განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 130210017001934518
საქმე №2ბ/5082-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ ცისკარიშვილი
І აპელანტები (მოწინააღმდეგე მხარეები): ლე------------ი, ლი---------------–--ე
წარმომადგენელი - მა--------ე
ІІ აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩი------------------------------------------------------------------–---–ი“
წარმომადგენლები: ოლ----------–--ე, მა-------------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ზინაის ანაზღაურება
І აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
ІІ აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ლე------------ის და ლი---------------–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩი-----------------------------------------------------------------–---–ს“ გადახდა 10 000 (ათი ათასი) ლარი ლე------------ის და ლი---------------–--ის სასარგებლოდ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელეთა თანასაკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხა–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვ-–----ში მდებარე უძრავ ნივთზე - 1509 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, და საცხოვრებელ სახლზე საკადასტრო კოდით 6----------- (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. І, ს.ფ.34-35);
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.2. მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული სახლი დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით. მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასაკობრივი ცვეთით და მშენებლობის დაბალი ხარისხით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად II-III ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობის შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საცხოვრებლად დროებით უვარგისია. საცხოვრებელ სახლზე შემდგომი ექსპლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარემ, გარდა შესაგებელში აღნიშნული არგუმენტებისა, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზიანებები მხოლოდ აფეთქებით სამუშაოებს არ გამოუწვევია.
2.3. მოსარჩელეთა უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 29 859 ლარი და 28 თეთრი; მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩი------------------------------------------------------------------–---–ის“ მიერ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისას განხორციელებული აფეთქებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მით უმეტეს, მიუთითებს რა მის დაუსაბუთებლობაზე, მოპასუხეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებულია, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასევე - ასაკობრივი ცვეთით და მშენებლობის დაბალი ხარისხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში არის ნაწილობრივი, შესაბამისად საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული ზიანის ოდენობა სრულად მოპასუხე მხარეს არ უნდა გადახდეს.
2.4. მოპასუხის განმარტებით მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მასში აღწერილი დაზიანებები 2012 წელსაც არსებობდა, რაზეც ნივთის მესაკუთრეს პრეტენზია არ დაუყენებია და სარჩელი, აღნიშნულზე, ასეთი მოთხოვნებისათვის დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ აღიძრა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას;
სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში არ წერია, რომ უძრავი ნივთის დაზიანებები წარმოშობილია 2012 წლამდე, - როგორც მოპასუხე აღნიშნავს და მას შემდეგ ის აღარ დაზიანებულა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აფეთქებითი სამუშაოები ახლაც არ მიმდინარეობს და მოსარჩელის უძრავი ნივთი ახლაც არ ზიანდება. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობა დაიწყო 2017 წლის 14 მარტის ექსპერტიზის დასკვნის შედგენის შემდეგ, - როდესაც სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მეშვეობით, მოსარჩელე მხარემ შეიტყო, რომ დაზიანებები მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 29 859,28 ლარი, თუმცა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასევე - ასაკობრივი ცვეთით და მშენებლობის დაბალი ხარისხით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერი იყო მოპასუხის მიერ გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირდა გონივრულ ოდენობამდე;
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩი-----------------------------------------------------------------–---–ს“ მოსარჩელეთა სასარგებლოდ დააკისრა 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
І აპელანტების სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტების მოსაზრებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და მისგან გამომდინარე ხარჯთაღრიცხვა არ იქნა შეფასებული ერთმანეთთან შესაბამისობაში.
3.1.2. აპელანტები უთითებენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტავენ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა იგი მტკიცებულებების შეფასებისას, გაიზიარა მოპასუხის ახსნა-განმარებები, თუმცა მან ვერ წარმოადგინა საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად. სასამართლომ გადაწყვეტილებაში ვერ დაასაბუთა, თუ რატომ იყო საკმარისი 10 000 ლარი იმ დაზიანებების აღსადგენად, რაც მოპასუხის ბრალეულობით მიადგა მოსარჩელეს.
