა---––---ში, ივ. ა---––---ლის ქ. N---ში შეიძინა საცხოვრებელი სახლი და ითხოვა ნებართვა სახურავის გამოცვლაზე და ერთი სართულის დაშენებაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. ახალციხის მერიის 2015 წლის 2 დეკემბრის N- დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე; მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

2.2. ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 0---------წ. დადგენლებით მოქალაქე თ------ თ----------–--ე დაჯარიმდა 3000 ლარით მის მიერ ქალაქ ა---––---ში, ი---- ა---––---ლის ქ. N---ში, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მანსარდის მშენებლობისათვის.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. ახალციხის მერიის 2015 წლის 2 დეკემბრის N- დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე; 0---------წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N------;

 

2.3. ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 0---------წ. დადგენლებით მოქალაქე თ------ თ----------–--ეს დაევალა, მის მიერ ქალაქ ა---––---ში, ი---- ა---––---ლის N---ში უკანონოდ აშენებული მანსარდის დემონტაჟი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. ახალციხის მერიის 2015 წლის 2 დეკემბრის N- დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.

 

2.4. 2016 წლის 01 თებერვალს თ------ თ----------–--ის ადვოკატმა მ------- ქ-------ემ განცხადებით მიმართა ქ. ახალციხის მერს გ------- კ-----ეს და ითხოვა თ------ თ----------–--ეზე სანებართვო მოწმობის გაცემა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მ------- ქ-------ის 0---------წ. განცხადება;

 

2.5. ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2--------- წლის მიმართვით მ------- ქ-------ეს უარი ეთქვა საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2---------წ. N------ მიმართვა;

 

2.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 5 აპრილის დასკვნის თანახმად, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 22 თებერვლის N5--------- დასკვნის კველვით ნაწილში მითითებული რეკომენდაციები ნაწილობრივ არის შესრულებული. შენობის გარე კონტურზე გახსნილი შურფების ვიზუალური დათვალიერებით დგინდება, რომ გარე და შიდა მზიდი კედლებს ქვეშ საძირკვლები გაძლიერებულია. მანსარდის სართულზე კორექტირებული პროექტის მიხედვით სამუშაოები შეჩერებულია. მეორე სართულის გადახურვის ფილის, რომელშიც კიბის ღიობია გაჭრილი, გაძლიერების კონსტრუქცია აკმაყოფილებს ნორმატიულ მოთხოვნებს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 5 აპრილის საინჟინრო ექსპერტიზის N0-------6 დასკვნა.

 

3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.“ ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

 

ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული მიმართვები - ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2--------- წლის N------ და 2015 წლის 9 ნოემბრის N-8----- წერილები, რომლებითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

3.2. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

 

ამავე დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია არქიტექტურულ სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია მშენებლობის ნებართვის გაცემა; 44-ე პუნქტი მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას განმარტავს,როგორც მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისათვის უფლებამო-სილი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამშენებლო საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას;

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილების მე-20 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ხოლო მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქ/პ თანახმად, დამკვეთი ვალდებულია: მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

 

ამავე დადგენილების 33-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ა) ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს მშენებლობის შესაძლებლობაზე; გ) კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები. მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.

 

ხოლო 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომე-ლიც საჭი-როებს ახალ ნებართვას.

 

დადგენილების 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამკვეთი მშენებლობის ნებართვის მისაღებად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, და ინფორმაციას მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილების 54-ე მუხლი განსაზღვრავს მშენებლობის ნებართვის გაცემის წესს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ხოლო მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ხარვეზის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით. მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი მშენებლობის ნებართვის მაძიებელს. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ამ შემთხ-ვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილების 94-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა არის მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების კონტროლი, ასევე უნებართვო ან კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენა და მასზე კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება. მშენებლობის დამკვეთის მიერ დარღვევის გამოსწორების მიზნით მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მითითების/დავალების ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შესასრულებელ სამუშაოებს არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას არეგულირებს საქართველოს კანონი – პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2014 წლის 10 ნოემბერს თ------ თ----------–--ემ განაცხადებით მიმართა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტს მერს და ითხოვა ქ. ა---––---ში, ი---- ა---––---ლის ქ. N---ში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელება. ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი იქნა დასკვნა, რომლის თანახმად, თ----------–--ის მიერ წარმოებული სამუშაოები არის სამშენებლო ნორმების დარღვევით და უნებართვოდ შესრულებული, ამიტომ ექვემდებარება დემონტაჟს. 2014 წლის 1 დეკემბერს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა გასცა მითითება უკანონო მშენებლობის შეჩერების და მისი დემონტაჟის შესახებ. 2015 წლის 27 მარტს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა მ------- ქ-------ეს და გააფრთხილა დაუყოვნებლივ შეეჩერებინა უნებართვო მშენებლობა და მოეხდინა მანსარდის დაშენების დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში თ------ თ----------–--ის მიმართ გამოიყენებოდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები. აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტს მერს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი აქტი. ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისას, ადგილზე შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ თ------ თ----------–--ეს არ წარუდგენია შენობის გამაგრებითი სამუშაოების პროექტი, ვერ მიიღო მშენებლობის ნებართვა, მშენებლობა წარმოებულია ნებართვის გარეშე უკანონოდ. რის გამოც 2015 წლის 2 დეკემბრის დადგენლებით თ------ თ----------–--ე დაჯარიმდა 3000 ლარით და დაევალა უკანონოდ წარმოებული მშენებლობის დემონტაჟი.

