განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210014663944
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/4136-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი, დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი
აპელანტი - მ------- უ------
მოწინააღმდეგე მხარე - ც----- ბ------–---
წარმომადგენლები - მ--- ჯ---–-----
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ------- უ------ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. მხარეებს შორის 01.04.2009 წელს დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, 3 თვის ვადით 01.07.2009 წლამდე, მოპასუხემ მოსარჩელისაგან სესხის ხელშეკრულების ფარგლებში სესხის სახით მიიღო 2000 აშშ. დოლარი, სესხად აღებული თანხის ერთი თვით სარგებლობისათვის მსესხებელს უნდა გადაეხადა 6%, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის შეუსრულებელი ვალდებულების 0.3%-ის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 0----------- მდებარე ქ------------, ქალაქის შემოსასვლელი ნაკვეთი №3---. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 17-20.
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ასლი ს. ფ. 21-22.
- მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
- მხარეები სადაოდ არ ხდიან.
2.1.2. მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით 21.01.2014 წელს და 30.06.2014 წელს ფოსტის მეშვეობით მოპასუხისათვის ჩაბარებული წერილებით მოითხოვა მოპასუხისაგან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
- წერილების ასლები ასლი ს. ფ. 23, 27.
- შეტყობინების ასლები წერილების ჩაბარების შესახებ ს. ფ. 26, 28.
- მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
- მხარეები სადაოდ არ ხდიან.
2.1.3. წერილობითი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ 01.07.2009 წელს მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ უვადოდ, რის შემდგომაც მსესხებელი, გამსესხებელს, უხდიდა პროცენტებს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
- მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
- მხარეები სადაოდ არ ხდიან.
2.1.4. მოპასუხის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ერთობლიობაში მათ შორის ნატურით (თაფლით) ვალდებულება შესრულებულია სულ დაახლეობით 2000 აშშ. დოლარის ოდენობით.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
- მოსარჩელის აღიარება სასამართლო სხდომაზე.
- მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.2.1. მოპასუხეს მოსარჩელისათვის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით 07.02.2014 წელს არ გადაუცია ხელზე 30 ლარი, 24.12.2013 წელს არ გადაუცია ხელზე 50 აშშ. დოლარი, 08.09.2012 წელს საბანკო გადარიცხვით მოპასუხის დავალებით ი---- მ------ს არ ჩაურიცხავს 150 ლარი და 10.08.2013 წელს საბანკო გადარიცხვით მოპასუხის დავალებით ი---- მ------ს არ ჩაურიცხავს 50 აშშ. დოლარი.
სასამართლომ განმარტა, რომ იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მსესხებელმა გამსესხებელს სესხის ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ შეუსრულა გარკვეულ პერიოდებში ფულადი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულს არ წარმოადგენს მოდის მოსარჩელე მხარეზე. მოსარჩელე მხარემ მოპასუხის მიერ 07.02.2014 წელს და 24.12.2013 წელს ხელზე 30 ლარისა და 50 აშშ. დოლარის ოდენობით ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად მიუთითა მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტება. მოპასუხე მხარემ სადაოდ გადახდა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება და მიუთითა, რომ მას მოპასუხისათვის ზემოაღნიშნულ პერიოდში ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია და ხელზე არანაირი ფული არ გადაუცია, მას 2011 წლის 01 აპრილის შემდგომ მოსარჩელის მიმართ არანაირი ფულადი ვალდებულება აღარ შეუსრულებია. მოპასუხის მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შედავებას მოსარჩელემ საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა, რის გამოც სასამართლოს მიაჩნა, რომ მოსარჩელემ ვერ გაართვა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთს თავი.
მოსარჩელის განმარტებით მოპასუხის დავალებით ი---- მ------ს მიერ მოსარჩელისათვის სს ლ-------- ბანკის გ--------------------ის №2-- ფილიალის მეშვეობით საბანკო გზავნილით ფულადი თანხები ჩაერიცხა 08.09.2012 წელს 150 ლარის ოდენობით და 10.08.2013 წელს 50 აშშ. დოლარის ოდენობით, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა საბანკო გზავნილების ასლები ს. ფ. 66-67, სადაც მითითებულია გამგზავნად ი---- მ------, ხოლო მიმღებად მოსარჩელე მისი პირადობის მოწმობის ასლი და პირადი ნომრის მითითებით. სს ლ-------- ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით სს ლ-------- ბანკმა დაადასტურა გადარიცხვის განხორცილების ფაქტი ი---- მ------ს მიერ ს. ფ. 164-165.