ІІ აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპეტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია, საპროექტო-სახარჯათაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნიდან. გარდა ამისა გასულია დელიქტით გამოწვეული მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, რადგან საექსპერტო დასკვნის მიხედვით დაზიანებები უკვე არსებობდა 2012 წელს, სარჩელი კი 2017 წლის მაისში აღიძრა. სასამართლო გვერდს უვლის იმას, რომ მხარემ ასევე განაცხადა, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები მათი ბრალით არ იყო გამოწვეული და რომ მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ვერ ადასტურებს, რომ დაზიანებები ნაწილობრივ წარმოშობილი იყო აპელანტის ბრალით.
3.2.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე მათ ნაწილობრივი ბრალიც არ უღიარებიათ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში.
3.2.3. ექსპერტიზის დასკვნაში ექსპერტის მიერ არ არის ახსნილი რის საფუძველზე მივიდა იგი ხსენებულ დაკვნამდე და რის საფუძველზე დაადგინა 2017 წელში ანუ 5 წლის გასვლის შემდეგ, რომ დაზიანება აუცილებლად გამოწვეულია აფეთქებების შედეგად და არა რომელიმე ბუნებრივი მოვლენით. ექსპერტს არ შეუმოწმებია და არ დაუდგენია აფეთქების მუხტების სიმძლავრე, არ მოუთხოვია არანაერი დოკუმენტაცია მხარის კომპანიიდან, რომლითაც მას შეეძლო დაედგინა მანძილი აფეთქების ეპიცენტრიდან კონკრეტულ ობიექტამდე, რაც ასევე არ გაუკეთებია თვითონაც. არ დაუდგენია აფეთქების საშიში ზონა და არ უწარმოებია რაიმე გაანგარიშებები და ვერც აწარმოებდა, ვინაიდან მას არ გააჩნდა დოკუმენტაცია და სეისმური აპარატურის მონაცემები, რომლებზეც ზუსტად არის ასახული ნებისმიერი ბიძგი და მისი ძალა.
3.2.4. აპელანტის განმარტებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მით უმეტეს მიუთითებს რა მის დაუსაბუთებლობაზე აცხადებს, რომ მოპასუხეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მხარის მოსაზრებით, სასამართლო გვერდს უვლის იმ გარემოებას, რომ სწორედ აღნიშნულის საპირისპიროდ მათ მიერ მოსამზადებელ სხდომაზე, კანონის სრული დაცვით წარმოდგენილ იქნა შუამდგომლობა სოფელ ქვ-–----ის რუქისა და აფეთქებებით გამოწვეული ბიძგების სიძლიერისა და მათი გავრცელების არეალის შესახებ საქმეზე ანგარიშის დართვის თაობაზე, ასევე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა შუამდგომლობა მოწმის სახით სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ ბატონ ავ--------–--------–-–---–სა და აუდიტ ზვ------------–--ის დაკითხვის შესახებ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, რითაც ისინი აპირებდნენ საქართველოს სსკ მე-4 მუხლის საფუძველზე მათი პოზიციის დადასტურებას. საგულისხმოა ის გარემოება, რომ სასამართლო ვერაფრით ასაბუთებს უარის მიზეზს, თუმცა დასაბუთებისას ფაქტობრივად ხსენებულ მუხლზე აკეთებს აპელირებას, მაგრამ შემდგომ რატომ ეუბნება უარს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე მათთვის გაურკვეველია.