 

2016 წლის 2- თებერვალს ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა თ------ თ----------–--ეს უარი უთხრა სანებართვო მოწმობის გაცემაზე. სასამართლომ განმარტა, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილებით ცალსახად არ არის განსაზღვრული, რომ მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა, რის შემდეგაც მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია გასცეს სანებართვო მოწმობა. თ------ თ----------–--ეს მერიამ უარი უთხრა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა სანებართვოს მოწმობის გაცემაზე.

 

3.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების მომზადება–გამოცემისას დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების გამოცემისას სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი. ამასთანავე არ დასტურდება, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თ------ თ----------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას დაევალოს ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტს მერს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს თანმდევ მოთხოვნას და დაკმაყოფილების საფუძველი იქნებოდა მხოლოდ მაშინ თუ სასამართლო დააკმაყოფილებდა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნას, შესაბამისად მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3.4. მოსარჩელის მეორე მოთხოვნას წარმოადგენს ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 2 დეკემბრის დადგენილების მე-2 პუნქტის (დემონტაჟის ნაწილში) ბათილად ცნობა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილი ჰქონდა სარჩელი, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ადმინისტარციული საქმის წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარჩელი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს, კერძოდ თ------ თ----------–--ეს არ გამოუყენებია ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა და ადმინისტრაციული აქტი არ გაუსაჩივრებია ზემდგომ ადმინისტარციულ ორგანოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინება დარჩა უცვლელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება, შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, აღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ ამ ნაწილშიც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

4. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 357-ე დადგენილების 54-ე მუხლის მე-7 ნაწილი. ამასთან, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

5.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ახალციხის რაიონული სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.2. სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

5.3. პალატა განმარტავს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილების პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №-- დადგენილება განმარტავს თუ რას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობა – ეს არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ;

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” დადგენილების 33-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა, კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები.

 

ხოლო 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

დადგენილების 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამკვეთი მშენებლობის ნებართვის მისაღებად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, და ინფორმაციას მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილების 54-ე მუხლი განსაზღვრავს მშენებლობის ნებართვის გაცემის წესს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კა-ნონით დადგენილი წესით. ხოლო მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ხარვეზის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით. მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი მშენებლობის ნებართვის მაძიებელს. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ამ შემთხ-ვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილების 94-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა არის მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების კონტროლი, ასევე უნებართვო ან კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენა და მასზე კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება. მშენებლობის დამკვეთის მიერ დარღვევის გამოსწორების მიზნით მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მითითების/დავალების ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შესასრულებელ სამუშაოებს არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას არეგულირებს საქართველოს კანონი – პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დავის საგანს წარმოადგენს თ------ თ----------–--ისათვის სანებართვო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2- თებერვლის მიმართვისა და ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 2 დეკემბრის დადგენილების მე-2 პუნქტის (დემონტაჟის ნაწილში) ბათილად ცნობა. ასევე, ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება თ------ თ----------–--ეზე სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ.

 

პალატა მიუთითებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 2 დეკემბრის დადგენილების თანახმად, თ------ თ----------–--ე დაჯარიმდა 3000 (სამი ათასი) ლარით მის მიერ ქ. ა---––---ში, ი---- ა---––---ლის ქუჩა N---ში, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მანსარდის მშენებლობისთვის. თ------ თ----------–--ეს დაევალა უკანონოდ აშენებული მანსარდის დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილი ჰქონდა სარჩელი. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ადმინისტარციული საქმის წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარჩელი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს, კერძოდ, თ------ თ----------–--ეს არ გამოუყენებია ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა და ადმინისტრაციული აქტი არ გაუსაჩივრებია ზემდგომ ადმინისტარციულ ორგანოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინება დარჩა უცვლელი.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 2- თებერვლის მიმართვით მ------- ქ-------ეს განემარტა, რომ აღსრულების საქმის წარმოების დასრულებამდე შეუძლებელია მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ მსჯელობა.

 

მოცემული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, პალატა, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილების თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია ამავე დადგენილების საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვა, რის შემდეგაც მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია გასცეს სანებართვო მოწმობა. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სანებართვოს მოწმობის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე მიმართვის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან თ------ თ----------–--ეს უარი ეთქვა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. ხოლო, რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ მოთხოვნაზე არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება.

 

5.4. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო ინსტანციაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემისას, ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის თ------ თ----------–--ის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. თ------ თ----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე ლევან მურუსიძე