მოსარჩელის განმარტებით იგი ი---- მ------ს არ იცნობს და ი---- მ------ს მის მიმართ ფულადი ვალდებულება შესასრულებელი არასოდეს ჰქონია. მოპასუხე მხარის განმარტებით, მოპასუხე იცნობს ი---- მ-----ებს მათ შორის იმ ი---- მ------ს, ვინც განახორციელა დოკუმენტების მიხედვით გადარიცხვა, მოპასუხეს ი---- მ------სათვის დავალება მოსარჩელისათვის ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ არასდროს არ მიუცია. მოწმის სახით დაკითხულმა ი---- მ------მ დაადასტურა რომ იცნობს მოპასუხეს იგი წარმოადგენს მის შორეულ ნათესავს, თუმცა მასთან არ გააჩნია ისეთი ახლო ურთიერთობა, რომ მოპასუხეს მისთვის ოდესმე დაევალებინოს ვინმესათვის ფულადი გზავნილის ან გადარიცხვის საბანკო დაწესებულების მეშვეობით შესრულება, მოწმის ჩვენებით იგი მოსარჩელეს არ იცნობს და პირველად ხედავს სასამართლო სხდომაზე, იგი ვერ იხსენებს მოსარჩელისათვის ბანკის მეშვეობით გადარიცხვების შესრულების ფაქტს, მისივე ჩვენებით მოპასუხე მისთვის მოსარჩელის პირადობის მოწმობის ასლი ან პირადობა არასდროს გადაუცია, მისი ხელმოწერა არ არის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საბანკო გადარიცხვის განაცხადის ასლებზე, იგი ჩ-----------ში არასოდეს ყოფილა და მოპასუხეს მისთვის არასდროს არ დაუვალებია მოსარჩელისათვის ფულის გადარიცხვა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ფულადი გზავნილის გადარიცხვის დოკუმენტის ასლში დაფიქსირებული პირის სასამართლო ჩვენებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტის ფულის გადარიცხვის საბანკო ქვითრების ასლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის შესაბამისად არ მიაჩნია სარწმუნო მტკიცებულებად, ამასთან მოწმის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით მოპასუხეს მოწმისათვის ფულის გადარიცხვის დავალება არ მიუცია, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთს, რის გამოც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით 07.02.2014 წელს არ გადაუცია ხელზე 30 ლარი, 24.12.2013 წელს არ გადაუცია ხელზე 50 აშშ. დოლარი, 08.09.2012 წელს საბანკო გადარიცხვით მოპასუხის დავალებით ი---- მ------ს არ ჩაურიცხავს 150 ლარი და 10.08.2013 წელს საბანკო გადარიცხვით მოპასუხის დავალებით ი---- მ------ს არ ჩაურიცხავს 50 აშშ. დოლარი.
2.2.2. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირის და სესხის სარგებლის ნაწილში ხანდაზმულია.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.1 მუხლით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მხარეთა შორის 01.04.2009 წელს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირის 2000 აშშ. დოლარის და სესხის სარგებლის 1500 აშშ. დოლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრება.
სასამართლომ განმარტა, რომ უდავოა, რომ სესხისა და იპოთეკის წერილობითი ხელშეკრულებით სესხის გაიცა 3 თვის ვადით 01.07.2009 წლამდე. ამავე ხელშეკრულების 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით "სესხი გაიცა სამი თვის ვადით და უნდა დაბრუნდეს 2009 წლის 01 ივლისს, მხარეები უფლებამოსილი არიან ურთიერთშეთანხმებით გააგრძელონ სესხის დაბრუნების ვადა". ასევე უდავოა, რომ მხარეთა ზეპირი შეთანხმებით მხარეებმა სესხის დაბრუნების ვადა გააგრძელეს ზეპირად, სესხის ძირის სრულ დაბრუნებამდე და მათ ამის შესახებ წერილობითი დოკუმენტი არ შეუდგენიათ, ხოლო მოპასუხემ გააგრძელა სესხის პროცენტების გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59.1 მუხლით ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69.2 მუხლით გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით.
სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადებული იყო წერილობითი ფორმით მისი ვადის ამოწურვის შემდეგ მისი ვადის გასაგრძელებლად მხარეებს უნდა დაედოთ წერილობითი შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ, რაც მხარეებს არ განუხორციელებიათ, შესაბამისად მხარეთა ზეპირ შეთახმებას წერილობითი ხელშეკრულებით დადგენილი სახელშეკრულებო ვადის გაგრძელების შესახებ იურიდიული მნიშვენლობის შედეგი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაზე მხოლოდ სესხის ვადის გაგრძელების შესახებ ვერ მოყვება. ამდენად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სესხის და მასზედ დარიცხული სამი თვის სარგებლის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის უფლება მსესხებლისაგან წარმოეშვა 02.07.2009 წლიდან, შესაბამისად მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 02.07.2012 წელს.
უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ სასამართლოს მომართა 23.12.2014 წელს, ასევე სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის გასვლის შემდგომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია, ამდენად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სესხის და სესხის სარგებლის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ ხანდაზმულია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 01.04.2009 წელს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ამ გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.1.1 პუნქტით დადებული პირობებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამავე კოდექსის 145-ე მუხლით მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობა წარმოადგენს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნისაგან მოპასუხის მიერ თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებას, ხანდაზმულობის დროს შეიძლება არსებობდეს მოთხოვნა, თუმცა კანონით დადგენილი მოთხოვნის ვადის გასვლის შემდეგ იგი მოვალის მხრიდან შესრულებას აღარ ექვემდებარება. არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას თუ საიდან იწყება მოსარჩელის მოთხოვნაზე სასარჩელო წარმოების წესით პრეტენზიის წარდგენის ვადა ხანდაზმულობის ვადის ათვლა, სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან როდესაც კრედიტორს წარმოეშვა მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება სესხის ძირის და პროცენტის გადახდის შესახებ წარმოეშვა 01.07.2009 წლიდან სესხის ძირის და სამი თვის სარგებლის დაბრუნებაზე, ხოლო სესხის ხელშეკრულებაზე ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, შესაბამისად მოპასუხე თუ არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს მოსარჩელეს საკუთარი უფლების დასაცავად უნდა მოემართა არაუგვიანეს 01.07.2012 წლისა, რაც მოსარჩელის მიერ დარღვეულია, შესაბამისად სასამართლომ დაადგინა, რომ მას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სესხის ძირის და სარგებლის გადახდის ნაწილში უარი უნდა ეთქვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286.1 მუხლით უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
სასამართლომ განმარტა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება ეს არის კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, შესაბამისად იპოთეკა მოთხოვნის გარეშე იგი დამოუკიდებლად არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა იმ სესხის უზრუნველსაყოფად იქნა გამოყენებული რომელზედაც მოსარჩელემ დაკარგა მოთხოვნის უფლება ხანდაზმულობის გამო და მას უარი ეთქვა სესხის ძირის და სარგებლის დაკისრებაზე, ამდენად არც იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონების რეალიზაციაზე ან საკუთრებში გადაცემაზე შეიძლება მოსარჩელეს ჰქონდეს მოთხოვნის უფლება, რის გამოც სასამარტლომ მიიჩნია, რომ მას ასევე უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იპოთეკით დატვირთული მოპასუხის უძრავი ქონების რეალიზაციაზე ან საკუთრებაში გადაცემაზე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტმა მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება არის უკანონო როგორც სამართლებრივი ისე ფაქტობრივი დასაბუთებულობის თვალსაზრისით. მისი უკანონობა მდგომარეობს საპროცესო სამართლებრივი ნორმების არსებით დარღვევაში, რაც გამოიხატა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების არასწორ შეფასებაში, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი სრული და ობიექტური გამოკვლევა-შეფასების გარეშე.
აპელანტმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების 3.2.1 ნაწილში ხაზგასმაა იმაზე, რომ იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მსესხებელმა გამსესხებელს სესხის ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ შეუსრულა გარკვეულ პერიოდში ფულადი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულს არ წარმოადგენს მოდის მოსარჩელე მხარეზე. საქმეში არსებობს მტკიცებულებები, კერძოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 08.09.2012 და 16.08.2013 წლებში მოპასუხის დავალებით მოპასუხის ნათესავის მიერ მოსარჩელისთვის ფულადი თანხის ჩარიცხვის საბანკო გზავნილების ასლები, აგრეთვე სს "ლ-------- ბანკის" მიერ გამოგზავნილი წერილი და განხორციელებული სწრაფი ფულადი გზავნილების დემოგრაფიული მონაცემები, მოწმე ი. მ------ს ჩვენება (მართალია, უარყოფს მოპასუხის დავალებით მოსარჩელისათვის თანხის გადარიცხვის ფაქტს, თუმცა ის იქვე განმარტავს, რომ მოპასუხეს არ იცნობს და მის მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნდა). სასამართლომ სს "ლ-------- ბაკიდან" თანხის გადახდის ამონაწერი არ მიიჩნია სარწმუნო მტკიცებულებად, თუმცა გაუგებარია საფუძველი.
აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების 3.2.1 ნაწილში აღნიშნულია, რომ მოწმის სახით დაიკითხა ი---- მ------, რომელმაც განაცხადა, რომ მოპასუხის ნათესავია, ამასთან ის არ იცნობს მოსარჩელეს და არ აქვს მის მიმართ რაიმე ფულადი ვალდებულება შესასრულებელი. შესაბამისად, მოსარჩელისთვის გაუგებარია რატომ მოხდა მის მიერ ფულის გადმორიცხვა. თუკი გავითვალისწინებთ, ი---- მ------სა და მოპასუხის ნათესაურ კავშირს, მაშინ უდავოდ შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ მან მოპასუხის თხოვნით მოახდინა თანხის გადმორიცხვა. ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სხვისი საიდენტიფიკაციო მონაცემებით შეუძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება და შესაბამისად თანხის გადმორიცხვა. ამას გარდა, შეუძლებელია ი---- მ------ს ჰქონდეს აპელანტის საიდენტიფიკაციო მონაცემები მაშინ როდესაც საერთოდ არ იცნობს და პირველად ნახა სასამართლო სხდომაზე. ამიტომ სწორედ ეს იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ მოპასუხე მხარემ გამოიყენა ნათესაური კავშირი და ი---- მ------ს საშუალებით გადმორიცხა თანხა ვალდებულების არსებობის დასადასტურებლად.
აპელანტმა ყურადღება გაამახვილა ასევე სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.1 ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ მოწმემ განაცხადა, რომ ის არასდროს ყოფილა ჩ-----------ში და არც იქიდან გადმოუგზავნია ფული, რაც გადაწყვეტილებაში დაშვებულ ფაქტობრივ შეცდომას წარმოადგენს. ი---- მ------ს, თანხა აპელანტისთვის არ ჩაურიცხავს ჩ-----------იდან. თანხის ჩარიცხვა მოხდა ს--------–--დან, ერთხელ ჩ-----------ში, ხოლო მეორედ თბილისში. მოსამართლემ საქმის განხილვისას ამაზე არ გაამახვილა ყურადღება, უფრო მეტიც, ამ საკითხზე აღნიშვნა გააკეთა შეცდომით. გარდა ამისა საქმის მსვლელობისას, არ მოხდა ყურადღების გამახვილება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ც----- ბ------–---მ თავდაპირველად უარყო ი---- მ------სთან ნათესაური კავშირი და საერთოდ ნაცნობობა, ხოლო შემდეგ დაადასტურა. რაც ერთგვარ ეჭვს ბადებს ც----- ბ------–---ს კეთილსინდისიერებაში. მას ამ საქციელით სურს სასამართლოს შეცდომაში შეყვანა და მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გვერდის ავლა.