3.2.5. მხარის მოსაზრებით, სასამართლო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში არ ეწერა, რომ უძრავი ნივთის დაზიანება წარმოშობილია 2012 წლამდე, როგორც მოპასუხე აღნიშნავს, და მას შემდეგ ის არ დაზიანებულა. მოპასუხეს არ წარმოუდგენლია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აფეთქებითი სამუშაოები ახლაც არ მიმდინარეობს და რომ მოსარჩელის უძრავი ნივთი ახლაც არ ზიანდება. რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
3.2.6. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან სრულად არ შეაფასა საქმეში არსებული მასალები, შეაფასა ცალმხრივად მხოლოდ მოსარჩელეების სასარგებლოდ, არ იმსჯელა მათი არგუმენტების შესახებ. ექსპერტის დასკვნა არის სავარაუდო და კატეგორიულ სურათს ვერ იძლევა. გარდა იმისა, რომ მოსარჩელეთა სახლის დაზიანებაში მხარეს არანაერი ბრალი არ მიუძღვის, სასამართლოს არ დაუდგენია რა საფუძვლით დააკისრა მოპასუხეს 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა. მართალია სასამართლო გამოვიდა ექსპერტიზის დასკვნიდან თანხის დაკისრების თვალსაზრისით, მაგრამ არ არის დასაბუთებული, რატომ დაეკისრა მოპასუხეს ზუსტად ამ ოდენობის თანხა. შესაძლებელია იგი ყოფილიყო უფრო ნაკლები. რამდენადაც დაუდგენელია დააზიანა თუ არა საერთოდ მოპასუხემ მოსარჩელეთა ქონება და თუ დააზიანა, რა ნაწილი და რა ოდენობით. მხარის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის მე-4 მუხლის მოთხოვნა და არ მიიღო კანონით დადგენილი წესით, წერილობითი შუამდგომლობის ფორმით წარმოდგენილი მტკიცებულებები და უსაფუძვლოდ უთხრა უარი მათ დაკმაყოფილებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ხა–----ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვ-–----ში მდებარე უძრავი ნივთი - 1509 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი (ს.კ. 6-----------) მოსარჩელეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს (ტ. І, ს.ფ.34-35).
4.2. საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის 2017 წლის 14 მარტის დასკვნით დასტურდება, რომ ხა–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვ-–----ში მდებარე მოქ. ლე------------ის საკუთრებაში არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასაკობრივი ცვეთით და მშენებლობის დაბალი ხარისხით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები II-III ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობის შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საცხოვრებლად დროებით უვარგისია. საცხოვრებელ სახლზე შემდგომი ექსპლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. საყრდენი კედლის დაზიანება II ხარისხისაა, გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობით და საფრთხის შემცველი არ არის (ტ. І, ს.ფ.16-32).
4.3. სააპელაციო პალატა არ იზიარებს მეორე აპელანტის მტკიცებას, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი მოპასუხის ქმედების შედეგად არ დაზიანებულა.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე სოფელ ქვ-–----ში აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რისთვისაც ახორციელებდა აფეთქებებს.
ზემოთ მითითებული ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვები. შესაბამისად, ხსენებული დასკვის საწინაააღმდეგო სათანადო მტკიცებულების საქმეში არ არსებობის პირობებში, მე-2 აპელანტის მტკიცება, რომ მას მოსარჩელეთათვის არ მიუყენებია ზიანი, უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან.
4.4. საქმეში წარმოდგენილი ინდ.მეწარმე ზვ------------–--ის მიერ შედგენილი, ხა–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვ-–----ში მდებარე მოქ. ლე------------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ სახლის გამაგრება-შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულება შეადგენს 29 859.28 ლარს (ტ. І, ს.ფ.36-55).
4.5. იმ პირობებში, როდესაც საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია სამმა ფაქტორმა: 1. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილმა დინამიურმა დატვირთვებმა; 2. ასაკობრივმა ცვეთამ და 3. მშენებლობის დაბალმა ხარისხმა, რომელთაგან მხოლოდ პირველი შეიძლება შეერაცხოს ბრალად მოპასუხეს, ამასთან, დადგენილი არ არის თითოეული ფაქტორის პროპორცია დამდგარ ზიანში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად მოხდა მოპასუხის მიერ მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა 10000 ლარით.
4.6. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული.
უპირველეს ყოვლისა პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში არსად მითითებული არ არის, რომ სახლი დაზიანებულია 2012 წლამდე (ტ. І, ს.ფ.16-32).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 15 მარტს, მას შემდეგ, რაც სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მეშვეობით მოსარჩელე მხარემ შეიტყო, რომ დაზიანებები მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგია. ამდენად, აპელანტის მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა იქნას გაზიარებული.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლე------------ის, ლი---------------–--ისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩი------------------------------------------------------------------–---–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ხა–----ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
გოდერძი გიორგიშვილი