აპელანტმა განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხადაზმულობის ვადის დენა წყდება თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ვინაიდან, მოპასუხე ც----- ბ------–---მ, ი---- მ------ს დახმარებით, შეუსრულა აპელანტს ვალდებულების ნაწილი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხანდაზმულობის ვადები შეწყვეტილია. სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადის დენა იწყება თავიდან. მოცემულ შემთხვევაში სს "ლ-------- ბანკის" თანხის გადმორიცხვის ისტორიით დასტურდება, ბოლო გადმორიცხვა მოხდა 2013 წლის 16 აგვისტოს. ხოლო აპელანტს სასამართლოსთვის მიმართული აქვს 2014 წლის 23 დეკემბერს. სამოქალაქო კოდექსის 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. აქედან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის, ასევე მხარეთა პოზიციების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1., 3.1.2., 3.1.3, 3.1.4 პუნქტებში ასახულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებს;
მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით (იგულისხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ის შეფასება, რომლის თანახმადაც 2012 წლის 8 სექტემბერს და 2013 წლის 16 აგვისტოს ი---- მ------ს მოპასუხე ც----- ბ------–---ს დავალებით, მ------- უ-----ის სასარგებლოდ არ ჩაურიცხავს 150 ლარი და 50 აშშ დოლარი /იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-4 გვერდი/), სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შედეგობრივად სწორია და სასამართლოს საბოლოო დასკვნა სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე გასაზიარებელია.
პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.
4.1.2. იმ უდავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის წერილობითი ფომრით (სანოტარო წესით დადასტურებული წერილობითი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 17-20)) დადებული 2009 წლის 1-ლი აპრილის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა მისი გაფორმებიდან სამი თვის ვადაში - 2009 წლის 1 ივლისს, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მოსარჩელის მ------- უ-----ის მოთხოვნის წარმოშობის მომენტთან დაკავშირებით. კერძოდ, მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს ის დასკვნა, რომ სკ-ის 130-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე 2009 წლის 1-ლი აპრილის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების დარღვევის გამო ც----- ბ------–---ს მიმართ მ------- უ------ს მოთხოვნა წარმოეშვა 2009 წლის 2 ივლისიდან.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ვინაიდან მხრეთა მიერ წერილობითი ფორმის დაცვით არ მომხდარა 2009 წლის 1-ლი აპრილის ხელშეკრულების 3 თვიანი ვადის გაგრძელება (მხარეები მხოლოდ ზეპირად შეთანხმდნენ 2009 წლის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ) და ხელშკერულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა, სკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 69-ე მუხლის მეორე და 327-ე მუხლის პირველი ნაწილებით დადგენილი დანაწესიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადებული იყო წერილობითი ფორმით, მისი ვადის ამოწურვის შემდეგ მისი ვადის გასაგრძელებლად, მხარეებს უნდა დაედოთ, ასევე წერილობითი შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ, რაც მხარეებს არ განუხორციელებიათ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ზეპირ შეთანხმებას, წერილობითი ხელშეკრულებით დადგენილი სახელშეკრულებო ვადის გაგრძელების შესახებ, იურიდიული მნიშვნელობის შედეგი ვერ მოყვებოდა და შესაბამისად არ მომხდარა 2009 წლის 1-ლი აპრილის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება. საგულისხმოა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარი რაიმე განსხვავებულ პოზიციას არ შეიცავს და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება შედავებული არ არის (იხ. სააპელაციო საჩივარი, ს.ფ. 246-247)
ამგვარად, სასამართლოს მიერ მართებულად დადგინდა დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ის საკითხი, რომ მოსარჩელეს სესხის და მასზედ დარიცხული სამი თვის სარგებლის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის უფლება მსესხებლისაგან წარმოეშვა 2009 წლის 2 ივლისიდან და, რომ ამ მოთხოვნის კანონით (სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწ.) დადგენილი სამ წლიანი ვადა ამოიწურა 2012 წლის 2 ივლისს.
4.1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება სააპელაციო საჩივრით შედავებულია, ძირითადად ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის შესახებ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან არასწორი შეფასების კუთხით. აპელანტი ამ პოზიციას ამყარებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხის დავალებით ც----- ბ------–---ს ნაცნობმა, ი---- მ------მ 2012 წლის 08 სექტემბერს და ასევე 2013 წლის 16 აგვისტოს უნაღდო ანგარიშსწორებით მოახდინა დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა 150 ლარის და 50 აშშ დოლარის გადახდით, რამაც გამოიწვია ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა. შესაბამისად აპელანტის მტკიცებით, სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რაც მისი განმარტებით, გამორიცხავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სისწორეს და კანონიერებას.
სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მოწმედ დაკითხული ი---- მ------ს ის ჩვენება, რომ მას არ ახსოვს გადაურიცხა, თუ არა მითითებულ თარიღებში მ------- უ------ს მითითებული ოდენობით თანხები და თუ გადაურიცხა არ ახსოვს, თუ რატომ გადაურიცხა ეს თანხები, არ წარმოადგენს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების - საბანკო ქვითრების (იხ. ს.ფ. 66-67; 164-165) გამაბათილებელ მტკიცებულებას. დასახელებული საბანკო ქვითრების მონაცემებით ცალსახად დადასტურებულია, რომ ი---- მ------მ მ------- უ-----ის სასარგებლოდ (რომელთანაც არანაირი ნაცნობობა და არანაირი ვალდებულებითი ურთიერთობა არ აკავშირებს), ორჯერ გადარიცხა (ჯერ 2012 წლის 8 სექტემბერს - 150 ლარი, ხოლო 2013 წლის 16 აგვისტოს 50 აშშ დოლარი) თანხა (იხ. ს.ფ. 66-67; 164-165). ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ თავად მოწმე ი---- მ------ს ჩვენებითვე მას არანაირი ნაცნობობა და არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ აკავშირებს მ------- უ------სთან, ხოლო ც----- ბ------–--- წარმოადგენს მის ნაცნობს, პალატა იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის შესახებ, რომ მითითებულ თარიღებში, მითითებული ოდენობით თანხების გადარიცხვა, განხორციელდა ც----- ბ------–---ს ინიციატივით, მ------- უ-----ის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით.
მიუხედავად, ამ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული არასწორი მსჯელობისა და დასკვნებისა, სააპელაციო პალატა მაინც არ იზიარებს აპელანტის მსჯელობას და დასაბუთებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტასთან და შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნის არახანდაზმულობასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის დანაწესიდან (სკ-ის 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გდახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.) გამომდინარე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ იმისათვის, რომ მაგალითად, დავალიანების ნაწილის გადახდამ, გამოიწვიოს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა ამისათვის აუცილებელია, რომ ეს გადახდა განხორციელდეს კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მ------- უ------ს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ამოეწურა 2012 წლის 2 ივლისს, ხოლო მის სასარგებლოდ 150 ლარის და 50 აშშ დოლარის ოდენობით თანხის ჩარიცხვა განხორციელდა 2012 წლის 8 სექტემბერს და 2013 წლის 16 დეკემბერს. ესე იგი, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რაც მოხმობილი ნორმის ანალიზიდან გამომდინარე ვერ გამოიწვევდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ სკ-ის 341-ე მუხლის დანაწესის მიზნებიდან გამომდინარე, ამ გადახდებით (2012 წლის 8 სექტემბერს და 2013 წლის 16 დეკემბერსგანხორციელებული გადახდები) მოპასუხემ აღიარა ვალის არსებობა მხოლოდ გადახდილი თანხების (150 ლარი და 50 აშშ დოლარი) ნაწილში, დანარჩენ ნაწილში კი, სკ-ის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაწესიდან გამომდინარე მოპასუხე უფლებამოსილია უარი განაცხადოს ხანდაზმული მოთხოვანის შესრულებაზე.
ამგვარად, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელემ დავალიანების დაფარვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნით, მოპასუხის წინააღმდეგ სასამართლოს მომართა 2014 წლის 23 დეკემბერს - სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ (ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2012 წლის 2 ივლისს) და იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი არ ჰქონია ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას და ასევე მოვალის მხრიდან ვალის აღიარებას, პალატა მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის მოტივით, სასარჩელო მოთხოვნა სწორად იქნა მიჩნეული უსაფუძვლოდ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი - 336 ლარი, გადახდილ იქნა წინასწარ, რაც უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ------- უ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /გოგიტა თოთოსაშვილი /
/დიანა ბერეკაშვილი /